
მინის კომპანიის დიზაირებმა ციცქნა სახლის საინტერესო ვარიანტი შემოგვთავაზა, რომელიც საგამოფენო ექსპონატის როლს ასრულებს და, ამავდროულად, საცხოვრებლად გამოსადეგია. იმის მიუხედავად, რომ მისი კედლები და სახურავიც მხოლოდ მინისგან დამზადებულია, მასში მთელი წელი ლაპლანდიის მკაცრ პირობებშიც კომფორტულად იცხოვრებთ. ფანტასტიკურია? საერთოდ არა!
ფინეთის ტბის სანაპიროზე ინარის (ლაპლანდია) დასახლების მახლობლად გამოჩნდა უნიკალური სახლი, რომელსაც შეგიძლიათ უწოდოთ ექსპონატი, ეფექტური არტობიექტი და შესანიშნავი დასასვენებელი ადგილი ბუნებაში. ციცქნა შენობა, სახელად Lucia Smart ექსპერიმენტული მოდელია. მან უნდა წარმოაჩინოს ულტრათანამედროვე მინის შესაძლებლობები, რომელსაც მინის მწარმოებელი–სამშენებლო კომპანია Savon Lasituote Oy აწარმოებს.
ციცქნა სახლი, რომლის ფართობი მხოლოდ 24 მ², მინის და ფოლადის (კარკასის როლში) კონსტრუქციას წარმოადგენს. დეველოპერების თქმით, Lucia Smart–ის მოდულები ნებისმიერი კონფიგურაციით და ფართობით ქარხანაში სრულად შეიძლება აიწყოს და მზა სახით საჭირო ადგილას მიიტანონ, რაც ასეთი შენობებისთვის მნიშვნელოვანია.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში ექსპერიმენტული მოდელი ტბის პირას რბილ ფერდობზე უნდა განთავსებულიყო. სწორედ ამიტომ, მაღალ ბოძებზე დაამონტაჟეს. ასე მიკრო სახლი დატბორვისა და სინესტისგან დაცულია. საყრდენი კონსტრუქცია წინასწარ შექმნეს, შემდეგ მზა სტრუქტურა დანიშნულების ადგილზე მიიტანეს.
ყურადსაღები ფაქტი: სახლი Lucia Smart ნამდვილი ობიექტი უნდა ყოფილიყო და არა მხოლოდ სარეკლამო ბუტაფორია, მასში ყველაფერი ისეა გაკეთებული, რომ დაამტკიცონ, რომ სრულად მინის შენობაშიც კომფორტულად ცხოვრება და მუშაობა შეიძლება, თან მთელი წელი. ეს ფინეთის ლაპლანდიის პირობებში, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ერთ–ერთი მკაცრი უბანია, რომლის დიდი ნაწილი პოლარულ წრეზე მდებარეობს.
დიზაინერებმა დაიწყეს იმით, რომ სრული უხილავობის მიღწევა სურდათ. ექსპერიმენტული ქოხი ბუნებას მაქსიმალურად რომ შერწყმოდა, მისი კარკასი უთხელესი ფოლადის პროფილით დაამზადეს, რომელიც პრაქტიკულად შეუმჩნეველია. გარდა ამისა, სახურავი მყარი მინისგან არის დამზადებული და ასეთივე ჩარჩოზე დამაგრებულია. ამ ხრიკებით შექმნეს ეთერული სივრცე, რომელიც ნებისმიერ გარემოში იშლება. ესთეტიკური მიმზიდველობის გარდა Lucia Smart–ის ეფექტური დიზაინი რამდენიმე ფუნქციას ასრულებს: უხვი შემინვა ციცქნა შიდა სივრცეს ვიზუალურად აფართოებს, მაქსიმალურ განათებას უზრუნველყოფს, თან შენობასა და ულამაზეს პეიზაჟს შორის საზღვრებს შლის.
ერთი მხრივ, მინა ისეთი მასალა არაა, რომელიც საცხოვრებლად კომფორტულ მიკროკლიმატს ვერ უზრუნველყოფს როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. მთავარი სიურპრიზი სამშენებლო ტექნოლლოგიებიდან შორს მყოფი ადამიანებისთვის სწორედ ესაა. Novate–ს ინფორმაციით, ფინურმა კომპანიამ Savon Lasituote Oy შეიმუშავა მინის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც საცხოვრებელში სითბოს -35 გრადუსზეც და სიგრილეს ცხელ ზაფხულშიც ინარჩუნებს.
საინტერესო ფაქტი: Lucia Smart–ის მოდელის შესამინად გამოიყენეს მულტიფუნქციური მინა SG, რომელიც სპეციალური ნარევით დაფარულია და ყველა დასახულ ამოცანას უმკლავდება. ასეთი მინა ქვის ან აგურის კედლებს მარტივად ანაცვლებს. ამ ვარიანტში გათვალისწინებულია მინის გათბობა, რომელიც ფანჯრების დაორთქვლას და რაიმე სახის დეფექტს თავიდან აგაცილებთ. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავად მინა შიდა სივრცეს ძლიერ ყინვაში არ ათბობს. ცივ სეზონზე კომფორტული მიკროკლიმატისთვის ინტელექტუალური სისტემა „თბილი იატაკი“ დაამონტაჟეს.
აღსანიშნავია, რომ შემუშავებული ტექნოლოგია სარკისებრ ამრეკლავ საფარს ითვალისწინებს, რომელიც მიმდებარე პეიზაჟთან იდეალურ ჰარმონიას ქმნის. თან ასე თავს უსაფრთხოდ იგრძნობთ. კერძო ცხოვრება საიმედოდ დაცული იქნება.
ამავდროულად, სახლის მფლობელს ან დამსვენებელს შესაძლებლობა აქვს, რომ სახლიდან გაუსვლელად წყლის ზედაპირზე, თვალწარმტაც ლანდშაფტსა და ვარსკვლავებიან ცაზე პანორამული ხედებით დატკბეს. ბუნებასთან ახლო კავშირს ორი ღია ტერასაც უზრუნველყოფს. ერთი ტერასა სახლის შესასვლელთან მდებარეობს, მეორე – ტბაზე გადის. ეს პლატფორმები საზაფხულო სასადილოდ ან დასასვენებელ ზონად შეგიძლიათ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, კარგ ამინდში.
თუ Lucia Smart–ის შიდა განლაგებაზე ვსაუბრობთ, შენობის ნაწილში, რომელიც მდინარის მხარეს გადის, საძინებელი და მისაღები მდებარეობს. ცენტრალურ ადგილს ორადგილიანი საწოლი იკავებს. საწოლიდან როგორც გვერდებზე, ასევე ცისკენ პანორამული ხედები იშლება.
მისაღები ოთახი მრავალფუნქციური ზონაა, რადგან დასასვენებელ, სასადილო და სამუშაო სივრცედ შეგიძლიათ გამოიყენოთ. შესასვლელში სათავსო სისტემა, თანამედროვე სამზარეულო და სააბაზანო ოთახია.
გასაგები მიზეზებით ინტერიერის მთავარი დეკორია ღრუბლები, ვარსკვლავები, მიმდებარე პეიზაჟია. 24 საათიანი თეატრალური მოძრაობა, სინათლის და ჩრდილების თამაში, გარემოს დინამიურობას მატებს.
საღამოს თავად სახლი არტობიექტი ხდება ზოლიანი განათების წყალობით, რომელიც უჯრებად დაყოფილ სხივურ კონსტრუქციაში ინტეგრირებულია და სამკუთხედი ფორმა აქვს. Lucia Smart–ის სარკიანი ზედაპირი სინათლეს ეფექტურად ირეკლავს, სახლის მიმდებარე სივრცეს მრავალმხრივს და ნათელს ხდის.