8 ეფექტური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც სარკიანი ფასადი აქვს

სარკე ზედაპირს ირეკლავს და ეს ეფექტი სხვადასხვა გზით შეგიძლიათ გამოიყენოთ. შემოსასვლელში, გარდერობის და სააბაზანო ოთახებში ჩვეული გამოყენების გარდა, სადაც სარკე საზღვრებს ვიზუალურად აფართოებს, შენობების ფასადის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამ შემთხვევაში მასშტაბური ობიექტები უხილავი ხდება და მიმდებარე გარემოს ერწყმის. Novate გთავაზობთ 8 არქიტექტურულ ნაგებობას, რომელსაც სარკიანი ფასადი აქვს.

1. სარკიანი სააგარაკო სახლი სამხრეთ ტიროლში (იტალია)

არქიტექტურული სტუდიის Peter Pichler Architecture ძალისხმევით იტალიის ალპური ზონის თვალწარმტაც ხეობაში ორი ერთმანეთთან დაკავშირებული შენობა გამოჩნდა. სააგარაკო სახლი გასაქირავებლად ააშენეს, ამიტომ ორი საცხოვრებელი მაქსიმალურად ავტონომიურია, რომ დამსვენებლებმა ბუნებაში დასვენებით ისიამოვნონ და ერთმანეთთან გადაკვეთა არ მოუწიოთ. ეს ობიექტის მთავარი ხიბლი არაა. ყველაზე შთამბეჭდავი და საინტერესო გადაწყვეტილებაა სარკიანი ფასადი, რომელიც ასეთ შენობას საუკეთესოდ შეეფერება.

ცნობისთვის: მთელი შენობა სარკიანი პანელებით დაფარული არაა. გვერდითა კედლებზე გაკრულია შავი ალუმინი, რომელიც იდუმალების ნოტებს მატებს. შენობის აღმოსავლეთ ნაწილი მთლიანად მინით არის აღჭურვილი, ხოლო დასავლეთ ნაწილში ფასადი სარკიან ზედაპირზე არეკვლით მიმდებარე პეიზაჟის სილამაზეს აორმაგებს. იმის გათვალისწინებით, რომ სახლი დიდწილად გამჭვირვალე ან სარკიანი პანელებით არის დაფარული, ჩიტების დაზიანების თავიდან ასაცილებლად ამ სიბრტყეებს წაუსვეს სპეციალური ნარევი, რომლის წყალობით ფრინველებს დაბრკოლების დანახვა შეუძლიათ.

2. მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი გრაცის ისტორიულ უბანში (ავსტრია)

ავსტრიული გრაცის ისტორიული უბნის რეკონსტრუქციის ფარგლებში არქიტექტურულ სტუდიას Hope of Glory დაევალა საცხოვრებელი შენობის აშენება, რომელიც ამ უძველესი კუთხის შუა საუკუნოვან ატმოსფეროს არ დაარღვევდა. ახალი ობიექტის ფასადში ისტორიული შენობის ელემენტები უნდა გამეორებულიყო. სხვათა შორის, ეს ისტორიული შენობები იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

კრეატიულმა დიზაინერებმა არატრადიციული გზა აირჩიეს. ამოცანა თავისებურად შეასრულეს. შენობის წინა ნაწილი თითქმის სარკისებურ მდგომარეობამდე გაპრიალებული უჟანგავი ფოლადის პანელებით დაფარეს. პანელები გარკვეული კუთხით დაამონტაჟეს, რომ სამგანზომილებიანი გამოსახულება შეექმნათ, რაც ადასტურებს, რომ შენობა რეალურია. „სარკიანი ზედაპირი მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობებს ირეკლავს. ასე ახალ ობიექტს როგორც ახლო ყოფნის, ასევე შორს ყოფნის პარადოქსული ეფექტი აქვს“ – ამბობენ სტუდიის დიზაინერები.

3. კაფე Mirrors გიფუში (იაპონია)

გიფუში, არქიტექტურული სტუდიის Bandesign მიერ დაპროექტებული ტურისტული კაფე არა მხოლოდ გემრიელი კერძებით და ეროვნული იაპონური სამზარეულოთი გაგახარებთ. კაფის მოპირდაპირე მხარეს ჩავლის შემთხვევაშიც აღფრთოვანებას და აღტაცებას ვერ დამალავთ. სარკიანი ფასადები, რომლებიც ასიმეტრიული ფორმის ნაგებობას შუაზე ყოფს, გზისპირას მდებარე პატარა ბაღს და შესასვლელთან მზარდ ერთადერთ ხეს ირეკლავს. შედეგად, კაფე ზღაპრულ ობიექტს ჰგავს, რომელიც თეთრი ხრეშით ოსტატურად დაფარულია.

სარკიანი ფასადის ორ ნახევარს შორის დარგული ერთი ხის „კლონირება“ განსაკუთრებით შთამბეჭდავია. დიდი სარკიანი ზედაპირები ტყის გამოსახულებას ქმნის, რომელიც კამელიებით და ალუბლის ხეებით არის დაფარული. განსაკუთრებით შთამბეჭდავი სანახაობა იქმნება, როცა ხე და კლუმბები ყვავილობს ან შემოდგომაზე, როცა ფოთლების ფერები იცვლება.

4. ძველი ვენური რესტორნის The Steirereck  რეკონსტრუქცია (ავსტრია)

დიზაინერებს რეკონსტრუქციის დროს შეუძლიათ ამა თუ იმ არქიტექტურული ობიექტის საკუთარი ხედვა აჩვენონ, თუნდაც ეს რესტორნის ძველი შენობა იყოს.  არქიტექტურული სტუდიის PPAG architects არქიტექტორებმა ვენაში ცნობილი რესტორანი The Steirereck შენობის დიზაინის შეცვლის გარეშე პარალელური სამყაროს ფანჯრად აქციეს. ასეთი უჩვეულო ეფექტის მისაღწევად გამოიყენეს მხოლოდ გაპრიალებული უჟანგავი ფოლადის პანელები, რომლებიც მზეზე ანათებს და ირეკლავს ყველაფერს, რაც გარშემო მდებარეობს. ფურცლები დაფარულია სპეციალური ნარევით, რომლის წყალობით ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ფასადის სარკიანი ზედაპირები ნაცრით დაფარულია, რაც მის გამოსახულებას იდუმალს და მომაჯადოებელს ხდის.

რეკონსტრუქციის შემდეგ, რომელიც თავად რესტორნის ტერიტორიის გაფართოებას მოიცავდა, მისი დარბაზები ფართო და შთამაგონებელი გახდა. კლასიკური მშვიდი გაფორმება, მდიდრული ავეჯი ეფექტურად ერწყმის ულტრათანამედროვე მასალებს და 3D ტექნოლოგიებს, რომლის წყალობით განუმეორებელი ატმოსფერო იქმნება.

5. სარკის ლაბირინთი 60 მ² ბინაში (თელ–ავივი, ისრაელი)

იაელ პერიმ, ინტერიერის დიზაინმა მაქსიმალურად გამოიყენა სარკიანი ზედაპირის უნარი, რომელსაც სინათლის არეკვლა და დიდი სივრცის ილუზიის შექმნა შეუძლია. დიზაინერმა თელ–ავივის გულში ბინის ფართობის გაორმაგება შეძლო (რა თქმა უნდა, ვიზუალურად). შიდა კედლები, ტიხრები და ავეჯის ფასადი სარკით და სარკიანი ფოლადის პანელებით დაფარა, ამით ოროთახიანი ბინა ნამდვილ ლაბირინთად გადაიქცა.

ეფექტური გაფორმების გარეშე საძინებელიც არ დარჩა. აქ უფრო ნაკლები ამრეკლავი ზედაპირია, რომ მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ან სარკის ლაბირინთში გადაადგილებით დაღლილისას დასვენება შეძლოთ. აი, სააბაზანო ოთახი შთამბეჭდავი ატრაქციონია, რადგან ყველა ზედაპირი სარკით არის დაფარული, რომელიც სივრცის საზღვრებს შლის.

6. სახლი WZ2 ლუდვიგსბურგში (გერმანია)

ბერნდ ციმერმანმა ქალაქ ლუდვიგსბურგში, შტუტგარტის მახლობლად მდებარე 1950 წელს აშენებული სახლის მოდერნიზაციის შესახებ შეკვეთა მიიღო. მისი კრეატიული გადაწყვეტილებით ძველი შენობა ისე გარდაიქმნა, რომ მაშინვე ქალაქის ღირშესანიშნაობად იქცა. სახლის პროპორციების გადაადგილება ან შეცვლა აკრძალული იყო, ამიტომ არქიტექტორმა რამდენიმე ჭერის ფანჯარა დაამატა, რომ შენობაში მეტი სინათლე შესულიყო, შემდეგ გაპრიალებული უჟანგავი ფოლადის პანელების „საბანი“ დააფარა. ამის ხარჯზე ფასადი ირეკლავს ყველაფერს, რაც გარშემო მდებარეობს.

ასეთი მოპირკეთებული სახლი გარემოსთან სრულად მორგებულია, თან უფრო თვალშისაცემია. განახლებული სახლის მთავარი ღირსება პანელების სტრუქტურა გახდა, რომელთაც მცირე დახრა აქვთ, რის გამოც არეკლილი რეალობა მახინჯდება, დინამიურ გამოსახულებებს ქმნის და მათ შეგიძლიათ მუდმივად დააკვირდეთ.

7. სახლი მირაჟი Mirage Gstaad შვეიცარულ ალპებში (შვეიცარია)

დუგ აიტკენმა, ამერიკელმა მხატვარმა გსტაადის თოვლიან მთებში საოცარი არტ ობიექტი შექმნა. მისი სახლის სტრუქტურა ერთსართულიანი მთის ქოხის ფორმას იმეორებს, თუმცა კრეატიულმა შემოქმედმა  შენობას სარკიანი ფასადი და სახურავი შემატა, რითაც მიმდებარე პეიზაჟში „გაშალა“. ამაზე არ გაჩერებულა. ქოხის ინტერიერიც სარკეებით არის სავსე, რომ დამსვენებლებმა რეალობაში დაკარგვა შეძლონ, რადგან სადაც არ უნდა გაიხედოთ სურათები მეორდება, რომლებიც მუდმივად იცვლება, რადგან სამყაროს ბუნება ცვალებადია.

საინტერესო ფაქტი: ეს მხატვრული ინსტალაციაა და არა კერძო საკუთრება, ამიტომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სახლში შევიდეს (თუ მოძებნის) და ვინმეს ნებართვის გარეშე გამოიკვლიოს. Mirage Gstaad–ში არაა კარი, 1920-30-იან წლებში შექმნილი კალიფორნიული რანჩოს მიხედვით არის აშენებული, სადა ფრენკ ლოიდ რაიტის, ლეგენდარული არქიტექტორის მოდერნული იდეებია ასახული.

8. თითქმის უხილავი სკოლა სალამანკაში (ესპანეთი)

ვილიარეს–დე–ლა–რეინას მუნიციპალიტეტში, ქალაქ სალამანკის ერთ–ერთ ინდუსტრიულ უბანში უჩვეულო სკოლა, სახელად Invisible school გამოჩნდა. არქიტექტურული კომპანიის ABLM Arquitectos დიზაინერებმა სცადეს, რომ ბავშვებისთვის, რომლებიც მასშტაბურ ინდუსტრიულ ობიექტებში ცხოვრობენ, სკოლაში წასვლა სასიამოვნო და სასიხარულო ყოფილიყო. მათ შექმნეს უხილავი შენობა, რომლის ფასადები ალუმინის პანელებით დაფარეს. ალუმინის პანელები ქალაქის ინდუსტრიულ ესთეტიკას შეესაბამება, თან მათგან გამორჩეულია.

შენობის ზედა ნაწილი, რომელიც მიმდებარე ლანდშაფტს ერწყმის, ორგანულად კვეთს ფერად კერამიკურ ფილებს, რომელიც უფრო კანფეტებს ჰგავს. აღსანიშნავია, რომ არქიტექტორებს შიდა სივრცეც არ დაავიწყდათ, სადაც სტანდარტული ბეტონის ტიხრების ნაცვლად გლუვი მინა გამოიყენეს.