ფრანგული სამზარეულოს 12 ფუნქციური ნივთი, რომლის პრაქტიკაში გამოცდას ისურვებთ

ერთი შეხედვით ფრანგები ამპარტავნები და თავნებები შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ თითქმის არავინ კამათობს, რომ მათი სამზარეულო უმაღლეს დონეზეა. საქმე მხოლოდ მდიდარ ისტორიაში არაა, არამედ უნარში, ნიჭსა და ცხოვრების წესში. Novate გიამბობთ, რომელ ნივთებს იყენებენ ფრანგი დიასახლისები სამზარეულოში, რომ კერძი მარტივად და ძალდაუტანებლად, რაც მთავარია, შედეგიანად მოამზადონ.

1. ნაჭრის ხელსახოცები

კულინარიაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კერძი, არამედ მისი გარეგნობა და სერვირება. დაგვეთანხმეთ, რომ ლამაზი ხორცი ოქროსფერი ქერქით ჰაეროვან პიურესთან ერთად ნაკლებად მადისაღმძვრელად გამოიყურება, თუ უფერულ, დაბზარულ თეფშზე დადებთ.

ფრანგებმა პრეზენტაციის სარგებელი იციან. სახლშიც კერძის მომგებიანად წარმოჩენას ცდილობენ. ამისთვის ლამაზი ფერის ელეგანტურ ჭურჭელს და ნაჭრის ხელსახოცებს იყენებენ. ფრანგები თვლიან, რომ ნაჭრის ხელსახოცი ეკოლოგიური და უფრო მიმზიდველია, ვიდრე ქაღალდის. ასეთი ხელსახოცით საუზმეც განსაკუთრებული გახდება, თუნდაც მხოლოდ ფინჯანი ყავისა და კრუასანისგან შედგებოდეს. პრაქტიკულობაც არ დაგავიწყდეთ. ტრაპეზის ბოლოს სალფეთქით ნამცეცები შეგიძლიათ შეაგროვოთ.

2. თევზის სპატულა

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ ფრანგულ სამზარეულოში თევზის კერძს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. თევზის სპეციალურ სპატულს ხშირად იყენებენ. ვიზუალურად ლითონის სპატულას ჰგავს. გამძლე, მაგრამ დელიკატურია, ამიტომ თევზის ნაჭრის ქვეშ მარტივად სრიალებს და მყიფე ბოჭკოების დაზიანების გარეშე ტაფას ფრთხილად აშორებს.

3. სამზარეულოს მაკრატელი

თუ სამზარეულოში დღემდე არ გაქვთ მაკრატელი, სასწრაფოდ შეიძინეთ. წარმოუდგენლად პრაქტიკული და სასარგებლო ნივთია როგორც კერძის მზადების პროცესში, ასევე საოჯახო საქმეებისთვის: სანელებლის შეფუთვაზე კუთხის მოსაჭრელად, ქაღალდის გასაჭრელად, ახალ ქვაბზე ან ტაფაზე ეტიკეტის მოსახსნელად. ფრანგები მასში კულინარიულ დამხმარეს ხედავენ. ბევრი პროფესიონალი მზარეული მას დანის ნაცვლად იყენებს. მაგალითად, ახალი მწვანილის, პიცის ან თხელი პურის დასაჭრელად. ყიდულობენ სპეციალურ მაკრატელს სახსნელი პირებით, რომელიც ადვილად შეგიძლიათ გარეცხოთ ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩადოთ.

4. სილიკონის საცხობი ხალიჩა

ჩვენი დიასახლისები საცხობ ფორმას პერგამენტის ქაღალდს აფარებენ, ხოლო ფრანგები სილიკონის ხალიჩას იყენებენ. მათ მიბაძვას გირჩევთ, რადგან სილიკონის ნივთი კერძს დაწვისგან უკეთ იცავს. ბოსტნეულის და ხორცის მომზადებისას ხალიჩა არ გამოიყენება, მაგრამ თუ ფრანგი დიასახლისი დესერტის ან ცომეულის მომზადებას გეგმავს, სილიკონის ხალიჩას აუცილებლად იყენებს. ხალიჩა სითბოს კარგად ანაწილებს და კერძს ყველა მხრიდან თანაბრად ამზადებს, თან პრაქტიკული და მარტივი მოსავლელია. გამოყენების შემდეგ სველი ჩვრით გაწმინდეთ და უჯრაში შეინახეთ.

5. კვერცხის გასახსნელი

დიახ, ასეთი მოწყობილობა არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგები პურით და თოხლო კვერცხით საუზმობენ, გასაკვირი არაა, რომ ამ ქვეყანაში სახსნელს იყენებენ. რა თქმა უნდა, ჩაის კოვზი კარაქის დანასთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომ ნაჭუჭს მსუბუქად დაარტყათ, მაგრამ ფრთხილად გახსნას მხოლოდ სპეციალური ხელსაწყოთი შეძლებთ. ადგილობრივ სამზარეულოში გვხვდება სხვა აქსესუარებიც, მაგალითად, კვერცხის თასი, რაც ლამაზი სერვირებისადმი სიყვარულს კიდევ ერთხელ ადასტურებს.

6. ჭურჭლის თავსახური

კიდევ ერთი პროდუქტი, რომლის მიმართ ფრანგები გულგრილი არ არიან – ყველი. ყველი მთავარი კერძის შემდეგ გამოაქვთ. თუ ჩვეულებრივმა ვახშმობამ ყველის კერძის გარეშე შეიძლება ჩაიროს, წვეულება–ვახშამი – არა. წასახემსებელი ქერქით რომ არ დაიფაროს და გახმეს, ასევე საოცარი გემო და მიმზიდველი გარეგნობა შეინარჩუნოს, სპეციალურ თავსახურს იყენებენ. მას cloche–ს უწოდებენ, რაც ფრანგულიდან ითარგმნება როგორც „ზარი“. ზოგჯერ საჭმლის ეფექტურად საჩვენებლად იყენებენ.

7.კამამბერის ჭურჭელი

ზემოთ ყველის მიმართ ფრანგების სიყვარულზე გიამბეთ. ეს სიყვარული იმდენად ძლიერია, რომ ყველი კამამბერისთვის სპეციალური ხის კონტეინერიც აქვთ. ითვლება, რომ მსგავსი ჭურჭელი ყველის ნაზ არომატს ინარჩუნებს, მის გემოს აუმჯობესებს და გახმობისგან იცავს. ახლა ფრანგულ ბაზრობაზე ბევრი პლასტმასის ალტერნატივა იყიდება, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია.

8. კოკოტე მოსაშუშად

კვლავ ფრანგული სამზარეულოს ჩვეული მოწყობილობა. აქ მას Une cocotte ეწოდება. ჭურჭელი ტრადიციული მრგვალი ან ოვალური ქვაბია, რომელიც თუჯისგან ან ცეცხლგამძლე კერამიკისგან არის დამზადებული. ადრე კოკოტეს ღია ცეცხლზე დებდნენ, ხოლო მის თავსახურზე ცხელ ნახშირს აწყობდნენ, რომ შიგნით პროდუქტი თანაბრად მომზადებულიყო. თანამედროვე მოდელები მარტივი გამოსაყენებელია, რადგან ხარისხიანი მასალები დამზადებულია, რომელიც სითბოს იდეალურ მოძრაობას უზრუნველყოფს. მოკლედ, ჭურჭლის მთავარი თვისება უცვლელია: კოკოტში მოსამზადებლად სითხე საჭირო არაა. ამით კლასიკური ჩაშუშვის მეთოდისგან განსხვავდება.

9. პურის კალათა

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საფრანგეთში პურის ნამდვილი კულტია. ვერ იპოვით დიასახლისს, რომელიც სამზარეულოში პურის გაფუჭებას დაუშვებს. დიდწილად სპეციალური დაწნული კალათის წყალობით, რომელშიც საფუნთუშეში ნაყიდ ახალგამომცხვარ ბაგეტს დებენ. მასში პური დიდხანს რბილი და ახალი რჩება. თუ ოჯახი პურს საუზმეზე ვერ დაამთავრებს, მეორე დღესაც გემრიელი იქნება, განსაკუთრებით ჯემთან ერთად.

10. სასურსათო წისქვილი

თუ ჩვენს დიასახლისს ჰკითხავთ, როგორ ამზადებს პიურეს, გიპასუხებთ, რომ ჯერ საჭყლეტით ჭყლეტს, შემდეგ საცერში ატარებს, რომ უფრო ჰაეროვანი და გოროხების გარეშე დარჩეს. ფრანგებს გაუმართლათ. მათ სპეციალური წისქვილი აქვთ, რომელსაც უწოდებენ moulin à légumes. გაჯეტი აქტუალურია მათთვის, ვისაც პატარა ბავშვები ჰყავს, რადგან წარმოუდგენლად რბილი პიურე შეგიძლიათ მოამზადოთ. წისქვილის შემქმნელია ჟან მანტელე, კომპანია Moulinex–ს დამფუძნებელი.

11. სპილენძის ჭურჭელი

ჩვენთან ასეთი ჭურჭელი იშვიათია, ხოლო საფრანგეთში უძველესი დროიდან იყენებენ. სპილენძის ჭურჭელი მხოლოდ მდიდარი ციხესიმაგრეების მაცხოვრებლებს ჰქონდათ. ტაფებს და ქვებს სამზარეულოში კიბის ქვეშ ინახავდნენ. წლები გავიდა, ხოლო ამ ჭურჭლის მიმართ სიყვარული არ გამქრალა. ყველა ფრანგი, რომელიც სამზარეულოში ბევრ დროს ატარებს, თავს მოვალედ თვლის, რომ სპილენძის ჭურჭელი გამოიყენოს. ამას ლოგიკური ახსნა აქვს – სპილენძი სითბოს კარგი გამტარია და პროდუქტს თანაბრად აცხელებს. ჭურჭელი მოსახერხებელია. საკმაოდ მძიმეა, რომ ქურაზე საიმედოდ დაიდოს და არ იმოძრაოს, თან საკმარისად მსუბუქი, რომ ერთი ხელით აიღოთ.

12. დაწნული ჩანთა

იმის ნაცვლად, რომ ყოველ ჯერზე სალაროსთან პარკი მოითხოვონ, ფრანგ ქალებს საყიდლებზე ნაქსოვი ჩანთებით სიარული ურჩევნიათ. ბაზრობაზე წასვლისას განსაკუთრებით პოპულარულია. თუ დიასახლისი ბევრი ხილის და ბოსტნეულის ყიდვას აპირებს, სპეციალური ბორბლიანი კალათები მიაქვს, რომ პროდუქტების ტარება არ გაუჭირდეს. თუ უახლოეს საცხობში წასვლას აპირებს, ხელიან კალათებს იყენებს.