ხრიკები, როგორ დავალაგოთ სახლი 15 წუთში, თუ სტუმრები გზაში არიან

უმრავლესობა ჩვენგანს მეგობრებთან ერთად დროის გატარება უყვარს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილია. აი, მოულოდნელი ზარი და ფრაზა „მალე მოვალთ!“ ისე გვაფრთხობს, როგორც ახალი ამბები მიწისძვრაზე. თუ პეროგის სწრაფად გამოცხობა შეიძლება, რა ვუყოთ არეულ სახლს? Novate გიამბობთ, როგორ დაალაგოთ სახლი სწრაფად, რომ მეგობრების თვალში ფეთხუმი არ გამოჩნდეთ.

1. შემოსასვლელი

პირველი ოთახი, რომელშიც სტუმრები ხვდებიან, შემოსასვლელია. რემონტის დროს დერეფანს ნაკლები ყურადღება ეთმობა, მაგრამ სახლის სახეა და პირველ შთაბეჭდილებას ქმნის. კარგი რომ იყოს, და არა ცუდი, გამოიყენეთ შემდეგი რჩევები:

  • ყველა ნივთი საკიდიდან კარადაში შეინახეთ. ღია სათავსო ვიზუალურ ხმაურს ქმნის და ქაოსს იწვევს. გარდა ამისა, სტუმრებს საგარეო ტანსაცმლის ჩამოკიდება დასჭირდებათ და კარგია, თუ ადგილს წინასწარ მოამზადებთ.
  • თუ ფეხსაცმლის კარადა ან ცალკე თარო არ გაქვთ, პარკებში ჩააწყვეთ და კაუჭზე ჩამოკიდეთ ან კარადაში შეინახეთ. მიმოფანტული ფეხსაცმელი, ბოტასი, ჩექმა უარესია, რაც შეიძლება შემოსასვლელში მოხდეს.
  • ყველა წვრილმანი, როგორიცაა ჩეკები, გაზეთები, გასაღებები და სავიზიტო ბარათები, მუყაოს ყუთში შეინახეთ და სადმე შორს გაიტანეთ. სტუმრების წასვლის შემდეგ რევიზია ჩაატარეთ და ყველა უსარგებლო ნივთი გადაყარეთ.
  • კართან პატარა ხალიჩის სწრაფად მოწესრიგებაში სოდა დაგეხმარებათ. ცოტა სოდა ხალიჩას მოაყარეთ. დაელოდეთ, სანამ სოდა ჭუჭყს და სითხეს შეიწოვს, შემდეგ მტვერსასრუტით ახვეტეთ.

2. ტუალეტი

ამ ოთახის დალაგებას ყოველთვის სხვა დროისთვის ვდებთ, რადგან სასიამოვნო კატეგორიას არ მიეკუთვნება. რამდენიმე ხრიკის დახმარებით ოთახს სწრაფად მოაწესრიგებთ:

  • ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე სველი სალფეთქი ან სადეზინფექციო საშუალებაში დასველებული რბილი ჩვარი აიღეთ და უნიტაზი გაწმინდეთ.
  • ტუალეტის ქაღალდის ახალ რულონზე იზრუნეთ. სხვათა შორის, იცით თუ არა, რომ ტუალეტის ქაღალდის ბოლო კედლისგან მოშორებული უნდა იყოს? ამას ორი ახსნა აქვს. პირველ რიგში, ჩამოკიდებული ბოლო მარტივად ლოკალიზდება. მეორეც, ასეთი მდებარეობა ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხოა – ქაღალდი კედელს ნაკლებად ეხება და მიკრობები ნაკლებად აზიანებს.
  • სასიამოვნო არომატი შემატეთ. თუ ოთახს ჰაერის ავტომატური გამწმენდი არ აქვს, საყვარელი ეთერზეთი გამოიყენეთ.
  • თუ უნიტაზის წმენდის მოყვარული არ ხართ, წინასწარ მომზადებული „ტუალეტის ბომბები“ საქმეს გაგიმარტივებთ. დაგჭირდებათ 1 ჭიქა სოდა, ¼ ჭიქა ლიმონმჟავა, ნახევარი ჭიქა ძმარი, 30 წვეთი პიტნის ეთერზეთი, 20 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, 10 წვეთი ლიმონის წვენი. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და პატარა ბურთები გააკეთეთ. ხელთათმანი აუცილებლად ჩაიცვით. ქაღალდზე დააწყვეთ. გაშრობის შემდეგ თავსახურიან ქილაში შეინახეთ. აუცილებლობის მიხედვით გამოიყენეთ.

3. სააბაზანო ოთახი

კიდევ ერთი ოთახი, რომელშიც სტუმრები აუცილებლად შეიხედავენ. ესაა სააბაზანო ოთახი (მათ ხომ ხელი უნდა დაიბანონ). დასუფთავების მინიმუმამდე შესამცირებლად შეასრულეთ რამდენიმე მარტივი ნაბიჯი:

  • მეგობრების დარეკვისთანავე აბაზანაში ცხელი წყალი ჩართეთ. სანამ სხვა ოთახებს ალაგებთ, ორთქლი ზედაპირს დაატენიანებს და ლაქის მოშორებას მარტივად შეძლებთ.
  • ახალი პირსახოცი ჩამოკიდეთ და ახალი საპონი დადეთ (მომავალში სენსორული დისპენსერი შეიძინეთ. კარგი ნივთია).
  • სავარცხელი, კოსმეტიკა, პირადი ჰიგიენის ნივთები უჯრებში შეინახეთ, რომ ვიზუალური ხმაური არ გამოიწვიოს.
  • ძველი ნეილონის წინდით სარკე გაწმინდეთ. წყალში დასველებული ნეილონი სარკეს სასურველ ბზინვარებას სწრაფად დაუბრუნებს.

4. სამზარეულო

თუ სამზარეულოში შეკრებას მიჩვეული ხართ, პირველ რიგში, ეს ოთახი უნდა მოაწესრიგოთ. ხშირად მთელი ბინის სიმყუდროვე მასზეა დამოკიდებული. მოკლედ:

  • დროის დასაზოგად და დალაგების ხარისხის გასაუმჯობესებლად ზედაპირები არა წრიული, არამედ S მოძრაობებით გაწმინდეთ. დასუფთავების კომპანიის თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ ასე უფრო ეფექტურია.
  • ქოქოსის ზეთი უჟანგავი ფოლადის ნივთებს ბზინვარებას დაუბრუნებს. ცოტა ზეთი ჩვარს წაუსვით და მაცივრის კარი და სხვა ნივთები, რომელთაც ზოლები და თითის ანაბეჭდები აქვთ, გაწმინდეთ.
  • თუ ლამინატის იატაკი გაქვთ, წყლისა და ცოტა შამპუნის ნარევით გაწმინდეთ.
  • ნივთებს, რომლებიც თვალსაჩინოდ გამოფენილია, ყურადღება მიაქციეთ. მაგალითად, ჩაიდანი. თუ ჭუჭყიანია, სამზარეულოზე შთაბეჭდილებას აფუჭებს. ჭუჭყი სწრაფად რომ მოაშოროთ, გაწმენდამდე შეათბეთ.

5. მისაღები ოთახი

ამ ოთახს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. დაივიწყეთ სახალისო რჩევები არეულობის მოსაშორებლად, რომელთაც ინტერნეტში ხშირად ხვდებით. მაგალითად, დივანზე ლაქის შენიღვბა ბალიშით, სინათლის ჩახშობა, რომ მტვერი არ გამოჩნდეს, სტუმრების ჭიქების ღვინით ხშირად გავსება და ა.შ. გირჩევთ, ნამდვილად ეფექტური და სასარგებლო რეკომენდაციები გამოიყენოთ.

  • იმის გათვალისწინებით, რომ სახლს გენელარულად არ ალაგებთ, მტვერი მხოლოდ იმ ადგილებში გადაწმინდეთ, სადაც შეიძლება თვალშისაცემი იყოს (ანუ კარადაზე დროის დახარჯვა არ ღირს). ტანსაცმლის გორგოლაჭი გამოიყენეთ: ის არა მხოლოდ მტვერს, არამედ თმას, ცხოველის ბეწვს აგროვებს.
  • ბეწვის შესაგროვებლად შეგიძლიათ მინის საფხეკი გამოიყენოთ. წინასწარ რბილი ავეჯი და ხალიჩა დაასველეთ, შემდეგ საფხეკი ზედაპირზე გადაატარეთ.
  • სიმეტრია გამოიყენეთ. ნივთები, კერძოდ ავეჯი და დეკორი, პარალელურად ან პერპენდიკულარულად განათავსეთ. ასეთი ხრიკით წესრიგის ვიზუალურ განცდას შექმნით და კუთხეებში მტვერს შეუმჩნეველს გახდით.
  • თუ დივანზე, სავარძელზე ან ხალიჩაზე ცხოველის მოქმედების ნიშნებია, ნებისმიერი სპირტის შემცველი საშუალება გამოიყენეთ. მაგალითად, ალკოჰოლი გამოგადგებათ.
  • სუნი ინტერიერის აღქმაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, სკანდინავიური ფილოსოფია ჰიუგე გთავაზობთ სახლში სიმყუდროვე დარიჩინიანი ფუნთუშებით შექმნათ. თუ ცხობის დრო არ გაქვთ, გამოიყენეთ შემდეგი ხრიკი: წყლით სავსე ქვაბი გაზქურაზე დადეთ, წყლის ადუღებას დაელოდეთ და რამდენიმე ჩხირი დარიჩინი, ციტრუსის ქერქი, ეთერზეთი დაუმატეთ. სურნელი მთელ ბინაში გაავრცელეთ, შემდეგ ცეცხლი გამორთეთ. სხვათა შორის, ახალი მოხარშული ყავა მისაღებ ოთახს საოცარი სურნელით ავსებს.

საძინებლის, კაბინეტის, საბავშვო და სხვა ოთახების კარი დაკეტეთ. თუ სტუმარი უადგილო ცნობისმოყვარეობას გამოიჩენს და მისაღებ ოთახს გაცდება, ბოდიშის მოხდა არ სცადოთ. საწოლზე დაგდებული პერანგის ან საბავშვო ოთახში იატაკზე დაყრილი სათამაშოს გამო არ უნდა შეგრცხვეთ. პრაქტიკა აჩვენებს, თუ ამ წვრილმანებზე ყურადღებას თავად არ გაამახვილებთ და ბოდიშს არ მოიხდით, სტუმრები უწესრიგობას ვერც შეამჩნევენ.

თუ იდეალური დიასახლისის რეპუტაციას შენარჩუნება ნამდვილად გსურთ, მეგობრების მოსვლამდე საძინებელში ყველა ნივთი, რომელიც იდეალურ სურათს აფუჭებს, კარადაში შეინახეთ. საწოლი გაასწორეთ და ოთახის გასანიავებლად ფანჯარა გააღეთ. ასე სტუმრებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ.