პატარა სამზარეულოს გაფორმების 6 მეთოდი, რომელიც დიზაინერის გარეშე თავში არ მოგივიდოდათ

თუ ბინა დიდი ზომებით არ გამოირჩევა, კომფორტული სამზარეულოს მოწყობის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას. Novate გიზიარებთ რამდენიმე იდეას, როგორ გააფორმოთ მინი სამზარეულო ისე, რომ იქ ყოფნა და გემრიელი კერძების მომზადება კომფორტული იყოს.

იდეა 1: სამზარეულო დერეფანში

თუ ბინაში ძალიან ცოტა ადგილია და თითოეულ კვადრატულ მეტრს ოქროს ფასი აქვს, არასტანდარტული გადაწყვეტილება გამოიყენეთ. მაგალითად, სამზარეულო სხვა ზონაში მოაწყვეთ. ასეთი ადგილი შეიძლება იყოს სამზარეულოს მოსაზღვრე დერეფანი, რომელიც მის ფუნქციებს თავის თავზე აიღებს. აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ შემოსასვლელი ძალიან დიდია ან ბინის კონფიგურაცია მანევრირების ადგილს არ ტოვებს. მაგალითად, ვიწრო სტუდიაში მხოლოდ ერთი ფანჯარაა, რომელიც შემოსასვლელი კარის პირდაპირ მდებარეობს.

დერეფანში პატარა გარნიტურის დადგმა რთული არაა, ხოლო კომუნიკაციების გაყვანა უფრო გაგიჭირდებათ. ამ შემთხვევაში მილების გადატანა შესაბამის ორგანოებთან უნდა შეათანხმოთ.

ყურადღება მიაქციეთ: სველი ზონა (სამზარეულოს ნაწილი ნიჟარით) მკაცრად მეზობლის დერეფნის ან საკუჭნაოს ზემოთ უნდა განთავსდეს. მაცივარი და კარადა ნებისმიერ ადგილას მოათავსეთ, მათ შორის საცხოვრებელ ზონაში. პირველი სართულის შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია – ქვემოთ მეზობლები არაა, ამიტომ განლაგების შეცვლა ნაკლებ კითხვებს იწვევს.

იდეა 2: სარკიანი კედელი ან წინსაფარი

ჩვეულებრივი სარკე დაგეხმარებათ, რომ პატარა სამზარეულო ვიზუალურად გააფართოვოთ. გირჩევთ შეიძინოთ მთელი სარკიანი ფურცელი, რომელსაც მთელ კედელზე გააკრავთ. შემდეგ გარნიტურის უკან შეგიძლიათ მოათავსოთ. რას მიიღებთ იდეის განხორციელებით? სივრცე ვიზუალურად გაორმაგდება, კარადის უკან სარკე ავეჯს დააგრძელებს. სამზარეულო გრძელი, ნათელი, მყუდრო და ფართო გამოჩნდება, რადგან სარკიანი კედელი ფანჯრის სინათლესაც გაზრდის. ვიზუალური ეფექტი ფერების პალიტრასა და დეკორატიულ ელემენტებთან ექსპერიმენტების საშუალებას მოგცემთ, ამიტომ ღია ფერებზე (თეთრი და კრემისფერი) არ ჩაიციკლოთ. თქვენს არსენალში ბევრად მეტი ელფერია.

იდეა 3: გარნიტურა კიბის ქვეშ

თუ ბინას ძალიან მაღალი ჭერი აქვს და მეორე დონის გაკეთება შეგიძლიათ, შესანიშნავია! შესაძლებლობა გამოიყენეთ. რომელ ოთახს მოაწყობთ მეორე სართულზე, თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ კიბის ქვეშ სივრცე სამზარეულოს გარნიტურისთვის გამოიყენეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რემონტის დაწყებამდე სამზარეულოს გადატანის კანონიერი ვარიანტი უნდა მოიფიქროთ და შესაბამის ორგანოებში ნებართვა აიღოთ და ახალი განლაგება დააკანონოთ.

როცა ყველა ეს საკითხი მოგვარდება, ახალი ზონის მოწყობა თამამად დაიწყეთ. სხვათა შორის, კიბის ქვეშ ჩაშენებულ კარადაში მეტი სათავსო გაჩნდება. სამზარეულოს გადატანით მეტ ადგილს გაათავისუფლებთ. მაგალითად თავისუფალ ადგილას კაბინეტი მოაწყვეთ ან მისაღებ ოთახთან გააერთიანეთ, რომ დასასვენებელი ზონა გაადიდოთ.

იდეა 4: გამოშვერილი კუთხის გამოყენება

გამოშვერილი კუთხეები არ უგულებელყოთ. გირჩევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ, რომ ბინაში „ბრმა“ ზონა არ იყოს, რომელიც ძვირფას ფართობს იკავებს და ფუნქციური დატვირთვა არ აქვს. კარგი ვარიანტი: სამზარეულოს გარნიტურა ორ კედელთან მოათავსეთ. ასე ტევად და მოსახერხებელ სათავსოს მიიღებთ, რაც მის გამოყენებას კომფორტულს გახდის.

წინა იდეისგან განსხვავებით, როცა კიბის ქვეშ სამზარეულოს ავეჯის განთავსებაზე ვსაუბრობდით, ვარიანტი გამოშვერილი კუთხეებით განლაგების შეცვლას ან შეთანხმებას არ მოითხოვს, რადგან ყველა კომუნიკაცია თავის ადგილზე რჩება. თქვენ მხოლოდ კუთხურ განლაგებას სხვა მხრიდან უნდა შეხედოთ.

ასეთ სამზარეულოს ცარიელი დერეფნის დაკავებაც შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სველი ზონის განთავსება დაშვებულია. გათავისუფლებულ ადგილზე მყუდრო სასადილო ზონას მოაწყობთ, რომლის გაფორმებას სამზარეულოში ადგილის არ ქონის გამო ვერ ახერხებდით.

იდეა 5: მიკროზონის გამოყოფა

თუ სტუდიოს ბინა შეიძინეთ ან კედლის დანგრევა გადაწყვიტეთ, რომ სამზარეულო და მისაღები ოთახი გააერთიანოთ, რამდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. პირველ რიგში, ასეთ სივრცეში რამდენიმე ზონა გონივრულად უნდა მოთავსდეს: კერძების მოსამზადებელი, სასადილო და დასასვენებელი. მეორეც, ერთმანეთისგან ვიზუალურად უნდა გამოყოთ, მაგალითად, სხვადასხვა ფერადი გამით ან ავეჯით.

ადგილი რომ დაზოგოთ, მაგრამ არც ერთი ოთახის ფუნქციონალი არ დაარღვიოთ, წინსაფრის დონეზე ტელევიზორი დაკიდეთ (ამ შემთხვევაში ორი ქვედა კარადის ნაცვლად სჯობს ტუმბო დადგათ). ასე კომპაქტურ ტვ ზონას მოაწყობთ, რომელიც სასარგებლო ფართობს არ იკავებს.

თუ ოთახების გაერთიანების შემდეგაც ადგილი არ გყოფნით, დაფიქრდით, რომ დიდი სასადილო მაგიდა ბარის დახლით ჩაანაცვლოთ. ის კომპაქტურია და ზონირების ელემენტის როლს ასრულებს, სამზარეულოს და მისაღებ ოთახს ვიზუალურად ყოფს. სხვათა შორის, ბარის დახლი შეიძლება ფანჯრის რაფის გაგრძელება იყოს. ეს სივრცის დასაზოგად უფრო მომგებიანი ვარიანტია.

იდეა 6: პატარა ღრმა კარადა

პატარა სამზარეულოზე უარესი შეიძლება მხოლოდ კომპაქტური და ვიწრო სამზარეულო იყოს. ასეთი განლაგება მანევრირების ადგილს საერთოდ არ ტოვებს, რაც კერძის მზადების პროცესს ართულებს. კომფორტულ სასადილო ზონაზე არაფერს ვამბობთ. მისთვის თავისუფალი ადგილი არაა. როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?კარადები პარალელურად განათავსეთ, მისი ნაწილი პატარა ზომის გააკეთეთ. სტანდარტული სიღრმე 60 სმ–ია, მაგრამ 40-30 სმ–მდე შეგიძლიათ შეამციროთ. ფართო კარადები კერძების მოსამზადებელ ზონაში დატოვეთ, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩააშენოთ. მის მოპირდაპირედ რიგი სათავსოდ გამოგადგებათ. აქ, შეგიძლიათ მოათავსოთ სტელაჟი, ვიწრო კონსოლი ან რამდენიმე თარო. ეს თქვენს მიზანზეა დამოკიდებული.

კიდევ ერთი იდეა, რომელიც კარადებს ეხება – კედლის ფერი მოდელი შეარჩიეთ. ასე სამზარეულოს ჭურჭელს, ტექნიკას და სხვა აუცილებელ ნივთებს შეინახავთ და სივრცეს არ გადატვირთავთ. როგორც ვარიანტი, კარადა ჭერამდე გააკეთეთ, ხოლო ყველაზე ზედა თაროზე შეინახეთ ნივთები, რომელთაც იშვიათად იყენებთ. მაგალითად, სათადარიგო ტექსტილი.