
ინდოეთის შტატში, კერალაში, ტროპიკული ტყის ხელუხლებელ ბუნებაში მხატვრის რეზიდენციის მშენებლობა დასრულდა, რომელიც არქიტექტორისა და დამკვეთის ჰარმონიული ურთიერთქმედების მაგალითია. ეს ის შემთხვევაა, როცა საცხოვრებელი სივრცე გადაიქცა ტილოდ, რომელზეც შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ და იდეებს ხელშესახები ფორმა მისცეთ. იმის მიუხედავად, რომ სახლში ყველაფერი ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ მიმართულია, რაც შემოქმედებითი პოტენციალის გენერირებას ხელს უწყობს, ეს მის ფუნქციონალურობასა და კომფორტზე არ აისახა.
როცა პროფესიონალები და დამკვეთი, რომელიც შემოქმედებით პროცესთან ახლოსაა, საცხოვრებელი რეზიდენციის პროექტზე მუშაობას იწყებენ, მშენებლობის ბოლოს აუცილებლად საოცარი საცხოვრებელი სივრცე გამოდის, სადაც კომფორტულად ცხოვრება, შემოქმედება და შთაგონების პოვნა შეიძლება. სწორედ ასე მოხდა ინდოეთში, კერალის შტატის ერთ–ერთი მთავარი ადმინისტრაციული ცენტრის, თირუვანანთაპურამის გარეუბანში.
Novate–ს ინფორმაციით, ჯუნგლების ეგზოტიკურ ბუნებაში მხოლოდ 10 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი მხატვრის რეზიდენციის (The Artist’s residence) ადგილი გახდა, სადაც ცხოვრებას, მუშაობას და მასტერ კლასების ჩატარებას გეგმავს. არქიტექტორებს ლამაზი ბუნება აიძულებს, რომ მეტი მცენარეულობა შეინარჩუნონ, თან შექმნან საცხოვრებლად გამოსადეგი სახლი თანამედროვე კომუნიკაციებით და ესთეტიკის მოთხოვნებით. ასევე უნდა გაეთვალისწინებინათ, რომ დამკვეთი მხატვარია, რომელიც საკუთარი სახელოსნოს ქონაზე ოცნებობს, სადაც შთაგონება არასდროს მიატოვებს.
არქიტექტურული ბიუროს A Line Studio–ს დიზაინერებმა შეძლეს საცხოვრებელი სივრცის ისე გადანაწილება, რომ ერთი ხეც არ დაზიანებულა. ქოქოსის პალმების გარდა ყველაფერი ადგილზე დარჩა, მხოლოდ მათი სხვა ადგილას გადატანა მოუწიათ. ვანგანი, ახალგაზრდა ხეა, რომელიც ნაკვეთის ცენტრში მდებარეობს, პროექტირების საწყისი წერტილი გახდა. მისთვის დატოვეს მრგვალი სინათლის ლუქი, რომ ზრდა გაეგრძელებინა. მის გარშემო სივრცე პატარა შიდა ეზოდ გადაკეთდა. აქედან შეგიძლიათ მოხვდეთ საერთო საცხოვრებელ ზონებში, ასევე მეორე დონეზე, სადაც სახელოსნო და საძინებელი ოთახებია.
შიდა ეზოს ნაწილი ეთმობა გუბურას, რომელიც შენობაში ხელსაყრელი მიკროკლიმატის შენარჩუნებას ხელს უწყობს და ბავშვების გასართობი ადგილია.
იმის გათვალისწინებით, რომ რეზიდენცია ცხელი კლიმატის მქონე რეგიონში მდებარეობს, ბუნებრივ ვენტილაციას და სიგრილის შენარჩუნებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს. სახლი ისეა განლაგებული, რომ მცხუნვარე მზის სხივები ფანჯარას პირდაპირ არ ხვდება. დამატებით შენარჩუნებული ხეების ჩრდილი სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის და სწორად მოწყობილ დასასვენებელ ზონებში დიდხანს ყოფნის საშუალებას იძლევა.
ფანჯრებისა და სავენტილაციო ლუქების სწორად მოფიქრებული განლაგების წყალობით საცხოვრებელი ღამის საათებში ეფექტურად ნიავდება კონდიციონერის ან ვენტილატორის გამოყენების გარეშე. სხვათა შორის, დღისით ცხელი ჰაერის გაგრილებას ხელს უწყობს ნატურალური მასალით (ლატერიტი – წითელი, არაკარბონატული დაუმუშავებელი აგური) დამზადებული სქელი კედლები, სპეციალური ბეტონი და შიდა ეზოში მოწყობილი გუბურა.
განლაგების მახასიათებლები: არსებული ფართობის რაციონალურად გამოსაყენებლად რეზიდენცია ერთმანეთთან დაკავშირებული მოდულებისგან შედგება. თითოეულს საკუთარი ფუნქცია აქვს. ბლოკებს შორის გადასასვლელებში მოწყობილია დასასვენებელი ზონები, სასწავლო და სათამაშო კუთხეები ბავშვებისთვის, სადაც კიბის საფეხურები დივნის, სკამის და მაგიდის როლს ასრულებს. საერთო დანიშნულების ოთახებს ღია განლაგება აქვს, რომ მოძრაობას და ლამაზი ხედებით ტკბობას ხელს არაფერი უშლიდეს. საძინებლები და სააბაზანო ოთახები, რომლებიც ორია, იზოლირებულია, რომ დასვენებას და განმარტოებას ხელი არაფერმა შეუშალოს.
აღსანიშნავია, რომ რეზიდენცია, მათ შორის მფლობელის სახელოსნო, ეკონომიურობის მაგალითია. ადგილობრივი სამშენებლო მასალების გამოყენებით და ზედმეტ მორთულობაზე უარის თქმით 232 მ² ფართობის სახლი 32 ათასი დოლარი დაჯდა, რაც მეტნაკლებად კარგი შედეგია.