7 პენსიონერი ნივთი, რომელიც ინტერიერში დიდხანს დაყოვნდა

მოდური და მყუდრო ინტერიერი რომ შექმნათ, რაღაც ძვირადღირებულის და ულტრამოდურის ყიდვა აუცილებელი არაა. ზოგჯერ საკმარისია მოიშოროთ მოძველებული ნივთები, რომლებიც ბინაში 2000-იანი წლების ატმოსფეროს ქმნიან. Novate დეტალურად გიამბობთ, რომელი ნივთების ადგილი არაა თქვენს სახლში.

1. ბორდიური შპალერზე

ბორდიურს სხვა სახელიც აქვს – ფრიზი, კანტი. ეს დეკორატიული ელემენტია, რომელიც კედელს ორ ნაწილად ყოფს. ბორდიური შპალერის ზოლია, რომელიც ტილოს ზემოთ ან პირაპირის ადგილას ეწებება. ადრე დეკორაციად, ასევე ზონირების საშუალებად იყენებდნენ. თანამედროვე ინტერიერში ბორდიური უცნაურად და უადგილოდ გამოიყურება, ბინას წარსულის გადმონაშთად აქცევს. თან საეჭვო სარგებელი აქვს – გამოცდილი ხელოსნები შპალერს ისე აწებებენ, რომ პირაპირი არ ჩანს, ხოლო ოთახის ზონებად გასაყოფად გამოიყენება სხვა მეთოდები: განათება, ფერები, ავეჯი, ტიხარი. თუ უფრო დეკორატიულ ელემენტებზე ვსაუბრობთ, ხის ლარტყები უფრო მოდურია.

2. პიანინო, რომელზეც არავინ უკრავს

ჩვეულებრივ, ეს მუსიკალური ინსტრუმენტი ბინასთან ერთად მემკვიდრეობით გადადის, ამიტომ სტუმრების კითხვაზე: „ვინ უკრავს“ ლოგიკური პასუხია „არავინ“. რა საჭიროა დიდი ავეჯის შენახვა, რომელიც მისაღები ოთახის ნახევარს იკავებს? ხშირად პიანინოს გადაგდება უბრალოდ გვენანება. მაშინვე გვახსენდება, როგორ უკრავდა მასზე დედა, ბებია ან რომელიმე ნათესავი და ვფიქრობთ, რომ ინსტრუმენტის მოშორებით ახლობლებს ვღალატობთ.

სინამდვილეში, ეს მცდარი მოსაზრებაა. ნივთები, რომელთაც არ იყენებთ, ბინას და თქვენს ცხოვრებას ხარახურით ავსებს. უმჯობესია პიანინო მისცეთ მას, ვისაც ნამდვილად სჭირდება. დაე, უსაქმოდ არ იდოს, არამედ ვინმეს მუსიკის ვარჯიშში დაეხმაროს. იგივე ეხება სხვა უსარგებლო ნივთებს: სერვიზი, სტატუეტი, ძველი სერვანტი, რომლის კარიც არ იკეტება და სხვა. ისინი მხოლოდ ქაოსს ქმნიან და იმ ნივთების განთავსების საშუალებას არ გაძლევთ, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ.

3. ჭრელი ხალიჩა

ფერადი ხალიჩა კედელზე ან იატაკზე წარსულის გადმონაშთია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც ძვირფასი ნივთი. ადრე გონივრული იყო, რადგან მსგავსი ფერები (ბუნდოვანი ორნამენტი და წითელი ფერის სიმრავლე) წარმოუდგენლად აქტუალური იყო. ყველა ოცნებობდა, რომ ბინაში ფერადი ხალიჩა დაეგო და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხებს სიცივისგან იცავდა და კარგ ხმის იზოლაციას უზრუნველყოფდა. ტექსტილი მაღალი სტატუსის მაჩვენებელი იყო, მაგალითად, როგორიცაა ბროლის ლარნაკი ან „მადონას“ სერვიზი.

თანამედროვე ბინის ინტერიერს საბჭოური ხალიჩებიდან მხოლოდ შალის ხალიჩა მკაფიო ნახატებით და საზღვრებით მოერგება. ფერები შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ უფრო აქტუალურია ნეიტრალური (თუ ხალიჩის აქცენტად გამოყენებას არ გეგმავთ).

ჭუჭყიანი ფერის ხალიჩებიც მოიშორეთ. პოლიპროპილენის ნაწარმი არა ერთი ათწლეული ძლებს და ამის გამო უფრო გამაღიზიანებელია. ფრაზა „ახალს ვიყიდი, როცა ძველი გამოუსადეგარი გახდება“ აქ არ მოქმედებს. დაახვიეთ და სანაგვეზე გაიტანეთ. შვებას მაშინვე იგრძნობთ და ოთახში სუნთქვა გამარტივდება.

4. ჭყეტელა ჭერი

ახლა გასაჭიმი ჭერი საუკეთესო დროს არ გადის. ბევრ ადამიანს რამდენიმე სანტიმეტრი სიმაღლის მსხვერპლად გაღება არ სურს, ამიტომ ჭერის გასწორებას და შეღებვას უპირატესობას ანიჭებს. თუ მაინც გასაჭიმი ჭერი აირჩიეთ, რაიმე ნახატის ან სიუჟეტის დაბეჭდვაზე უარი თქვით. ასეთი ჭერი ბევრ ყურადღებას იზიდავს, თან სტილით და ჩანაფიქრით ინტერიერის დანარჩენი ნაწილისგან განსხვავდება. ათასიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა შეიძლება იყოს ეფექტურად შერჩეული. კარგად აწონდაწონეთ ყველაფერი, სანამ „დიზაინერულ“ ჭერს შეუკვეთავთ. ერთფერიანი ჭერი ნაზი ელფერით უფრო ლამაზი, გონივრული და ლაკონურია. აუცილებელი არაა, რომ თეთრი იყოს, მაგრამ თუ საზღვრების წაშლა, ოთახის ვიზუალურად გაზრდა და ჰაერით ავსება გსურთ, უპირატესობა ნათელ ფერებს მიანიჭეთ.

5. ფარდა ლამბრეკენით

ლამბრეკენი ქსოვილია, რომელიც კარნიზზე ან ფარდაზე მაგრდება. მისი მთავარი ამოცანაა გაფორმება. შექმნილია იმისთვის, რომ ფანჯარა დამატებით გააფორმოს და ინტერიერის კომპოზიციის ცენტრად აქციოს. ადრე მასიური ფარდები მრავალრიცხოვანი ნაკეცებით და ფურჩალებით სიმდიდრის და მაღალი სტატუსის ნიშანი იყო. ფარდა მისაღები ოთახის მთავარი აქსესუარი იყო. სამწუხაროდ, უბრალო პატარა ბინას სასახლედ ვერ აქცევს და უცხო ნივთად გამოიყურება. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ლამბრეკენზე უარის თქმა დაიწყეს იმაშია, რომ ძალიან ბევრ მტვერს აგროვებს.

ახლა მოდაშია სიმარტივე, სიმსუბუქე და ლაკონურობა, ამიტომ „ძვირადღირებული–მდიდრული“ სტილის ფარდები ბინის მფლობელის ცუდ გემოვნებაზე საუბრობს. დიზაინერები გირჩევენ უპირატესობა მიანიჭოთ უწონო ფარდებს, რომლებიც ოთახში სინათლის შემოსვლას ხელს არ უშლის. თუ სქელი ფარდა საჭიროა, ერთფერიანი მოდელი ჭრელი ნახატების გარეშე აირჩიეთ. სხვათა შორის, ტექსტილი შესანიშნავი აქცენტი შეიძლება გახდეს, მაგრამ სხვა დეტალებით მხარი უნდა დაუჭიროთ, მაგალითად, ხალიჩით, დივნის ბალიშებით, მაგიდის სალფეთქებით (თუ საქმე სამზარეულო–მისაღებ ოთახს ეხება).

შენიშვნა: ჟალუზიც საუკეთესო ვარიანტი არაა. იმის მიუხედავად, ლითონისაა თუ პლასტმასის, მტვერს აგროვებს, მისი გარეცხვა რთულია და საშინლად შრიალებს. ასევე მისი გაღება და დახურვა ყოველთვის პრობლემას იწვევს. მიდი და გაარკვიე, რომელ თასმას უნდა დაექაჩოთ.

6. გაზეთებისა და ჟურნალების დასტა

გასაგებია, რატომ ინახავდნენ დედები და ბებიები ბეჭდურ პუბლიკაციებს. გაზეთები და ჟურნალები ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო. მასში შეგეძლოთ გეპოვათ სხვადასხვა კერძი, რჩევები ბოსტნის მოვლის შესახებ, თარგები, საყოფაცხოვრებო ხრიკები და სხვა სასარგებლო რეკომენდაციები. ახლა, როცა ინტერნეტთან წვდომა გვაქვს, გაზეთის კოლექციის შენახვას აზრი არ აქვს. სწორედ ამიტომ, თუ ბინაში პრიალა ჟურნალები და გაზეთები შემონახული გაქვთ, დროა გადაყაროთ  ან ბავშვებთან ერთად რაიმე გააკეთოთ. უკიდურეს შემთხვევაში კარადაში მათთვის თავისუფალი ადგილი გამოყავით. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბეჭდური მასალა თქვენთვის ძვირფასია, მაგალითად, მათში თქვენი სტატიებია გამოქვეყნებული.

7. ავეჯზე გადასაფარებელი

ავეჯი ინტერიერის ძვირადღირებული ნივთების კატეგორიაში შედის, ამიტომ მფლობელები მას ფრთხილად ეპყრობიან. მაგალითად, დივნის გადასაკრავი რომ დაიცვან, პლედს ან გადასაფარებელს აფარებენ. ერთი მხრივ, ლოგიკურია, მეორე მხრივ, ინტერიერს აუფასურებს. პლედი ხშირად სრიალებს და რბილ ავეჯს მტვრისა და სუნისგან ვერ იცავს, ამიტომ ქიმწმენდის მომსახურებით სარგებლობა მაინც მოგიწევთ. ჩნდება კითხვა: რატომ ცდილობდით რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი დივნის პოვნას, რომელიც ინტერიერს ფერით და ტექსტურით იდეალურად მოერგებოდა, თუ მაინც გადასაფარებლით დაფარვას აპირებდით?

თუ რბილ ავეჯს ყიდულობთ, აირჩიეთ ის, რომელსაც მოსახსნელი გადასაკრავი აქვს ან რომელიც ადვილად არ ისვრება. არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტმა მომჭირნეობამ შეიძლება ინტერიერის გაფორმებაში ჩადებული მთელი თქვენი ძალისხმევა გაანულოს.