საცხოვრებელი კომპლექსი მთის ფერდობზე ყველა ეზოში მწვანე გაზონებით

ნაკვეთის რთული რელიეფი მშენებლობისთვის დაბრკოლება ყოველთვის არაა. მაგალითად, მეხიკოში ადგილობრივმა არქიტექტურულმა სტუდიამ მთის ფერდობზე 5 სართულიანი სახლის აშენება მოახერხა. ამავდროულად, თითოეული სართული უზრუნველყოფილია საკუთარი მწვანე ეზოთი, დასასვენებელი ზონით და სურნელოვანი კლუმბებით. ფიქრობთ, რომ ფანტასტიკაა? არადა არა, რეალური პროექტია!

როცა მექსიკურმა არქიტექტურულმა სტუდიამ Sordo Madaleno Arquitectos მრავალბინიანი სახლის პროექტი მიიღო, გასაკვირი არაფერი იყო. გამონაკლისია მიწის ნაკვეთი, სადაც საცხოვრებელი კომპლექსის აშენება იგეგმებოდა. ბუნებრივი ბორცვის რთული რელიეფი დეველოპერებს არჩევანს არ უტოვებდა. ისინი იძულებულნი იყვნენ, რომ არქიტექტურული ობიექტი კლდოვან სტრუქტურაში ისე მოეთავსებინათ, რომ მისი შენარჩუნება და კომფორტული და თანამედროვე სახლის აშენება შეძლებოდათ.

ასეთ დაპროექტებას რიგი უპირატესობა აღმოაჩნდა, რადგან მეხიკოს გარეუბანი ელიტურ უბნად ითვლება, სადაც მხოლოდ მდიდრული საცხოვრებელი სახლები შენდება. ამას მეგაპოლისთან სიახლოვე და საოცარი გარემომცველი ბუნება ხელს უწყობს. ყოველ მეორე ნაკვეთს მაქსიმალურად უსწორმასწორო და ბორცვიანი ტოპოგრაფია აქვს, რაც უნიკალური ობიექტების შექმნას ხელს უწყობს. მათ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა აქვთ, რომ ფანჯრიდან, ტერასიდან და აივნიდან საოცარი ხედებით დატკბნენ, თუნდაც ბინა საცხოვრებელი კომპლექსის ქვედა სართულზე მდებარეობდეს.

პროექტში, რომელსაც Alcázar de Toledo უწოდეს, არქიტექტორები ბუნების წინააღმდეგ არ წავიდნენ და მთის სტრუქტურა არ დაარღვიეს, არამედ ფერდობზე ხუთსართულიანი სახლი ნაწილობრივ ჩანერგეს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი პროექტი არაა, რომელსაც Novate გთავაზობთ, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, რადგან პროექტის ავტორებმა შთამბეჭდავი შენობის შექმნა შეძლეს.

Alcázar de Toledo–ს არქიტექტურული კონცეფცია: მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს სტრუქტურულად ხაზოვანი ფორმა აქვს, რომლის თითოეული ელემენტი ბორცვის კიდეზე ზიგზაგურად იკეცება. ხუთივე დონეს საკუთარი ფუნქციური დანიშნულება აქვს და სხვადასხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ამასთან, თითოეული სართულის მაცხოვრებელს აქვს ტერასა, რომელიც მყუდრო ეზოს წარმოადგენს. აქ იზრდება დაბალი ხეები, ბალახი და ყვავილი. ღია ცის ქვეშ დასასვენებელი ზონაა მოწყობილი. ბინების განლაგების და მათი ზომის მიხედვით „ბაღის ნაკვეთი“ პატარა სამკუთხა პატიოდან შთამბეჭდავი ზომის მწვანე მდელოებამდე, ხოლო პერსპექტივაში დეკორატიულ ბაღამდე მერყეობს.

ტერიტორიის ბუნებრივმა დახრამ კომპლექსიის დონეების და ზონების გადახედვა აიძულათ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენობის შესასვლელი და სართულების თანმიმდევრობა დაღმავალია (თუ კომპლექსის ძირში მდებარეობს). მანქანის მისასვლელი პანდუსი მომრგვალებული ფორმის წყალობით მიმდებარე ტყეს იდეალურად ერწყმის,  თან კიდევ ერთ დასასვენებელ ზონას (აუზით, შადრევნით და ლაუნჯის ზონით, რომელიც მის ქვემოთ მდებარეობს) უზრუნველყოფს. ავტოსადგომი შესასვლელთან, ზედა სართულზე მდებარეობს და მაცხოვრებლების 29 ავტომობილზე და სტუმრების დამატებით 10 ადგილზეა გათვლილი.

სტუმრები და მდიდრული აპარტამენტების/რეზიდენციების მაცხოვრებლები ავტოსადგომიდან მინის ვესტიბიულში შედიან, რომელიც ამ მოედნის ცენტრში მდებარეობს. აქ მოწყობილია ლიფტის კაბინები, რომლებიც საცხოვრებელი კომპლექსის ნებისმიერ სართულზე მიგიყვანთ.

შემდეგი დონე მეორე სართულად ითვლება და 2 ოჯახის საცხოვრებლად არის განკუთვნილი. თითოეულ რეზიდენციას 500 მ² ფართობი აქვს და მფლობელებს ახარებს მაღალი ჭერით, ფართო ოთახებით, რომლის ნაწილი ღია განლაგებას ეთმობა. საკმაოდ დიდი აპარტამენტების მთავარი ელემენტი მასშტაბური ფანჯარა და მინის გასაწევი კარია, რომლებიც პანორამულ ხედს გთავაზობთ, ბუნებრივ ვენტილაციას და დიდი ოთახების განათებას უზრუნველყოფს. კარით შეგიძლიათ ტერასაზე გახვიდეთ, სადაც მწვანე დასასვენებელი ზონაა მოწყობილი.

თუ რეზიდენციების განლაგებაზე ვსაუბრობთ, ამ დონეზე გვხდება შესასვლელი, მისაღები ოთახი, სასადილო, სამზარეულო, სტუმრების სააბაზანო ოთახი, 4 საძინებელი, რომელთაგან სამს საკუთარი გარდერობის, სააბაზანო და სამრეცხაო ოთახები აქვს. ასევე გათვალისწინებულია შინამოსამსახურის ოთახები სააბაზანოებით.

მთელი მესამე სართული საერთო სარგებლობის ზონას ეთმობა. აქედან შეგიძლიათ მოხვდეთ აუზსა და ლაუნჯ ზონაში, რომელიც მის გვერდით მოწყობილია. აქვეა მდიდრული სპა ცენტრი ბევრი კაბინით და სერვისით. გვერდით სავარჯიშო დარბაზია ფართო ტერასით, სადაც ღია ცის ქვეშ იოგის გაკვეთილები ტარდება. მესამე დონეზე კიდევ ერთი აპარტამენტია, რომლის ფართობი 700 მ²–ს აღწევს. აქ მეორე დონეზე გათვალისწინებული ზონების გარდა დამატებითი საძინებელი სააბაზანო ოთახით, ბიბლიოთეკა და „ღვინის მარანია“ მოწყობილი.

დანარჩენ ორ სართულზე 500 მ² ფართობის რეზიდენციები მდებარეობს, რომელთა განლაგება მხოლოდ ფუნქციური დანიშნულებით განსხვავდება. ზოგიერთ საცხოვრებელში საძინებელი ოთახების რაოდენობა შემცირებულია და მის ნაცვლად მოწყობილია კაბინეტი, „ღვინის მარანი“ და სათამაშო ან მულტიმედიური ოთახი. მათაც აქვთ საკუთარი ეზო. ზოგიერთს ღია აუზი, რომელიც დიდ ტერასაზე მდებარეობს.

მშენებლობის მეთოდებსა და პრიორიტეტებზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი მდგრადი არქიტექტურის ნორმების და წესების ფარგლებში განხორციელდა. მცენარეების გამოყენება შენობას ბუნებრივ სიგრილეს და ჩრდილს ანიჭებს, ბუნებრივი სავენტილაციო სისტემა და ჰაერის აღდგენის ინოვაციური ტექნოლოგიები ნებისმიერ სეზონზე კომფორტული მიკროკლიმატის შექმნას ხელს უწყობს. დიდ ავზებში წვიმის წყლის შეგროვების, გადამუშავების და განმეორებითი გამოყენების სისტემა მცენარეების ავტომატური მორწყვის ორგანიზებას ხელს უწყობს. მზის პანელები ელექტროენერგიის დიდ ნაწილს უზრუნველყოფს, რაც საცხოვრებელი კომპლექსის არსებობისთვის აუცილებელია.