8 კონტეინერით აწყობილი სამსართულიანი სახლი ოჯახისთვის, რომელსაც ტყეში დასვენება უყვარს

კონტეინერებით სახლების მშენებლობა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ უკვე ევროპაში პოპულარულია. სტოკჰოლმის ბუნებრივ ზონაში გამოჩნდა კონტეინერებით აწყობილი სააგარაკო სახლის საინტერესო ვარიანტი, სადაც დასვენებას ხუთკაციანი ოჯახი უპირატესობას ანიჭებს. ციცაბო მიწაზე სახლის მშენებლობისთვის ასეთი სტრუქტურა მაშველი რგოლი გახდა, რადგან მყარი კარკასების დამონტაჟება უფრო მარტივია, ვიდრე ყველაფრის ნულიდან დაწყება. მით უფრო, ბუნებრივ ზონაში მშენებლობას ბევრი შეზღუდვა ახლავს.

სტოკჰოლმში მცხოვრებმა წყვილმა, რომელთაც 3 შვილი ჰყავთ, სატვირთო კონტეინერებით შექმნილი სააგარაკო სახლი ისურვა. მათ შემთხვევაში ეს გონივრული გადაწყვეტილება იყო, რადგან ბუნებრივ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთს რთული რელიეფი აქვს. ცივაბო კლდოვან ფერდობზე, სადაც წვიმის წყალი ახლომდებარე ტბაში ჩაედინება, სახლის აშენება შეუძლებელია, მით უფრო ტყის მასივში ფართომასშტაბური სამუშაოები აკრძალულია. დარჩათ ერთი გამოსავალი: სახლის ბოძებზე დადგმა. პროცესის დასაჩქარებლად და გასამარტივებლად ჩამოწერილი ზღვის კონტეინერები ყველაზე შესაფერისი იყო.

თავდაპირველად, ცოლ–ქმარს სახლის აშენება საკუთარი ძალებით სურდა, მაგრამ პროცესში ჩართვისას მიხვდნენ, რომ სპეციალისტებს გვერდს ვერ აუვლიდნენ. სწორედ ამიტომ, სტუდიის Mans Tham Arkitektkontor დიზაინერებს და ინჟინრებს მიმართეს. პროფესიონალები ჩაერთვნენ პროექტის შემუშავებაში, ადგილის შესწავლაში, ბოძების მონტაჟზე რეკომენდაციებს გასცემდნენ, აუცილებელი საინჟინრო კომუნიკაციების გაყვანაში ეხმარებოდნენ. სტუდიის Mans Tham Arkitektkontor სპეციალისტებს კიბის, ხიდის და მათი მოაჯირების კონსტრუქციები უნდა შეემუშავებინათ, საკვამლის და ვენტილაციის ადგილები სანიაღვრე ღარებით და საკანალიზაციო მილებით განესაზღვრათ. ყველაფერი შვედეთის მკაცრი სამშენებლო და სანიტარიული სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო და დილეტანტები ამ ამოცანას ვერ გაუმკლავდებოდნენ.

იმის გათვალისწინებით, რომ ზღვის კონტეინერებს 2,4 მ სიგანე აქვთ, გასაკვირი არაა, რომ შიდა სივრცის ხელახლა გამოჭრა მოუწიათ, რომ ოთახები ფართო და ნათელი ყოფილიყო. „ბევრი ვიფიქრეთ, რომელი კედლები გამოგვეჭრა, რომელი დაგვეტოვებინა, რომ კონტეინერები დამატებითი სტრუქტურების შექმნის გარეშე გამოგვეყენებინა“ – ამბობენ სტუდიის სპეციალისტები. აი, კონტეინერების გაფართოებასა და გაერთიანებაში გულმოდგინეობა არ შეიძლება, რადგან ყველა კედლის მოშორებისას კარკასი და სტრუქტურა გამძლეობას კარგავს. ამის დაშვება არ შეიძლებოდა.

სტრუქტურული თავისებურებები: Container House (კონტეინერების სახლი) ტევადი და მიმზიდველი რომ გამხდარიყო, სხვადასხვა ზომის (20 და 40 ფუტი, სიგრძე 6 და 12 მ შესაბამისად) 8 ჩამოწერილი კონტეინერი High Cube გამოიყენეს. ციცაბო ფერდობის კუთხეც გაითვალისწინეს, რის გამოც საცხოვრებელი სივრცე შემოსასვლელის ქვემოთ აღმოჩნდა, მაგრამ ეს სილამაზესა და სტრუქტურის ლოგიკურობაზე არ ასახულა. ამას მიაღწიეს კონტეინერების მაღალ ბოძებზე დამონტაჟებით. ბოძები მიწაში ღრმად ჩაარჭეს და ბეტონის ხსნარით გაამაგრეს, რომ ხრამში სახლის „სრიალი“ თავიდან აეცილებინათ.

Novate–ს ინფორმაციით, Container House–ს პროექტის შემუშავება და სახლის მასშტაბური აწყობა სტუდიის Mans Tham Arkitektkontor სპეციალისტებმა განახორციელეს, ხოლო კონტეინერების აღჭურვასა და მოპირკეთებაში მფლობელები ნათესავებთან ერთად ჩაერთენ. იმის გათვალისწინებით, რომ მშენებლობა იგეგმებოდა ბუნებრივ ზონაში, სადაც არაა ელექტროობა, კონტეინერების გარდაქმნა სახელოსნოში მოუწიათ. ამით სახლის მოწყობაზე დრო დაზოგეს და გარემოს ნაკლები ზიანი მიაყენეს.

არქიტექტურულ კომპოზიციებში ჭარბობს სწორი კუთხეები და მკაცრი ხაზები, რომლებიც იმეორებენ კონტეინერების გეომეტრიას, რომელიც არ გარდაქმნეს და არ გააფორმეს. ინდუსტრიული სტილის მიუხედავად ბუნებრივ ზონას და ციცაბო კლდოვან ფერდობს მშვენივრად ერწყმის. ამას ექსტერიერის ნეიტრალური ნაცრისფერი და მასშტაბური შემინვა ხელს უწყობს. უხვი შემინვა სამსართულიან შენობას უფრო უწონოს ხდის და გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება.

შიდა სივრცის გონივრული გაერთიანებით შექმნეს უნიკალური ინტერიერი, რომელიც მფლობელებს ახარებს კომპოზიციური და დიზაინერული გადაწყვეტილებებით იმის მიუხედავად, რომ მხოლოდ მეორადი მასალები გამოიყენეს. მფლობელების შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომლებიც ძველი შენობების დემონტაჟის სფეროში მუშაობენ და ძველი ამერიკული ავტომობილების რესტავრაციით გატაცებულნი არიან, მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის მასალები თითქმის უფასოდ მოიპოვეს. ძველი დაფები, მზა ხის კიბის საფეხურები, ლითონის ფურცლები, ლითონის გისოსები და ბადე, ძველი ავეჯის ზოგიერთი დეტალი – ეს ყველაფერი გამოიტანეს ძველი რესტორნის და კერძო სახლების დანგრევისას. უჩვეულო ელემენტები სამზარეულოში, ლითონის სტელაჟი და ძველი ავტომობილის დეტალები ინტერიერს ეფექტურად ავსებს.

ასევე გამოიყენეს დაუმუშავებელი ხის მასალა (ძირითად, ფანერის ფურცლები), ბეტონის ელემენტები, რომლებიც ჭერის და იატაკის როლს ასრულებენ, სველ ზონებში – კაფელი.

ძველი ნივთების, მეორადი მასალების და ახალი ელემენტების მრავალფეროვნების გამო დიზაინერებს დიდი შრომის გაწევა მოუწიათ, რომ კეთილმოწყობილი საცხოვრებელი შეექმნათ. საბოლოოდ, საკმაოდ დიდი 150 მ² ფართობის სააგარაკო სახლი გამოვიდა, რომელიც ხუთკაციან ოჯახს ახარებს.

სახლის პირველ სართულზე, რომელიც ფაქტობრივად ცოკოლია (სწორ ზედაპირზე ტრადიციული შენობა რომ იყოს), მოწყობილია კაბინეტი, მისაღები ოთახი, სააბაზანო და საყოფაცხოვრებო ოთახი, მათ შორის სამრეცხაო.

მეორე დონეზე, რომელსაც ლითონის ხიდი ერთვის და რომელიც სახლის შესასვლელს ნაკვეთთან აკავშირებს, მოწყობილია ღია განლაგების საერთო და პირადი ზონები. ფართო მისაღები ოთახი, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცეში. აქედან ღია ტერასაზე გასასვლელია, სადაც შეგიძლიათ ყავა დალიოთ, განთიადს შეხვდეთ ან უბრალოდ მოდუნდეთ, ბუნების საოცარ „თეატრს“ და ტბის წყლის მშვიდ ლივლივს უყუროთ.

მესამე დონეზე მოწყობილია დამატებითი ადგილები დასასვენებლად და სათამაშოდ. აღსანიშნავია, რომ სახლი ისე დგას, რომ თითოეული ოთახიდან ტყის მასივზე განუმეორებელი ხედი იშლება. ამას იატაკიდან ჭერამდე პანორამული ფანჯრები, მინის ორმაგი კარი ხელს უწყობს. მათი დახმარებით ოთახში ბევრი სინათლე შემოდის და ხედი არ იფარება.