სკანდინავიის ქვეყნებში სახლების სახურავებზე ბალახს ზრდიან და აი, რატომ

თუ ჩრდილოეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში სამოგზაუროდ წახვალთ და ადგილობრივ პროვინციას ესტუმრებით, შეამჩნევთ, რომ აქ ბევრი უცნაური სახლია სახურავზე ბალახით. ასეთი სახლები მიტოვებული არაა. აქ ცხოვრობს ხალხი, თან მუდმივად. ჩნდება კითხვა: რატომ სჭირდებათ სახურავზე ბალახი? ნუთუ შვედები, დანიელები და ნორვეგიელები ნამდვილად ასეთი დაუდევარი მეპატრონეები არიან? Novate გიამბობთ, რატომ ზრდიან ბალახს სახლის სახურავზე სკანდინავიის ქვეყნებში.

ჩრდილოეთ ევროპაში პასუხისმგებლობის გრძნობის მხრივ ყველაფერი წესრიგშია, განსაკუთრებით სოფლად. ზოგიერთ ადგილას უფრო შესამჩნევია. სახლის სახურავზე ბალახი მეპატრონის დაუდევრობის გამო არ იზრდება. სინამდვილეში, ეს უძველესი ტრადიციაა, რომელიც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იწყება, როცა ამ ადგილებში მკაცრი ვიკინგები ცხოვრობდნენ.

მარტივი მისახვედრია, რომ ჩრდილოეთ ევროპაში სპეციფიკური ამინდია. ძალიან ნოტიოა და არასდროს თბილა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ნახევარკუნძულის სიღრმეში შედიხართ, სადაც ცხელი ზღვის დინებიდან მონაბერი თბილი ჰაერი არ მოდის. სწორედ ამიტომ, სკანდინავიელები უძველესი დროიდან იყენებდნენ ბალახს, როგორც ბუნებრივ ორთქლის იზოლაციას და ბუნებრივ მათბუნებელს. ბალახით დაფარული სახურავი სახლს, განსაკუთრებით სხვენს ნესტისგან კარგად იცავს. ზამთარში დერნის ფენა და ბალახი შენობაში სითბოს შენარჩუნებას ხელს უწყობს. გაზონით სახურავის დაფარვისას ერთგვარი მიწური მიიღება. დღეს მწვანე სახურავს უფრო სახლის ტრადიციულ დეკორატიულ გაფორმებად იყენებენ.

ბალახით დაფარული სახურავი ბევრს იწონის. სწორედ ამიტომ, სახლში დამატებით საყრდენებს აკეთებენ. ეს მარტივი საქმე არაა. თანამედროვე სტანდარტებითაც ბალახიანი სახურავი ძვირი სიამოვნებაა. მსგავსი სახურავის შექმნა შრომატევადია, თუნდაც თანამედროვე მასალების გამოყენებით. დღეს დერნასა და სახურავს შორის დამატებითი ქვესაფენი (ჰიდრო და ორთქლის საიზოლაციო მასალები), ასევე თანამედროვე მათბუნებელი იგება. ძველად სკანდინავიელები იყენებდნენ ცხვრის ცხიმს, მშრალ ხის ქერქს, ტორფს, ხავსს, ფისს.

ბალახიან სახურავს რეგულარული მოვლა სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ ბალახი ძალიან მაღალი არ გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში სახურავის წონა ძალიან გაიზრდება, რაც არასასურველ შედეგებს გამოიწვევს. ინტერნეტ ქსელში ხშირად გვხვდება მოსაზრება, რომ ვიკინგების დროს ასეთ სახურავებს შესანიღბად იყენებდნენ. საეჭვოდ ჟღერს თუნდაც იმიტომ, რომ იმ ადგილებში ყოველი სოფლის ზემოთ ბუხრების კვამლის სვეტები სტაბილურად ამოდიოდა.