მსხლის ჟანგი: დაავადების სიმპტომები და მკურნალობის გეგმა

თუ მსხალზე ჟანგი შენიშნეთ, არა მხოლოდ მსხლის, არამედ კიდევ ერთი მცენარის მკურნალობა მოგიწევთ. ის თქვენს ნაკვეთზე ნამდვილად არის და მთელი პრობლემა მასშია!

„მას ათასიდან გამოიცნობთ“ – მსხლის ჟანგი სხვა სოკოვანი დაავადებისგან დიდად განსხვავდება, სხვა არაფერში აგერევათ.

მსხლის ჟანგის სიმპტომები

დაავადების პირველი ნიშნები ყვავილობის შემდეგ შეგიძლიათ შენიშნოთ. ფოთლებზე მომრგვალებული მოყვითალო–ნარინჯისფერი ლაქები ჩნდება. შემდეგ ჟანგი ყუნწებზე გადადის. ეპიდემიის წლებში ლაქებით ყლორტები და ნასკვებიც იფარება.

შუა ზაფხულში ფოთლებზე წერტილები მრავლდება, 1-1,5 სმ დიამეტრის არასწორ ფორმას იღებს, ღია ყავისფერი შუაში შავი წერტილით ხდება.

და ბოლოს, შემოდგომაზე ჟანგი განვითარების პიკს აღწევს: ფოთლის ქვედა მხარეს ჩნდება „რქები“ – სპორებით სავსე წანაზარდები. ისინი იხსნება და აინფიცირებს, არა მსხალს არა.

ვინაა დამნაშავე

ღვიას აინფიცირებენ. დიახ, ეს ის მცენარეა, რომელიც მსხლის დაავადების მიზეზია. უფრო ზუსტად: ჟანგმა რომ იცოცხლოს, 2 მცენარე–მეპატრონე სჭირდება. ზამთარში ჟანგი ღვიაზე ცხოვრობს, ზაფხულში – მსხალზე. საკუთარ თავს მსხალი ან ღვია ვერ დააზიანებს!

შემოდგომაზე სპორები წიწვოვანზე მოხვედრისას მიცელიუმის სწრაფად ფორმირებას იწყებს. ჟანგი აზიანებს წიწვებს, ყლორტებს, ნაყოფს. ყლორტებზე ჩნდება ჭრილობა, ნაკაწრი, შესივება. გაზაფხულზე ღვიაზე სპორები მწიფდება, იფანტება, მსხალს აინფიცირებს და ასე წლიდან წლამდე მეორდება.

გაოცებული ხართ, რადგან ნაკვეთზე ღვია არ გაქვთ? ალბათ, მეზობელს აქვს ან რაიონშია. სოკოს სპორებს 40-50 კმ–ის დაშორებით აფრენა შეუძლია. თბილი და სველი ამინდი განსაკუთრებით ხელსაყრელია. ნაადრევ გაზაფხულზე ასეთი ამინდი ყოველთვის არაა, ამიტომ ხშირად დაინფიცირების ციკლი 1,5-2 წელი გრძელდება.

რა გავაკეთოთ

ჟანგი უსიამოვნოდ გამოიყურება, მსხალს დიდ ზიანს არ აყენებს. თუ დაავადება წლიდან წლამდე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩნდება, ხე თანდათან სუსტდება და ზამთარში შეიძლება გაიყინოს. სწორედ ამიტომ, მკურნალობა სჯობს.

როგორც უკვე მიხვდით, ორივე მცენარეს, მსხალს და ღვიას, უნდა უმკურნალოთ.

მოქმედების გეგმა მსხლისთვის:

  • ნაადრევ გაზაფხულზე, კვირტების გაშლამდე: მსხალი 1%–იანი ბორდოს სითხით ან სპილენძის ქლორჟანგით დაამუშავეთ, რამდენიმე დღეში ხეს სკორის პრეპარატი (2 მლ 10 ლ წყალზე) შეასხურეთ.
  • ყვავილობის დაწყებისას: ბორდოს სითხით ან სკორით დამუშავება გაიმეორეთ.
  • წინა დამუშავებიდან 10 დღის შემდეგ: ბოლო დამუშავება გაიმეორეთ. ამჯერად მხოლოდ ბორდოს სითხით;
  • მთელი ზაფხული თვეში ერთხელ: ხის ნაცრის ნაყენით (500 გ 10 ლ წყალზე, 2 დღე დააყენეთ) მორწყეთ. ზრდასრული მცენარე – 10 ლ, ახალგაზრდა – 4-6 ლ (ასე მსხალი ძალებს აღიდგენს).
  • მთელი ზაფხული: ძლიერ დაზიანებული ტოტები დაავადების კერიდან 5-10 სმ–ს ქვემოთ გადაჭერით, ჭრილობა ჯანსაღ ხემდე გაწმინდეთ, 5%–იანი სპილენძის სულფატის ხსნარით დეზინფექცია ჩაუტარეთ, შემდეგ ჰეტეროაუქსინით (0,5 გ 10 ლ წყალზე) დაამუშავეთ და, ბოლოს, ბაღის მუცხარი წაუსვით.
  • აგვისტოს ბოლოს: სკორით დაამუშავეთ (2 მლ 10 ლ წყალზე), მეორე დღეს ბიოფუნგიციდი ფიტოლავინით (20 მლ 10 ლ წყალზე) – ასე ბაქტერიებს მოიშორებთ, რომლებიც სოკოს დაავადებებს ყოველთვის ახლავს.
  • ფოთოლცვენამდე რამდენიმე დღით ადრე: ხე რევუსის პრეპარატით (6 მლ 5 ლ წყალზე) დაამუშავეთ. ასე პათოგენ სოკოებს მოკლავთ და მცენარის იმუნიტეტს აღადგენთ.
  • სამომავლოდ: ჟანგგამძლე ჯიშები შეარჩიეთ. მაგალითად, გორძალა, გულახი, ნანაზირი, საილო, სუნიანი. აი, ჯიშებს, როგორიცაა ბერე არდანპონი, ბერე ბოეკი, კიურე, გვერდი აუარეთ – ამ დაავადებით ძლიერ ინფიცირდებიან.

მოქმედების გეგმა ღვიისთვის:

ჟანგის მოსაშორებლად ღვიის სამკურნალოდ სპეციალური საშუალებები არ არსებობს. უბრალოდ დაზიანებული ტოტები დროულად მოაჭერით და მაშინვე დაწვით. შემოდგომის ბოლოს სპილენძის შემცველი პრეპარატებით დამუშავება სასარგებლოა.

ჟანგის მკურნალობა საკმაოდ რთულია. მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ დაავადებამ უკან დაიხია, კიდევ 3 წელი დამუშავება გაიმეორეთ.