7 რჩევა პატარა ბინის გასარემონტებლად, თუ თანხა ვერ შეაგროვეთ, მაგრამ ლოდინითაც დაიღალეთ

რემონტი ყოველთვის რაღაც რთულთან, გრძელვადიანთან და ძვირადღირებულთან ასოცირდება. სწორი მიდგომის შემთხვევაში შეზღუდულ სივრცეში ყველა აუცილებელ ნივთს კომფორტულად განათავსებთ და თანხასაც დაზოგავთ. Novate გიზიარებთ დიზაინერების რამდენიმე ხრიკს, რომელთა დახმარებით საოცნებო ბინას მინიმალური ინვესტიციით გააფორმებთ.

რჩევა 1: მოსაპირკეთებლად საღებავი და ფილები გამოიყენეთ

თუ ბინა პატარაა, კედლებზე მსხვილ ნახატებს მოერიდეთ. საღებავი იდეალური ვარიანტია. ხარჯის შესამცირებლად კედელი კარგად მოამზადეთ. გლუვ ზედაპირზე გაცილებით ნაკლები საღებავი იხარჯება, ვიდრე ხორკლიანზე ან ამობურცული ტექსტურის მქონე შესაღებ შპალერზე. რეცხვად შპალერს უპირატესობა მიანიჭეთ. ასე მომავალში დალაგების პროცესი გამარტივდება, ასევე მასალის გამოყენების ვადა გაიზრდება, რაც მნიშვნელოვანი დანაზოგია.

სამზარეულოს და სააბაზანო ოთახის გაფორმებისას საღებავის და ფილების სწორი კომბინაცია გამოიყენეთ. კერამიკული მასალა ერთფერიანი უნდა იყოს, რადგან პატარა სველ წერტილში სივრცის გადატვირთვის რისკია. გარდა ამისა, ერთ ფერში შესრულებული საბაზისო კოლექციები უფრო იაფი ჯდება. თუ ნერვიულობთ, რომ ინტერიერი მოსაწყენი გამოჩნდება, არასტანდარტული ფერის წაგლესვის დახმარებით ინდივიდუალურობა შემატეთ.

რჩევა 2: მარტივი ჭერი გააკეთეთ

დაბალი ჭერი პატარა ბინის მთავარი მინუსია. სამწუხაროდ, ჭერის სიმაღლეს ვერ გაზრდით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არ გადატვირთოთ. მარტივად გააფორმეთ. პანელი ან თაბაშირ–მუყაოს რამდენიმე დონე ნამდვილად არ გამოგადგებათ.

ორი შესაფერისი ვარიანტი არსებობს. ერთ–ერთი მათგანია გასაჭიმი ჭერი. ერთფერიანი ღია კონსტრუქცია ლამაზად და ლაკონურად გამოიყურება. როგორც გლუვი, ასევე პრიალა ჭერი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ამავდროულად, პრიალა ვარიანტი ჭერს ვიზუალურად ამაღლებს. მეორე ვარიანტი იდეალურია, თუ რამდენიმე სანტიმეტრის მსხვერპლად გაღება არ გსურთ. ესაა შეღებვა. გაითვალისწინეთ, რომ ამ შემთხვევაში ზედაპირი იდეალურად სწორი უნდა იყოს. გასაჭიმი ჭერი ყველა ნაკლოვანებას ფარავს, ხოლო საღებავი უფრო კვეთს. კარნიზი დასაშვებია, მაგრამ მაღალი არ უნდა იყოს, რომ ჭერი ვიზუალურად გაწელოს.

რჩევა 3: კომერციული საფარი აირჩიეთ

ასეთი საფარი საზოგადოებრივი ადგილებისთვის არის განკუთვნილი, ანუ უფრო ცვეთამედეგია, ვიდრე მასალა, რომელსაც საცხოვრებელ შენობებში იყენებენ. ხარისხიანია, თან მსახურობის ვადა გაცილებით მაღალია. ამავდროულად, ფასში მცირე განსხვავებაა.

თანხის დაზოგვის მიზნით ნატურალურ იატაკის საფარს (ხე) თავი აარიდეთ. ლამინატი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. არა მხოლოდ მასალის კლასს, არამედ მის ტენმედეგობას ყურადღება მიაქციეთ. მეორე მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვანია, თუ არ გსურთ, რომ ლამინატი წყლის წვეთების გამო გასივდეს. პოპულარულ უცხოურ ბრენდებში ზედმეტი არ გადაიხადოთ. ადგილობრივ მწარმოებლებს შორის ხარისხიანი ვარიანტები მოძებნეთ.

რჩევა 4: სპოტები ან ჭაღი აირჩიეთ

ჩაშენებული განათება ლამაზია, მაგრამ ორი არსებითი მინუსი აქვს. პირველ რიგში, სამონტაჟოდ ჭერის დაწევა მოგიწევთ. ამას პატარა ბინაში სჯობს თავი აარიდოთ. მეორეც, ხარისხიანი ჩაშენებული განათება ძვირია. თუ თანხას დაზოგავთ და უხარისხოს დაამონტაჟებთ, წყობიდან მალე გამოვა.

სწორედ ამიტომ, ჭაღს რამდენიმე ნათურით ან სპოტებით უპირატესობა მიანიჭეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერ ოთახს რამდენიმე განათების სცენარი სჭირდება. ამ მიზნით ჭერის განათებასთან დამატებით ბრა, ტორშერი, მაგიდის ნათურა გამოიყენეთ.

რჩევა 5: მინის ტიხარი დაამონტაჟეთ

თუ სტუდიო გაქვთ ან უბრალოდ ოთახის რამდენიმე ზონად დაყოფა გსურთ, მინის ტიხარს უპირატესობა მიანიჭეთ. თაბაშირ–მუყაოსგან განსხვავებით დამატებითი სამშენებლო სამუშაო არ სჭირდება. მინის ნაწარმი მსუბუქი და ჰაეროვანია, ისედაც ვიწრო სივრცეს არ ტვირთავს, მზის სინათლეს არ ბლოკავს, მთელ ოთახს სინათლით ავსებს.

თუ ავეჯის მაღაზიაში შესაფერისი ტიხარი ვერ იპოვეთ, ნებისმიერ მინის სახელოსნოში შეუკვეთეთ. ზომის და დიზაინის მიხედვით მინის ტიხრის ფასი 1000 ლარიდან იწყება.

რჩევა 6: იაფ დეკორს ყურადღება მიაქციეთ

პოსტერი ერთ–ერთი მარტივი მეთოდია, რომ სივრცე გააფორმოთ და ხიბლი შემატოთ. მთავარია, არ გადააჭარბოთ, რადგან პატარა ბინაში ვიზუალური ხმაურის შექმნა მარტივია. დეკორის კიდევ ერთი ვარიანტია ცოცხალი ყვავილები. მცენარეები ინტერიერს სიცოცხლეს შთაბერავს და ბინას საზაფხულო ატმოსფეროთი გაავსებს.

ტექსტილი არ დაგავიწყდეთ. დეკორატიული ბალიშები, პლედი, ფარდა საუკეთესო საშუალებაა, რომ გარემოს ფერი და სიმყუდროვე შემატოთ. ძვირადღირებული ფარდა შეგიძლიათ ნეიტრალური ან კედლის ფერი ბიუჯეტური რულონის ფარდით ჩაანაცვლოთ. ასე ზედმეტ ხარჯს თავიდან აიცილებთ და ოთახში ჰაერის, სიმსუბუქის და ფართობის შეგრძნებას შეინარჩუნებთ.

რჩევა 7: ავეჯის შერჩევას არასტანდარტულად მიუდექით

როცა სარემონტოდ და ბინის მოსაწყობად ბიუჯეტი არ გაქვთ, უმჯობესია უარი თქვათ ავეჯის სტანდარტულ ნაწილებზე, რომლებიც არ გჭირდებათ. მაგალითად, პატარა სივრცის პირობებში მიზანშეწონილია მაგიდის ტუმბოს ნაცვლად ჩამოკიდებული თარო, თუნდაც უჯრიანი, გამოიყენოთ. მის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაბურეტი ან მისადგმელი ჟურნალის მაგიდა. არჩევანი დიდია.

სტანდარტულ წიგნების კარადაზეც უარი თქვით. მის ნაცვლად მოდულური სათავსო ან ხელსაწყოების სტელაჟი გამოიყენეთ. როგორც წესი, გაცილებით იაფია, მაგრამ მაინც ღირსეულად გამოიყურება.