7 მყუდრო სააგარაკო ნივთი, რომელიც ყოველ შაბათ–კვირას დაბრუნების სურვილს იწვევს

როგორც წესი, აგარაკზე მიგვაქვს ყველაფერი, რაც ბინაში არ გვჭირდება. მაგალითად, ძველი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი გაცვეთილი გადასაკრავით, გაუფერულებული ტექსტილი. ასე მყუდრო სახლიდან სანაგვედ იქცევა. ასე არ შეიძლება! Novate გიამბობთ, როგორ გააფორმოთ აგარაკი, რომ არა სათბურთან და კვლებთან, არამედ სიმყუდროვესთან, დასვენებასთან და კომფორტთან ასოცირდებოდეს.

1. შეშის შენახვა გარე ნიშაში

მიჩვეული ვართ, რომ ჩვენი ბებიები და ბაბუები, რომლებიც სოფელში ცხოვრობდნენ, შეშას ბეღელში ან ფარდულში, უცხო თვალისგან მოშორებით ინახავდნენ. დროა, შეშის ადგილმდებარეობაზე აზრი შეიცვალოთ. შეხედეთ ამ ხელოვნების ნიმუშს! ასეთი ხორა არა მხოლოდ ფუნქციური შენაძენია, არამედ ნაკვეთს ამშვენებს და მისი ხიბლი ხდება. ნივთის შეძენა მათაც მოუნდება, ვისაც აბანო, ბუხარი და აგარაკი არ აქვს!

მსგავსი ლითონის წრე, რომელიც რამდენიმე სექციად დაყოფილია, ნაკვეთს ან მისაღებ ოთახს ავსებს. ორგანულად რომ გამოიყურებოდეს, გაავსეთ მორებით, ხის ნაჭრებით, ტოტებით და გაზეთებით, რომლებიც ღუმელის დასანთებად საჭიროა. კომფორტული და ლამაზი გამოვა.

2. კოცონის თასი

გიყვართ საღამოს კოცონთან ოჯახთან ერთად შეკრება და საუბარი, როგორ ჩაიარა დღემ და რას აპირებთ ხვალ? მაშინ კოცონის თასი ზუსტად ისაა, რაც ექიმმა გამოგიწერათ. მყუდრო ატმოსფეროს და სწორ განწყობას ქმნის. მოცეკვავე ცეცხლი რთული სამუშაო დღის შემდეგ მოდუნებას და ცუდი ფიქრების მოშორებას ხელს უწყობს. თასს პრაქტიკული მხარეც აქვს. მის მახლობლად გათბობას შეძლებთ. ზოგიერთ მოდელზე გემრიელი ვახშმის მომზადებას შეძლებთ. კიდევ ერთი უპირატესობა აბსოლუტური უსაფრთხოებაა. ისეა დახურული, რომ ნახშირი ყოველთვის შიგნით რჩება, ბალახზე ან მიმდებარე ნივთებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ნაკვეთის ეს ნაწილი სრულყოფილი და ჰარმონიული რომ იყოს, თასის გარშემო კომფორტული დასასვენებელი ზონა მოაწყვეთ. მაგალითად, პატარა მაგიდა, სკამები ან პუფები დადეთ, ხეებს შორის ჰამაკი გაშალეთ, თუ ვინმეს დაწოლა მოუნდება.

3. დაწნული კალათები

დაწნული ნივთები ყოველთვის აგარაკთან ასოცირდება. ეს შეიძლება იყოს ავეჯი, დეკორი ან კალათები. კალათა განსაკუთრებით ფუნქციონალურია და აგარაკის გარემოს შესანიშნავად ერგება. კალათაში შეინახეთ პირსახოცი, ქაღალდი და სხვა საჭირო წვრილმანი, რომ ყოველთვის ხელთ გქონდეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზოგიერთი ნივთი სპეციალური ხის დამჭერით იყიდება, ასე სახლში ან აგარაკზე მისი ტარება მარტივდება.

აირჩიეთ 100% რატანისგან დამზადებული კალათა, რომელიც გამძლეობით გამოირჩევა. მსგავსი ნივთი რამდენიმე კილოგრამს უძლებს, ამიტომ თამამად შეგიძლიათ გაავსოთ. დაწნული ნივთები ინტერიერს და ექსტერიერს  იდეალურად ეთავსება, სხვადასხვა ამინდის პირობების მიმართ (წვიმა, მზის სინათლე, ტემპერატურის ცვლილებები) მდგრადია. სხვათა შორის, თუ პიკნიკზე წასვლას გადაწყვეტთ, პატარა კალათა ჩანთად შეგიძლიათ გამოიყენოთ, სადაც პლედს, პროდუქტებს და სასმელებს შეინახავთ.

4. შეზლონგი

აგარაკზე  მხოლოდ ყვავილების მოსავლელად და ბოსტნეულის დასარგავად არ მიდიან. დასვენება არ დაგავიწყდეთ! სად შეძლებთ სუფთა ჰაერზე იდეალურად დასვენებას და მზის აბაზანების მიღებას? ამ გეგმის განსახორციელებლად შეზლონგი შეიძინეთ. ძველი, გასაშლელი საწოლი არ იგულისხმება. დაე, თქვენც და თქვენს სტუმრებსაც ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ლაჟვარდოვანი ნაპირიდან მოტანილია. გარდა ამისა, აგარაკზე ხმელთაშუა ზღვის ნოტები არავის შეაწუხებს.

ხის მოდელი ყველაზე პრაქტიკულია. გამძლე, მოსახერხებელი, ეკოლოგიური და მრავალფუნქციურია, რადგან საზურგის ბევრი სხვადასხვა მდებარეობა აქვს. მსგავსი შეზლონგი ლანდშაფტს იდეალურად ერგება, ხოლო მრავალფეროვანი მოდელები საშუალებად გაძლევთ, რომ თქვენი კოტეჯისთვის იდეალური ვარიანტი შეარჩიოთ. შეზლონგზე გატარებული წუთები მაქსიმალურად კომფორტული რომ იყოს, თავის ბალიშით, ფეხის სადგამით, მზისგან დამცავი საფარით შეავსეთ. გვერდით ყავის მაგიდა დადეთ, სადაც წიგნის, სასმელების და წასახემსებლების დადებას შეძლებთ.

5. ქოლგა

თუ დამწვრობაზე ან მზის დარტყმაზე ნერვიულობთ, დასასვენებლ ზონას ქოლგა დაუმატეთ. ქოლგის არჩევისას გამძლეობას, მასალას და ზომას ყურადღება მიაქციეთ. ქსოვილი გამძლე უნდა იყოს, ნაკერები და პირაპირი ხარისხიანი და კარგად დაფიქსირებული. მთლიანობაში, რაც უფრო ნაკლები ნაკერი აქვს, მით უკეთესი, რადგან ნაკერი გარღვევის პოტენციური ადგილია.

ზომის შერჩევისას გაითვალისწინეთ შემდეგი მომენტები: ქოლგა სრულად უნდა იცავდეს ადგილს, სადაც მზისგან დამალვას აპირებთ. თუ შეზლონგი 1–2 ადამიანზე გათვლილია, ქოლგის დიამეტრი 1,5-2 მ უნდა იყოს. ქოლგა მთელი ჯგუფის დასაჩრდილად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ამ შემთხვევაში ორიენტაცია მაგიდის და სკამების ზომებზე აიღეთ.

6. სანათები

სწორი განათება თქვენს ნაკვეთს საღამოს საოცრად გარდაქმნის. მთავარია, რომ აქცენტები სწორად დასვათ. რამდენიმე მომენტი გაითვალისწინეთ. პირველ რიგში, სანათები ფუნქციური უნდა იყოს, რომ ბილიკი და ხშირი მოხმარების ადგილები გაანათოს. მეორეც, ენერგოეფექტური უნდა იყოს, რადგან ზედმეტის გადახდა არავის სურს. მესამეც, სწორი ატმოსფერო უნდა შექმნას.

თუ ლანდშაფტის დიზაინერების რეკომენდაციებს დაიცავთ, შესასვლელი ზონა, ბილიკი პარმაღამდე და მცენარეები უნდა გაანათოთ. დეკორატიულ სანათებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ ბაღი ზღაპრულ სივრცედ აქციოს. ლამაზია, როცა ნაკვეთზე სინათლე ყველგან გამორთულია და მხოლოდ ლოკალური ფარნები ყვავილებთან ან ხეებთან ანათებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ქუჩაში მდებარე ყველა სანათი ნეგატიური ამინდის პირობების მიმართ გამძლე უნდა იყოს. ჩამრთველი სჯობს სახლში გაიყვანოთ, რომ ზამთარში პარმაღზე ან ქუჩაში გასვლა არ მოგიწიოთ.

7. ბაღის საქანელა ან დასაკიდი სავარძელი

საქანელა აგარაკის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ელემენტია. იდეალურია წიგნის კომპანიაში დროის გასატარებლად, ასევე ხმაურიანი წვეულებებისთვის. თუ განმარტოება გიყვართ და ხმაურიანი სახლიდან ხშირად გარბიხართ, საქანელა ბაღის სიღრმეში ან გუბურასთან დადეთ, რომ წიგნის კითხვასა და ოცნებაში ხელი არავინ შეგიშალოთ.

თუ აგარაკზე მეგობრებთან ერთად ხშირად იკრიბებით, საქანელა დასასვენებელ ზონასთან მოათავსეთ. სანამ ზოგი მწვადებს შეწვავს, სხვები ბურთს თამაშობენ, რბილ სავარძელზე შეგიძლიათ დაისვენოთ და კოქტეილი აუჩქარებლად წრუპოთ. ფუნქციური არაა, რადგან ერთადგილიანია, მაგრამ „სოლო“ დასვენებისთვის იდეალურია.