7 შეცდომა პატარა ბინის გაფორმებაში, რომლისგანაც სარემონტო გადაცემების ყურებაც ვერ დაგიცავთ

სამწუხაროდ, რამდენ სარემონტო გადაცემასაც არ უნდა უყუროთ, საკუთარი ბინის ინტერიერის გაფორმებაში შეცდომებს ვერ აიცილებთ. განსაკუთრებით პატარა ბინის მფლობელებს უჭირთ. Novate გირჩევთ, რიგ შეცდომებს თავი აარიდოთ, რომ თქვენმა სახლმა სიმყუდროვე და ძვირფასი ფართობი არ დაკარგოს.

შეცდომა 1: ბევრი სათავსო

დიახ, სათავსოც შეიძლება ბევრი იყოს. ეს ეხება ყველა შესაძლო ყუთებს, კალათებს და კონტეინერებს. თავიდან მათ ნივთების შესანახად ვიყენებთ, მაგრამ ისინი, განსაკუთრებით „ღია თაროები“, ვიზუალურ ხმაურს ქმნიან.

ზოგიერთი დიასახლისი დროულად ვერ ჩერდება და ყველა თავისუფალ ადგილს სათავსოთი ავსებს. თუ ამჩნევთ, რომ პირად ნივთებზე მეტი სათავსო გაქვთ, შეჩერდით. პლასტმასის ყუთების ცათამბჯენში ცხოვრება ცუდი იდეაა. ოთახები კარგად დაათვალიერეთ და დაფიქრდით, როგორ შეიძლება შენახვის სისტემის შემცირება ისე, რომ მისი ფუნქციონალურობა არ დაარღვიოთ. ამ მიზნით ორი ერთში სისტემა დაგეხმარებათ. მაგალითად, მაგიდა უჯრით, პუფი ნიშით და პოდიუმი სათავსოთი. ბოლო ვარიანტი ოთახს ზონებად დაყოფს.

შეცდომა 2: მონოქრომი

მონოქრომი ინტერიერში გულისხმობს ოთახის ერთ ფერში გაფორმებას. რამდენიმე ელფერი დასაშვებია, მაგრამ მთავარი ფერი ერთია. ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტის მიხედვით ასეთ ოთახში კედლები და იატაკი ღია ელფერში უნდა იყოს გაფორმებული, ხოლო დანარჩენი ნივთები, კერძოდ აქსესუარები – უფრო მუქი.

მონოქრომის გამოყენება დანაშაული არაა. პირიქით, ძალიან ელეგანტურად გამოიყურება. და მაინც, პატარა ბინაში საქმე გაცილებით რთულადაა. კედლები, ავეჯი, ტექსტილი ერთმანეთს ერწყმის და ერთ ნაკლებად მიმზიდველ ლაქას ქმნის. სივრცის საზღვრები იშლება და ყურადღებას არაფერი იქცევს. გარდა ამისა, მონოქრომულ ინტერიერს, რომელსაც სხვადასხვა ტექსტურა სჭირდება, იაფი მასალები არ შეეფერება – ისინი მოდური დიზაინის შექმნის მცდელობას ანულებენ.

თუ პატარა ბინა გაქვთ, ინტერიერი სხვადასხვა ფერში გააფორმეთ, რომ მთლიანი კომპოზიცია მიიღოთ. ავეჯი და დეკორი აუცილებელი არაა ერთი სტილის იყოს. ახლა ეკლექტიკა მოდაშია.

შეცდომა 3: ყრუ ტიხრები

პატარა ბინის მფლობელები ოცნებობენ სივრცე ისე დაყონ ზონებად, რომ ცალკე საძინებელი, კაბინეტი, სამზარეულო–მისაღები და სხვა ოთახები მოაწყონ. ეს სურვილი გონივრულია, თუ ბინაში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. პატარა ბინაში ბევრი ტიხარი დაუშვებელია. ისინი სასარგებლო სივრცეს ჭამენ და ჰაერს ართმევენ, შედეგად ბინა ლაბირინთად იქცევა.

გირჩევთ, რომ ბევრ ტიხარზე უარი თქვათ. 2-3 ზონა გააფორმეთ და ამით გაჩერდით. მოერიდეთ ყრუ ვარიანტებს, მაგალითად, თაბაშირ–მუყაოს, რომელიც ბინას უფრო ავიწროებს. მის ნაცვლად ხის ლარტყები, ლაკონური მინის ტიხრები აირჩიეთ. ავეჯით (დივანი, სტელაჟი), ფერით და განათებით ზონირება არავის გაუუქმებია.

შეცდომა 4: „დაბალი“ ფარდები

ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული დიზაინერული ხრიკი: ფარდა ჭერიდან იატაკამდე. მარტივი მეთოდია, რომ ჭერი ვიზუალურად გაწელოთ. პატარა ბინაში აქტუალურია. უცნაურია, მაგრამ დღემდე ბევრი ადამიანი ამ წარმოუდგენლად სასარგებლო ხრიკს არ იყენებს და კარნიზს ძალიან დაბლა კიდებს. ეფექტიც შესაფერისია – პატარა ოთახი უფრო ვიწრო ჩანს, კედლები ადამიანს თრგუნავს.

გასაჭიმი ჭერის შემთხვევაში კარნიზის განლაგებაზე რემონტის დროს იზრუნეთ, რომ დამალოთ. ასე შთაბეჭდილება იქმნება, რომ ფარდა პირდაპირ ჭერიდან ეშვება. თუ რემონტი უკვე დასრულებულია, მაშინ კარნიზი მაქსიმალურად ზემოთ ასწიეთ. კედლის ან ჭერის ფერის მოდელი შეარჩიეთ, რომ მაქსიმალურად შენიღბოთ.

გაითვალისწინეთ, რომ იატაკამდე დაშვებული ფარდა ძალიან მძიმე არ უნდა იყოს. ასეთია ხავერდის ფარდა, რომელიც კლასიკურ სტილში გაფორმებულ დიდ ოთახში შესანიშნავია, მაგრამ პატარა ოთახში სასაცილოდ გამოიყურება. მთელ ყურადღებას იზიდავს და ოთახს ვიზუალურად ამცირებს. არ დაგავიწყდეთ, რომ იატაკამდე დაშვებული ფარდა მტვრის შემგროვებელი და ცხოველების „საწოლია“. მძიმე ფარდებზე უარი თქვით და მათ ნაცვლად მსუბუქი ვარიანტი გამოიყენეთ, რომელიც იატაკიდან 5-10 სმ–ით დაშორებული იქნება. სამზარეულოში რომაული ფარდით შემოიფარგლეთ.

შეცდომა 5: ბევრი ავეჯი

თუ ავეჯს არასწორად შეარჩევთ, სივრცის ვიზუალურად გასაფართოებელი ხრიკები ვერ დაგეხმარებათ. იგივე სქემა მოქმედებს, როგორც სათავსოს შემთხვევაში: სივრცე არ გადატვირთოთ. ზედმეტი მოიშორეთ. გახსოვდეთ, რომ პატარა ბინაში სჯობს მრავალფუნქციური ავეჯი გამოიყენოთ: მაგიდა ტრანსფორმერი, გასაშლელი დივანი, საწოლი ასაწევი მექანიზმით, დასაკეცი სკამი და ა.შ. კიდევ ერთი კარგი ვარიანტი, რომელსაც დიზაინერები ხშირად იყენებენ: ბიუროს ტიპის მაგიდა კომპიუტერული მაგიდის ნაცვლად. მასში ბევრ ნივთს შეინახავთ, თან დახვეწილად შეგიძლიათ დახუროთ, თუ დიდხანს არ იყენებთ.

თქვენს ბინაში ნებისმიერი დიდი ავეჯის ადგილი არაა. ორკაციანი საწოლი, რომელიც მთელ ოთახს იკავებს, მასიური დივანი ორი სავარძლით, კარადა მთელ კედელზე, დიდი ჟურნალის მაგიდა, რომელსაც ყველა ფეხს არტყამს, – ეს და სხვა მსგავსი ნივთები პატარა ბინაში დიდი ფუფუნებაა. სამოძრაოდ ადგილს არ ტოვებს და ოთახს ვიწრო საკუჭნაოდ აქცევს.

შეცდომა 6: სურათები დიდ ჩარჩოებში

ინტერიერი დეკორის გარეშე მოსაწყენი და უფერულია, მაგრამ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა შეარჩიოთ. ზედმეტი აქსესუარის ან ერთმანეთთან შეუთავსებელი დეკორის გამოყენებით უგემურ ინტერიერს მიიღებთ. ამ მხრივ ყველაზე მზაკვრულია სურათები მასიურ ჩარჩოში. მთელ ყურადღებას იზიდავს, თან ღია ტილოს ფონზე ოთახი ვიზუალურად პატარავდება.

პატარა ოთახში სჯობს გაწელილ და ნაკლებად ფართო სურათებს უპირატესობა მიანიჭოთ. ასე ჭერს ვიზუალურად გაწელავთ. კარგად მოფიქრებული კომპოზიცია, რომელიც რამდენიმე პატარა პოსტერისგან ან თხელ ჩარჩოში ჩასმული ფოტოებისგან შედგება, კარგი იდეაა.

შეცდომა 7: კონტრასტული იატაკი

თუ ოთახი პატარაა და არასწორი ფორმა აქვს, კონტრასტულ იატაკზე უარი თქვით. ის ბინას პატარა, ერთმანეთთან დაუკავშირებელ ზონებად ყოფს. ფრანგების მაგალითი გამოიყენეთ. ისინი მთელ ბინაში ერთნაირ იატაკის საფარს იყენებენ, რომ ოთახიდან ოთახში გადასვლა ჰარმონიულად მოხდეს. ამ ხრიკით არსებული სივრცე ვიზუალურად ფართოვდება და სივრცე მთლიანდება.