ბეტონის შემონაკირწყლი სახლის გარშემო საკუთარი ხელით: დეტალური ინსტრუქცია

ბეტონის შემონაკირწყლის ჩასხმა ნამდვილად რთული საქმეა და გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. თუ ბეტონთან არასდროს გიმუშავიათ, გირჩევთ მზა ნარევი ქარხანას შეუკვეთოთ. ასე დროს დაზოგავთ, თან უფრო იაფი შეიძლება დაგიჯდეთ, ვიდრე საკუთარი ბეტონის მომზადება.

თუ ბეტონის შემონაკირწყლის საკუთარი ხელით ჩასხმას აპირებთ, მაშინ Novate გიზიარებთ დეტალებს, როგორ გააკეთოთ.

მთელი პროცესი შედგება რამდენიმე ნაბიჯისგან:

  1. ტერიტორიის მონიშვნა
  2. თხრილის აღჭურვა
  3. გეოტექსტილის დაგება
  4. ქვიშის ბალიშის მოწყობა
  5. ღორღით სადრენაჟე ფენის მოწყობა
  6. ყალიბის მონტაჟი
  7. ჰიდროიზოლაცია
  8. თბოიზოლაცია
  9. დაარმატურება
  10. დეფორმაციული ნაკერების მოწყობა
  11. ბეტონის ნარევის მომზადება
  12. ბეტონის ყალიბში ჩასხმა
  13. ბეტონის მოვლა

მოდით, თითოეული ეტაპი დეტალურად განვიხილოთ.

ნაბიჯი 1: ტერიტორიის მონიშვნა

შემონაკირწყლის მოწყობა ტერიტორიის მონიშვნით იწყება. ამისთვის ხის ჯოხები ან არმატურის ნაჭრები გამოიყენეთ. ისინი მომავალი შემონაკირწყლის გარე პერიმეტრის გასწვრივ მოათავსეთ, შემდეგ მათ შორის თოკი გააბით. მომავალი ქვაბულის სიგანე 10 სმ–ით მეტი უნდა იყოს, ვიდრე ბეტონის შემონაკირწყლის სიგანე. გამონაკლისია, როცა სახლის საძირკვლის მოწყობისას ქვაბული გაითხარა და იატაკით ამოავსეს. ამ შემთხვევაში თხრილის და მომავალი შემონაკირწყლის სიგანე ქვაბულის სიგანეს მინიმუმ 40 სმ–ით უნდა აჭარბებდეს.

ნაბიჯი 2: თხრილის აღჭურვა

მთელი შემონაკირწყლის ფართობზე მიწის ფენა ამოიღეთ. როგორც წესი, 25-50 სმ მიწის ფენა იღება. ამაღლებულ ნიადაგზე თხრილის სიღრმე 50-70 სმ უნდა იყოს. თხრილის ძირი და კედლები ჰერბიციდით დაამუშავეთ, რომ ბალიშში ფესვების ზრდა არ დაუშვათ.

თხრილის ძირი გაასწორეთ და ქვებისა და სხვა უცხო საგნისგან გაწმინდეთ. თხრილიდან ამოღებული მიწა მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე ბაღის სხვადასხვა სამუშაოსთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ნაყოფიერი მიწა კვლებს შეგიძლიათ მოაყაროთ. თიხით ხვრელები და ნაკვეთზე ღარები შეგიძლიათ ამოავსოთ.

ამის შემდეგ თხრილის ძირი ძალიან კარგად დატკეპნეთ. მექანიკური სატკეპნელა ან ვიბროფილა შეგიძლიათ გამოიყენოთ. უკვე ამ ეტაპზე მიწის ზედაპირს საჭირო დახრილობა უნდა მიანიჭოთ. შემდეგ ყველა ფენა ბეტონამდე ამ დახრის გათვალისწინებით უნდა დააგოთ.

ნაბიჯი 3: გეოტექსტილის დაგება

თხრილის ძირში გეოტექსტილის ფენა დააგეთ. ეს სპეციალური ტილოა, რომელიც მიწის ქვედა ფენას შემონაკირწყლის „პეროგისგან“ ყოფს. გეოტექსტილი ბალიშის დამატებით სიმტკიცეს უზრუნველყოფს, ასევე ფესვების გაღვივებისგან იცავს.

დღეს ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებელი ბევრი სახის გეოტექსტილს გვთავაზობს. სასურველია, პოლიპროპილენის სახეობის ტილო შეარჩიოთ, რადგან დიდ სიმტკიცეს და მომსახურების ვადას გვთავაზობს. მის სიმკვრივესაც ყურადღება მიაქციეთ. 150-250 გ/მ² მაჩვენებელი შემონაკირწყლისთვის შესაფერისია. ასეთ მნიშვნელობას შეესაბამება ისეთი სახეობები, როგორიცაა დორნიტი, სპანბონდი და სხვა.

როგორც წესი, გეოტექსტილი სხვადასხვა ზომის რულონებად იყიდება: 1.6×25 მ, 1.6×50 მ, 1.5×5 მ და ა.შ. უმეტესად სიგანე 1,5-1,6 მ თხრილის ძირის დასაფარად საკმარისია. რულონის სიგრძე თქვენი თხრილის სიგრძის გათვალისწინებით შეარჩიეთ. არაფერია, თუ დაგების შემდეგ გამოუყენებელი გეოტექსტილი დაგრჩებათ. ზამთარში ბუჩქებს შეგიძლიათ დააფაროთ ან ნერგები მზის სხივებისა და ღამით ყინვისგან დაიცვათ.

გეოტექსტილი თხრილის ძირში კედელზე მცირე ნამატით (ზუსტად 15-20 სმ) იგება.

ნაბიჯი 4: ქვიშის ბალიშის მოწყობა

შემდეგი ნაბიჯი ქვიშის ბალიშის მოწყობა. ეს შემონაკირწყლის ზედა ფენების თანაბარი განაწილებისთვის აუცილებელია. ბალიშისთვის გამოიყენეთ ქვიშა, რომელშიც თიხა არ შედის. საქმე იმაშია, რომ თიხა სითხისგან სივდება, რაც ქვიშის ბალიშის მოცულობის ზრდას და შემონაკირწყლზე ზეწოლას იწვევს. გარეცხილი ქვიშა, მდინარის ან კარიერის, შესაფერისია. თუ მსხვილ კენჭებს შეიცავს, დამატებით გაცერით.

5-10 სმ ქვიშის ფენა გეოტექსტილს დაუმატეთ. მაქსიმალურად ჩატკეპნეთ. ამისთვის ბალიშის პირველი ფენის დაგების შემდეგ გაასწორეთ და წყლით დაასველეთ ისე, რომ მთელი ქვიშა დასველდეს. ზემოდან ქვიშა დაუმატეთ და კარგად ჩატკეპნეთ. ამის ხელით გაკეთება რთულია, ამიტომ ვიბროფილის გამოყენებას გირჩევთ. ხელსაწყო შეგიძლიათ დროებით იქირავოთ.

ნაბიჯი 5: ღორღით სადრენაჟე ფენის მოწყობა

შემდეგი ეტაპი სადრენაჟო ფენის მოწყობაა. დაგჭირდებათ ხრეში ან ღორღი (ფრაქციები 5-10, 5-20, 5-25 ან 20-40). ნებისმიერი სახეობა გამოგადგებათ: გრანიტი, მარმარილო, სერპენტინიტი და გაბრო. ერთადერთი გამონაკლისი კირქვის ღორღია. ეს მასალა თანდათან წყალში იხსნება, ამიტომ სადრენაჟო ფენად არ გამოგადგებათ.

ღორღი ქვიშის ბალიშს ზემოდან დაუმატეთ და კარგად ჩატკეპნეთ. დრენაჟის ფენა მინიმუმ 10 სმ უნდა გამოვიდეს. ზედაპირი სამშენებლო დონით გაასწორეთ.

თუ ნაკვეთზე მიწისქვეშა წყლები მაღალია ან შემონაკირწყლში სანიაღვრე კანალიზაციის მოწყობა საჭიროა, მაშინ სადრენაჟე ფენის მოწყობა იცვლება. ამ შემთხვევაში ქვიშის ბალიშზე გეოტექსტილი დააგეთ და ზემოდან ღორღის ფენა დაუმატეთ. შემდეგ მილები ჩადეთ. თუ სადრენაჟო სისტემა მონტაჟდება (მიწისქვეშა წყლებისგან დასაცავად), პერფორირებული მილები გამოიყენეთ. კოლექტორის მხარეს დახრით დაამონტაჟეთ. თუ სანიაღვრე კანალიზაცია უნდა გაკეთდეს, მილები ნახვრეტის გარეშე დააგეთ, ხოლო წყლის შეგროვების ადგილას ზედაპირზე საწვიმური დაამონტაჟეთ. შემდეგ მილებს ღორღის კიდევ ერთი ფენა დაუმატეთ, შემდეგ გეოტექსტილით დაფარეთ.

შემონაკირწყლის ქვეშ დრენაჟის მოწყობა მისი დაგების ტექნოლოგიას ართულებს. თხრილი უფრო ღრმად უნდა გათხაროთ, ჩადებული მილის დიამეტრის გათვალისწინებით. გარდა ამისა, ბეტონის ფილის საყრდენად ზემოდან კიდევ ერთი ქვიშის, ასევე ღორღის ფენა დაგჭირდებათ. ამის თავიდან ასაცილებლად სადრენაჟო სისტემა შემონაკირწყლის გარე პერიმეტრის გასწვრივ ან მის საზღვრებს გარეთ გააკეთეთ. გაითვალისწინეთ, რომ თავად შემონაკირწყლს მცირე დახრილობა აქვს, სანიაღვრე კანალიზაციისთვის საკმარისია ბეტონის ფილების გარე პერიმეტრის გასწვრივ წყალსარინის ღარი დაამონტაჟოთ.

ნაბიჯი 6: ყალიბის მონტაჟი

ღორღით ბაზის მომზადების შემდეგ ბეტონის ჩამოსხმა შეგიძლიათ დაიწყოთ. პირველ რიგში, ყალიბი დაამონტაჟეთ. ესაა კონსტრუქცია, რომელიც ახალდაგებულ ბეტონს დაიკავებს და შემონაკირწყლს საჭირო ფორმას მისცემს.

სხვათა შორის, ფიქსირებული ყალიბი ჯერ კიდევ ქვიშის ბალიშის დაგებამდე მონტაჟდება. როგორც წესი, მისი დაგება მარტივია, ამიტომ პროცესს დეტალურად არ აღვწერთ. მოსახსნელი ყალიბი ხელით იკრიბება და ცალკეულ დეტალებს განხილვა სჭირდება.

პირველ რიგში, ყალიბის საზღვრები ინიშნება. ამისთვის იგივე ჯოხები და თოკი გამოიყენეთ, რომელთა დახმარებით თხრილის საზღვრები მონიშნეთ.

შემდეგ თოკის გარე მხარეს მიწაში ხის ძელები 1,5-2 მ დაშორებაზე ჩაარჭეთ. მინიმუმ 10-15 სმ–ზე ჩააღრმავეთ. ეს ძელები შემაკავებელ ფუნქციებს შეასრულებს. საქმე იმაშია, რომ ახალჩასხმული ბეტონი ყალიბზე გვერდითა ზეწოლა იწყებს. თუ გარედან გაძლიერებული არაა, უბრალოდ დაიშლება, ხოლო ახალჩასხმული ნარევი გამოჟონავს. დამატებითი საიმედოობისთვის ხის დაფები დაუმატეთ. თოკები და ჯოხები აღარ დაგჭირდებათ, ამიტომ მუშაობის გაგრძელებამდე ამოიღეთ.

ახლა ყალიბის გვერდები გააკეთეთ. ამისთვის 25-30 მმ სისქის დაფები დაგჭირდებათ. საძირკვლის მხრიდან ხის ძელებს მჭიდროდ მიამაგრეთ. თვითხრახნები ან ლურსმნები გამოიყენეთ. აქ, ბზარები არ უნდა დაუშვათ, რომ ბეტონმა მისი გავლით არ გამოჟონოს.

ყალიბის ყველაზე სუსტი მხარე კუთხეებია. სასურველია, მიწაში ხის ძელების ნაცვლად ლითონის კუთხეები ჩაარჭოთ, რომელიც დაფებს შეერთების ადგილზე დაიკავებს.

ერთგვარი კონტეინერი გამოვა, რომელშიც მოგვიანებით ბეტონს ჩაასხამენ. ამ მომენტამდე კიდევ რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროთ. ჰიდროიზოლაცია მოაწყოთ, არმატურით გაამაგროთ და დეფორმაციული ნაკერები დაამონტაჟოთ.

ნაბიჯი 7: ჰიდროიზოლაცია

იმის მიუხედავად, რომ ბეტონი წყალგაუმტარი მასალაა, ბზარების გაჩენის რისკი არსებობს. ამ ბზარებიდან სითხე შიგნით აღწევს და შემონაკირწყლის ეფექტი ნულდება.

ამის თავიდან ასაცილებლად, შემონაკირწყლის ქვეშ ბაზა ჰიდროსაიზოლაციო ფენით დაფარეთ. გამოგადგებათ სხვადასხვა მასალა:

  • გუდრონი. ერთ–ერთი ბიუჯეტური ვარიანტი. ღორღის ფენა გუდრონით დაფარეთ. ასე პრიმიტიულ იზოლაციას გააკეთებთ. გუდრონის მომზადება რთული და ბინძური პროცესია. ასეთი მასალა იშვიათად გვხვდება: ხშირად ბიტუმზე დაფუძნებული სხვადასხვა მასტიკა იყიდება.
  • ბიტუმის საჟღენთი. როგორც გუდრონის შემთხვევაში, ბიტუმი ღორღის ზედა ფენას ტენიანობისგან იცავს. დიდად ეფექტური არაა: თუ ბეტონში ბზარები გამოჩნდება, ასეთი საჟღენთის არსებობა წყლისთვის სერიოზული დაბრკოლება ვერ გახდება. ეფექტურია ე.წ. „შავი ხრეშის“ გამოყენება. ეს იგივე ხრეშია, მაგრამ ბიტუმით გაჟღენთილი. ასეთი მასალა გზებზე გამოიყენება, როცა სხვა ჰიდროიზოლაციის მეთოდის გამოყენება შეუძლებელია. შავი ხრეში ძვირია, ამიტომ კერძო მშენებლობაში იშვიათად გვხვდება. ბიტუმი და გუდრონი ვერტიკალური ჰიდროიზოლაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. მათ შემონაკირწყლის მიმდებარედ საძირკვლის ნაწილში იყენებენ.
  • რუბეროიდი. შედარებით იაფი მასალა. სახურვის და ქვესაფენის ვარიანტები გამოგადგებათ.
  • ჰიდრომინაიზოლი. არმირებული მინაბოჭკო პოლიმერული ფირით გაძლიერებული. გარეგნულად რუბეროიდს წააგავს, მაგრამ უკეთესი მახასიათებლები აქვს.
  • პვს ფირი. გამოიყენება ისეთი ზედაპირების დასაფარად, რომელსაც მუდმივად წყალთან კონტაქტი აქვს (მაგალითად, აუზზე). ასეთი ფირი საძირკველს შემონაკირწყლის მხრიდან სითხისგან საიმედოდ იცავს.
  • პვპ მემბრანა. მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან მზადდება, ყინვაგამძლეა, მჟავეებთან და ტუტეებთან რეაქციაში არ შედის, უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე სხვა ჰიდროსაიზოლაციო მასალები (150 წლამდე). ხშირად პვპ მემბრანა შემონაკირწყლის ზედა ფენად გამოიყენება, როცა ბეტონის ჩასხმაზე დაზოგვის მიზნით უარს ამბობენ.
  • თიხა. ამ მასალას რუბეროიდის, პვს ფირის და მემბრანის გამოგონებამდე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ. თიხასთან მუშაობა უნდა იცოდეთ, სხვა შემთხვევაში საპირისპირო ეფექტს მიიღებთ. როგორც უკვე გითხარით, თიხას გასივება ახასიათებს: წყლით გაჯერებისას მოცულობაში ძლიერ იზრდება, რაც ბეტონის შემონაკირწყლს დააზიანებს. ამის თავიდან ასაცილებლად 15 სმ სისქის თიხის ფენა ვიბროფილით კარგად დატკეპნეთ. თავად თიხა აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს: მასში წყალში ხსნადი მინარევები, ასევე წყალგამტარი კომპონენტები არ უნდა შედიოდეს.

გარდა ამისა, სამშენებლო მაღაზიებში იყიდება პროფესიონალური ჰიდროსაიზოლაციო ნარევები და ხსნარები. ძვირია, მაგრამ მარტივი გამოსაყენებელია და საუკეთესო შედეგის მიღწევის საშუალებას იძლევა.

არჩეული მასალის მიუხედავად თავად შემონაკირწყლის ბაზაც და შენობის საძირკველიც იზოლირებული უნდა იყოს. რულონის მასალის გამოყენების შემთხვევაში ისე დააგეთ, რომ მცირე ნაწილი (15-20 სმ) საძირკველზე გადავიდეს.

ნაბიჯი 8: თბოიზოლაცია

შენობა სითბოს დაკარგვისგან რომ დაიცვათ, ჰიდროსაიზოლაციო ფენას ზემოდან მათბუნებელი დაუმატეთ. ამ მიზნით 5-20 მმ დიამეტრის კერამზიტის ნატეხები საუკეთესოა. პერლიტის ქვიშაც შესაფერისია. 1-3 სმ ფენა დააგეთ, შემდეგ რულონის ჰიდროსაიზოლაციო მასალით დაფარეთ. ადრე თბოიზოლაციისთვის გრანულირებულ წიდას და წიდაბამბას, პოროლონს და დაპრესილ ტორფს იყენებდნენ.

გარდა ამისა, რეკომენდებულია ბოლო თაობის მაღალეფექტურ თბოსაზიოლაციო მასალებს გადახედოთ. ისინი ზოგადი დანიშნულების პოლისტირონისგან (მაგალითად, პენოპლექსი, ტექნოპლექსი და სხვა) ექსტრუზიის მეთოდით მზადდება.

ნაბიჯი 9: დაარმატურება

თითქმის ყველა საპასუხისმგებლო სამშენებლო სამუშაოებში არმატურის კარკასით გამაგრებული რკინაბეტონი გამოიყენება. შემონაკირწყლი მსგავს სამუშაოებს არ მიეკუთვნება, რადგან სერიოზულად არ იტვირთება. და მაინც, თუ აპირებთ სახლის გარშემო გზად გამოიყენოთ, არმატურით გაძლიერებას გირჩევთ.

ამ მიზნით შესაფერისია შემდეგი მასალები:

  • ლითონის ბადე უჯრებით 50х50, 100х100 ან 150х150 მმ და 4-8 მმ დიამეტრით
  • ლითონის ჯოხით 4-16 მმ დიამეტრით

ბადესთან მუშაობა მარტივია, რადგან უკვე საჭირო ფორმა აქვს. აი, ჯოხები ჯერ მავთულებით უნდა გადააბათ ან შეადუღოთ, შემდეგ მსგავსი ბადე გააკეთოთ.

მნიშვნელოვანია, რომ არმატურის ფენა ბეტონის შიგნით იყოს. ასე გამძლე კონსტრუქციას მიიღებთ. ამისთვის, არმატურის აწევაა საჭირო. უმარტივესი მეთოდი: მაღაზიაში სპეციალური ფიქსატორები შეიძინეთ. ძვირი არ ღირს. ფიქსატორად აგურის ან ქვის ერთნაირი სიმაღლის ნაჭრებიც გამოგადგებათ.

ფიქსატორები ყალიბის მთელ ფართობზე 1,5-2 მ დისტანციაზე განათავსეთ. შემდეგ ერთ ფენად ლითონის ბადე ან წნელები დააგეთ. არმატურა საძირკველს არ მიამაგროთ: შემონაკირწყლი სახლის დანარჩენი კონსტრუქციისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში ბეტონი დაწევის ან მიწის ამობურცვის გამო ბზარებით დაიფარება.

ნაბიჯი 10: დეფორმაციული ნაკერების მოწყობა

ეს შემონაკირწყლის მონტაჟისას აუცილებელი ეტაპია. თუ ბეტონს ყალიბში უწყვეტ ფენად ჩაასხამთ, დიდი ზომის მონოლითურ კონსტრუქციას მიიღებთ. ასეთ შემონაკირწყლში ბზარების გაჩენის დიდი რისკია. სხვა საქმეა, როცა შემონაკირწყლი ცალკეული სექციებისგან შედგება, სადაც თითოეული დატვირთვას მეზობელ ნაწილზე გადატანის გარეშე განიცდის.

დეფორმაციული ნაკერების მოწყობა საშუალებას მოგცემთ, რომ ბეტონი ყალიბში მარტივად ჩაასხათ. პირველ რიგში, თითოეულ სექციას საჭირო დახრას მარტივად მიანიჭებთ. მეორეც, ბეტონი რამდენიმე დღეში შეგიძლიათ ჩაასხათ, მზა კონსტრუქციის სიმტკიცის შემცირების ხარჯზე.

დეფორმაციული ნაკერების მოსაწყობად ყალიბის გასწვრივ 1,5-2 მ დისტანციაზე 30 მმ–მდე სისქის დაფები ისმება. ისინი ერთ სექციას მეორისგან უნდა ყოფდეს. დაფების ნაცვლად მათბუნებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რომელიც 25-30 მმ სისქის ზოლებად უნდა დაჭრათ. ლითონის მზა დეფორმაციული ნაკერები შეგიძლიათ იყიდოთ.

ნაკერები შემონაკირწყლის დახრილობის გათვალისწინებით დაამონტაჟეთ. შენობის კუთხეებში ნაკერები დიაგონალზე განალაგეთ. გასამაგრებლად თვითხრახნებით ან ლურსმნებით დაამაგრეთ.

ხეს ლპობა ახასიათებს და შეიძლება სხვადასხვა მწერის „სახლი“ გახდეს, ამიტომ დამონტაჟებამდე ანტისეპტიკით გაჟღინთეთ, ზემოდან ბიტუმით ან სხვა წყალგაუმტარი ნარევით დაფარეთ.

თუ ფიქრობთ, რომ მზა შემონაკირწყლში ხის ნაკერები უშნოდ გამოიყურება, ბეტონის გამაგრების შემდეგ მოხსენით. წარმოქმნილი სიცარიელე გასიებული პროფილით ან სპეციალური ჰერმეტიკით ამოავსეთ.

ნაბიჯი 11: ბეტონის ნარევის მომზადება

შემონაკირწყლის ბეტონს გარკვეული მახასიათებლები უნდა ჰქონდეს. როგორ მოამზადოთ, რა მასალები და ხელსაწყოები გამოიყენოთ და რა პროპორციებით აურიოთ, ამის შესახებ უკვე გიამბეთ. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გადავდივართ.

ნაბიჯი 12: ბეტონის ყალიბში ჩასხმა

ბეტონი მომზადებისთანავე გამაგრებას იწყებს. როგორც წესი, რამდენიმე საათში მაგრდება. შეკრული ბეტონის ყალიბში ჩასხმა აღარ გამოგივათ და შეგიძლიათ გადააგდოთ. სწორედ ამიტომ, ბეტონი ოპერატიულად და მცირე პარტიებით მოამზადეთ და ჩაასხით.

ამ საქმის მარტო შესრულება რთულია. 2 საათში ნარევის შერევით და მზა ბეტონის ჩასხმით დაიღლებით. სასურველია, 2–3–მა კაცმა ერთად იმუშაოთ. ერთი ნარევს მოამზადებს, დანარჩენები ყალიბში ჩაასხამენ. ადგილები რეგულარულად შეცვალეთ და შეისვენეთ, რომ არ დაიღალოთ.

თუ ბეტონის შემრევს იყენებთ, საჭირო სიგრძის ღარი გაუკეთეთ, საიდანაც ნარევი პირდაპირ ყალიბში ჩაისხმება. ამ შემთხვევაში მუდმივად მორევა მოგიწევთ და ყველა კომპონეტის მიწოდება.

ჩასხმული ბეტონი ყალიბში თანაბრად გაანაწილეთ. ახლა ნარევი ჩატკეპნეთ: ეს ღრმა ვიბრატორით გააკეთეთ. ხსნარში ჩადეთ და რამდენჯერმე ყალიბის გასწვრივ გადაატარეთ. ვიბრაციის ხარჯზე ზედმეტი სიცარიელე გაქრება, ხოლო ღორღი და სხვა კომპონენტები მთელ მოცულობაში თანაბრად განაწილდება.

თუ ღრმა ვიბრატორის გამოყენების შესაძლებლობა არ გაქვთ, ბარვის მეთოდი გამოიყენეთ. პატარა ლითონის წნელი აიღეთ და ჩასხმულ ნარევში ჩადეთ, შემდეგ ამოიღეთ. ამავდროულად, წნელი სპირალურად ატრიალეთ, რომ ჰაერი ზემოთ ამოვიდეს. დიდხანს გააკეთეთ, თითოეული ნაწილი დაამუშავეთ (ყოველ 10 სმ²–ზე წნელის ერთი ჩაძირვა). ასეთი მეთოდი ნაკლებად ეფექტურია, ამიტომ შემონაკირწყლში დაუტკეპნელი ადგილი დარჩება. ეს მომავალში ბზარების გაჩენის მიზეზი გახდება.

ბეტონის დატკეპნის შემდეგ ზედაპირი გაასწორეთ და საჭირო დახრილობა მიანიჭეთ. ამისთვის საწრფევი ან ქაფჩა გამოიყენეთ. დეფორმაციული ნაკერები საძირკვლის მხრიდან დახრით არის დაგებული, ამიტომ ბეტონი საკმარისია ისე გაასწოროთ, რომ მისი ზედაპირი ნაკერის ზედაპირის ტოლი იყოს.

ნაბიჯი 13: ბეტონის მოვლა

ბეტონი 28 დღის განმავლობაში სიმტკიცეს იძენს. იმის მიუხედავად, რომ მისი ზედაპირი უკვე 2-3 საათში მყარი ჩანს, შიგნით ნარევი ელასტიური რჩება. სწორედ ამიტომ, ახალჩასხმულ ბეტონზე სწორად უნდა იზრუნოთ.

ამისთვის, პირველ კვირას ყოველდღე, დღეში 2–ჯერ წყლით მორწყეთ. საქმე იმაშია, რომ დაგებული ნარევიდან ორთქლდება სითხე, რომელმაც დანარჩენ კომპონენტებთან შერევა ვერ მოასწრო. არადა სითხე ბეტონის სწორად გასამაგრებლად აუცილებელია. სხვა შემთხვევაში შემონაკირწყლი ჯერ კიდევ გამოყენებამდე ბზარებით დაიფარება. ამის თავიდან ასაცილებლად ბეტონი წყლით უხვად მორწყეთ.

გარდა ამისა, ბეტონი მზის სხივების, ნალექის და მექანიკური დაზიანებისგან უნდა დაიცვათ. ამისთვის ფირი დააფარეთ. ფირი სამონტაჟო ლენტით ან კავებით დაამაგრეთ. ზემოდან ფანერის ან შიფერის ფურცლები დააფინეთ ისე, რომ ბეტონს არ ეხებოდეს.

ბეტონის ჩასხმიდან 2 კვირის შემდეგ ყალიბი შეგიძლიათ მოხსნათ. თუ ამას ადრე გააკეთებთ, კონსტრუქცია ფორმას შეიცვლის. ბეტონზე გავლა და მასზე ტვირთის დადება ჯერ არ ღირს. კიდევ 10-14 დღე ლოდინი მოგიწევთ. უკვე ახლა ყალიბის გარე მხარე დეკორატიული ბორდიურით შეგიძლიათ გააფორმოთ. ასე კონსტრუქციას მიმზიდველ გარეგნობას მიანიჭებთ და შემონაკირწყლის სიმტკიცეს გაზრდით.

პრინციპში, 1 თვეში ბეტონი გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს. დამატებითი დაცვისთვის ე.წ. „მორკინვა“, ანუ ბეტონის ზედაპირის დამუშავება საჭიროა. ასე წვრილ ბზარებს თავიდან აიცილებთ და შემონაკირწყლის ცვეთამედეგობას გაზრდით.

ამისთვის ცემენტის და ქვიშის ნარევი (1:1) მოამზადეთ. კირქვის რძე (მშრალი კომპონენტების მასის 1/10 ნაწილი) დაუმატეთ. კარგად აურიეთ და ხსნარი შემონაკირწყლის ზედაპირს წაუსვით.

ზოგჯერ ბეტონს ცემენტის და თხევადი მინის ხსნარით ამუშავებენ. ასე შემონაკირწყლი ტენიანობისგან დაცული იქნება. ასეთ საჟღენთად მუშაობას დამატებითი გამოცდილება სჭირდება. საქმე იმაშია, რომ თხევადი მინა მყისიერად მაგრდება. სწორედ ამიტომ, ხსნარი სწრაფად უნდა წაუსვათ.

ბეტონისთვის პროფესიონალური საჟღენთებიც არსებობს. ისინი ჰიდროფობიურ თვისებას, ყინვაგამძლეობას და სიმტკიცეს ზრდიან. შეფუთვაზე გამოყენების დეტალურ ინსტრუქციას იპოვით.

ახლა იცით, როგორ გააკეთოთ ბეტონის შემონაკირწყლი სახლის გარშემო საკუთარი ხელით. შეგახსენებთ, რომ მძიმე და ძვირიანი პროცესია. ყველა მასალის დამოუკიდებლად ყიდვა და ნაკვეთზე ატანა, ასევე აუცილებელი ხელსაწყოების ქირაობა, ნარევის მომზადება და ჩასხმა მოგიწევთ. ხშირად მზა ბეტონის შეკვეთა უფრო იაფი და სწრაფია. ხსნარს პირდაპირ ნაკვეთზე მოგიტანენ და ჩასასხმელად სრულად მზად იქნება.