მონუმენტური სახლი, რომელიც ბრაზილიის რთული ლანდშაფტის ზემოთ „ლივლივებს“

ბრაზილიის სამთო–საშახტო ქალაქში ამ ადგილისთვის უჩვეულო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო. ადგილობრივმა არქიტექტურულმა სტუდიამ კონსოლური სახლის ფანტასტიკური პროექტი შეიმუშავა. სახლი ბალახიან პლატოსა და სიმწვანეში ჩაფლული ციცაბო ფერდობის ზემოთ „ლივლივებს“. მალე კერძო რეზიდენცია თავისი ფორმებით, ვიზუალური ეფექტებით, საოცარი მასშტაბით, საინტერესო საცხოვრებელი ზონებით, შიდა ეზოს მოწყობით და მალული მღვიმით გაგაოცებთ.

ხელუხლებელ ბუნებაში სააგარაკო რეზიდენციები პოპულარულია მათ შორის, ვისაც ასეთი უჩვეულო უძრავი ქონების ძვირადღირებულ მშენებლობაში ფულის ჩადება შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, თუ შეგიძლიათ მიმართოთ კრეატიულ არქიტექტორებს, რომლებიც ტრადიციული მშენებლობისგან განსხვავებულ უნიკალურ პროექტებს ქმნიან. მაგალითად, საოცარი კონცეფცია Xingu House, რომელიც ბრაზილიურმა არქიტექტურულმა სტუდიამ Tetro Arquitetura შექმნა.

მინას–ჯერაისის შტატში (ბრაზილია), Nova Lima-ს ბუნებრივ ზონაში დიდი მიწის ნაკვეთის მფლობელმა არქიტექტურულ სტუდიას მიმართა. Tetro Arquitetura–ს სპეციალისტებმა კონცეფციის შექმნამდე 8 ათასი მ² ხელუხლებელი მიწა ურთულესი რელიეფით საფუძვლიან შეისწავლეს. ამ ნაკვეთზე ძველი ქვის შენობის ნანგრევები შენარჩუნებული იყო, ასევე იდუმალი მღვიმე იპოვეს, ამიტომ ახალ პროექტში მათი ჩართვა გადაწყვიტეს. გარდა ამისა, დიზაინერებმა სცადეს, რომ მასშტაბური შენობა თვალწარმტაც ლანდშაფტში ორგანულად შეერწყათ და შენობიდან როგორც მთის ფერდობზე, ასევე ტყის და ქალაქის ხედები უზრუნველყოთ.

Novate–ს ინფორმაციით, ადამიანის ბუნებასთან კონტაქტის გასაძლიერებლად და ძველი ობიექტის ნანგრევების შესანარჩუნებლად შენობის მთავარი მოცულობა პირდაპირ ქვის წყობის ზემოთ აშენდება და ეფექტურ ბეტონის საყრდენებს დაეყრდნობა. კერძო რეზიდენცია სამი კონსოლის მოდულისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით განაწილებულია. ასეთი განლაგების და მიწის ზემოთ აწევის (ზოგიერთ ადგილას სიმაღლე 8,5 მ-ს აღწევს) გათვალისწინებით, თითოეული ოთახიდან მრავალფეროვანი ხედი იშლება.

ასე დაკიდული მოდულის ქვეშ სივრცის გამოყენება შესაძლებელი გახდა. ფარული ტერასები, აუზი ჩანჩქერით, ლამაზი დასასვენებელი ზონა სუფთა ჰაერზე და საოცარ ბუნებაში – მფლობელებს შეუძლიათ ხმაურიანი ქალაქისგან მოშორებით დაუვიწყარი დასვენება მოიწყონ.

დიზაინერებმა აირჩიეს ისეთი მასალები და ტექსტურები, რომლებიც პეიზაჟის პალიტრას ჰარმონიულად ერწყმის. შენობის ესთეტიკური მიმზედველობაც არ დაავიწყდათ. საინტერესო აქცენტების შესაქმნელად გამოიყენეს მასალები, რომლებიც ბუნებრივ ტექსტურებთან და ფერებთან კონტრასტს ქმნის. რამდენიმე ასეული წლის აშენებული ქვის კედლები, რომლებიც დრომ გაცვითა, ერთგვარ საიმედოობას და ტრადიციასთან კავშირს ქმნის. აი, გლუვი და ამრეკლავი მასალები, რომელიც იატაკიდან და ჭერამდე მინის პანელებს ქმნიან, ძველი ნანგრევისგან კარდინალურად განსხვავდება და ამით წინსვლას, მშენებლობის ახალი მეთოდებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისკენ სვლას ხაზს უსვამს.

ცნობისთვის: ძველი ნანგრევის გვერდით მღვიმეში შესასვლელია, რომელიც წლები გამოუყენებელი იყო. გამოქვაბული გაასუფთავეს და ღვინის მარანად აქციეს. ღვინის ბოთლების და კასრების შენახვის გარდა მფლობელმა საკუთარი სადეგუსტაციო დარბაზის ქონა ისურვა. სიგრილე, თაღოვანი ჭერი, ბუნებრივი ქვა, უცნაური ფორმის კედლები, იდუმალი ატმოსფერო – განსაკუთრებულ გარემოს ქმნის, სადაც მეგობრებთან და ოჯახთან ერთად კარგი დრო შეგიძლიათ გაატაროთ.

სახლში, რომელიც ასეთ განმარტოებულ და მშვენიერ ადგილას მდებარეობს, ბევრი საცხოვრებელი და გასართობი ზონაა გათვალისწინებული. მთავარ ნაწილში იგეგმება მფლობელისთვის საცხოვრებელი ზონის მოწყობა – ესაა ორი ლუქსის ოთახი საკუთარი მისაღებით, საძინებლით და სააბაზანო ოთახით. ასევე კაბინეტი და ბიბლიოთეკა აქვს.

ორ სხვა მოდულში საერთო ზონები მოთავსდება: სამზარეულო, სასადილო, სტუმრების ოთახები, რომლებიც ფართო საძინებლებს და სველ წერტილებს მოიცავს. დაგეგმილია მასშტაბური დასასვენებელი ზონა, სადაც მდებარეობს სპა ცენტრი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, აუზი, რამდენიმე ეზო, საიდანაც ტყესა და ქალაქზე პანორამული ხედი იშლება.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული სტუდიის Tetro Arquitetura პროექტი არა უბრალოდ ქაღალდზე და 3D ფორმატში შექმნილი ფანტაზიაა. ამ დროისთვის აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს და მალე უნიკალური შენობის რეალისტური ვიზუალიზაცია, მათ შორის წარმოუდგენელი ინტერიერის პროექტი ხელშესახებ ფორმებს მიიღებს.