7 იდეა პატარა ბინისთვის, რომელიც შვედურ ბინებში გვხვდება

პატარა ბინა სასჯელი არაა, არამედ შემოქმედებითი სივრცე. სახლი შეგიძლიათ ნათელი და ფართო გახადოთ, ნამდვილი ფართობი ჭკვიანურად დამალოთ, მაგრამ ამისთვის რამდენიმე ხრიკი უნდა იცოდეთ. Novate გიზიარებთ ხრიკებს, რომელთა დახმარებით საცხოვრებელი ვიზუალურად ფართო და კომფორტული გამოჩნდება.

1. უხილავი სათავსო

ვიწრო ბინაში სათავსოს სისტემა კარგად უნდა დაგეგმოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზუალურ ხმაურს თავიდან ვერ აიცილებთ. აქტუალური ვარიანტია კარადა კედლის ფერში, რომ სივრცეში „გაიშალოს“. რჩევა საძინებლის, შემოსასვლელის და სამზარეულოს შემთხვევაში აქტუალურია. სამზარეულოში კედლის ფერში კარადის მხოლოდ ზედა ნაწილი შეღებეთ. ასე სივრცეს ვიზუალურად განტვირთავთ. თუ მზად ხართ, წესრიგი მუდმივად დაიცვათ, საძინებელში ღია გარდერობი გააკეთეთ, ხოლო სამზარეულოს ღია თაროები გამოიყენეთ.

ნივთების შიდა პოტენციალი არ უგულებელყოთ. საუბარია ყავის მაგიდებზე, პუფებზე, ბანკეტებზე, დივნებზე. თუ თითოეული შიდა ყუთით ან ნიშნით აღჭურვილი იქნება, შესანახი სივრცე გაიზრდება. გამოგადგებათ საყოფაცხოვრებო წვრილმანებისთვის: დამტენები, ტელევიზორის პულტი, ჟურნალები და ა.შ. მათთვის კარადაში თაროებს იშვიათად ჰყოფენ, ასეთი ნიშნები მათ შესანახად იდეალურად გამოგადგებათ.

2. სასტუმრო ზონა

თუ სახლში შეკრებებს ხშირად აწყობთ და მეგობრებს ეპატიჟებით, მისაღები ოთახის ცენტრი რბილი ზონა უნდა იყოს. მას ძირითადი სივრცე უნდა დაუთმოთ. პატარა ოთახში დივანი და სავარძლები ოთახის გასწვრივ გაშალეთ, ხოლო პატარა ჟურნალის მაგიდა კომპოზიციის ცენტრში მოათავსეთ.

თუ თავისუფალ დროს განმარტოებაში ან პირისპირ საუბრებში ატარებთ, დიდი დივანი შეიძლება ზედმეტი იყოს. დაფიქრდით, იქნებ სჯობს ორი სავარძელი რბილი გადასაკრავით და მათ შორის ყავის მაგიდა. ასეთი გარემო უფრო კომფორტულად გამოიყურება, ვიდრე სტანდარტული დივანი.

ყურადღება მიაქციეთ: პატარა მისაღები ოთახის მოწყობისას შეგიძლიათ შესასვლელ კარზე უარი თქვათ, რომ ოთახში მეტი სივრცე და სინათლე შემოვიდეს. სხვათა შორის, ოთახებს შორის კედელზეც შეგიძლიათ უარი თქვათ, მისაღები და სამზარეულო გააერთიანოთ. ზონირებისთვის ხალიჩა შეგიძლიათ გამოიყენოთ.

3. საძინებელი ფარდის მიღმა

ტექსტილის დახმარების გარეშე ზონირების საკითხს ვერ მოაგვარებთ. ეს უმარტივესი და ბიუჯეტური მეთოდია, რომ სივრცე რამდენიმე ნაწილად დაყოთ ან ერთი ნაწილი სხვა ოთახებისგან გამოყოთ. თუ თქვენი მიზანი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურად გამოყოფაა, საძინებელი მსუბუქი ფარდის მიღმა დამალეთ. ტექსტილის ფერი სჯობს კედლის ფერში შეარჩიოთ, რომ სივრცეში გაიშალოს. ასევე შეგიძლიათ ტიპიური თეთრი გამოიყენოთ, რომელიც სკანდინავიურ დიზაინს ახასიათებს. ამის წყალობით ოთახი არ გადაიტვირთება.

4. დამატებითი განათება

პატარა ბინის გაფორმებისას ავეჯს, ტექსტილს, კედლის ფერს ყურადღებას ვაქცევთ, მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი, განათება გვავიწყდება. ერთადერთი ჭაღი, რომელიც ჭერის ცენტრში კიდია, შეზღუდული სივრცისთვის ნამდვილი ტაბუა. განათების ღრმა ჩრდილები ოთახს სასურველ სიღრმეს და კომფორტს არ ანიჭებს. სწორედ ამიტომ, განათების სწორად მოწყობაზე აუცილებლად იზრუნეთ. იდეალურია, თუ თითოეულ ზონას საკუთარი განათება ექნება. მაგალითად, დასასვენებელ ზონაში ტორშერი, სამუშაო ზონაში მაგიდის ნათურა გამოიყენეთ. თუ ამდენი განათების მოწყობილობის შეძენა არ შეგიძლიათ, წერტილოვანი განათებები გამოიყენეთ. დამატებითი განათება კედლებიდან შეგიძლიათ ჩაუშვათ: ღია სადენებს გარკვეული ინდუსტრიული ხიბლი აქვს.

5. სასარგებლო ფანჯრის რაფები

როცა ბინის ფართობი საკმაოდ მოკრძალებულია, ფანტაზიის მაქსიმალურად ჩართვა გვიწევს. მაგალითად, დასასვენებელი ზონის მოწყობა. ცალკე სავარძლის და მის გვერდით წიგნის ან ყავის პატარა მაგიდის დადგმა ყოველთვის შესაძლებელი არაა. როგორ გამოვძვრეთ ამ სიტუაციიდან? შვედები გვირჩევენ ფანჯრის რაფებს შევხედოთ. ისინი თვლიან, რომ ფანჯრის რაფა კომპაქტური, მაგრამ მყუდრო ლაუნჯ ზონის მოსაწყობად იდეალურია. სანამ ლეიბს და ბალიშებს შეუკვეთავთ, გაარკვიეთ, შეძლებს ფანჯრის რაფა თქვენი წონის გაძლებს. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ საკმარისად გამძლეა, წინასწარ გაამაგრეთ: სამონტაჟო ქაფი სამშენებლო ნარევით შეცვალეთ ან ხის ან თაბაშირ–მუყაოს ფურცლის საყრდენები დაუმატეთ.

გვერდებზე ან ფანჯრის რაფის ქვეშ შეგიძლიათ წიგნის თაროები მოაწყოთ. ასე ორ კურდღელს დაიჭერთ. მინი ბიბლიოთეკას მოაწყობთ და ლაუნჯ ზონას სამკითხველოს შემატებთ. რბილი ლეიბი, მყუდრო საბანი და რამდენიმე ბალიში საკმარისია, რომ დასასვენებლად იდეალური ადგილი მიიღოთ. ასე ოთახის მთავარი ფართობი თავისუფალი დარჩება.

6. კუთხური სკამი სამზარეულოში

პატარა სამზარეულოშიც სრულფასოვან სასადილო ზონაზე უარი არ უნდა თქვათ. მის გასაფორმებლად რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ყველაფერი თქვენს სურვილებსა და ოთახების შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

შვედურ ბინებში ხშირად იპოვით კუთხურ სკამს საზურგით, რომელიც ჩვეულ სამზარეულოს კუთხეს ჰგავს. ამ გადაწყვეტილების უპირატესობა თვალსაჩინოა: სკამი ნაკლებ ადგილს იკავებს, ვიდრე კუთხური დივანი, ასევე ბევრი ადამიანი შეგიძლიათ განათავსოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ საჯდომის ქვეშ ნიშებია, სადაც შეგიძლიათ შეინახოთ ჭურჭელი, სუფთა ტექსტილი, სათადარიგო დანა–ჭურჭელი და ა.შ.

მეორე ვარიანტი: სასადილო ზონა ფანჯარასთან. თუ მარტო ან მეორე ნახევართან ერთად ცხოვრობთ, ექვსკაციანი დიდი მაგიდა არ გჭირდებათ, კომპაქტური მაგიდა და რამდენიმე დახვეწილი სკამი თხელ ფეხებზე საკმარისია. გარდა ამისა, მოსახერხებელი და ლამაზი გამოსავალია. წლის ერთ–ერთი ყველაზე მოდური ავეჯის ტრენდია. ბონუსად, ფანჯრიდან ლამაზი ხედებით შეგიძლიათ დატკბეთ.

7. მინის ტიხრები

თანამედროვე მაღაზიებში დივნების ფართო არჩევანია. მწარმოებლები გვპირდებიან, რომ ისინი წარმოუდგენლად კომფორტულია და ძლიერ, ჯანსაღ ძილს უზრუნველყოფს. ასეც რომ იყოს, ვერც ერთი დივანი მოგანიჭებთ იმ კომფორტს და მოდუნებას, რომელსაც ლოგინი იძლევა.

კომფორტულ ლოგინზე უარის თქმა არ ღირს, თუნდაც პატარა ბინაში. ხრიკი გამოიყენეთ და ავეჯის მწარმოებლებს მიმართეთ, რომ თქვენი ზომებით პოდიუმი დაგიმზადონ. მასზე ლოგინი დადგით. პოდიუმის შიდა სივრცე კარადის ალტერნატივაა, სადაც ტანსაცმელი, სპორტული ინვენტარი ან მტვერსასრუტი შეგიძლიათ შეინახოთ. თავი მშვიდად და თავდაჯერებულად რომ იგრძნოთ და გადმოვარდნის არ შეგეშინდეთ, მინის ტიხრები გაუკეთეთ, როგორც ფოტოზეა. გაითვალისწინეთ, რომ ჭერთან ახლოს ყოველთვის ცხელა, ამიტომ სანამ საწოლს „მეორე სართულზე“ აიტანთ, დაფიქრდით, მზად თუ ხართ აუტანელი სიცხისთვის.