სასარგებლო რჩევა, როგორ გააკეთოთ ლამაზი და ძლიერი ფილები ფორმისა და აღჭურვილობის გარეშე

თუ ნაკვეთის მოწყობა გსურთ, ხოლო ოჯახის ბიუჯეტი ტროტუარის ფილების ყიდვის საშუალებას არ გაძლევთ, თავად გააკეთეთ. ამისთვის ბეტონის შემრევი, ვიბრაციული მაგიდა და ქარხნული ფორმები არ დაგჭირდებათ. Novate მარტივ ვარიანტს გთავაზობთ.

რაშია საიდუმლო? – ფილები, რომელთაც ფოტოებზე ხედავთ, ძვირადღებულ ქარხნულ ფორმებში დამზადებული არაა. მათთვის სხვადასხვა პროდუქტის შესაფუთი პლასტმასის კონტეინერებია გამოყენებული. ფილები საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. თან წარმოუდგენლად მარტივად დასაგებია!

1 ასეთი კონტეინერი 0,15-0,3 თეთრი ღირს, მაგრამ არა ერთხელ შეგიძლიათ გამოიყენოთ და ფილების რამდენიმე პარტია ჩამოასხათ. ასე კარგად დაზოგავთ, რადგან 15 ლარად 50 კონტეინერს შეიძენთ, ხოლო ერთი პროფესიონალური ფორმა 3,5 ლარი ღირს. მინიმუმ 20-30 ასეთი ფორმა გჭირდებათ, რომ გარკვეული მწარმოებლურობა გქონდეთ.

რა დაგჭირდებათ? – ამ საქმისთვის დაგჭირდებათ: პლასტმასის კონტეინერები, ვედრო ან გობი ხსნარის შესარევად, კელმა, ჩაქუჩი, ცემენტი, ქვიშა, წვრილი ღორღი, მცენარეული ან მეორადი ძრავის ზეთი, ფუნჯი, წყალი. სამუშაოდ ასევე დაგჭირდებათ სწორი მაგიდა ან ფანერის ნაჭერი. მთელი სამუშაო ქუჩაში შეგიძლიათ შეასრულოთ. მთავარია, რომ თბილი (+10°C–დან) და უნალექო ამინდი იყოს.

როგორ ჩავასხათ ტროტუარის ფილები პლასტმასის კონტეინერებში? – სწორი ზედაპირი მოამზადეთ, მაგალითად, ფანერის ნაჭერი. ფუნჯით ფორმებს მცენარეული ან მეორადი ზეთი წაუსვით და სამუშაო ზედაპირზე ერთმანეთისგან მცირე დაშორებით დააწყვეთ.

ხსნარი აურიეთ: 1 ნაწილი ცემენტი (M500), 2 ნაწილი ქვიშა, 2 ნაწილი ღორღი. ელასტიურობისთვის 2–3 წვეთი თხევადი საპონი დაუმატეთ (2-3 წვეთი საპონი 1 ვედრო მზა ხსნარზე). წყალი „თვალით“ დაუმატეთ, მაგრამ ძალიან თხელი ხსნარი არ მოამზადოთ. სქელი არაჟნის მსგავსი მასა უნდა მიიღოთ. ცემენტის ხსნარს კარგად აურიეთ.ახლა ხსნარი ფორმებში ჩაასხით. კონტეინერები ბოლომდე გაავსეთ, რომ თანაბარი სისქის ფილები მიიღოთ. ფორმებში ხსნარი ოდნავ ჩატუმბეთ და კელმით გაასწორეთ. ფრთხილად იმოქმედეთ, რომ კონტეინერი არ დააზიანოთ.

როცა ყველა ფორმა გაივსება, სამუშაო ზედაპირის სხვადასხვა მხარეს ჩაქუჩი მსუბუქად დაარტყით. ასე ვიბრაციას შექმნით და ხსნარს გამკვრივების საშუალებას მისცემთ. პროცედურა 1–2 წუთში გაიმეორეთ. თუ რომელიმე ფორმაში ხსნარი ძლიერ დაჯდა, კიდევ დაუმატეთ, რომ ფორმა შეავსოთ.ჩასხმულ ფორმებს პარკი დააფარეთ და 3-5 დღე გააჩერეთ. ამ დროში ბეტონი საკმარისად გამაგრდება და ფილების ფორმიდან ამოღებას შეძლებთ.

დაშლის შესახებ

თხელი პლასტმასის კონტეინერი კიდევ, მინიმუმ 5–ჯერ რომ გამოიყენოთ, ფორმიდან ბეტონის ფილა სწორად უნდა ამოიღოთ. შესაძლოა ფილები ფორმიდან გადაბრუნებისას თავისით ამოვიდეს. თუ ასე არ მოხდა, ფორმები ცოტათი შეათბეთ. საუკეთესო მეთოდი: წყალი რაიმე ქვაბში 50°C-მდე გააცხელეთ, შემდეგ მასში ფილები ფორმებიანად ჩადეთ და ეს ფორმა მოაშორეთ. ცხელ წყალში კონტეინერის კედლები გაფართოვდება და ფილებს მარტივად ამოიღებთ. მოგვიანებით, ეს კონტეინერები კვლავ შეგიძლიათ გამოიყენოთ.