შვედური დიზაინის ფორმირების ეტაპები, რომელსაც ახლა აღტაცებით სკანდინავიურს უწოდებენ

ინტერიერის დიზაინის შვედურმა სტილმა თავიდან ვერ აიცილა ეტაპები, რომლებიც ნებისმიერმა ევროპულმა მიმართულებამ გაიარა არქიტექტურაში, ფერწერასა და მოდაში. თუ გამოყენებითი ხელოვნების შემოქმედები უახლოეს ნიმუშებში იტალიური მიღწევებით ხელმძღვანელობენ, ინტერიერის დიზაინერები ფრანგებს ბაძავენ, შვედებმა არც ისე ოსტატურად, მაგრამ იპოვეს ორიგინალური გზა, რომელმაც გამოიწვია ის, რასაც ახლა ბევრი ადამიანი აღტაცებით სკანდინავიურ დიზაინს უწოდებს და მის თვითმყოფად მახასიათებლებს სესხულობს.

1. რა გავლენა მოახდინა შვედეთის მეფემ გუსტავ III განსაკუთრებული დიზაინის შექმნაში, რომელსაც შვედურს უწოდებენ

საუკუნეების განმავლობაში შვედეთი და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები სხვადასხვა სტილს და მიმართულებას ბაძავდა. მეფე გუსტავ III–ის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამდე საკუთარი არაფერი განვითარებული ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ოსტატები იტალიურ, ფრანგულ ან ნებისმიერ სხვა სტილს ტრადიციულ კოლორიტს მატებდნენ, მაგრამ ეს იდეალური მიბაძვა არ იყო, რადგან ჩრდილოეთ ქვეყნები ღარიბები არ იყვნენ, მაგრამ ფრანგებს ან იტალიელებს ვერ შეედრებოდნენ. განსაკუთრებით აკლდათ შესაძლებლობა, მზის სინათლე და სითბო, რომლებიც ტექსტურასთან, ფერებთან და სხვადასხვა მასალებთან ექსპერიმენტებს შესაძლებელს ხდიდა. ყველა სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალა ხელმისაწვდომი არ იყო, რომ სანიმუშო საგნები შეექმნათ.

შვედეთში გუსტავ III–ის მეფობის პერიოდში (1746-1792 წწ.) ისეთი ცნება, როგორიცაა სკანდინავიური არ არსებობდა, ამიტომ ითვლებოდა, რომ ამ პერიოდში შვედური დიზაინი დაიბადა. ამას ხელი შეუწყო მეფემ, რომელიც განათლებული აბსოლუტიზმის წარმომადგენელი იყო. მისი მოგზაურობის და ენთუზიაზმის წყალობით ქვეყანაში აშენდა სამეფო ოპერა (1782 წ.), შვედეთის აკადემია (1786 წ.) და სამეფო თეატრი (1788 წ.).

მან ასევე ისურვა ვერსალის მსგავსი სასახლის აშენება, ოღონდ თავისებურად, მდიდრული ფუფუნების და პომპეზურობის გარეშე. შვედეთში ნეოკლასიციზმი, ბაროკო და როკოკო კარდინალურად შეცვალეს, რადგან ძვირფასი მასალების უქონლობამ არქიტექტორებს, ხელოსნებს და ოსტატებს ცვლილებებისკენ უბიძგა. გამოდის, რომ მათ რაღაც საკუთარი, მისაბაძი ნიმუშისგან განსხვავებული რამის შემოტანის საშუალება მიეცათ.

ერთადერთი, რაც დიზაინერებს მოეთხოვებოდათ, მკაცრი, მაგრამ მფლობელის მაღალ კეთილდღეობაზე ხაზგასმული ინტერიერის შექმნა, რომელშიც ნათელი ფერები (თეთრი, კრემისფერი ან ცისფერი) ჭარბობდა. თუ საუბარი მდიდარ მფლობელზე იყო, მაშინ სტატუსის ხაზგასმელად გამოიყენებოდა იატაკის საათი, ბევრი დიდი სარკე მოოქროვილ ჩარჩოში და კერამიკის ფილებით მორთული ბუხარი.

2. რით ჩაანაცვლეს ძვირადღირებული ჩინური აბრეშუმი და მდიდრული შპალერი

თუ მეფის სასახლის მოსართავად ძვირადღირებული ჩინური აბრეშუმის და ამ მხარეში უცნობი შპალერის შოვნა შესაძლებელი იყო (მან მათზე უარი ბუნებრივის სასარგებლოდ შეგნებულად თქვა), სხვებისთვის ეს მიუღწეველი ფუფუნება იყო. ადგილობრივი მხატვრები და მღებავები არ დაიბნენ და კედლები, ჭერი და ავეჯიც შეღებეს განსაკუთრებული საღებავით, რომელიც ასი წლის შემდეგაც არ გაუფერულებულა.

იმ დროს ფილიგრანული მხატვრობა მოდური მიმართულება გახდა, თან არა მხოლოდ დიდგვაროვნების სახლების კედლის, ჭერის და ავეჯის გაფორმებაში. უბრალო ხალხიც სახლების გაფორმებას ცდილობდნენ (რა თქმა უნდა, მათი ოსტატობის მიხედვით).

სხვათა შორის, ცხოვრებისეული სცენების, მითოლოგიური გამოსახულებების, ვენზელების, ჩრდილოეთ რეგიონის ტრადიციული სიმბოლოების შესწავლა სიამოვნება იქცა არა მხოლოდ ამ მხატვრების თანამედროვეებისთვის, არამედ ახლაც. იმდროინდელი კარგად შემონახული ნიმუშების ნახვა დღემდე შეიძლება.

აღსანიშნავია: ადგილობრივი და ხალხური შემოქმედების შესასწავლად, რომელიც შვედური სტილის საფუძველი გახდა, ყველაზე ინფორმაციულია სკანსენი, უნიკალური მუზეუმი ღია ცის ქვეშ. არტურ ჰაზელიუსის, შვედი ეთნოლოგის, კოლექციონერის და ფილოლოგის ძალისხმევით 1891 წელს კუნძულზე Djurgården დაიწყო უნიკალური ადგილის შექმნა, სადაც მთელი ქვეყნიდან შვედური კულტურის ყველაზე შთამბეჭდავი ობიექტები ჩამოიტანეს. მე-18-20 საუკუნეებში აშენდა 150 სახლი და მამული, სადაც კარგად შემონახულია ის ატმოსფერო, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა კლასის და რეგიონის მაცხოვრებლები ცხოვრობდნენ. ეთნოლოგიური მუზეუმი, რომელიც მსოფლიოში პირველი ასეთი ობიექტია, დამთვალიერებლებს ამა თუ იმ ეპოქაში ჩაძირვას სთავაზობს. ამაში დაგეხმარებათ გიდები, რომლებიც გამოწყობილნი არიან იმ პერიოდის ავთენტურ კოსტიუმებში, რომელსაც მოსანახულებელი სახლი, დახლი ან სახელოსნო ეკუთვნის.

3. ფუნქციონალურობის და ლაკონურობის მოდა

დროთა განმავლობაში მოხატვის, მასიური ხის ავეჯის, „ბაბუისეული“ საათის და მოოქროვილი სარკის მოდამ ჩაიარა, ადგილი მაქსიმალურ სიმარტივეს, ლაკონურობას და ფუნქციონურობას დაუთმო. ეს ეტაპი აქტიურად განვითარდა მე-19 საუკუნის 80-იან წლებში, როცა დიზაინერები გამარტივებულ, მაგრამ მაინც პათოსურ სტილზე გადავიდნენ. დიზაინერებმა ინტერიერში ჩრდილოეთის თავშეკავებულობა, დამზოგველობა, ბუნებრიობა და სახლთან მაქსიმალურად მიჯაჭვულობა შემოიტანეს. ამასთან არ დაავიწყდათ ფართობის ეკონომიური გამოყენება. სწორედ შვედებს მიაწერენ მრავალფუნქციური ჩასაშენებელი ავეჯის გამოგონებას, რომელიც ადგილს და მასალებს ზოგავს.

სამზარეულოში დაიწყეს უფრო ფუნქციური ავეჯის გამოყენება, რომელიც ცოტა ადგილს იკავებდა, მაგრამ წესრიგის შენარჩუნებას ხელს უწყობდა. სამზარეულოს ჭურჭლისა და პროდუქტების შესანახად ბევრი დასაკიდი კომპაქტური კარადა, პრაქტიკული ტუმბო გამოსაწევი უჯრებით, რეილინგი კავებით გათვალისწინებული იყო. მათ ფანჯრის რაფების აქტიურად გამოყენება დაიწყეს. თავად ფანჯრებსაც დიდს და ბევრს აკეთებდნენ, რომ ძუნწ მზეს შენობაში ხშირად შემოეხედა და სივრცე უფრო ფართო და მყუდრო გაეხადა. ამას ხელს უწყობდა სარკე, რომელმაც ოქროს ბზინვარება დაკარგა, მაგრამ ზომებში არ შემცირებულა. თეთრი ფერი არა მხოლოდ ჭერსა და კედლებში იყო წარმოდგენილი, ავეჯსაც მაქსიმალურად ნათელს აკეთებდნენ. ინტერიერის ერთადერთი ნათელი ნოტი ტექსტილის გაჯერებული ფერი და ცოცხალი ყვავილები იყო, რომელიც ზაფხულის თბილ დღეებს ახსენებდათ.

4. როგორ გახდა ეთნიკური სტილი მსოფლიო ბრენდი

ბოლო წლებში ინტერიერის გაფორმების სკანდინავიური სტილი მსოფლიო ტრენდი გახდა. სხვათა შორის, სპეციალურ ლიტერატურაში ტერმინი „სკანდინავიური დიზაინი“ გასული საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა, აშშ–სა და კანადაში საერთაშორისო გამოფენებზე ამ მიმართულების წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ. თუმცა ჯერ კიდევ 1930 წელს მისი თვითმყოფადობა და უდავო უპირატესობა სტოკჰოლმში გამართულ დიზაინის გამოფენაზე შენიშნეს.

ეფექტურმა სიმარტივემ, უნივერსალურობამ და ბუნებრიობამ დიზაინერებზე, შემოქმედებით ადამიანებსა და უბრალო დამთვალიერებლებზე იმდენად ძლიერი გავლენა მოახდინა, რომ მალე მასზე მთელ მსოფლიოში ალაპარაკდნენ. და არა მხოლოდ ალაპარაკდნენ, არამედ მიბაძეს. მით უფრო, ინდუსტრიული მიღწევების და ახალი მასალების გაჩენის წყალობით, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, შეუზღუდავი შესაძლებლობები გამოჩნდა. მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის დიზაინში მაქსიმალური სიმარტივე და ბევრი სინათლე პრიორიტეტული მიმართულება გახდა და შვედური მიღწევები სწორედ რომ დროული იყო.