ნივრის ფოთლების გაყვითლების 4 მიზეზი: როგორ გამოვასწოროთ სიტუაცია

ბევრი მებოსტნე, მათ შორის ჩემი მეზობლებიც, ჩივიან, რომ ნიორი გაზაფხულზე ყვითლდება. ხშირად ეს აპრილი–მაისის პერიოდში ხდება. თუ ივლისში ყვითლდება, ნორმალურია, რადგან, ძირითადად, მიწაში არსებული ნივრის თავები იკვებება. Novate გიზიარებთ ნივრის ფოთლების გაყვითლების მიზეზებს.

1–ელი მიზეზი: გაყინვა

წელს ცივი ამინდი არ გვტოვებს, ამიტომ შეიძლება ნივრის ფოთლების წვერების გაყვითლება შენიშნოთ. ფერი შეიძლება ერთ ღამეში შეიცვალოს, როცა ყინვა იყო. სამწუხაროდ, ამას ვერ გამოასწორებთ, რადგან ქსოვილი უკვე განადგურებულია. ფოთლის გაზრდას უნდა დაელოდოთ.

მე–2 მიზეზი: აზოტის დეფიციტი

აზოტის დეფიციტის შემთხვევაში ნივრის ფოთლები გაყვითლებას, გაუფერულებას იწყებს. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ მინერალური აზოტის სასუქი: შარდოვანა, ამონიუმის ნიტრატი. ორგანულიდან კვლების რიგებს შორის დაყარეთ კომპოსტი, გრანულებიანი ქათმის სკინტლი ან ნაკელით ხსნარი (1:20) მოამზადეთ.

ასევე შეგიძლიათ ჭინჭრის ან ბაბუაწვერას ბალახით ნაყენი მოამზადოთ. 7-10 დღე მზეზე, კასრში დააყენეთ. შემდეგ 1:10 თანაფარდობით წყალში გააზავეთ.

მე–3 მიზეზი: კალიუმის დეფიციტი

კალიუმის დეფიციტმა შეიძლება ნივრის ფოთლები გააყვითლოს, ამიტომ სპეციალისტები ნივრის დარგვისას ნაცრის დამატებას გვირჩევენ. ამ შემთხვევაში გაზაფხულზე დაგეხმარებათ კალიუმის სულფატი, კალიუმის მონოფოსფატი, კალიუმის ჰუმატი, კალიუმის ნიტრატი და ნაცრის ნაყენი.

მინერალური სასუქები როგორც ფესვების ქვეშ, ასევე ფოთლოვანი კვებით შეგიძლიათ მიაწოდოთ. მაგალითად, 1 ჩ/კ კალიუმის მონოფოსფატი 1 ლ წყალში გახსენით. შემდეგ მცენარე პულვერიზატორით დანამეთ. კომპლექსური სასუქიც გამოგადგებათ. ამ შემთხვევაში ნიორი აუცილებელი რაოდენობის მაკრო და მიკროელემენტებს მიიღებს.

მე-4 მიზეზი: სოკოვანი ინფექცია

მიწის მაღალი ტენიანობის და ხანგრძლივი უამინდობის დროს ნიადაგში შეიძლება ინფექცია განვითარდეს. მცენარის ბოლქვები სხვადასხვა პათოგენური სოკოს განვითარების გამო შეიძლება დალპეს. 1–2 მცენარე არ დაინდოთ, ამოთხარეთ და დააკვირდით, მუქი ლაქები, სხვა სახის დაზიანება ხომ არ აქვს.

თუ ინფექცია არის, ფუნგიციდებით დაამუშავეთ. მაგალითად, სოკოს დაავადების წინააღმდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი პრეპარატები: პრევიკურ ენერჯი, ფუნდაზოლი, ფიტოსპორინი, ტრიქოდერმინი. ეს უკანასკნელი სოკო ტრიქოდერმის მოქმედებას ეფუძნება, რომელიც მავნე მიკროფლორის აქტივობას თრგუნავს. ბიოლოგიური პრეპარატებით დამუშავების შემდეგ ნიორი ჩალის ან ხმელი ბალახის მულჩით დაფარეთ, რომ კვლებში ტენიანობა ტრიქოდერმის აქტივობისთვის დიდხანს შენარჩუნდეს.

ამრიგად, ნივრის ფოთლების გაყვითლების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია აზოტის, კალიუმის ან კომპლექსური სასუქის დროული მიწოდება. პრევენციისთვის კვლები სოკო ტრიქოდერმაზე ან ჩხირისებრ ბაქტერიაზე (პრეპარატი ფიტოსპორინი) დაფუძნებული ბიოლოგიური პრეპარატებით დაამუშავეთ.