რა გავაკეთოთ შვებულებაში: 6 იდეა სწრაფი და ბიუჯეტური რემონტისთვის

მოულოდნელად ბევრი თავისუფალი დრო გამოგიჩნდათ? Novate გირჩევთ, რომ დრო ტყუილად არ დახარჯოთ და ბინა გაარემონტოთ. დიახ, არ მოგესმათ. კაპიტალურ რემონტს არ გთავაზობთ, ბინის ოდნავ განახლებას 1 კვირაში მოასწრებთ. გთავაზობთ რამდენიმე იდეას სწრაფი და იაფი რემონტისთვის. აუცილებლად ჩაინიშნეთ!

იდეა 1: ძველი ავეჯი გადაღებეთ

თუ ახალი ავეჯის ყიდვას ჯერ არ გეგმავთ, მაგრამ ინტერიერის ვიზუალურად განახლება გსურთ, საღებავი გამოიყენეთ. საძინებელში კომოდის ფერი შეცვალეთ ან სამზარეულოს გარნიტურა გადაღებეთ – ყველაფერი ავეჯის მდგომარეობასა და თქვენ სურვილზეა დამოკიდებული. სამუშაოს დაწყებამდე თქვენი ძალა და დრო შეაფასეთ. მაგალითად, თუ ერთი თავისუფალი დღე გაქვთ, მხოლოდ კარადის განახლებას მოასწრებთ. თუ ვერ გაარკვიეთ, რას გააკეთებთ მომდევნო კვირებში, მაშინ სამზარეულოსკენ გაეშურეთ.

დაგჭირდებათ შემდეგი ხელსაწყოები: ლილვაკი, ფუნჯი, ზუმფარის ქაღალდი, პრაიმერი, ფითხი, სამღებრო სკოჩი, საღებავი, ლაქი, საფითხი და გაზეთი.

პირველ რიგში, კარები უნდა მოხსნათ და სამღებრო სკოჩით ყველა დეტალი დამალოთ, რომლის გაღებვას არ აპირებთ. მაგალითად, სახელური და მინა. ახლა ზედაპირი ზუმფარის ქაღალდით დაამუშავეთ, რომ უსწორმასწორობა არ დარჩეს, ნაპრალები ფითხით ამოავსეთ და მასალა პრაიმერით დაფარეთ. როცა გაშრება, გაღებვა დაიწყეთ. ფართო ადგილებში საფითხი გამოიყენეთ, ხოლო ვიწროში – ფუნჯი. რამდენიმე ფენა წაუსვით იმის მიხედვით, თუ როგორი გამჭვირვალობა აქვს საღებავს და რა ელფერის მიღება გსურთ. საბოლოოდ, ლაქი გადაუსვით. როცა გაშრება, ავეჯი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

იდეა 2: რბილი ავეჯის ძველი გადასაკრავი შეცვალეთ

როგორც წესი, სკამი, სავარძელი და დივანი ძლიერ დატვირთვას უძლებს, ამიტომ გადასაკრავი სწრაფად ცვდება. ავეჯს მიმზიდველი გარეგნობა რომ დაუბრუნოთ, ძველი ქსოვილი ახლით ჩაანაცვლეთ. შემავსებელიც შეგიძლიათ გამოცვალოთ და ფეხები გადაღებოთ. რა თქმა უნდა, გამოცდილების და უნარის გარეშე ამის გაკეთება რთულია, მაგრამ ცდა ღირს.

სამუშაოს დაწყებამდე მოამზადეთ ქსოვილი, შემავსებელი, მაკრატელი, სამშენებლო სტეპლერი და ხის დასამუშავებელი ცვილი.

ერთგვარი ნიმუში რომ მიიღოთ და მიხვდეთ, რამდენი ქსოვილი და ავეჯის რომელი ნაწილისთვის გჭირდებათ, ძველი მასალა ფრთხილად მოხსენით – მასზე ზომები აიღეთ. შემავსებელი გამოცვალეთ და ახალი ქსოვილი სტეპლერით დაამაგრეთ. თუ ავეჯს ხის ელემენტები, მაგალითად, სამკლავური ან ფეხი, აქვს, ძველი საფარი მოაშორეთ და სპეციალური ცვილით დაფარეთ, რომელიც რესტავრაციისთვის არის განკუთვნილი.

იდეა 3: იატაკის საფარი გამოცვალეთ

ოთახის ფართობის მიხედვით ლამინატის ან ლინოლეუმის გამოცვლას 1–2 დღეში შეძლებთ. პირველ რიგში, დაფიქრდით, სად გაიტანთ ავეჯს, რომელიც ოთახში დევს. ინტერიერის დიდი საგნების, მაგალითად, კარადის დაშლა მოგიწევთ.

ყურადღება მიაქციეთ: იატაკის სწრაფად დაგებას შეძლებთ, თუ ადრე ოთახში მსგავსი მასალა იყო. სხვა შემთხვევაში საფუძვლის მომზადება, იატაკის გასწორება მოგიწევთ, რადგან ლინოლეუმს და ლამინატს განსხვავებული სისქე აქვს. საშუალოდ პირველს 3 მმ, ხოლო მეორეს – 7-12 მმ.

თავად იატაკის საფარისთვის დაგჭირდებათ წებო, სამშენებლო დანა ან ელექტროხერხი, პლინტუსი, ქვესაფენი (აუცილებლობის შემთხვევაში).

ძველი საფარი მოხსენით და იატაკის მდგომარეობა შეამოწმეთ. ზედაპირი მაქსიმალურად სწორი, ბზარების და ღრმულების გარეშე უნდა იყოს. სიმაღლის რყევებიც არ უნდა გხვდებოდეთ. ლამინატი საფენზე იფინება და ჩამკეტით ელემენტები ფიქსირდება. ლინოლეუმი იატაკზე მინიმუმ 1 დღე უნდა გააჩეროთ. ამ დროში მასალა გასწორდება, უცხო სამრეწველო სუნი გაქრება. ახლა იატაკი სპეციალური წებოთი დაამუშავეთ, ლინოლეუმი გაშალეთ, პლინტუსებით დააფიქსირეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ წებო ყოველთვის არ გამოიყენება. ზოგჯერ საფარის ფიქსაციისთვის პლინტუსი საკმარისია.

იდეა 4: ფანჯრის ჩარჩო და რაფა მოაწესრიგეთ

ფანჯრის ჩარჩოს ტიპის მიხედვით იმოქმედეთ. მაგალითად, პლასტმასის ფანჯრის ჩარჩო მათეთრებლით გაწმინდეთ,  ხოლო ხის ჩარჩოს ძველი საღებავი მოაშორეთ და თავიდან გაღებეთ. სანამ გარეთ სიცივეა, გირჩევთ გაღებვა გადადოთ. ახლა პლასტმასის ფანჯრის გაწმენდაზე შევჩერდეთ. არ ინერვიულოთ, თუ ჩარჩო სავალალო მდგომარეობაშია. ხელმისაწვდომი საშუალებებით (სარეცხი საპონი, სოდა, ძმარი და რბილი ჩვარი) რამდენიმე წუთში ძველებურ სილამაზეს დაუბრუნებთ.

გაყვითლებული ჩარჩოს გასაწმენდად გამოიყენეთ სარეცხი საპონი ან ჭურჭლის სარეცხი სითხე. სოდის და ძმრის ნარევით პლასტმასის ფანჯრის რაფა გაწმინდეთ – ნარევი ზედაპირს წაუსვით, 15 წუთით გააჩერეთ, შემდეგ რბილი ჩვრით გაამშრალეთ. თუ ფანჯრის რაფა ძალიან ჭუჭყიანია, პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეთ.

იდეა 5: აქცენტური კედელი გააფორმეთ

თუ ოთახში ყველა კედელი ერთნაირია და თვალშისაცემი არაფერია, ერთ–ერთი კედელი აქცენტური გახადეთ. დაგჭირდებათ ფერადი შპალერი ან საღებავი – იმის მიხედვით, როგორი შედეგის მიღება გსურთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ შერჩეული ფერი, ნახატი და მასალა არსებულ ინტერიერს იდეალურად მოერგოს.

ავიღოთ მაგალითი, სადაც შპალერი მთავარი აქცენტია. დაგჭირდებათ წებო, შპატელი, ლილვაკი, ფითხი, ძველმანი, კიბე.

ძველი შპალერი მოაშორეთ. თუ უპრობლემოდ შორდება, კარგია. თუ ზოგიერთ ადგილას კედელზე მიკრულია, შპატელის გამოყენება მოგიწევთ. ახლა ზედაპირი გაასწორეთ და მოამზადეთ. ნაპრალები ფითხით ამოავსეთ. შეგიძლიათ შპალერი გააკრათ. გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ შპალერის ტიპს საკუთარი დეტალები აქვს. მაგალითად, ფლიზელინის შპალერზე წებოს წასმა არ შეიძლება, მხოლოდ კედელს უნდა წაუსვათ. წარმოქმნილი ბუშტები მაშინვე გაასწორეთ, ამობურცული წებო ძველმანით მოაშორეთ.

იდეა 6: ნათურის აბაჟური გამოცვალეთ

რას იტყვით, რომ ახალი აბაჟურით ინტერიერს ხიბლი შემატოთ? მაღაზიაში შეგიძლიათ თქვენი ნათურისთვის შესაფერისი მზა ვარიანტი შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ, თუ ხელსაქმე გიყვართ.

ხელნაკეთი აბაჟური ბევრნაირი არსებობს: ნაქსოვილი, ქსოვილის, ფოჩიანი „დიდებული გეტსბის სტილში“ და ქაღალდის. აირჩიეთ ვარიანტი, რომელიც თქვენს ინტერიერს ყველაზე მეტად შეეფერება. თქვენს უნარებზე ყურადღება გაამახვილეთ. თუ საკერავ მანქანასთან ვერ მეგობრობთ, ნაჭრის აბაჟური კარგი იდეა არაა.