პომიდვრის დაგრეხილი ფოთლები განგაშის სიგნალია. გადაარჩინეთ მოსავალი

პომიდვრის ფოთლების დაგრეხა ხშირი პრობლემაა, რომელსაც ბევრი მებოსტნე აწყდება. Novate გიამბობთ, რატომ ხდება ეს და როგორ ავიცილოთ თავიდან უსიამოვნო მოვლენა.

ფოთლების დაგრეხის მიზეზები

პომიდვრის ფოთლების დეფორმაციის მიზეზი როგორც ინფექციური, ასევე არაინფექციური შეიძლება იყოს. ცხელი ამინდი, სასუქის არარაციონალური გამოყენება, ჭარბი ტენიანობა, ფესვების დაზიანება – არაინფექციური ფაქტორებია, რომელთაც მცენარის კვდომის გამოწვევა შეუძლიათ. ფოთლების გარედან დახვევას ინფექციური დაავადებები და მავნებლებიც იწვევენ.

მეაგარაკის პირველი ამოცანაა ფოთლების დაგრეხის მიზეზი ზუსტად განსაზღვროს. განვიხილოთ პრობლემის გავრცელებული მიზეზები.

ტენიანობის დეფიციტი

პომიდორს სისტემატურად უხვი მორწყვა აუცილებლად სჭირდება. ფოთლების შიგნით დახვევა ნიშანია, რომ მცენარე სითხის ნაკლებობაზე სიგნალს გაძლევთ. ამინდის პირობები გაითვალისწინეთ და კულტურის თითოეული ბუჩქი საკმარისი რაოდენობის წყლით მორწყეთ.

გახსოვდეთ, რომ ზედმეტად სველი მიწაც მცენარისთვის დამღუპველია. ამ შემთხვევაში ფოთლების კიდეები გარედან იხვევა. 10 დღით მორწყვა შეწყვიტეთ, რომ წყლის ბალანსი აღდგეს.

სიცხე

ცხელ ამინდში არა მხოლოდ პომიდვრის ფოთლები, არამედ ნასკვები და ყვავილებიც იტანჯება. შენობის განიავება დაგეხმარებათ, რომ სათბურში კომფორტული ტემპერატურა (+20C°) შექმნათ. მცენარე მცხუნვარე მზის სხივებისგან ნათელი ქსოვილით დაიცავით, რომელიც სათბურს შეგიძლიათ გადააფაროთ.

რეგულარული მორწყვა, ტენიანობის შესანარჩუნებლად მულჩირება და მცენარის დაჩრდილვა ის მოქმედებებია, რომლებიც მოსავალს გადაარჩენს.

ფესვების სისტემის დაზიანება

ძლიერი ფესვები კარგი დარგვის გარანტიაა. პომიდვრები ორგანულ ქოთნებში გადარგეთ. თუ ფესვები დაზიანებულია, აღსადგენად ხელსაყრელი პირობები შეუქმენით. მიწა სველი და მკვებავი ნივთიერებებით სავსე უნდა იყოს.

მკვებავი ნივთიერებების დეფიციტი

ფოთლების გარეგნობით შეგიძლიათ განსაზღვროთ, რომელი მკვებავი ნივთიერება აკლია პომიდორს.

  • ახალგაზრდა ფოთლების დეფორმაცია – ბორის დეფიციტი.
  • მკრთალი ფოჩები და დაგრეხა – კალციუმის დეფიციტი.
  • ყვითელი და სუსტი ფოთლები – რკინის დეფიციტი.

საჭირო სასუქი დროულად მიაწოდეთ.

ნამხარის არასწორად მოშორება

ახალგაზრდა ყლორტების მოშორება მცენარისთვის სტრესია, რომელიც პროცედურის შემდეგ ფოთლების დაგრეხით გამოიხატება. მაქსიმუმ 5 სმ სიგრძის ნამხარი დროულად მოაშორეთ. ბიოსტიმულატორები ფოთლოვანი კვებით მიაწოდეთ, რომ პომიდორმა „დანაკარგი“ ადვილად გადაიტანოს.

მავნებლები

ფრთათეთრა პომიდვრის ფოთლების ქვედა ზედაპირზე კვერცხებს დებს. ობობის ტკიპა და ბუგრი მცენარეს ღუპავს. ინსექტიციდები და წებოვანი ხაფანგები პარაზიტებთან ბრძოლაში მთავარი დამხმარეა.

მორწყვის და კვების რეჟიმი დაიცავით, ბუჩქები მავნებლებისგან დასაცავად დაამუშავეთ, ნამხარი სწორად მოაშორეთ, რომ მოსავალი დაიცვათ. ფოთლების პირველივე დაგრეხაზე მყისიერად იმოქმედეთ.