
ყველა მეაგარაკე ოცნებობს, რომ ლამაზი კაშკაშა ყვავილები მის ნაკვეთზე აყვავილდეს. მოყვავილე მცენარეებს ხშირად განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. რა უნდა გააკეთოთ, თუ საკმაოდ ზარმაცი მეაგარაკე ხართ, მაგრამ გსურთ, რომ მეზობლები თქვენი კაშკაშა და დიდხანს მოყვავილე მცენარეების დანახვით შურისგან გასკდნენ? გამოსავალი არსებობს! Novate გიამბობთ 10 ყველაზე უპრეტენზიო მცენარეზე, რომელიც აგარაკს დაამშვენებს.
1. ურსინია
მცენარე მოსავლელად უპრეტენზიოა და რამდენიმე წელი ცოცხლობს. სახეობის მიხედვით სიმაღლეში 60 სმ–ს არ აჭარბებს. ყვავილი გვირილას ჰგავს, მაგრამ უპირატესად ყვითელი და უფრო დიდია. თესლით მრავლდება, რომელიც პირდაპირ ღია გრუნტში შეგიძლიათ დათესოთ. გვალვაგამძლეა (ზარმაცი მეაგარაკისთვის მნიშვნელოვანია), მაგრამ ზედმეტ მორწყვას ვერ იტანს. მზიან ადგილას ნებისმიერ მიწაში დარგეთ. ზაფხულის დასაწყისიდან გვიან შემოდგომამდე ყვავილობს.
2. გაილარდია
გაილარდია ივნისის დასაწყისიდან შემოდგომამდე ყვავილობს. ჯგუფურ დარგვაში, კვლებში შესანიშნავია. სინათლე უყვარს. გვალვაგამძლეა, წყლის გარეშე დიდხანს გაძლება შეუძლია, მაგრამ მიწის ზედმეტად დატენიანება არ უყვარს. უფრო უხვად რომ აყვავდეს, ყვავილობის შემდეგ თანაყვავილედები დროდადრო მოაჭერით. ყინვამდე 1 თვით ადრე ყველა აყვავებული ყლორტი მოაშორეთ და ახალ გაზაფხულამდე კომპლექსური მინერალური სასუქი მიაწოდეთ, რადგან მცენარე მრავალწლიანია.
3. ასტილბა
საკმაოდ უპრეტენზიო მცენარეა, მაგრამ მიწის გამოშრობა არ უნდა დაუშვათ. ასტილბა თესლით, ბუჩქის დაყოფით და კვირტებით მრავლდება. მცენარე დაავადებების და მავნებლების მიმართ მაქსიმალურად მდგრადია, ინსექტიციდებით უსასრულო დამუშავებას არ მოითხოვს. ასტილბა ჯგუფურ და შერეულ დარგვაში, ასევე ღობის გაფორმებაში შესანიშნავად გამოიყურება. პატარა ყვავილები აწვერილ საგველიან თანაყვავილედშია შეგროვებული. სხვადასხვა ფერი შეიძლება ჰქონდეს: იისფერი, ვარდისფერი, წითელი, თეთრი და მრავალფერიანი.
4. ყვითელი გვირილა
ამ მცენარეს სინათლე უყვარს. თუ ნახევრად ჩრდილში დარგავთ, უფრო იშვიათ, მაგრამ მსხვილ ყვავილებს განავითარებს. ყვითელ გვირილას ფხვიერი მიწა ურჩევნია. თესლით, ბუჩქის დაყოფით კარგად მრავლდება, რეგულარული მორწყვა (კვირაში ერთხელ) და დამჭკნარი თანაყვავილედის მოშორება (2–3 კვირაში ერთხელ) სჭირდება. ლამაზი მზიანი ყვავილები აქვს. ჩვეულებრივ, განაპირა ყვავილები ყვითელია, ხოლო შუა ყვითელი, თეთრი ან მრავალფერიანი შეიძლება იყოს.
5. ცოცხანა
ყველაზე უპრეტენზიო მცენარე პლანეტაზე. ივნისიდან ყინვების დაწყებამდე ყვავილობს. გარეგნულად მიხაკის მსგავსი ყვავილი აქვს. შეიძლება იყოს ლურჯი, იისფერი, თეთრი, ვარდისფერი, მეწამული. ღია, მზიანი ადგილი უყვარს, ყინვაგამძლეა, გვალვას და სიცხეს ადვილად იტანს. მცენარე მაქსიმალურად უპრეტენზიოა, განსაკუთრებულ მოვლას არ მოითხოვს, ზომიერი მორწყვა და კომპლექსური სასუქით გამოკვება სჭირდება.
6. ჰოსტა
უპრეტენზიო მრავალწლიან მცენარეებს შორის ფავორიტია. სახეობის მიხედვით შეიძლება იყოს დიდი (1 მ ან მეტი დიამეტრი) ან პატარა. ზუსტად ივნისში ყვავილობს, ისრებს უშვებს, რომელზეც მალე ლამაზი იისფერი ყვავილები ჩნდება. ხმელი ისრები შეგიძლიათ მოაჭრათ და ახალს დაელოდოთ. ფოთლები ნებისმიერ კლუმბზე 100%–ით დეკორატიულად გამოიყურება.
7. ჭანჭყატა
ძალიან უპრეტენზიო მრავალწლიანი დაბალი ბუჩქი (ზარმაცი მეაგარაკის ოცნება!). მცენარეს როგორც მინიმუმ ორი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ფოთლები საკმაოდ დეკორატიულად გამოიყურება ფერების კომბინაციის ხარჯზე. ყოველ პატარა ფოთოლზე ფერების სპექტრია – მუქი მწვანიდან ყვითლამდე. მეორეც, მცოცავი მცენარეა. არა თუ მინიმალური მოვლა, არამედ საერთოდ არ სჭირდება. ზამთარშიც დაფარვა არ სჭირდება. თუ პატარა ნერგს მაისში დარგავთ, უკვე 1 წელში დაახლოებით 30 სმ² მცოცავი ბუჩქი იქნება ახალი აღმონაცენის ხარჯზე, რომელიც შემდეგ საჰაერო ფესვებს უშვებს და ცოცვას აგრძელებს. რამდენიმე წელიწადში, თუ არ გაახშირებთ, რამდენიმე კვადრატულ მეტრ ტერიტორიას აითვისებს.
8. ალისუმი
სუპერ უპრეტენზიული ალისუმი ზარმაცი მეაგარაკის ოცნებაა. მცენარე თავიდან მთებში იზრდებოდა. ყვავილს სახეობის მიხედვით სხვადასხვა შეფერილობა შეიძლება ჰქონდეს. ერიკას მსგავსი საოცარი სურნელი აქვს. მოვლა საერთოდ არ სჭირდება. დარგვის შემდეგ მოვლა შეგიძლიათ დაივიწყოთ, მხოლოდ მორწყვა სჭირდება (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 10 დღე წვიმა არ ყოფილა). მრავალრიცხოვანი, პატარა და დეკორატიული ყვავილი აქვს. ჩვეულებრივ, კლუმბში რგავენ. დაბალი მცენარეა, თუ კლუმბი მრავალდონიანია, ალისუმი პირველ ან მეორე რიგში, მაღალი მცენარეების წინ დარგეთ.
9. ბეგქონდარა
ნამდვილად უპრეტენზიო ლამაზმანი! სასარგებლო მცენარეა, რომელიც ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს, რადგან ხველის დროს პირველი საშუალებაა. დაბალი ბუჩქია პატარა ყვავილებით. თითოეული ბუჩქი გაზაფხულის ბოლოდან შემოდგომის დასაწყისამდე უხვად ყვავილობს. მებაღეობის შესახებ ჰესიონის საკულტო წიგნში „ბაღი, რომლის მოვლა ადვილია“ ნათქვამია, რომ ზარმაცმა მებაღეებმა სჯობს აირჩიონ მცენარეები, რომელთაც ყვავილობის შემდეგ თანაყვავილედის მოშორება არ სჭირდებათ. ასე ზედმეტ საათს დაზოგავთ. მცენარე პატარა ყვავილებით სწორედ ასეთია. ყვავილის ყუნწის მოშორება არ სჭირდება და ოქტომბრამდე ლამაზ გარეგნობას ინარჩუნებს.
10. კატაბარდა
ზარმაცი, მაგრამ ამბიციური მეაგარაკე მცოცავ მცენარეს გვერდს არ აუვლის. კატაბარდა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. როცა გაიზრდება, არანაირ საზრუნავს აღარ გამოიწვევს. ზამთარში შერჩეული ადგილიდან (ღობე, შენობის კედელი, სპეციალური ჭოკი და სხვა), რომელზეც დახვეულია, აღება მოგიწევთ, რომ არ გაიყინოს. გზაფხულზე კვლავ „შვედურ კედელზე“ დააბრუნეთ. სიმაღლეში 3 მეტრს აღწევს. ლამაზი ზარიანი ყვავილები აქვს. სხვადასხვა ფერი შეიძლება ჰქონდეს. ღობის ლამაზად გაფორმება შეუძლია. სწორედ ამიტომ, კატაბარდის რამდენიმე აღმონაცენიდან მეზობლების შესაშური ცოცხალი ღობე შეგიძლიათ გააკეთოთ.