პატრიკ ბლანის „ცოცხალი“ ფასადები: როგორ ვაიძულოთ ბალახსა და ყვავილებს ვერტიკალურ ზედაპირებზე გაზრდა

გასული საუკუნის ბოლოს, ფრანგი ბოტანიკოსი პატრიკ ბლანი მცენარეულობაზე აქტიური ექსპერიმენტების შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ფლორის ყველა წარმომადგენელს მიწა არ სჭირდება, რომ გაიზარდოს და სრულყოფილად განვითარდეს. მისი მცდელობით მსოფლიოში გაჩნდა საოცარი არქიტექტურული ობიექტები, რომელთა ფასადები უხვი სიმწვანით დაფარულია. თითოეულ არქიტექტორს ან უბრალო სახლის მფლობელს შეუძლია მისი შედევრებით შთაგონება იპოვოს, რეკომენდაციები დაიცვას და საკუთარი იდეები შემოიტანოს და შექმნას საკუთარი „ცოცხალი“ შედევრი, რომელიც საოფისე ცენტრებს, სასტუმრო კომპლექსებს, კერძო სახლებს და ცათამბჯენებსაც ამშვენებს.

1. ვერტიკალური გამწვანების იდეა, პატრიკ ბლანის შთაგონება

პატრიკ ბლანი (Patrick Blanc) ბავშვობიდან ინტერესდებოდა, აუცილებელად სჭირდება თუ არა მცენარეს მიწა, რომ აქტიურად გაიზარდოს და განვითარდეს. ცნობისმოყვარე ბიჭმა საკუთარ ბაღში ექსპერიმენტების ჩატარება გადაწყვიტა. ღობეზე სანერგეს აწყობდა, ცდილობდა როდოდენდრონები თევზების აკვარიუმში უმიწოდ და ქვიშის გარეშე გაეზარდა, მხოლოდ მინერალური სასუქით კვებავდა. სკოლის დამთავრებისას უკვე იცოდა, ვინ სურდა გამოსულიყო და ზოგიერთი მცენარის უმიწოდ გაზრდის შესახებ საკუთარი ნამუშევარიც ჰქონდა (იმ დროისთვის უკვე გააცნობიერა, რომ ყველა ბალახოვან მცენარეს მიწის გარეშე გაძლება არ შეუძლია).

სტუდენტობის პერიოდში ტაილანდის ტროპიკულ ტყეს კჰაო-იაის ეროვნულ პარკში (Khao Yai National Park) პირველად ეწვია. აქ შეისწავლა მცენარეები, რომლებიც ხეების ტოტებსა და ღეროებზე, კლდეების ფერდობებსა და დიდ ქვებზე თითქმის მზის სინათლის გარეშე იზრდებოდნენ. ეს კვლევები დაეხმარა იმის გასაგებად, რომელი მცენარეების გამოყენება შეიძლება ვერტიკალური ბაღის შესაქმნელად და რა სჭირდებათ სრულფასოვანი არსებობისთვის.

პატრიკმა მალაიზიაში მოგზაურობისას გაიგო, რომ 8 ათასი სახეობის მცენარიდან თითქმის 2,5 ათასს უმიწოდ გაზრდა შეუძლია. ამან საბოლოოდ დაარწმუნა, რომ საჭიროა მხოლოდ მიკროელემენტების ოპტიმალური ბალანსის არჩევა და ისეთი საცხოვრებელი პირობების შექმნა, რომელსაც ესა თუ ის სახეობა მიჩვეულია.

2. ტექნოლოგია და მასალები ჰიდროპონიკური ვერტიკალური გამწვანების შესაქმნელად

პატრიკ ბლანმა მრავალწლიანი კვლევების წყალობით ჰიდროპონიკური ვერტიკალური გამწვანების ტექნოლოგიის შემუშავება შეძლო. ასეთი დიზაინის მთავარი პრობლემა შიდა და გარე კედლების ზედაპირზე მცენარის დამაგრება იყო, რაც ცდების ხარჯზე მოაგვარა. თუ საქმე „ცოცხალ“ ფასადს ან პანოს ეხება, კედელზე სპეციალური ჩარჩო (ხშირად ლითონის) მაგრდება. მასზე ჯერ პვს ფირფიტა (მაქსიმუმ 10 მმ სისქე) ეკვრება, შემდეგ კავებით ფიქსირდება პოლიამიდური ქეჩის ორი ფენა (3 მმ სისქე), რომელსაც მცენარეების გასაზრდელად ოპტიმალური მახასიათებლები აქვს.

აღსანიშნავია: ფირფიტა საჭიროა იმისთვის, რომ მცენარის ფესვები კედლის მასალაში არ ჩაიზარდოს, რადგან ასე კედელი შეიძლება დააზიანოს და სტრუქტურა დაარღვიოს. ხელოვნური ქეჩა ხავსის იმიტაციაა, რომელიც მცენარის ფესვებს აკავებს (მასში სოკო და სასარგებლო მიკრობები ვითარდება). ამ კონსტრუქციაში წვეთური სარწყავის სისტემა ინერგება, რომლის დახმარებით მცენარე მინერალური და სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარ წყალს იღებს. მკვებავი ნარევის მიწოდება ავტომატურად ხდება, ქეჩას ჟღენთს, რომელიც წყლის ბალანსს ინარჩუნებს, ხოლო მცენარის ფოთლებისგან შექმნილი ჩრდილი მათი არსებობისთვის ხელსაყრელ მიკროკლიმატს ქმნის.

წყლის მიწოდება ზედა სართულებიდან/დონეებიდან ხდება და გრავიტაციის ძალით თანდათან ქვევით ჩადის, ფესვებს ტენით აჯერებს. ზედმეტი სითხე (მათ შორის ნალექი, თუ ფასადური გამწვანებაა) ღარში ჩაედინება, შემდეგ წყლის შესანახ ავზში, საიდანაც მძლავრი ტუმბოთი კვლავ ზემოთ ადის. ჰიდროპონიკური სისტემის სპეციალური ტექნოლოგიის წყალობით იქმნება ჩაკეტილი წრე, რაც რესურსების დაზოგვის საშუალებას იძლევა.

შენობის შიგნით „ცოცხალი“ პანოს ორგანიზებაც ამავე სქემით ხორციელდება. ერთადერთი განსხვავებაა დამატებითი განათება (იდეალურია, ფიტონათურები). ჰიდროპონიკური გამწვანების შემუშავებით ცოცხალი მცენარეებით საოცარი კომპოზიციები შეგიძლიათ შექმნათ დიდი დაწესებულების, ბიზნეს ცენტრების, სასტუმროების ფოიეში, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, მოსაცდელ დარბაზში ან ბინაში. გახსოვდეთ, რომ „მწვანე“ არტკომპოზიციას, სადაც არ უნდა იყოს, განსაკუთრებული მოვლა და სწორად შერჩეული მცენარეების სახეობები სჭირდება.

3. მცენარეების შერჩევის და დარგვის დეტალები

„ცოცხალი“ კედელი მდიდრული სიმწვანით და უხვი ყვავილობით ყოველთვის რომ გახარებდეთ, დასარგავი მასალა სწორად შეარჩიეთ და აგროტექნიკის ყველა წესი დაიცავით. ალალბედზე მოქმედება კატეგორიულად აკრძალულია, რადგან ამ ცოცხალ ორგანიზმებს განათების და ნიადაგის (ან ქეჩის ჯიბის) ტენიანობის განსაკუთრებული პირობები სჭირდებათ. მცენარეების „კეთილმეზობლური“ ურთიერთობებიც არ დაგავიწყდეთ, რადგან ზოგიერთი მცენარე სხვა სახეობას თრგუნავს. სხვა სიტყვებით, ბოტანიკაში კარგად უნდა ერკვეოდეთ, რომ მწვანე ფართობზე ჰარმონიული ეკოსისტემა ყველა წესის დაცვით შექმნათ.

თუ ამ დეტალების შესახებ იცით, ვერტიკალური გამწვანების მოწყობა არ გაგიჭირდებათ. ყველაფერი ვერტიკალური ზედაპირის ორიენტაციაზე (სინათლის მხრიდან) დამოკიდებულია. დარგვა ზედა სართულიდან დაიწყეთ. მასზე დარგეთ მცენარეები, რომელთაც განათება ყველაზე მეტად სჭირდებათ და მზის პირდაპირი სხივები არ აშინებთ. როგორც წესი, მაღალი ტენიანობის მიმართ ძალიან მომთხოვნი არაა, რაც მორწყვას ამარტივებს. აი, ქვედა დონეზე წყლის მოყვარული მცენარეები ირგვება, ამასთან მზის სინათლის რაოდენობასა და ინტენსივობაზე მომთხოვნი არაა.

Novate გირჩევთ, დასარგავი მასალების არჩევისას რეგიონის კლიმატური პირობები (თუ ფასადია) და ვეგეტაციური პერიოდები გაითვალისწინოთ, რომ განუმეორებელი სურათი მიიღოთ, რომელიც მდიდრული სიმწვანით და ყვავილობით მთელი წელი გაგახარებთ. ამ შემთხვევაში თითოეული მცენარის სეზონურობა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

4. რით მოვრწყათ მცენარე, რომ მოვლილი ჩანდეს, დეკორაცია იყოს და არა თავისი ტკივილი

სანამ ვერტიკალურ გამწვანებაზე ფიქრს დაიწყებთ, თითოეული სახეობის ფიზიოლოგიური თავისებურებები შეისწავლეთ, რადგან „ცოცხალი“ არტკომპოზიცია მიკროელემენტების და მინერალების ერთნაირი ნარევით ირწყვება. თუ არა მხოლოდ ტექნოლოგიურ კომპონენტებზე, არამედ მოვლის მეთოდზე ვსაუბრობთ, პატრიკ ბლანის მეთოდით, კვადრატული მეტრი „ცოცხალი“ კედელი მინიმუმ 30 სახეობის მცენარისგან შედგება, რომელიც ფერით, ფოთლის ფორმით და აქტიური ვეგეტაციის ან ყვავილობის პერიოდით უნდა შეარჩიოთ. მხოლოდ მცენარეებით  განუმეორებელი სურათის შექმნისას მეცნიერ ნატურალისტი (ზოგჯერ სხვა დიზაინერებთან ერთად) ახერხებს არტობიექტის მთავარი ჩონჩხის შექმნას, რომელიც დროთა განმავლობაში საოცარ სილამაზეს იძენს.

ჩაფიქრებული სურათის მისაღებად მცენარეებზე სწორად უნდა იზრუნოთ. როგორც წესი, გაფესვიანებას და გაზრდას 3-4 თვე სჭირდება. ამ პერიოდში მცენარეული პანო ან ვერტიკალური ტყე ყველა აუცილებელ მკვებავ ნივთიერებას მეცნიერების მიერ შედგენილი პროპორციების მკაცრი დაცვით იღებს. ნარევის პროპორციები სეზონის, კლიმატური ზონის, ამინდის პირობების, მცენარის სახეობის მიხედვით შეიძლება შეიცვალოს, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში შეიცავს 13 აუცილებელ მინერალს: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, გოგირდი, რკინა, სპილენძი, ბორი, ქლორი, თუთია, მანგანუმი და მოლიბდენი.

სხვათა შორის, მხოლოდ ყველა მცენარის გაფესვიანების და ბიომასის გაზრდის შემდეგ ბლანი შედევრს გამოცდილ სპეციალისტებს აბარებს, რომ მათ მიღებული სილამაზე სათანადოდ შეინარჩუნონ. თუ ზრდის პროცესს თვითნებაზე მიუშვებთ, ვერტიკალური გამწვანებიდან კარგს ვერაფერს მიიღებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ვერტიკალური ბაღი ცათამბჯენებში ან დიდ ტერიტორიებზე შენდება.