გამოცდილი დიასახლისები სახლში კილოგრამობით სახამებელს ინახავენ

სუპერგმირების სამყაროს ახალი პერსონაჟი რომ დასჭირდეს, მისი სახელი სახამებელი იქნება. ახლა ეს პროდუქტი ძველებურად პოპულარული არა, მაგრამ თავისი ძალა არ დაუკარგავს. Novate სახამებლის გამოყენებით ხრიკებს გიზიარებთ.

„გოგონა, რა განსხვავებაა სიმინდის და კარტოფილის სახამებლებს შორის? (პაუზა) მაგრამ საიდან გეცოდინებათ, ახალგაზრდა ხართ“. ამ მონოლოგით მომმართა 50+ ასაკის წყვილმა სასურსათო მაღაზიაში. განსხვავება ავუხსენი, მაგრამ ასაკსა და სახამებლის გამოყენებას შორის პარალელი ვერ გავავლე. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ბევრი ნივთი და ჩვევა წარსულში რჩება, მაგრამ რატომ უნდა თქვათ თქვენი ნებით უარი ისეთ სუპერ საშუალებაზე, როგორიცაა სახამებელი?

1. დანა–ჩანგალი და ვერცხლის სამკაულები გაწმინდეთ

500 მლ წყალს 2 ს/კ კარტოფილის სახამებელი დაუმატეთ. ხსნარს აურიეთ და ვერცხლის დანები, კოვზები, ჩანგლები ან სამკაული მოათავსეთ. 15 წუთით გააჩერეთ. არაფრის გახეხვა საჭირო არაა! თქვენგან მხოლოდ მცირე ძალისხმევაა საჭირო. ვადის გასვლის შემდეგ ნივთები სუფთა წყალში და ჩვეულ სარეცხ საშუალებაში გარეცხეთ.

2. ხის ზედაპირი გააპრიალეთ

სახამებლის და წყლის (1:1) სქელი ნარევი დაგეხმარებათ, რომ ავეჯს ძველებური ბზინვარება დაუბრუნოთ. სახლში ხის იატაკზე ჭრიალის გასაქრობად კარტოფილის სახამებელს იყენებდნენ, ხვრელებში ყრიდნენ.

3. უსაფრთხო პლასტილინი გააკეთეთ

ყველაზე ზარმაცმა მშობლებმაც იციან, რომ ძერწვა პატარა მოტორიკის გასავითარებლად სასარგებლოა. მნიშვნელოვანია, რომ უსაფრთხო მასალები გამოიყენოთ, რადგან ბაზარზე ხშირად საეჭვო შემადგენლობის და სუნის საძერწ მასალებს გვთავაზობენ. დაგჭირდებათ 2 ფინჯანი სიმინდის სახამებელი, თმის კონდიციონერი (მისი რაოდენობა სასურველ კონსისტენციაზეა დამოკიდებული) და საკვების საღებავი. სასიამოვნო ელასტიური მასა გამოვა.

4. ფანჯარა და სარკე გაწმინდეთ

წყალში გაზავებული სახამებელი ზედაპირზე ზოლებს არ ტოვებს. სარკიან ზედაპირს სწრაფად და მარტივად გაწმენდთ.

5. ფუმფულა სათამაშოები გარეცხეთ

რამდენად ხშირად რეცხავთ რბილ სათამაშოებს? ბავშვი მას ყოველდღე ეხება, სახესთან მიაქვს, კოცნის და ეხვევა. საყვარელი სათამაშო ჭუჭყისა და მტვრისგან რომ გაწმინდოთ, პარკში მოათავსეთ, სახამებელი ჩაყარეთ, პარკი შეკარით და შეანჯღრიეთ. სათამაშო სახამებელში მთელი ღამე გააჩერეთ, დილით მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

6. ხალიჩა გაწმინდეთ

ხალიჩის ჭუჭყიან ადგილს (ცხიმის ან ხილის წვენის ლაქა) კარტოფილის სახამებელი მოაყარეთ. დაელოდეთ, სანამ სახამებელი ჭუჭყს შეიწოვს. შემდეგ მტვერსასრუტით გაწმინდეთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური ქიმიური საშუალებები, რომელთა დიდი არჩევანი სუპერმარკეტებშიც დაგხვდებათ. რა საჭიროა ზედმეტის გადახდა, თუ სხვაობა არ ჩანს?

7. თეთრეული დააუთოეთ

იდეალურად დაუთოებული ტანსაცმელი სახამებლისთვის პრობლემა არაა. გახამებული ნაკეცები ქვედაბოლოზე და ისრები შარვალზე ფორმას დიდხანს ინარჩუნებს. სუფრის კოვზი სახამებელი 1 საშუალო ზომის ჭიქა წყალში გააზავეთ. ნარევით ნივთები დანამეთ და დააუთოეთ.

8. ფეხსაცმელს უსიამოვნო სუნი მოაშორეთ

სახამებელი კარგი შთამნთქმელია. ფეხსაცმელში ჩაყარეთ და მთელი ღამით გააჩერეთ. დილით გადმოფერთხეთ. უსიამოვნო სუნის კვალიც არ დარჩება.

9. არომათერაპიაში გამოიყენეთ

სახამებელი არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს იწოვს, არამედ არომატიზატორის ბაზად შეგიძლიათ გამოიყენოთ. სახამებელს რამდენიმე წვეთი ეთერზეთი დაუმატეთ და მალე ოთახი არომატით გაივსება.

10. სახამებელი სილამაზის პროცედურის დროს გამოიყენეთ

რძით ან შამპანურით აბაზანის გავსება ძვირი სიამოვნებაა. აი, სახამებლის აბაზანის მიღება ნებისმიერს შეუძლია. კანი სინაზით გაივსება. სახამებლის აბაზანა პრობლემური კანისთვის სასარგებლოა. 500 გ სახამებელი და 1 ლ ცივი წყალი დაგჭირდებათ. ელექსირი ავსებულ აბაზანას დაუმატეთ (წყლის ტემპერატურა: 37-38 გრადუსი) და სიამოვნება მიიღეთ. ზოგიერთი ქალი სახამებლით სახის ნიღბებს ამზადებს, რომ პირველი ნაოჭები მოიშოროს.

11. სახამებელი კულინარიაში გამოიყენეთ

ეს ჩემი საყვარელი პუნქტია. ზოგი კარტოფილის სახამებელს ომლეტის ნარევს უმატებს, რომ უფრო ფუმფულა გახდეს. ზოგი სახამებელს სოუსის გამასქელებლად იყენებს. პირადად, სახამებელს გაყინული კენკრით მომზადებულ ცომეულში ვიყენებ. ცხობისას სახამებელი კენკრას დაშლის საშუალებას არ აძლევს, მის გემოს და გარეგნობას ინარჩუნებს.

ვინ იფიქრებდა, რომ სახამებელი მასზე პატენტის გამოჩენიდან 181 წლის შემდეგ აქტუალური იქნებოდა. ფარმაკოლოგია, კულინარია, კოსმეტოლოგია და სხვა სფეროები სახამებელს გვერდს ვერ აუვლის. დროა, მაღაზიაში ერთი შეფუთვა სახამებელი შეიძინოთ.