მოჩვენება დიუნში: ჩინეთის უდაბნოში ტურისტული ცენტრის მშენებლობა დასრულდა

პეკინელმა დიზაინერებმა ჩინეთის სიდიდით მესამე უდაბნოში უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი დაასრულეს. ბოლო წლებში უდაბნოს ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება, ამიტომ ქვიშიან დიუნებში უზარმაზარი ცენტრის გამოჩენა ლოგიკური მოვლენაა. ახლა მოგზაურებს შეუძლიათ ეგზოტიკური თავგადასავლებით და ფუტურისტული ობიექტის სილამაზით დატკბნენ. ობიექტის ფორმები ქვიშაში დაკარგულ გიგანტურ ზარდახშას ჰგავს.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია ჩინეთში შიდა ტურიზმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკაში ტურისტული ინდუსტრიის წვლილი საკმაოდ წონიანია, მასზე მშპ–ს 10% მოდის, რაც ხელისუფლებას და მეწარმეებს ახალი მიმართულებების განვითარებისაკენ და არსებულის მხარდაჭერისკენ უბიძგებს. მაგალითად, უდაბნოს ტურიზმი, რომელიც ბოლო წლებია საკმაოდ მიმზიდველი გახდა.

ქვიშიანი დიუნები, რომლებიც ადრე მიუწვდომელი ჩანდა, ახლა ქალაქის მოსახლეობას ექსტრემალურ გასართობად იზიდავს. გასაკვირი არაა, რომ უსაზღვრო უდაბნო ახალი ობიექტების სამშენებლოდ გამოიყენეს. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღების ნათელი მაგალითია უჩვეულო პროექტის რეალიზაცია, რომელიც ჩინეთის სიდიდით მესამე უდაბნოში საბაზისო ტურისტული ცენტრის მშენებლობას გულისხმობს. საუბარია ტენგერის უდაბნოზე, რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს. 2 ათასი წლის განმავლობაში ჩრდილო–დასავლეთ სასაზღვრო რეგიონის ნაწილია, რომელიც სინძიანის პროვინციიდან განსუს პროვინციის გავლით შიდა მონღოლეთამდე გადაჭიმულია.

Novate–ს ინფორმაციით, ტურისტული საკოორდინაციო ცენტრი და ახალი ბანაკი, სახელწოდებით Desert Galaxy, მდებარეობს შაპოტოუს ულამაზეს მხარეში, ქალაქ ჯუნვეის (Zhongwei) მახლობლად, უდაბნოს კიდეზე, ყვითელ მდინარეზე. ბოლო დროს ეს ადგილი ბევრ ადამიანს იზიდავს, ამიტომ საკოორდინაციო ცენტრი, სადაც მოგზაურები აღჭურვილობის ქირაობას, გამოცვლას ან ყველაზე პოპულარულ მარშრუტებზე ინფორმაციის მიღებას შეძლებენ, აუცილებელი იყო.

პეკინის არქიტექტურული სტუდიის 3andwich Design/He Wei სპეციალისტებმა იზრუნეს, რომ შენობა ეფექტური გამგნე ყოფილიყო დიუნებს შორის, რომლებიც ოდესღაც იმპერატორებს იზიდავდა და პოეტებს შთააგონებდა.

არქიტექტურული კონცეფცია: სტუდიის დიზაინერებმა გამოიყენეს სწორი ხაზები და გეომეტრიული ფორმები, რომლებიც ქვიშაში ნახევრად „დამხრჩვალ“ სკივრს ჰგავს. გიგანტური ზარდახშა, რომელიც ოქროთი სავსეა, უდაბნოში დაიკარგა და ელის, როდის იპოვიან.

მასშტაბური მართკუთხედის ფორმის არქიტექტურული ობიექტი ქვიშის ფონზე ჰარმონიულად რომ გამოჩნდეს, გარე გარსი პერფორირებული ამინდის მიმართ მდგრადი ფოლადისგან Corten შედგება, მასში შედის შენადნობი ელემენტები: ქრომი, ფოსფორი და სპილენძი. მასალას მოწითალო, უფრო ზუსტად, ჟანგისფერი აქვს, რადგან ლითონი შეღებილი არაა.

ლითონის სახურავი ორი ფენისგან შედგება, რაც მზის პირდაპირი სხივებისგან დამატებით დაცვას უზრუნველყოფს. ამის გამო, შენობის ერთი კუთხე ქვიშაში ჩაღრმავებულია და ტურისტული ცენტრი შორიდან გიგანტურ სამკუთხედს ჰგავს, რომელიც სწორკუთხა მოცულობებით მოფენილია.

გარსის პერფორაცია ტყუილად არ გააკეთეს, ის ჰაერის მოძრაობას უზრუნველყოფს და ხელსაყრელი მიკროკლიმატის შენარჩუნებას ხელს უწყობს, რაც უდაბნოს კლიმატში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამას ხელს უწყობს მიმართულების სწორი არჩევანი და შენობის რთული მოცულობა, რომელიც ტურისტული ცენტრის ვიზიტორებისა და თანამშრომლებისთვის დაჩრდილულ სივრცეებს ბუნებრივად უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ნახვრეტი გარსში საშუალებას იძლევა, რომ შიდა სივრცე მზით გაივსოს. მზის სხივები მოძრაობის მიხედვით უცნაურ გამოსახულებებს ქმნის.

ღამით ხელოვნური განათება, რომელიც ობიექტში გათვალისწინებულია, ეფექტურ სანათად აქცევს, რომელიც უდაბნოს სივრცეს ანათებს. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ხატოვანი ფორმები, სინათლისა და ჩრდილების თამაში უსასრულო ქვიშის ზღვაზე ეფექტურ გამგნეს შექმნის და ექსტრემალური გართობის მოყვარულები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებენ.

მრავალდონიან შენობას უჩვეულო განლაგება და რამდენიმე ნახევრად ღია სივრცე აქვს, ასე დიდი ღონისძიების მოწყობა შესაძლებელია. ოთხსართულიან ტურისტულ ცენტრში მოსახვედრად, რომლის შესავლელი სამხრეთ–აღმოსავლეთ მხარესაა, ვიზიტორს ღია ტერიტორიის გადალახვა მოუწევს, რომელიც საღამოს წარმოდგენებისთვის სცენის როლს ასრულებს.

თავად შენობაში დაუვიწყარი დროის გატარების მსურველები ფოიეში ხვდებიან, სადაც რეგისტრაციას გაივლიან და ხელმისაწვდომ მარშრუტებზე აუცილებელ ინფორმაციას მიიღებენ. ვესტიბიული, როგორც რესტორანი, ლაუნჯ ზონა და ლოჯისტიკის დარბაზები პირველ სართულზეა. მეორეზე გვხდება მრავალფუნქციური დარბაზი, კაფე, გადახურული ტერასები, რომლებიც სოცარ ხედებს და დასვენების ზონებს გვპირდება. ვიპ კლიენტებისთვის საკუთარი დასასვენებელი დარბაზები და რესტორანია, რომელიც მე-3 სართულზე მდებარეობს. მთელი მე-4 სართული განკუთვნილია თანამშრომლებისა და კოორდინატორებისთვის. აქვეა ტექნიკური ოთახები, სადაც აუცილებელი აღჭურვილობა მდებარეობს, რომ შენობამ დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეძლოს.

ახალი ობიექტის მშენებლობისას არქიტექტორები ცდილობდნენ, რომ არა მხოლოდ ეფექტური და მოსახერხებელი შენობა შეექმნათ, არამედ ბუნებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს. იმის მიუხედავად, რომ აქ უხვი მცენარეულობა, ჩამოყალიბებული ეკოსისტემა არაა, დეველოპერები რელიეფში ნაკლებად ჩარევას და ბეტონის (ნახშირბადის მთავარი წყარო) მაქსიმალურად შემცირებას ცდილობდნენ. ამ მიზეზით გამოიყენეს ლითონის კონსტრუქციები, ასევე ეკოლოგიურად სუფთა მასალები შიდა სივრცის მოსაწყობად.

ობიექტის მაღალ ენერგოეფექტურობას ხელს უწყობს სტრუქტურის სწორი განთავსება, რომელიც ღია ზონებს ჩრდილავს, პერფორირებული პანელების (ორ ფენად) გამოყენება, რომელიც მთავარი შენობის გარშემო გარსს ქმნის და ბუნებრივ განათებას და განიავებას უზრუნველყოფს. ასეთი კონსტრუქცია პერსონალის მომსახურებას ბევრ პრობლემას უქმნის, რადგან მოუსვენარი ქარი, რომელიც ქვიშას ზემოთ წევს, მის ნაწილაკებთან ერთად ცენტრსი ხვდება, რაც სველ წმენდას და სავენტილაციო სისტემების ხშირად გაწმენდას მოითხოვს.