
კიტრის ფოთლებზე ესა თუ ის ლაქები სხვადასხვა მიზეზით შეიძლება გაჩნდეს. უმეტეს შემთხვევაში ორი დიდი პრობლემების კატეგორიას მიეკუთვნება: მკვებავი ელემენეტების დეფიციტი და მცენარეული დაავადებები ან მავნებლები. ამ შემთხვევაში კიტრი სპეციალური საშუალებით უნდა განკურნოთ. Novate კიტრის ფოთლების ყველაზე გავრცელებულ პრობლემებს გიზიარებთ.
1. ბაქტერიოზი
სიმპტომები: ჯერ ფოთლის უკანა მხარეს წყლიანი წარმონაქმნები ჩნდება, შემდეგ – კუთხური ყვითელი ლაქები. ბოლოს ლაქა ყავისფერი ხდება ყვითელი გარსით.
რა გავაკეთოთ: პირველივე სიმპტომზე დაამუშავეთ ფუნგიციდით, 0,3%–იანი სპილენძის ოქსიქლორიდის ან 1%–იანი ბორდოს სითხის ხსნარით.
2. მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი
სიმპტომები: ფოთლები თანაბრად ყვითლდება, შემდეგ საერთოდ ხმება. ზოგჯერ ლაქები ძარღვებთან ჩნდება.
რა გავაკეთოთ: მინერალური სასუქით გამოკვებეთ.
3. ჩვეულებრივი მოზაიკა
სიმპტომები: ფოთლებზე თავიდან ცალკეული მოყვითალო–მწვანე ლაქები ჩნდება, რომლებიც თანდათან მოზაიკად გადაიქცევა. ბოლოს ფოთლები ნაოჭდება.
რა გავაკეთოთ: დაზიანებული მცენარე მხოლოდ უნდა განადგურდეს. დაავადებული კიტრი ამოთხარეთ და დაწვით, რადგან ვირუსი მცენარისთვის ძალიან სახიფათოა. მოშორებული ბუჩქის გვერდით ყველა მცენარე 0,03%–იანი ფარამოიდის ხსნარით დაამუშავეთ. ბუგრების საწინააღმდეგო საშუალებაც გამოიყენეთ, რადგან ისინი მოზაიკას ავრცელებენ.
4. დამწვრობა და მოყინვა
სიმპტომები: ფოთლებზე ჩნდება ყვითელი ლაქები, ხოლო მოგვიანებით ღერო შავდება.
რა გავაკეთოთ: მიწას მარგანცოვკის ხსნარი დაუმატეთ, მიწა გააფხვიერეთ, ფესვებს ხის ნაცარი მოაყარეთ, მორწყვა შეამცირეთ.
5. თეთრი მოზაიკა
სიმპტომები: ფოთლებზე დამახასიათებელი თეთრი მოზაიკა ჩნდება.
რა გავაკეთოთ: დაზიანებული მცენარე მხოლოდ უნდა განადგურდეს. დაავადებული კიტრი ამოთხარეთ და დაწვით, რადგან ვირუსი სახიფათოა. როგორც ჩვეულებრივი მოზაიკის შემთხვევაში, მის გარშემო მცენარეები ფარამოიდით და ბუგრების საწინააღმდეგო საშუალებით დაამუშავეთ.
6. ნაცროვანი სოკო
სიმპტომები: ფოთლებზე თეთრი და მორიჟო ლაქები ჩნდება. მოგვიანებით ლაქები ღეროებზე ვრცელდება. დაავადება მცენარეს ნელ–ნელა კლავს. წვიმის შემდეგ განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება.
რა გავაკეთოთ: კოლოიდური გოგირდის ხსნარი მოამზადეთ: 15 გ 10 ლ წყალზე. მცენარეებს შეასხურეთ. სპილენძის სულფატის საპნიანი ხსნარიც გამოგადგებათ: 7 გ სპილენძი, 100 გ თხევადი საპონი 10 ლ წყალზე.
7. ობობის ტკიპა
სიმპტომები: ფოთლების უკანა მხარეს ჩნდება თეთრი ობობის ქსელი, ხოლო წინა მხარეს ღია ლაქები.
რა გავაკეთოთ: დაზიანებული ფოთლები იპოვეთ და მცენარეს მოაშორეთ. ამის შემდეგ მოაგროვეთ და დაწვით. დაზიანებული ბუჩქი და მის გარშემო მცენარეები რაიმე ინსექტიციდით დაამუშავეთ.
8. ანთრაქნოზი
სიმპტომები: ფოთლებსა და ღეროებზე მორიჟო და ყავისფერი ლაქები ჩნდება, რომელთაც სხვადასხვა დიამეტრი აქვთ. ლაქა თანდათან ვიწრო ღარი ხდება, ისინი – ხვრელები.
რა გავაკეთოთ: პირველივე სიმპტომზე ფუნგიციდებით, 0,4%–იანი სპილენძის ოქსიქლორიდის ხსნარით ან 1%–იანი ბორდოს სითხის ხსნარით დაამუშავეთ.
9. ასკოქიტოზი
სიმპტომები: ფოთლებზე ნაცრისფერი წყლიანი ლაქები ჩნდება. დროთა განმავლობაში ლაქები ყავისფერდება და ხმება. ასკოქიტოზმა შეიძლება ნაყოფიც დააზიანოს.
რა გავაკეთოთ: მცენარე 4–ჯერ 1%–იანი ბორდოს სითხის ხსნარით დაამუშავეთ (10-12 დღე ინტერვალი). დასამუშავებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ 0,3%–იანი სპილენძის ოქსიქლორიდის სუსპენზია ან სპილენძის სულფატის და შარდოვანას ხსნარი (5 გ სულფატი, 10 გ შარდოვანა 10 ლ წყალზე).
10. პერონოსპოროზი
სიმპტომები: ღია მწვანე ლაქები ფოთლის ზედა ნაწილზე ძარღვებთან. თანდათან ლაქა ყავისფერდება, უკანა მხარეს სოკოს სპორები ჩნდება.
რა გავაკეთოთ: პირველივე სიმპტომებზე გამოიყენეთ 1%–იანი ბორდოს სითხის ხსნარი, გამაირი, ფიტოსპორინი–მ, ვიტოპლანი.
11. კუთხური ლაქიანობა
სიმპტომები: ფოთლებზე ყავისფერი ლაქები ყვითელი გარსით ჩნდება. ახალი ლაქა შეიძლება წყლიანი იყოს. ბოლოს სპეციფიკური თეთრი ნადები ჩნდება.
რა გავაკეთოთ: პირველივე სიმპტომებზე 0,3%–იანი სპილენძის ოქსიქლორიდის ხსნარით, ფუნგიციდით ან 1%–იანი ბორდოს სითხის ხსნარით დაამუშავეთ.
12. ალტერნარიოზი
სიმპტომები: ქვედა ფოთლებზე მშრალი და ოდნავ ამობურცული ყავისფერი ლაქები ჩნდება, რომელთაც 2 სმ დიამეტრი აქვთ. დაავადება სხვა მცენარეზე ადვილად ვრცელდება. უმეტესად სათბურის კიტრს აზიანებს.
რა გავაკეთოთ: პირველივე სიმპტომებზე მცენარე ფუნგიციდით ან 1%–იანი ბორდოს სითხის ხსნარით დაამუშავეთ.
13. ბაქტერიული ჭკნობა
სიმპტომები: ფოთლებზე ძლივს შესამჩნევი წებოვანი ფირი ჩნდება, ამის შემდეგ – ღია ლაქები, რომლებიც ხმება და ყვითლდება.
რა გავაკეთოთ: მცენარე ინსექტიციდებით დაამუშავეთ, რადგან მწერი უსიამოვნების მთავარი გამავრცელებელია.