კომპაქტური ხის სახლი „გამოქვაბულის“ ნიშებით და პანორამული ფანჯრებით

სიგურდ ლარსენმა, დანიელმა არქიტექტორმა ხის მოდულის საინტერესო პროექტი შეიმუშავა. ეს მოდული ავტოსახლად, ბაღის/აგარაკის სახლად ან ეკო კურორტის და ტურისტულის ბაზის ნომრად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გერმანულმა კომპანიამ Raus სასტუმრო სტარტაპის განხორციელება დაიწყო, რომელიც შექმნილია ქალაქელების მოსაზიდად, რომელთაც ხელუხლებელ ბუნებაში, ცივილიზაციისგან შორს დასვენება სურთ.

ბერლინში დაფუძნებულმა სტარტაპმა Raus, რომელიც სასტუმრო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულია, მიკრო სახლის შესაქმნელად სიგურდ ლარსენთან (Sigurd Larsen), დანიელ არქიტექტორთან ძალების გაერთიანება გადაწყვიტა. მიკრო სახლი სასტუმროს იდეალური ნომერი უნდა გახდეს. ხის მოდული ეკოლოგიური წესების და საყოფაცხოვრებო პირობების მიმართ თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით შექმნეს, რადგან გათვლილია ქალაქელზე, რომელსაც ხმაურიანი და დამხუთველი ქუჩიდან ბუნებაში გაქცევა სურს.

მოდულის სტრუქტურული მახასიათებლები: ხის სახლი განლაგებასა და დიზაინზე რაციონალურ მიდგომას ასახავს. მაღალი ჭერი, მასშტაბური შემინული ფასადები, გასაწევი გამჭვირვალე კარები, სინათლის ლუქები, შეზღუდული სივრცის ოპტიმიზაცია – ეს ყველაფერი 18 მ² ფართობის მოდულს ვიზუალურად ფართოს და მყუდროს ხდის. მაქსიმალური შემინვა შიდა სივრცეს ბუნებრივი სინათლით და მიმდებარე გარემოზე შეუფერხებელი ხედებით უზრუნველყოფს. მრავალფუნქციური ავეჯი, ვერტიკალური ზედაპირების ათვისება და ჭერის სიმაღლე საშუალებას იძლევა, რომ კომპაქტურ ნომერში 4 ადამიანი განთავსდეს – 2 უფროსი და 2 ბავშვი (ან 3 უფროსი და 1 ბავშვი).

მდგრადი არქიტექტურის პრინციპების დაცვით, მოდულური სახლი ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით (მათ შორის მოპირკეთება და იზოლაცია) აშენდა, რომელიც გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს არ აყენებს. ძირითადად, ფიჭვის დაფები და ნაძვის ხის ფანერები გამოიყენეს. ამ პროექტის განმასხვავებელი ნიშანია ტყის ქოხის ექსტერიერის და ინტერიერის ფერის შერჩევა. დიზაინერმა უპირატესობა მიანიჭა შავ ფერს, რომ ობიექტი ბუნებრივ გარემოს ჰარმონიულად შერწყმოდა, თან შიდა სივრცე საერთო შემინვიდან დანახული სილამაზიდან ყურადღებას არ ფანტავდეს. სხვათა შორის, კედლის მოპირკეთებაში, ავეჯსა და ჩაშენებულ ავეჯში შავი ფერის გამოყენება, მინის ანარეკლს ამცირებს, მაგრამ ეს ყველაფერი არაა, რისი მიღწევაც  დამპროექტებლებს სურდათ, როცა ასეთი ფერები აირჩიეს.

კომპაქტური ზომის გათვალისწინებით, რომელიც, სხვათა შორის, სააგარაკო და ბაღის სახლს მარტივად ჩაგინაცვლებთ, საცხოვრებელი სივრცის მოწყობისას ჩაშენებულ ავეჯს და მთელ ზონებს (ასევე შავი) უპირატესობა მიანიჭეს. „საწოლი, დივანი, ორსართულიანი საწოლი და სააბაზანო – ეს ნიშები კედელშია, რომელიც სიღრმეში დამალულია. ასე ღრმა გამოქვაბულში ყოფნის შეგრძნება ჩნდება, სადაც შეგიძლიათ დაიმალოთ და თავი ერთი მხრივ დაცულად იგრძნოთ, მეორე მხრივ, სხვა მიმართულებით სრული ხედი გქონდეთ“ – განმარტავს სიგურდ ლარსენი, პროექტის ავტორი.

რაც შეეხება განლაგებას, აღსანიშნავია მისაღები ზონის და სამზარეულოს მომგებიანი განლაგება, რომელიც კუთხურ ფანჯარასთან მდებარეობს და ბუნებაში ორმხრივ ხედს უზრუნველყოფს. მისაღებ ზონაში განთავსებულია სრული ზომის რბილი დივანი, რომელიც ზრდასრულისთვის დამატებით საძინებელ ზონად ან დასაჯდომად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბავშვებს პირდაპირ დივანთან სიურპრიზი ელით. პატარა კიბით მეორე სართულზე შეგიძლიათ ახვიდეთ, სადაც კიდევ ერთი საწოლი სინათლის ლუქით მდებარეობს.

იმის მიუხედავად, რომ სახლში მხოლოდ პატარა სამზარეულოა, ყველაფერი აქვს, რომ ოჯახმა არა მხოლოდ განმარტოებით, არამედ ლამაზ გარემოში მომზადებული სახლური კერძებით ისიამოვნოს. ისევე როგორც დილის ყავა შეგიძლიათ დალიოთ, ისადილოთ ან რომანტიკული ვახშამი მოაწყოთ. ეს შეგიძლიათ გვერდითა ფანჯარასთან მოაწყოთ, სადაც ვიწრო ფანჯრის რაფა ბარის დახლის როლს ასრულებს ან სახლის მეორე მხარეს მდებარე ღია ტერასაზე გახვიდეთ.

მოდულის ცენტრალურ ნაწილს იკავებს ჩაშენებული სააბაზანო ოთახი ტროპიკული საშხაპით, ნიჟარით, უნიტაზით და ჩაშენებული კარადით კოსმეტიკური და სარეცხი საშუალებების, ასევე აბაზანის აქსესუარების შესანახად. სააბაზანოში თავი ვიწრო კარადაში რომ იგრძნოთ, გათვალისწინებულია კიდევ ერთი სინათლის ლუქი ჭერზე. ასე წყლის პროცედურა ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ რომანტიკოსებს გაახარებს.

მთავარი საძინებელი დიდი საწოლით („queen-size“) ორ შეყვარებულზეა გათვლილი და მდებარეობს შესასვლელიდან მარჯვნივ. პირდაპირ აქედან ქუჩაში შეგიძლიათ გახვიდეთ, რადგან სახლის ამ ნაწილს მოძრავი მინის კარი აქვს, რომელიც ფასადის დიდ ნაწილს იკავებს. გარდა ამისა, საძინებელს კიდევ ერთი მინის კარი აქვს, რომელიც სახლის ბოლოში მდებარეობს. ასე ტერასაზე შეგიძლიათ მოხვდეთ. აქ შეგიძლიათ სუფთა ჰაერზე ბუნების სილამაზით, ჩიტების ჭიკჭიკით დატკბეთ და ბაღის სავარძლებზე მყუდროდ მოეწყოთ.

Raus–ის სტარტაპი გათვლილია სასტუმრო ბიზნესზე, რომელიც დაცულ ზონებში ან სასოფლო–სამეურნეო მიწებზე მდებარეობას ითვალისწინებს, ამიტომ ხის სახლებს–ნომრებს ინოვაციური სისტემები აქვს. მათი დახმარებით ცენტრალური კომუნიკაციებისგან შორს არსებობა შეუძლია. ტყის ქოხში სინათლე, სითბო და ცხელი წყალი რომ იყოს, მზის პანელები საჭირო კონვერტაციის მოწყობილობებით დამონტაჟებულია, ასევე აქვს სარეზერვო გენერატორი და შეშის ღუმელი. წვიმის წყალი სპეციალურ კონტეინერებში გროვდება, სადაც იწმინდება, შემდეგ სასმელ წყლად ან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოიყენება. ამავდროულად, ჩამდინარე წყალი მუშავდება, რომ უსაფრთხოდ გამოიყენონ.

აღსანიშნავია: Raus–ის თვითკმარი მოდულური სახლის გამოცდილი ნიმუში გასული წლის ოქტომბერში ბერლინიდან 1 საათის სავალზე, ბიზენტალიის (Biesenthal) პროვინციაში, კულტურული ცენტრის Wehrmuehle ტერიტორიაზე დამონტაჟდა. ეს მწვანე მდელოებით გარემოცული ულამაზესი ისტორიული მამულია, რომელიც ყოველწლიური საერთაშორისო გამოფენის Art Biesenthal მასპინძელია, სადაც თანამედროვე ხელოვნების და კულტურის წარმომადგენლები და დამფასებლები იკრიბებიან. სკოლის მეგობრები, კრისტოფერ ეილერსი, იოჰან ალერსი და ჯულიან ტრაუტვაინი, ტექნოლოგიური სტარტაპის Raus დამფუძნებლები არ ჩერდებიან. ახლა ტყის ქოხებს დიდ დასახლებებთან დგამენ, რომ ქალაქელებმა ნებისმიერ მომენტში დასასვენებლად წასვლა შეძლონ, სადაც ბუნებაში ზედმეტი ხარჯების გარეშე (როგორც გზაზე დახარჯული დრო, ასევე ფინანსები) დაისვენებენ.