9 ბებიისეული ხრიკი, რომელიც დაგეხმარებათ გაწმინდოთ ყველაფერი, რაც თვალში მოგხვდებათ

იმის მიუხედავად, რომ სამყარო ერთ ადგილზე არ ჩერდება და ყოველთვე ათი განსხვავებული ხრიკი ჩნდება, მაინც წმენდის ყველაზე ეფექტური მეთოდებია ისინი, რომელთაც ჩვენი ბებიები იყენებდნენ. Novate ამ ხრიკების შესახებ დეტალურად გიამბობთ, რომ რამდენიმე მათგანი თქვენს არსენალს შემატოთ.

1. ბოთლი ქვიშით ან კვერცხის ნაჭუჭით გარეცხეთ

თუ პლასტმასის ბოთლი სასწრაფოდ უნდა გარეცხოთ, მაგრამ არ იცით, როგორ გარეცხოთ შიგნიდან კარგად, არა სარეცხი საშუალება, არამედ ჩვეულებრივი ქვიშა გამოიყენეთ. შიგნით 1–2 ჩ/კ ქვიშა ჩაყარეთ და ცივი წყალი ჩაასხით. რამდენიმე წუთით ენერგიულად შეანჯღრიეთ, შემდეგ სითხე გადმოასხით და ბოთლს წყალი გაავლეთ. ამ შემთხვევაში ქვიშა სკრაბის როლს ასრულებს, ჭუჭყს „აქერცლავს“. სხვათა შორის, მის ნაცვლად მარცვლეული, მაგალითად, ფეტვი შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კიდევ ერთი ვარიანტი. დაგჭირდებათ სოდა, წყალი და კვერცხის ნაჭუჭი. პირველ რიგში, 0,5 ლიტრიანი ქილა აიღეთ, 25 გ სოდა ჩაყარეთ, თბილი წყალი ჩაასხით და კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი ჭუჭყიან ბოთლში ჩაასხით და 1,5-2 საათით გააჩერეთ, რომ ნარევმა იმუშაოს. ამ დროში 5 კვერცხი მოხარშეთ და ნაჭუჭი მოაშორეთ. ნაჭუჭი სანაყით დააქუცმაცეთ და ბოთლში ჩაყარეთ. ბოთლი კარგად შეანჯღრიეთ, ხსნარი გადაასხით და სუფთა წყლით 3-4-ჯერ გარეცხეთ.

2. დანა–ჩანგალი სოდით და მარილით გაწმინდეთ

ეს ხრიკი ისეთივე ეფექტურია, როგორც ჰოგვარტსის ჯადოსნური შელოცვა. დიდ მინის თასში ფოლგა დააფინეთ, 1 ჭიქა თბილი წყალი დაასხით და მარილი და სოდა გააზავეთ (თითო სუფრის კოვზი საკმარისია). შიგნით გასაწმენდი დანა–ჩანგალი ჩადეთ და ცოტა ხნით გააჩერეთ. როგორც კი ნადები გაქრება, დანა–ჩანგალი ამოიღეთ, გამდინარე წყალში გარეცხეთ და მიკროფიბრის ქსოვილით ან ნებისმიერი რბილი ქსოვილით გაამშრალეთ, რომ იბრწყინოს.

3. ლიმონით უსიამოვნო სუნი მოიშორეთ

ყველა დიასახლისმა იცის, როგორი რთულია საჭრელი დაფიდან ხახვის, ნივრის, თევზის და სხვა სპეციფიკური არომატის მქონე პროდუქტის სუნის მოშორება. ზოგჯერ ძლიერი სარეცხი საშუალებაც ვერ გვეხმარება, უბრალო გამდინარე წყალზე არაფერს ვამბობთ. საბედნიეროდ, მაცივარში ნატურალური გამწმენდი და დეოდორანტი შეგიძლიათ იხილოთ. ეს ლიმონია. ციტრუსი უსიამოვნო სუნს ანეიტრალებს, ცხიმს შლის და საოცარ ციტრუსის არომატს ტოვებს.

საჭრელი დაფის გასაახლებლად ნახევარი ლიმონი წაუსვით და 5-10 წუთით გააჩერეთ. ვადის გასვლის შემდეგ გამდინარე წყალში გარეცხეთ და გაამშრალეთ. ბოლო პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ ხის მასალას რეცხავთ. თუ სველს დატოვებთ. მასალა სითხეს შეიწოვს და დროთა განმავლობაში გასივდება.

თუ სუნი დარჩა, მძიმე არტილერიას მიმართეთ. ჩვარი ძმარში ან სოდის ხსნარში დაასველეთ, დაფა კარგად გაწმინდეთ და ცივი წყალი გადაავლეთ. ამ მეთოდს პლასტმასის დაფის გასაწმენდად იყენებენ, მაგრამ ხის საჭრელ დაფაზეც შეგიძლიათ სცადოთ.

4. ხალიჩა სოდით განაახლეთ

თუ ტექსტილს უსიამოვნო სუნი ასდის, მაგრამ ქიმწმენდის მომსახურება თქვენს გეგმებში არ შედის, სოდა გამოიყენეთ. წყალში გახსნა ან ფაფის გაკეთება საჭირო არაა. უბრალოდ სოდა მოაყარეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. მეორე დილით შმორის სუნი უკვალოდ გაქრება. ხალიჩა მტვერსასრუტით კარგად გაწმინდეთ, შემდეგ სისუფთავის სუნით დატკბით. ყურადღება მიაქციეთ, რომ სოდა ხალიჩის მცირე ნაწილს ან მთელ ზედაპირს შეგიძლიათ მოაყაროთ.

5. მინის ნამსხვრევები პლასტილინით აიღეთ

თუ შემთხვევით ჭურჭელი ან ნათურა გატეხეთ და ნამსხვრევები მთელ ოთახში მიმოიფანტა, უმეტესობა მათგანი ცოცხით და აქანდაზით შეგიძლიათ შეაგროვოთ. მსგავსი ხრიკი მხოლოდ დიდ ნატეხებზე გამოგადგებათ. პატარა, ძლივს შესამჩნევი ნამსხვრევის მოშორება გაგიჭირდებათ.

სცადეთ შემდეგი ხრიკი: პლასტილინის პატარა ნაჭერი აიღეთ ან ცომი მოზილეთ, იატაკზე მიადეთ იმ ადგილს, სადაც მინა გატყდა და პატარა ნამსხვრევები ცომს თავისით მიეკვრება. მარტივი და სწრაფია.

6. სარკეს ლაქები ძმრით მოაშორეთ

მინისა და სარკის საწმენდი სპეციალური საშუალებები კარგია, მაგრამ რა საჭიროა მავნე ქიმიური ელემენტების შემცველ საყოფაცხოვრებო ქიმიაზე თანხის დახარჯვა, თუ ეფექტური საშუალება თავად შეგიძლიათ მოამზადოთ?

დაგჭირდებათ 200 მლ წყალი, 100 მლ ძმარი, 100 მლ სამედიცინო სპირტი და 5 წვეთი ეთერზეთი ლიმონის არომატით. ყველა კომპონენტი ღრმა თასში აურიეთ, პულვერიზატორში ჩაასხით, ოდნავ შეანჯღრიეთ, რომ ერთგვაროვანი საშუალება გამოვიდეს, შემდეგ ზედაპირს წაუსვით, რომელსაც გაწმენდა სჭირდება. სანამ დალაგებას დაიწყებთ, ნიღაბი აუცილებლად გაიკეთეთ, რომ მომზადებული საშუალების ორთქლი არ ისუნთქოთ.

7. ფეხსაცმლის სუნი ბალახებით და სანელებლებით გაანეიტრალეთ

კარგია, თუ ფეხსაცმლის სპეციალური საშრობი გაქვთ, რომელსაც სუნის განეიტრალების ფუნქციაც აქვს. თუ არა, ხელნაკეთი საშუალება გამოიყენეთ. სანელებლები ან ბალახი დააქუცმაცეთ და წინდაში ჩაყარეთ (ძველი, უწყვილო წინდა შესაფერისია). ფეხსაცმელში ჩადეთ ყოველთვის, როცა სახლში მიხვალთ. მეორე დღეს უსიამოვნო სუნის კვალი გაქრება. სხვათა შორის, მომსახურების შეუზღუდავი ვადა აქვს. სანელებელი ჩექმაში 6 თვე, მომავალ სეზონამდე შეგიძლიათ შეინახოთ. არომატის გასანეიტრალებლად აირჩიეთ ბალახები და მცენარეები, რომელთაც ინტენსიური სუნი აქვთ. იდეალურია დარიჩინი, მიხაკი, ლიმონის ცედრა, ლავანდა, როზმარინი, ბეგქონდარა და სხვა.

8. ლაქები ცივი ან ცხელი წყლით მოიშორეთ

მოულოდნელია, მაგრამ ფაქტია: ზოგიერთი ლაქა ცივი წყლით შეგიძლიათ მოიშოროთ. აქტუალურია, თუ სახლში ცხელი წყალი არ გაქვთ. მაგალითად, ასე ყველის, კრემის, ყავის, ჩაის, რძის, წვენის და შოკოლადის კვალი შეგიძლიათ მოიშოროთ. პროცედურა ასე ტარდება: ლაქის ქვეშ ძველი ჩვარი ან პირსახოცი დადეთ, შემდეგ ცივი ღრუბლით ჭუჭყიანი ადგილი მოჩიჩქნეთ. ქსოვილის ქვედა ფენა ფრთხილად ამოძრავეთ. მნიშვნელოვანია, რომ ლაქის ქვეშ ყოველთვის სუფთა ადგილი იყოს.

ცხელი წყლის შემთხვევაში ყველაფერი მარტივია. ის მარტივად მოაშორებს ბალახის, ჟანგის, ღვინის, ცხიმის, კენკრის, ხილის და სხვა მსგავსის კვალს. ფინჯანზე ქსოვილი რეზინით დააფიქსირეთ ისე, რომ ლაქა ცენტრში აღმოჩნდეს. მდუღარე წყალი დაასხით. სანამ რეცხვას დაიწყებთ, იარლიყს დახედეთ, შეიძლება თუ არა ამ ქსოვილის ცხელ წყალთან კონტაქტი. ცხელი წყალი არ გამოიყენოთ, თუ ლაქის წარმოშობაში დარწმუნებული არ ხართ.

9. ფეხსაცმელი ბრინჯით გაამშრალეთ

თუ სახლში სველი ფეხსაცმლით დაბრუნდით, ბატარეაზე გაშრობა არ იჩქაროთ. ასე შეიძლება ფეხსაცმელი დაზიანდეს. რამდენიმე სუფრის კოვზი ბრინჯი ძველ წინდაში ჩაყარეთ და ბოტასში ან ჩექმაში ჩაიდეთ. მარცვლეული სითხეს კარგად იწოვს. თუ რამდენიმე წვეთ ეთერზეთს (ევკალიპტი) დაუმატებთ, უსიამოვნო სუნს გაანეიტრალებთ. ბრინჯის ნაცვლად კატის უჯრის შემავსებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან ფეხსაცმელში ზედმეტ ტენიანობას კარგად გაუმკლავდება.