ინტერიერის ტოპ 15 ძირითადი სტილი

Novate გიზიარებთ ინტერიერის 15 ძირითად სტილს, რომელიც ბინის ან სახლის გაფორმებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ.

1. ინგლისური სტილი

ინგლისური სტილი ევროპული კლასიკური სტილის ნაირსახეობაა. ის აერთიანებს კონსერვატიზმს, ტრადიციის ერთგულებას, და ეკლექტიზმს, სიახლის შემოტანას.

წლების განმავლობაში ინგლისი ძლიერი კოლონიური სახელმწიფო იყო. ინტენსიური ეკონომიკური და კულტურული გაცვლის წყალობით ინტერიერის გაფორმებაში სხვა კულტურის მხატვრული ნიშნები შემოიჭრა. ინგლისელებმა, თანდაყოლილი კონსერვატიზმის მიუხედავად, პირველებმა დაიწყეს ინტერიერის გაფორმება სხვადასხვა მიმართულების ელემენტებით, ყველა სახის კოლონიური დეტალებით.

ამავდროულად ინგლისურ ინტერიერში შენარჩუნებულია სიდიადე და არისტოკრატია, ამიტომ შეეფერება მათ, ვინც საუკუნოვან ტრადიციებს, სახლურ სიმყუდროვეს და თავშეკავებულობას აფასებს.

ინგლისური სტილის ძირითადი ნიშნები

  • კომპოზიციების სიმეტრია, სიმარტივე, სიცხადე, მრუდე ხაზების უქონლობა.
  • კლასიკური ელემენტები, როგორიცაა პილასტრი, თაღი, ბორდიური და სხვა მსგავსი, ინგლისურ ინტერიერში ყოველთვის გვხვდება.
  • ბევრი ავეჯი. სივრცე მჭიდროდ გავსებული უნდა იყოს. ასკეტიზმი და სივრცე შეუსაბამოა.
  • მისაღები ოთახი ბუხრით და ბიბლიოთეკით, ცალკე სასადილო ოთახი. ცენტრში მრგვალი მაგიდა სიმშვიდეს და სიმყუდროვეს ქმნის.
  • უხვი დეკორი. ნებისმიერი წვრილმანი, ფოტო, აფრიკული ან აზიური ეთნიკური ნიშნების მქონე ნივთები, ასევე ხარისხიანი წიგნები.
  • ინგლისური სტილის ინტერიერის მთავარი ატრიბუტი – ნატურალური ხე. კედლები ხშირად ჩუქურთმიანი ხის პანელებით დაფარულია. მასიური კარი, ბუხარი, კარნიზი. ავეჯი აუცილებლად ხის უნდა იყოს. როგორც წესი, ესაა კეთილშობილური სახეობები: კაკალი, მუხა, წითელი ხე.
  • ტექსტილი. ყველა სახის ქსოვილის აქსესუარები: ბალიში, ნაქარგი, გადასაფარებელი, ფარდა და კედლის საფარი.

კედლები:

კედლის გასაფორმებლად ხშირად ხის პანელებს (ქვემოთ) და პატარა ყვავილებიან ან ზოლებიან შპალერს კომბინაციაში იყენებენ.

იატაკზე, როგორც წესი, პარკეტია დაგებული. სველ ზონებში გამოიყენება ფილები, სასურველია, პატარა ზომის. მცენარეული ორნამენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ ან ჭადრაკის დაფასავით დააგოთ.

ფერი:

ფერების პალიტრა მრავალფეროვანია, მაგრამ ბაზურ წითელ და შინდისფერს უნდა შეეფერებოდეს. ის შეიძლება იყოს კრემისფერი, ოქროსფერი, მწვანე, ზაფრანისფერი, მდოგვისფერი. ჩვეულებრივ, ავეჯი მუქი გაჯერებული ფერისაა.

ინგლისური სტილი დახვეწილი გემოვნების და ღირსების მტკიცებულებაა. გაწონასწორებული და თავშეკავებული ინტერიერი მფლობელის პატიოსნებასა და ფინანსურ შესაძლებლობაზე საუბრობს.

2. თანამედროვე სტილი (მოდერნი)

მოდერნი მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა, როგორც კლასიკის საპირწონე. ის წარსულის ნებისმიერ იმიტაციას, მკაცრ გეომეტრიას, სწორ ხაზებს უარყოფს და ცდილობს, რომ სრულიად ორიგინალური იყოს.

ეს ევროპული სამყაროს სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების, ეგზოტიკური და მისტიკური მიმდინარეობებით გატაცების, ასევე ახალი სამშენებლო მასალების (ლითონი, მინა) ფართო გამოყენების პასუხი იყო.

მოდერნის განმასხვავებელი ნიშნები:

  • გლუვი ხაზები
  • ბუნებრივი ფორმების გამოყენება
  • უტილიტარული და მხატვრული ფუნქციების კომბინაცია
  • დეკორატიული

დეტალების უმეტესობას მრუდე ხაზები აქვს: კარის სიო, ფანჯარა, ავეჯი, დეკორის ელემენტები. სტილის მთავარი მოტივი – ტალღოვანი ფორმები, მცოცავი მცენარეები. მცენარეული ორნამენტები, ყვავილების მოხატულობა ფართოდ გამოიყენება.

ფერთა სპექტრი:

  • თეთრი
  • კრემისფერი
  • ზეთისხილისფერი
  • მდოგვისფერი
  • იისფერი
  • ყავისფერი
  • ლურჯი
  • კვამლისფერი
  • ჭაობისფერი მწვანე
  • ოქროსფერი
  • ვერცხლისფერი

დეკორის ელემენტები ბუნებრივი თემით:

  • ფერადი ვიტრაჟი
  • მოზაიკა
  • მხატვრული ჭედვა
  • ხელნაკეთი ნივთები

მოდერნის ინტერიერში ბუხარი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. ის ლითონის ან ქვის ჩანართებს და სხვადასხვა დეკორატიულ ელემენტებს შეიცავს.

განათება, ძირითადად, დახშული, მშვიდია. ზედა განათების გარდა, გამოიყენება ბრა, მაგიდის და იატაკის ნათურა, რომელიც სინათლის რომანტიკულ კუნძულებს ქმნის.

მოდერნის სტილს მკაცრი დეკორატიული სქემა არ აქვს. აქ, ყველაფერი გადახლართული და არასტაბილურია. ინტერიერი ყოველთვის მრავალფეროვანი და უნიკალურია.

3. შალეს სტილი

„ალპური შალეს“ სტილი მე-15-16 საუკუნეებში საფრანგეთში დაიბადა, შემდეგ შვეიცარიასა და გერმანიაში გავრცელდა. ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც „მწყემსის ქოხი“.

თავდაპირველად, ეს მთის სოფლის სახლი იყო, რომელიც მფლობელს ცივი კლიმატისგან იცავდა. პირველი სართული და საძირკველი ყოველთვის ქვით არის ნაგები. ასე სახლი გამძლე და დაცულია, მთის რელიეფს უკეთ უძლებს. მეორე სართული, მანსარდი, ხისგან შენდება. მოგვიანებით, ქვის კედლები ბათქაშით შელესეს და გაათეთრეს, აივანზე ჩუქურთმები გამოჩნდა.

შალეს სტილის ძირითადი ნიშნები:

  • ქვედა სართული ქვით ნაგები, ზედა – ხით.
  • დახრილი სახურავი ფართო შვერილით.
  • მოსაზღვრე ტერასა და აივანი;
  • მასიური ბუხარი და საკვამური;
  • ღია კონსტრუქციული ელემენტები (სვეტები, ნივნივი)
  • მასალების სიმარტივე და ხარისხი.

შალეს სტილში სახლი ნატურალური მასალებისგან მზადდება. როგორც წესი, ესაა ქვა და ხე.

4. ქანთრის სტილი

ქანთრის სტილში სოფლური სიმარტივე და სიმყუდროვე ჰარმონიულად გაერთიანებულია. აქ, ყველაფერი სიკეთით და სიცოცხლით სუნთქავს.

თითოეული ქვეყნის ეროვნული მახასიათებლები სოფლურ ყოფას თავის შეფერილობას ანიჭებს. შედეგად, ქანთრს მრავალი მიმართულება აქვს და სხვადასხვა ქვეყნის სოფლის კოლორიტს აერთიანებს. ასე გაჩნდა ინგლისური, ფრანგული, ამერიკული და სხვა მიმართულების ქანთრის სტილი.

ქანთრის სტილის ძირითადი ნიშნები

მხოლოდ ნატურალური მასალები: ხე, ქვა, სპილენძი, სელი, ბამბა, ჩითი. სოფლურ სახლში ხელოვნური მასალები არ გამოიყენება.

განსაკუთრებული ფერების სპექტრი

ბუნებასთან კავშირი ფერებზეც აისახება. ჩვეულებრივ, გამოიყენება პასტელური ფერები, როგორიცაა კრემისფერი, ზეთისხილისფერი, რძისფერი, ქვიშისფერი, ყავისფერი, ლავანდისფერი. ძალიან კაშკაშა ფერებს გაურბიან.

ოთახის მარტივი გაფორმება

ჩვეულებრივ, კედლებს ერთ ფერში ღებავენ, პატარა ნახატებიან შპალერს აკრავენ ან ხის პანელებით ფარავენ. როგორც წესი, იატაკი შეფიცრულია, გათეთრებულ ჭერს ხის ძელები ავსებს.

ხის ან მოჭედილი ავეჯი

ავეჯი შეირჩევა მარტივი, მოსახერხებელი, მინიმალური დეკორით და კარგად შესამჩევი ხის ტექსტურით. ეს შეიძლება იყოს დაწნული ავეჯი ან დივანი სქელი ქსოვილის გადასაკრავით. გადასაკრავში გამოიყენება პატარა ყვავილებიანი მოხატულობა ან უჯრებიანი ნახატები. საძინებელში შეგიძლიათ მოჭედილი საწოლი დადგათ.

ბევრი ტექსტილი

ტექსტილს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. პირველ რიგში, ესაა ფარდა, მაგრამ ასევე ხელსახოცი, სუფრა, პლედი, ხალიჩა, დეკორატიული ბალიში. ფერები მხიარულია, სიცოცხლით სავსე.

აქსესუარები და ხელნაკეთი დეკორი

დეკორატიული ელემენტებია კერამიკის და სხვა ჭურჭელი, სტატუეტი, სასანთლე, ცოცხალი ყვავილი, ხელნაკეთი ნივთები. ინტერიერში ბევრი დეკორი უნდა იყოს. ის შენობას მყუდროებას, სითბოს, სიმშვიდეს მატებს.

რბილი სინათლე

ჭერის სანათად გამოიყენება ნათურა აბაჟურით, რომელიც რბილ, გაფანტულ სინათლეს იძლევა. მაგიდის და იატაკის სანათები აქტიურად გამოიყენება.

5. თანამედროვე კლასიკა (ნეოკლასიკა)

ჩვენ დროში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში. ტრადიციული კლასიკისგან განსხვავებით, „დემოკრატიული“ ბუნების გამო ბევრს შეუძლია გამოიყენოს.

თანამედროვე კლასიკის სტილი ბაზად კლასიკურ ტრადიციებს იღებს, როგორიცაა სიმეტრია, სიმარტივე, ზუსტი ხაზები, და თანამედროვე გარემოში მოაქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კლასიკის და მინიმალიზმის ნარევია.

დიზაინერს შემოქმედებისთვის ფართო შესაძლებლობა აქვს. ეს შეიძლება იყოს კლასიკაზე მსუბუქი მინიშნება ან, პირიქით, კლასიკა თითქმის სუფთა სახით მხოლოდ თანამედროვე შეფერილობით. მოკლედ, კლასიციზმის ხარისხი ამა თუ სივრცის ბუნების და ამოცანების შესაბამისად განისაზღვრება. არასტანდარტული გადაწყვეტილებები და შემოქმედებითი ექსპერიმენტები დაშვებულია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ელემენტი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდეს და გემოვნებით უკავშირდებოდეს. ინტერიერი სიმშვიდეს, უშფოთველობას უნდა ქმნიდეს. მინიმალური დეკორი გამოიყენება.

თანამედროვე კლასიკური სტილის ინტერიერში მისაღები ოთახი ღია ფერებში შეღებილი არაა. გამოიყენება დაბალანსებული, დახშული პასტელური ფერები, როგორიცაა კაკაოსფერი, მოხარშული რძისფერი, კრემისფერი, სპილოსძვლისფერი, ღია ცისფერი, რძისფერი.

ინტერიერში აქცენტის როლს ასრულებს დახვეწილი საგნები, ხელნაკეთი ავეჯი, ტექსტურირებული ზედაპირები.

ავეჯი როგორც თანამედროვე, ასევე ძველებური შეიძლება იყოს. მთავარია, რომ ხარისხი და გამძლეობა ჩანდეს. ხელნაკეთი ნივთი შესამჩნევი უნდა იყოს და უნიკალურობას ხაზს უსვამდეს.

6. ვინტაჟური სტილი

ცალკეულ შემთხვევაში თანამედროვე კლასიკა ვინტაჟურ სტილში გადადის. ამ სტილს სიძველესა და ნივთების უნიკალურობაზე ხაზგასმა ახასიათებს.

ავეჯი არა მხოლოდ უტილიტარულ ფუნქციას ასრულებს, არამედ თითოეულ ნივთს თავისი ისტორია აქვს. ერთ სივრცეში შეიძლება სხვადასხვა ეპოქის საგნები გაერთიანებული იყოს. მოპირკეთებაში მხოლოდ ნატურალური მასალები გამოიყენება. ხელოვნური თანამედროვე საფარი, როგორიცაა ლინოლეუმი, ლამინატი, გასაჭიმი ჭერი რომანტიკას და სიძველეს შლის. უპირატესად დაძველებული ხე გამოიყენება.

თავშეკავებულ თანამედროვე კლასიკის სტილთან შედარებით ვინტაჟურ ინტერიერში გამოიყენება მეტი აქსესუარი, დეკორატიული ელემენტი, ნახატი, ორნამენტი. ეს შეიძლება იყოს შპალერი სპეციფიკური ნახატებით. ამავდროულად, ზომიერება უნდა დაიცვათ, ძირითადი აქცენტები გამოყოთ. დანარჩენები ელემენტები მთავარ თემას ხაზს უნდა უსვამდეს.

7. სკანდინავიური სტილი

ბოლო დროს სკანდინავიური სტილი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. სიმარტივე და ბუნებრიობა ყველა ოთახს სიმსუბუქეს და ჰარმონიას მატებს. აქ, მინიმალიზმი და სახლური სიმყუდროვე ორგანულად ერწყმის. სკანდინავიურ სტილში გაფორმებული ოთახები ყოველთვის პრაქტიკული, ამასთან მოდური და ელეგანტურია.

სკანდინავიური ქვეყნების მაცხოვრებლები, რომლებიც მზის დეფიციტს განიცდიან, ამ ნაკლის შევსებას ინტერიერის გაფორმებით ცდილობენ. ამ სტილის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანია სივრცის სინათლით და სითბოთი გავსების მცდელობა. მზის სინათლე მთავარი მოქმედი პირია, სხვა დანარჩენი ელემენტი მას ხაზს უსვამს.

სკანდინავიური სტილის ძირითადი ნიშნები

დიდი ფანჯარა

სინათლის მთავარი წყაროა, ამიტომ ყოველთვის დიდი და ბევრია. როგორც წესი, ჩარჩო ხისგან დამზადებული და იატაკის ფერშია. ფარდა, თუ არის, თხელი და გამჭვირვალე.

ღია ფერის კედლები

კედლებს თეთრი ბათქაშით ლესავენ, მაგრამ ხშირად სხვა პასტელური ფერიც გამოიყენება. ასეთია ცისფერი, ნაცრისფერი, კრემისფერი. ღია ფერის ხის პანელებით და დაფებით შეგიძლიათ დაფაროთ.

დაგეგმილი განათება

როცა გარეთ ცოტა მზეა (ჩრდილოეთ განედებში გავრცელებული მოვლენაა), ხელოვნური სინათლის კუნძულებს ვქმნით. აქედან მოდის ბევრი სხვადასხვა ჭაღი, ტორშერი და ბრა.

ნატურალური მასალები

ეკოლოგიური და ნატურალური მასალები სახლს მყუდროებას მატებს. ესაა ხე, მინა, ლითონი, ნატურალური ქვა, კერამიკა, ბამბა, სელი. ჩვეულებრივ, იატაკი ხისაა: ფიცარი ან პარკეტი.

უბრალო ავეჯი

სკანდინავიური ავეჯი მარტივი და ფუნქციურია. ხშირად ღია ჯიშის ხისგან ამზადებენ: არყი, წიფელი, ფიჭვი. მოსაპირკეთებლად გამოიყენება ზამში, ტყავი, ტექსტილი. ავეჯი ბევრი არ უნდა იყოს. მაქსიმალურად მეტი თავისუფალი სივრცე უნდა დაგრჩეთ.

ნათელი დეკორი

ცოტა, მაგრამ ნათელი და მხიარული დეკორი გამოიყენება.

ბუნებრიობა და წვრილმანებში თვითკმარობა მნიშვნელოვანია. მაგალითად, ნაჭრებიანი ხალიჩა, თიხის საგნები, სანთლები. სარკე შესაფერისია. არეკლილი მზის სინათლე სივრცეს ვიზუალურად ზრდის. კედლები ოჯახური ფოტოებით ან ზღვის თემატიკის ნახატებით შეგიძლიათ გააფორმოთ. ეს სკანდინავიური ქვეყნის ტრადიციებს ხაზს გაუსვამს.

ღია აქცენტები – სკანდინავიური ინტერიერის მთავარი ხიბლი.

8. მინიმალიზმი

ნაკლები ნიშნავს ბევრს. მინიმალიზმის სტილი გასული საუკუნის შუა ხანებში 20-იანი წლების კონსტრუქტივიზმის გავლენით გაჩნდა. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, როცა ახალი ტექნოლოგიების და ფილოსოფიური შეხედულებების განვითარებამ მსოფლიო თავდაყირა დააყენა. მინიმალიზმის გაჩენაზე იაპონურმა კულტურამ განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. სიმარტივე და ლაკონურობა იაპონური მსოფლმხედველობის მთავარი ღირსებაა.

ჩვენ დროში მინიმალიზმი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სტილია არქიტექტურასა და დიზაინში. ასეთ სტილს უპირატესობას ანიჭებენ ისინი, ვისაც ახასიათებს ანალიზი, მოწესრიგებული აზროვნება, ზედმეტის მოშორება და მხოლოდ საუკეთესოს და მაქსიმალურად ფუნქციურის დატოვება.

მინიმალიზმის ძირითადი ნიშნები

  • მინიმუმი დეტალი, დეკორი ან რაიმე ორნამენტის უქონლობა.
  • ყველაფერი ზედმეტი მოშორებული ან დამალულია.
  • ჩაშენებული ავეჯი
  • თავისუფალი სივრცე
  • მსხვილი ფორმები
  • მცირე ავეჯი
  • შენობის ზონებად დაყოფა
  • მარტივი, მკაფიო ხაზები და ფორმები, სწორი გეომეტრია.
  • თეთრი და ღია ფერების არსებობა, შავი და ყავისფერი კონტრასტული ფერები.
  • ბუნებრივი ტონები
  • ჩაშენებული, გაფანტული სინათლე
  • ნატურალური მოსაპირკეთებელი მასალები

დასაშვები ფერები: ნეიტრალური, მსგავსი ფერების პრინციპით იგება, ჩრდილები: თეთრი, კრემისფერი, შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი.

გამოყენებული მასალები: ქვა, ხე, მინა, მარმარილო, ბეტონი, ქრომირებული ფოლადი.

მინიმალიზმის სტილში გაფორმებული სახლი ან ბინა ზონებად დაყოფილი ფართო სივრცეა ჩაშენებული ფუნქციური ავეჯით. დიდი ფანჯრიდან ბუნებრივი ფერები (ცა, მიწა) ინტერიერში შედის, მისი ნაწილი ხდება. აქ მინიმალიზმის ფილოსოფიას ხაზი ესმება, რომელიც ყველაფერს ზედმეტს უარყოფს და ბუნებრივ სილამაზეს აღიარებს.

9. ლოფტის სტილი

Loft ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც სხვენი. ამ სტილის გაჩენა უკავშირდება იმას, რომ 1940-იან წლებში ამერიკაში სამრეწველო საწარმოების, ყოფილი ქარხნების საცხოვრებელ კვარტლებად მასიურად გადაკეთება დაიწყეს. თავიდან ამ ბინების მორთულობა სპარტანული იყო, მაგრამ მალე ფართო შენობებმა მოიზიდა მხატვრები, რომლებიც ამ ადგილს ნამუშევრების გამოსაფენად ან სახელოსნოდ იყენებდნენ. ამრიგად, ძველი, უსახური ქარხანა არტისტულ სტუდიად გადაიქცა. მოგვიანებით, ელიტარულ, ბოჰემურ საცხოვრებლად. 1960-იანი წლების ბოლოს ლოფტი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული სტილი იყო ევროპასა და ამერიკაში. ის საცხოვრებელი ფართის მოწყობის შესახებ ყველა სტერეოტიპს არღვევდა. ახალი სტილის მიმართ ინტერესის გაზრდა გაბატონებული ბურჟუაზიული სტანდარტების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა იყო.

ლოფტის სტილის ძირითადი ნიშნები

თავისუფალი ნათელი სივრცე, დიდი ფანჯრები, ღია სამშენებლო კონსტრუქციები, უხეში მოპირკეთება (ბეტონი, აგური).

ლოფტის სავიზიტო ბარათი

ტექნიკური და საინჟინრო ელემენტები, რომლებიც შენობის წინა ცხოვრებიდან შემორჩა და ყუთებში (მილები, სავენტილაციო ყუთი, სვეტი) არ დამალეს. ლითონის ავეჯი გამოიყენება, ხეც გვხვდება. მარტივი და ფუნქციური უნდა იყოს. ავეჯი ხშირად ოთახებს შორის გამყოფის როლსაც ასრულებს.

10. გრანჟის სტილი

იმის მიუხედავად, რომელი სტილია ახლა აქტუალურია, შეუთავსებლის შეთავსების უნარი პოზიციებს არ კარგავს.

გრანჟის სტილი მე-19 საუკუნის შუა წლებში საფრანგეთში წარმოიშვა. ადგილობრივმა არისტოკრატებმა, რომლებიც პარიზის ჩქარი რიტმით დაიღალნენ, მშვიდ ბუნებაში მყუდრო ბუდე შექმნეს. ასეთი სახლის მოწყობა მარტივი, პრაქტიკულია და ზედმეტი გლამურის გარეშე. სახელი, რომელსაც ახლა ვუწოდებთ, მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ მიიღო.

ამ სტილის არჩევისას გახსოვდეთ, რომ გრანჟი 1–2 წლისთვის შესაფერისი არაა. გრანჟი ერთგვარი პოზიციაა, ცხოვრების სტილი. ასეთი ინტერიერის შექმნისას ხარისხიანი, ბუნებრივი მასალები გამოიყენეთ. ასე ინტერიერი აღგაფრთოვანებთ და სიამოვნებას მოგანიჭებთ. რაც მთავარია, ამ სტილში საკმაოდ დიდხანს კომფორტულად იცხოვრებთ.

11. კონტენპორარის სტილი

1960-იან წლებში ინტერიერში თავისებური სტილი, სახელად კონტენპორარი პოპულარული გახდა. დემოკრატიული და თავშეკავებული სტილი დიზაინის სხვა მიმართულებას არ ჰგავს. როგორც ისტორიული სტილიზაციით, ასევე ულტრათანამედროვე ტენდენციებით გამოირჩევა. კონტენპორარი კომფორტისა და პრაქტიკულობის სასარგებლოდ პეწზე უარს ამბობს.

კონტენპორარის ძირითადი ნიშნები

  • ლაკონური განლაგება
  • მარტივი გაფორმება
  • ფუნქციური ავეჯი
  • სივრცის მკაფიო ზონირება
  • გლუვი ზედაპირები
  • პროპორციული ხაზები
  • მინიმუმი აქსესუარი
  • ეთნიკური მოტივები

მასალები და მოპირკეთება:

  • ლითონი
  • პლასტმასი
  • მინა
  • ლამინატი

ბუნებრივი მასალები შეგიძლიათ გამოიყენოთ. მასალა საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა და ხარისხიანად დამუშავებული უნდა იყოს. ინტერიერი შეიძლება ცივი და უსიამოვნო ყოფილიყო, რომ არა ტექსტილი. ამ სტილში გამოიყენება სხვადასხვაგვარი ფარდა, რბილი, ფუმფულა ხალიჩა, ბალიში. მხოლოდ ნატურალური ქსოვილები შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ფერების სპექტრი

ოთახებში გვხვდება ღია ფერები: თეთრი, კრემისფერი, ქვიშისფერი, ნაცრისფერი, ყავისფერი. ნეიტრალური ფერი ინტერიერს მოსაწყენს არ ხდის. გაჯერებული ელფერებით და ნათელი აქცენტებით შეგიძლიათ მრავალფეროვნება შემატოთ.

ავეჯი გამოირჩევა მონოქრომული ფერებით: ყავისფერი, ხისფერი, გრაფიტისფერი, ჭაობისფერი, მუქი ლურჯი და ა.შ. ასეთი საგნები ღია ფერის კედლების ფონზე მომგებიანად გამოიყურება.

გარემოს ეფექტურად ავსებს ფერადი აქსესუარები: ლარნაკი, გადასაფარებელი, ხალიჩა, პეიზაჟის ნახატი და ა.შ. ღია და გაჯერებული ფერები მისასალმებელია.

ავეჯი და აქსესუარები

კონტემპორარის სტილში უბრალო და მოსახერხებელი ავეჯია. მასალა იაფი ხე, მდფ, ლითონი, პლასტმასი და მინა. ავეჯი საიმედო, გამძლე და ეკოლოგიური უნდა იყოს. ოთახები კორპუსული, სექციური, მოდულური და ტრანსფორმირებადი ავეჯით აღჭურვილია. მკაფიო ხაზები და გლუვი ზედაპირი აქვს. რბილი ავეჯი მოკვერცხლილი სილუეტებით გამოირჩევა. სწორი და გლუვი ხაზების კომბინაციები გვხვდება. ამ სტილის ავეჯი პატარა ბინისთვის შესაფერისია.

12. პროვანსი

სტილი, რომელსაც ბევრი იცნობს, როგორც პროვანსს, სათავეს საფრანგეთის სოფლიდან იღებს, ამიტომ მისი მეორე სახელია ფრანგული ქანთრი. ეს მიმართულება ბინის და სააგარაკო სახლის გაფორმებაში ხშირად გვხვდება, რადგან რიგი უპირატესობები აქვს.

უბრალო სტილი ელეგანტური და მიმზიდველია. ფრანგები თანდაყოლი დახვეწილობით გამოირჩევიან, რომელმაც პროვანსის სტილი აირჩია. ეს სტილი ჰარმონიისკენ ბუნებრივი სწრაფვით სხვადასხვა ნივთებს ერთ ანსამბლში აერთიანებს.

თბილი ტონები შეიძლება იყოს ნათელი, დახშული ან პასტელური. უპირატესობა მიანიჭეთ კრემისფერს, სპილოსძვლისფერს ან ეკრუს. ძირითად ფრად გამოდგება პასტელური, რბილი ფერები, აქსესუარები შეიძლება იყოს ფერადი, რომ სტილისტური აქცენტები შექმნას.

დახვეწილი და ფუნქციური ავეჯი ამ სტილის ერთ–ერთი საიდუმლოა. ფრანგული ქანთრი არ შეიცავს ბევრ ფუმფულა დეტალს, რომელიც ფრანგულ დიზაინს ახასიათებს. ავეჯი პროპორციულობით და ფორმებით გამოირჩევა. ხშირად დამატებითი ფუნქცია აქვს ან ტრანსფორმირება შეუძლია. ავეჯის მასალა: ხე, ლითონი, სხვადასხვა გადასაკრავი.

ამ მიმართულების ინტერიერში ყვავილები ინტერიერსა და ექსტერიერს შორის საზღვრებს შლის. ეს ფრანგული სოფლის ყოფას შეესაბამება, სადაც არც ერთი დიზაინი ლარნაკში, ქსოვილებზე და სხვა დეკორატიულ ელემენტებზე ყვავილების გარეშე სრულყოფილი არაა. ამასთან, ყვავილებზე აქცენტი არ კეთდება, საერთო ინტერიერიდან გამოყოფილი არაა. სჯობს ამ ქვეყანაში მზარდი ყვავილები შეარჩიოთ: ზამბახი, მზესუმზირა, ყაყაჩო.

პროვანსში ტექსტილი მრავალფენიანია. ესა ზოლების, უჯრების და ყვავილებიანი ნახატების მხიარული შეთავსება, ტექსტურირებული ქსოვილების, სელის, გობელენის, დალიანდაგებული ტილოს კომბინაცია. ფარჩის ქსოვილი არ გამოიყენოთ, რომ ზედმეტ სიხისტეს თავი აარიდოთ. ბალდახინიან საწოლში საზღვრები შეგიძლიათ წაშალოთ. ქსოვილების შერწყმის ერთადერთი წესი:  ნახატების მრავალფეროვნების მიუხედავად, ფერების სქემა ერთნაირი უნდა იყოს.

ზედაპირები ტექსტურირებული, ხორკლიანი, ამოზნექილი უნდა იყოს, გლუვი, კერამიკის ფილები ან უჟანგავი ფოლადი არ გამოიყენოთ. კედლების გასაფორმებლად დეკორატიული ბათქაშის და აგურის კომბინაცია გამოიყენეთ. იატაკი სჯობს ნატურალური ქვით, ხით ან ხორკლიანი, ტერაკოტის ფერის კერამიკის ფილებით დაფაროთ.

პროვანსის რომანტიკული გარემო მოეწონება მათ, ვინც ბუნების ჰარმონიას, ბაღში მუშაობას აფასებს, კოსმეტიკურ საშუალებებში ლავანდას უპირატესობას ანიჭებს. ასეთი ინტერიერი უკონფლიქტო მფლობელის სულს სიმშვიდით აავსებს.

13. ეკლექტიკური

ეგზოტიკური სიტყვა „ეკლექტიკური“ სხვადასხვა სტილის ერთგვარი ნარევია. სტილების არაბუნებრივი გაერთიანებით საკმაოდ ორიგინალური ინტერიერი გამოდის. ზოგი დიზაინერი თვლის, რომ ეკლექტიკა სრული უგემოვნებაა და ზარმაცი ხალხის ხვედრი, რომელთაც ბინის მოსაწყობად დროის და ფულის დახარჯვა არ სურთ.

ეკლექტიკაზე, როგორც ცალკე ინტერიერის სტილზე, საუბარი მე-19 საუკუნის შუა წლებში დაიწყეს. იმ დღიდან ბევრმა წყალმა ჩაიარა, ეკლექტიკამ განვითარების არა ერთი ეტაპი გაიარა, ახალი და ახალი იდეები, ხედვები და გამოყენების წესები შეითვისა. თავიდან ამ სტილის მიმდევრები სხვადასხვა მიმართულების ელემენტების გაერთიანებისას ბევრს არ ფიქრობდნენ.

დღეს ეკლექტიკური სტილი ადამიანისგან, რომელიც ბინის გაფორმებაში ამ სტილის გამოყენებას გეგმავს, სერიოზულ და გააზრებულ მიდგომას მოითხოვს. დეტალების წარმატებული შერჩევით, ეკლექტიკის სტილში ბინის სწორად გაფორმების შემთხვევაში მოდურ და უჩვეულო ინტერიერს მიიღებთ. რაც მთავარია, რომ მსგავს დიზაინს სხვაგან ვერ ნახავთ. არადა ყველას გვსურს, რომ რაღაც არასტანდარტულს და უნიკალურს ვფლობდეთ. თუ თამამი ექსპერიმენტისთვის მზად ხართ და ბინაში ეკლექტიკური ელემენტების შემოტანა ნამდვილად გსურთ, შემდეგი რჩევები გაითვალისწინეთ. ამ მარტივი რჩევებით მოდურ და განუმეორებელ ინტერიერს მიიღებთ და ორიგინალურობასა და უგემოვნებას შორის სუსტ ზღვარს არ გადალახავთ.

პირველ რიგში, დაიმახსოვრეთ, რომ ეკლექტიკური ინტერიერის საფუძველია ყველა შესაძლო სტილის, დროის და კულტურის ავეჯის, ნახატის, აქსესუარის ჰარმონიული მრავალფეროვნება. ამასთან, რაღაც საერთო უნდა იყოს. მაგალითად, ფორმა, ფერი, დეტალი. შეგიძლიათ ერთნაირი ფორმის, მაგრამ სხვადასხვა წელს წარმოებული ავეჯი შეარჩიოთ ან ერთი ფერის, მაგრამ სხვადასხვა სტილის ჭაღი, პლაფონი, ბრა. სხვადასხვა მოხატულობის და ორნამენტიანი აქსესუარები ორგანულად და შესანიშნავად გამოიყურება.

ეკლექტიკურ სტილში ეროვნული მოტივები განსაკუთრებით პოპულარულია. სხვა ხალხის რაიმე ნივთი (ჭურჭელი, ხალიჩა, ავეჯი) თამამად გამოიყენეთ. ძველი საგნები ეფექტურად გამოიყურება. აუცილებელი არაა, რომ ნამდვილი ანტიკვარიატი იყოს. საკმარისია, რომ ძველმანების ბაზრობაზე მისაღებ ფასად შეიძინოთ ლარნაკი, ფოტოს ჩარჩო, მაქმანიანი ხელსახოცი. ამ მიმართულების ინტერიერს სტილს და ორიგინალობას მატებს ხელნაკეთი ნივთები. მაგალითად, ნაქსოვი გადასაფარებელი, დეკორატიული აბაჟური, გრავიური, პანო. მოკლედ, ვისაც რა მოსწონს. თუ ქსოვთ, რამე მოქსოვეთ, თუ კერავთ, შეკერეთ – თქვენი უნარები ინტერიერის გაფორმებაში თამამად გამოიყენეთ. შემოქმედებითი პროცესი და ფანტაზია არ შეზღუდოთ.

თუ კოლექციონერი ხართ (სტატუეტები, ნიღბები, ნახატები, თეფშები), სწორედ ეკლექტიკური სტილი გჭირდებათ. ეს სტილი პატარა დეტალების საერთო გარემოში ორგანულად ჩართვას გულისხმობს. არავინ დაგმობთ, რომ ხარახურა სივრცეს იკავებს და მტვერს აგროვებს. ეკლექტიკური სტილი მსგავსი ნივთების გარეშე სრულყოფილი და დასრულებული არაა.

ეკლექტიკა მოძრავი და დინამიური ხალხის სტილია, რომელსაც არც პირად ცხოვრებაში, არც ბინის ინტერიერში შესაძლო ცვლილებები არ აშინებს.

14. ბიონიკა

ბიონიკა უჩვეულო და საინტერესო სტილია, რომელიც სხვაში არ აგერევათ. ასეთი ინტერიერის შექმნისას მისი ძირითადი ნიშნები სერიოზულად უნდა შეისწავლოთ და დაიცვათ.

ფერების პალიტრა

სტილის ფერებში ჭარბობს ბუნებრივი ფერები, იშვიათად გაზავებულია აქცენტებით, მაგრამ არა ფერადით. შესაფერისი ფერებია თეთრი, შავი, ყავისფერი, ხისფერი და, რა თქმა უნდა, რბილი ბალახისფერი მწვანე.

ბიონიკა სტილი, რომელიც ბუნებრივი ფორმების იდეალურობის მიღებისკენ მოგვიწოდებს. მსგავსი სტილის ნებისმიერი შენობა სავსეა უცნაური და მოკვერცხლილი ელემენტებით, რომელიც ავეჯსა და დეკორტში სიმეტრიის, სიმკვეთრის და ბალანსის გაგებას კვეთს. ამ სტილის არჩევისას მზად უნდა იყოთ, რომ თითქმის არარეალურ ადგილას აღმოჩნდებით, რომელიც ფუტურიზმით და სიმშვიდით სავსეა.

15. ხმელთაშუაზღვისპირეთის სტილი

ასეთი სტილი კომფორტს, დახვეწილ სამხრეთის კოლორიტს, პრაქტიკულობას და მარტივ დიზაინს განასახიერებს. თბილი ზღვის სანაპიროზე შაქრიანი თეთრი სახლები უხვი მზით და უნაკლო დეკორაციით ყოველთვის უზრუნველობასთან და სასიამოვნო დროის გატარებასთან ასოცირდება. ასეთ სტილში როგორც ბინა, ასევე სააგარაკო სახლი შეგიძლიათ გააფორმოთ.

ფერი: ამ სტილისთვის დამახასიათებელია სუფთა თეთრი ფერის კედლები და იატაკის და კედლის ზღვისფერი ლურჯი ფილები, ასევე ფერადი ლაჟვარდი, მხიარული ფირუზისფერი, ნაზი მარჯანი, კეთილშობილი ზეთისხილი, თბილი კრემისფერი და ტერაკოტა.

კედლები: კედლები თეთრად შელესილია. იატაკზე ლურჯ ან ყავისფერ ზოლებიანი კერამიკური ფილები ან ღია ფერში შეღებილი ხე შეგიძლიათ დააგოთ. ზღვის კენჭებით დამზადებული იატაკი სააბაზანო ოთახში ნამდვილი დახვეწილი შტრიხი გახდება.

ავეჯი: ფართო ფიჭვის მაგიდა და დაბალი მუხის კომოდი მოჭედილი ფეხებით, სკამები ღია ფერის ბამბის ქსოვილის გადასაკრავით, მარმარილოს სამუშაო ზედაპირი, დაწნული ავეჯი, ასევე ავეჯი დაუმუშავებელი ეფექტით, მაგალითად, უხეში ხით დამზადებული ჟურნალის მაგიდა ინტერიერს მომხიბვლელობას და სიმყუდროვეს მიანიჭებს.

დეკორი: ამ სტილის ინტერიერში აუცილებლად გვხვდება კერამიკული ჭურჭელი, განსაკუთრებით დახვეწილი ფორმის დოქები, მაქმანის ხელსახოცები, თხელი ბამბის ფარდა, ციტრუსის ხეები დიდ კასრებში, ჭილოფი, მოჭედილი კარნიზები.

განათება: აღსანიშნავია, რომ ბევრი სინათლე და მზე ხმელთაშუაზღვისპირეთის სტილის ინტერიერში უცვლელი პირობაა. სწორედ ამიტომ, შესაძლებლობის მიხედვით ბევრი ფანჯარა გამოჭერით და არსებული გააფართოეთ. ოთახი მძიმე ფარდებით არ ჩააბნელოთ. უხვი მზის და სინათლის გარეშე ამ სტილის ინტერიერი მოსაწყენი გამოჩნდება.