„მშრალი კანონი“ პომიდვრისთვის. როგორ მოვრწყათ, რომ თქვენი „სარჩენი“ არ გახდეს

როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი მებოსტნეც ხშირად კითხულობს, თუ როგორ მორწყას პომიდორი სწორად. Novate გიამბობთ, რამდენი წყალი სჭირდება პომიდორს და შეძლებს თუ არა მორწყვის გარეშე გადარჩენას.

მარტივი ჭეშმარიტება: არც ერთ ცოცხალ არსებას უწყლოდ გადარჩენა არ შეუძლია, ასე მცენარეც მიწიდან საკვებს იღებს, ვითარდება და ნაყოფიერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასში წყალია. ერთი შეხედვით, რთული არაფერია. აიღეთ სარწყავი ან შლანგი და მორწყეთ. პომიდორი საინტერესო და თავისებური კულტურაა, რომელიც ნებისმიერ არასწორ მოქმედებაზე რეაგირებს, მოსავლიანობას და ნაყოფის ხარისხს ამცირებს. ეს განსაკუთრებით მორწყვას ეხება. პომიდორს ბევრი წყალი არ უყვარს. არასწორმა მორწყვამ შეიძლება გამოიწვიოს ნასკვების დაყრა, ფოთლების გაყვითლება, ნაყოფის ნელი მომწიფება, ნაყოფის დახეთქვა, მჟავე გემო და წყლიანობა, სოკოთი დაავადება.

ამ საკითხზე ბევრი ავტორის მოსაზრებას კითხულობთ და ჩიხში შედიხართ. ზოგი წერს, რომ მორწყვა საერთოდ საჭირო არაა, სხვები იშვიათად რწყავენ, სეზონზე 2-3-ჯერ, ზოგი ყოველ 2-3 დღეში, სიცხეში საერთოდ ყოველდღე რწყავს. ყველა ირწმუნება, რომ ამ საკითხში მართლები არიან. ვის დავუჯეროთ?

პირველ რიგში, გააცნობიერეთ, რომ პომიდვრის მოვლის შესახებ საერთო რეკომენდაციები არ არსებობს. სხვადასხვა რეგიონებში რჩევები იმდენად განსხვავდება, რომ ერთ კლიმატურ მხარეშიც ყველაფერი შეიძლება განსხვავებული იყოს. სწორედ ამიტომ, დღევანდელი თემიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პომიდვრის მორწყვის ზუსტი წესებიც არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია კლიმატზე, ნიადაგის შემადგენლობაზე, გაზრდის მეთოდზე, დარგვის სიღრმეზე, გრუნტის წყლის დონესა და ა.შ.

მცენარის განვითარების ყველა ეტაპი „გავიაროთ“. გიამბობთ, რამდენი წყალი სჭირდება ზრდის თითოეულ ეტაპზე. პომიდვრის ნერგს ზომიერად, ნიადაგის ზედა ფენის გაშრობის მიხედვით მორწყვა სჭირდება. ჭარბი მორწყვა ახალგაზრდა მცენარის ნორმალურ ზრდაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

ნერგის გადარგვა მუდმივ ადგილზე და შეგუების პერიოდი

ნერგი გადარგვამდე 1 დღით ადრე უხვად მორწყეთ, რომ მიწის კოშტი არ დაიშალოს და ფესვები ნაკლებად დაზიანდეს. მზა ორმო წყლით უხვად მორწყეთ (რაც მეტი, მით უკეთესი), მცენარე ჩარგეთ და კიდევ ერთხელ მორწყეთ. მორწყვა საჭიროა, რომ ორმოში სიცარიელე არ დარჩეს და ფესვებს მიწასთან უკეთესი კონტაქტი ჰქონდეს. ამ პერიოდში ბევრი მებოსტნე უპატიებელ შეცდომას უშვებს, მცენარის მორწყვას გადარგვიდან 2-3 დღის შემდეგ იწყებს. ასე იღებს „სხვის კმაყოფაზე მყოფ“ მცენარეს, რომელიც ელოდება, რომ მეპატრონემ წყალი და კვება მიაწოდოს და პირობების მცირე გაუარესების (სიცხე, გვალვა) შემთხვევაში იღუპება.

მცენარეს გადარგვისას მიღებული სითხე მინიმუმ 2 კვირა ყოფნის. პომიდვრის ფესვების სისტემა გონიერი მექანიზმია, რომელიც წყლის დეფიციტის შემთხვევაში სწრაფად იზრდება გვერდებზე, რაც მთავარია, სიღრმეში, სადაც ტენიანობა ყოველთვისაა. ჭარბი წყლის შემთხვევაში ზრდას ანელებს, ზედაპირზე უგულოდ ვრცელდება (ზედაპირული ფესვები) და მომავალში კმაყოფილდება იმით, რაც ზემოთაა.

გირჩევთ, თავს მოერიოთ. თუ შეამჩნიეთ, რომ მცენარე ოდნავ დაჭკნა, მორწყვა არ იჩქაროთ, რამდენიმე დღეში ვერ იცნობთ – პომიდორი გამხიარულდება და აქტიურ ზრდას დაიწყებს. ასე მცენარეს „საკვების“ დამოუკიდებლად მოპოვებას და ამინდის მიმართ გამძლეობას „ასწავლით“.

ყვავილობის პერიოდი

პომიდორი მწვანე მასის ზრდის და ყვავილების პერიოდში ზომიერად მორწყეთ (2-4 ლ ბუჩქის ქვეშ). მთავარია, რეგულარულად მორწყათ. იშვიათი, მაგრამ უხვი მორწყვის პირობებში ნასკვები ცვივა ან მტევნები ბოლომდე არ იკვრება. ჭარბი ტენიანობის პირობებში შეიძლება „ცხიმიანი“ მცენარე მიიღოთ, რაც პომიდორს ახასიათებს – ფოთლების უხვი ზრდა ნაყოფიერების ხარჯზე, ასევე სხვადასხვა „სოკოს“ ზედმეტი ტენიანობა ძალიან უყვარს. სწორედ ამიტომ, მორწყვის გრაფიკი შეადგინეთ და დაიცავით. თუ მორწყვა დააგვიანეთ და მიწა გახმა, მაშინვე ბევრი წყალი არ დაასხათ. ჯერ თითოეულ ბუჩქს 1 ლ წყალი დაასხით, მეორე დღეს ჩვეული მეთოდით მორწყეთ.

ნაყოფის ფორმირების პერიოდი

პომიდორს ნაყოფის ფორმირების პერიოდში მეტი წყალი (5-6 ლ ერთ ბუჩქზე) სჭირდება, სიხშირე იგივე რჩება. გაითვალისწინეთ, რომ უხვი მორწყვის დროს სათბურში ტენიანობა იზრდება, ეს პომიდორს არ უყვარს. მცენარე დღის პირველ ნახევარში მორწყეთ, კარი და ფანჯარა გააღეთ, რომ სათბური კარგად განიავდეს.

ნაყოფის მომწიფების პერიოდი

პომიდვრის მომწიფების დროს მორწყვა ყველაზე სადავო საკითხია და საერთო აზრი არ არსებობს. კლიმატს ყურადღება უნდა მიაქციოთ და დაიცვათ მეთოდები, რომელთაც იყენებთ და კარგ შედეგს იძლევა. პირადად, მორწყვას საერთოდ ვწყვეტ, როგორც ამინდი და მიწისქვეშა წყლები საშუალებას იძლევა. კონკრეტულ რჩევას ვერ მოგცემთ. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ ისაა, პომიდორი ტკბილი, ზედმეტი წყლის გარეშე რომ გამოვიდეს, რამდენადაც შესაძლებელია მორწყვა შეამცირეთ.

  • ღია გრუნტში პომიდვრის მორწყვის ნორმა პირდაპირ ამინდზეა დამოკიდებული. თუ წვიმიანი ზაფხულია, მაშინ არ დაგჭირდებათ. ცხელ ამინდში მიწის გაშრობის მიხედვით მორწყეთ.
  • ბევრმა მებოსტნემ ამ შრომატევადი საქმის შესამსუბუქებლად სარწყავზე უარი თქვა. წვეთოვანი მორწყვა ფართოდ გავრცელებული და რეკომენდებულია. ასე მცენარე საჭირო რაოდენობის სითხეს იღებს, როცა სჭირდება. ამავდროულად, მცენარე მშრალია, დაავადებებისკენ ნაკლებად მიდრეკილი და მოსავალი შესანიშნავია.
  • კვლების მულჩირება კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდია, რომ დრო გაათავისუფლოთ და მორწყვის რაოდენობა შეამციროთ. ის სითხეს კარგად ინარჩუნებს, ფესვების სისტემას არახელსაყრელი ამინდის პირობებისგან იცავს და პომიდვრის ჯანმრთელობას ინარჩუნებს.
  • მოსარწყავად გაჩერებული და მზეზე გამთბარი წყალი გამოიყენეთ. უკეთესია, თუ წვიმის წყალს შეაგროვებთ. ნაკლებად ხისტია, ვიდრე ონკანის წყალი, ჟანგბადით და მიკროელემენტებით გაჟერებულია, რაც პომიდვრისთვის ძალიან სასარგებლოა.
  • დრო რომ დაზოგოთ, მორწყვა და კვება ერთმანეთს შეუთავსეთ, ჯერ მორწყეთ, შემდეგ გამოკვებეთ.

პომიდვრის გაზრდა უწყლო მეთოდით – საინტერესო მეთოდია, მაგრამ, ალბათ, მის გამოცდას ბევრი არ ისურვებს. ძლიერი ნებისყოფა დაგჭირდებათ, რომ პომიდორი არ შეიცოდოთ, თან მოსავლის დაკარგვის რისკი მაღალია. მეთოდი არ გამომიცდია, მაგრამ მივხვდი, რომ მორწყვაზე უარის თქმა კვების გამორიცხვასაც გულისხმობს. გამოდის, პომიდორი უნდა მოამზადოთ, ორმოები დარგვის წინ ყველა აუცილებელი მკვებავი ელემენტით გაავსოთ, რომ მცენარეს მთელი ვეგეტაციის პერიოდი ეყოს.

როგორც ხედავთ, პომიდვრის მოვლა რთული არაა. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ. მცენარის გასაზრდელად თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი მოძებნეთ, რომ ნაკლები იშრომოთ, დრო გაათავისუფლოთ და მეტი მოსავალი მიიღოთ.