7 იდეა, რა გააკეთოთ დარჩენილი ფილებით სახლისა და ბაღისთვის

ხშირად რემონტის შემდეგ სხვადასხვა სამშენებლო მასალა რჩება. დახარჯული თანხის გამო მათი გადაყრა გვენანება, მაგრამ საკუჭნაოში შენახვაც არ გვინდა, რადგან ბინაში ისედაც ცოტა ადგილია. Novate გიზიარებთ იდეებს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი ხელით კერამიკული ფილების ნარჩენებისგან. სპოილერი: აუცილებელი არაა, რომ მთელი იყოს, ფრაგმენტებიც გამოგადგებათ.

იდეა 1: სასადილო ან ყავის მაგიდა

ერთი მხრივ, დამტვრეული ფილა იმედგაცრუების მიზეზია, რადგან მასზე ბევრი გეგმა გქონდათ. მეორე მხრივ, შემოქმედებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ძველი სასადილო მაგიდის რესტავრაციისთვის ან ახლის გასაკეთებლად. თუ ფილები მთელია, ფრთხილად დაამტვრიეთ. ამისთვის ნაჭრის ტომარაში ჩადეთ და ჩაქუჩი რამდენჯერმე მსუბუქად დაარტყით. ავეჯის გაფორმების პროცესი ამაღელვებელია – ფილების ნატეხებს ზომის, ფორმის მიხედვით არჩევთ, ფერებს ერთმანეთს უხამებთ და ასე ლამაზ ეფექტს იღებთ.

ზემოთ მოცემულ ფოტოს შეხედეთ. ნახეთ, როგორ ორიგინალურად გამოიყურება მაგიდა მოზაიკის საფარით, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ინტერიერი პროვანსის/ქანთრის სტილშია გაფორმებული. მზა მოზაიკა ფილების წებოთი დააწებეთ, ხოლო ნატეხებს შორის ხვრელები სალესი მასალით ამოავსეთ. თუ ავეჯს მხოლოდ ესთეტიკური მიზნით, ანუ სილამაზისთვის იყენებთ, ზედმეტი რამ საჭირო არაა. თუ მაგიდას დანიშნულებით იყენებთ, გირჩევთ ზემოდან მძიმე მინა დაადოთ, რომ ფილები არ დააზიანოთ.

იდეა 2: ოთახის მცენარის ქოთანი

ორიგინალური ქოთნის შესაქმნელად, რომელიც ცნობილი დიზაინერის ნამუშევრად თამამად შეგიძლიათ ჩათვალოთ, დაგჭირდებათ ცემენტის ხსნარი, თერმოწებო და დამტვრეული ფილები. მზა ქოთანი ნებისმიერი ფერის და ფორმის შეიძლება იყოს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას ჩადებთ მასში. თუ კაშკაშა ხელოვნური ყვავილებია, ბეტონის ჭურჭელს და მშვიდი ფერის ფილებს უპირატესობა მიანიჭეთ. ასე კაშპო შიგთავსისგან ყურადღებას არ გადაიტანს. თუ ოთახის მცენარეა, რომელიც არ ყვავის, გაჯერებული ფერის და საინტერესო დეკორის მოზაიკა, კერამიკა აირჩიეთ. ასეთი ქოთანი ბინაში ან აგარაკზე მყუდრო ატმოსფეროს ქმნის. მსგავსი ქოთნის კიდევ ერთი უპირატესობაა ის, რომ ბეტონი ტენს კარგად ინარჩუნებს და სიცხეში არ შრება, ამიტომ მცენარეზე შეგიძლიათ არ ინერვიულოთ – თავს კომფორტულად იგრძნობს, თუნდაც დროულად მორწყვა დაგავიწყდეთ.

იდეა 3: სამზარეულოსთვის

ფილების ნარჩენები ამ ოთახისთვის ნამდვილი მხსნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ორიგინალური ნივთებით სტუმრების გაოცება გიყვართ. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

  • საჭიქე. თუ ექვსკუთხა ფილის ნაჭერი გაქვთ, მისი დახმარებით ლამაზი და პრაქტიკული სადგამი შეგიძლიათ გააკეთოთ. ასე მაგიდის ზედაპირს დაზიანებისგან დაიცავთ, თან სამზარეულოს ინტერიერს ბევრ ძვირადღირებულ დიზაინერულ აქსესუარზე უკეთ დაამშვენებს. სამუშაო ზედაპირზე ნაკაწრები რომ არ დარჩეს, უკანა მხრიდან კორპის საფარი დაადეთ.
  • სერვირების დაფა. რას იტყვით, რომ მაგიდაზე წასახემსებელი გაიტანოთ არა ჩვეულებრივი თეფშით, როგორც ამას დიასახლისების უმეტესობა აკეთებს, არამედ ფილით? მეგობრები არასტანდარტულ მიდგომას აუცილებლად დააფასებენ. ფილა საჭრელ დაფად შეგიძლიათ გამოიყენოთ, მთავარია, რომ მსხვილი ფორმატის იყოს.

იდეა 4: ლანგარი

2 ვარიანტი გვაქვს. მთელი დიდი ფილა საინტერესო გამოსახულებით შეგიძლიათ აიღოთ, რამდენიმე სახელური მიამაგროთ და მეორე მხრიდან სქელი ქსოვილი დააწებოთ, რომ მაგიდა არ დააზიანოთ. ასეთი თვითნაკეთი ჭურჭელი ხილის, კენკრის ან ტკბილეულის გასატანად შესანიშნავია. აი, საწოლში სასაუზმოდ სჯობს არ გამოიყენოთ, რადგან ფილამ რამდენიმე სავსე თეფშს და ჭიქა წვენს შეიძლება არ გაუძლოს.

მეორე ვარიანტი: მზა ლანგარი ფილებით გააფორმეთ. კარგი იდეაა, თუ ნაწარმს ნაკაწრი ან სხვა დაზიანება აქვს, რომელიც უნდა შენიღბოთ. მინის მოზაიკა საოცრად ლამაზად გამოიყურება – ლანგარს დაამშვენებს და საყვარელი ნივთი გახდება.

იდეა 5: კედლის დეკორი

ცარიელი კედელი დივნის, საწოლის ზემოთ ან სასადილო ზონაში მოსაწყენად და ცოტა ეულად გამოიყურება. რა თქმა უნდა, პოსტერით ან რეპროდუქციული ნახატით შეგიძლიათ დაამშვენოთ, მაგრამ ასეთ გაფორმებას ყოველ მეორე ბინაში ნახავთ. თქვენი ინდივიდუალურობა წარმოაჩინეთ და ფილებით ნამდვილი არტობიექტი შექმენით. როგორც ვარიანტი, რამდენიმე პატარა ფილა ბაზაზე დააწებეთ ან ხის ჩარჩოში ჩასვით, რომ უფრო კეთილშობილურად გამოიყურებოდეს. სხვათა შორის, თუ მოგზაურობა გიყვართ, ყველა ქვეყანაში ერთი კერამიკული ფილა შეგიძლიათ შეიძინოთ და სახლში მთელი კოლექცია შექმნათ. როცა მზად იქნება, ჩარჩოში ჩასვით.

კიდევ ერთი ვარიანტი – დარჩენილი ფილებით ფოტოსთვის ლამაზი ჩარჩო გააკეთეთ. აქტუალურია, თუ ბევრი დაბეჭდილი ფოტო გაქვთ, მაგრამ უჯრებში იმტვერება, რადგან მათ განსათავსებლად ადგილი არ გქონდათ. თუ დამტვრეული ფილა გაქვთ, ნაჭრები მზა ჩარჩოს მიაწებეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ორიგინალური ფორმის ჩარჩო, რომელიც ავეჯსა და ტექსტილს ფერით შეესაბამება, უმჯობესია.

შესანიშნავი იდეა: კერამიკით სააბაზანო ოთახის ან სამზარეულოს კედლები გარდაქმენით. ერთი კედლის ან ზედაპირის ნაწილი ფილებით განაახლეთ, რომ სივრცეს სასურველი მოცულობა შემატოთ. ინტერიერი ასე მოიგებს.

იდეა 6: ბაღის ბილიკი

კერამოგრანიტის ნარჩენები ბაღში ლამაზი და ფერადი ბილიკის შესაქმნელად იდეალურია. მასალას ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, დიდ დატვირთვას უძლებს. მეორეც, მზეზე არ ხუნდება, ამიტომ ცხელი ზაფხულის შემდეგაც ლამაზად გამოიყურება. მესამეც, წვიმის შემდეგ სწრაფად შრება და ნერვიულობა არ მოგიწევთ, რომ შემთხვევით ფეხი აგისრიალდებათ. მეოთხეც, წყლის შთანთქმის დაბალი კოეფიციენტი აქვს (0,05%). კერამოგრანიტი არასრიალა მასალას მიეკუთვნება, ანუ ბაღის ბილიკის გასაკეთებლად სრულიად უსაფრთხოა.

თუ ფილების მთელი ნაჭრები არ გაქვთ, ბილიკი ნატეხებისგან გააკეთეთ. ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ ცემენტი, ღორღი, ქვიშა, დაფა და ფილები. ამოთხრილი თხრილის კიდეებში ყალიბი ჩასვით, თხრილის ძირი ჩატუმბეთ, ქვიშა და ღორღი ჩაყარეთ, შემდეგ ბეტონი ჩაასხით. სანამ ხსნარი გაშრება, ფილები შემთხვევითი თანმიმდევრობით ჩასვით.

იდეა 7: იატაკის ან წინსაფრის მოპირკეთებაში

ლამაზ ინტერიერს მიიღებთ, თუ მის გაფორმებაში ერთ ჰარმონიულ კომპოზიციად შეკრულ ფილებს გამოიყენებთ. მნიშვნელოვანია, რომ საზღვრები დაიცვათ და გონივრულს არ გასცდეთ, სხვა შემთხვევაში უგემოვნო გაფორმებას მიიღებთ. უსაფრთხო ვარიანტი: მოზაიკის პატარა ელემენტები მთელ ბლოკებთან გააერთიანეთ. ასე იატაკის საფარი ნამდვილად ლამაზი გამოვა.

რაც შეეხება წინსაფარს, ხელნაკეთი მოზაიკა უმჯობესია ქანთრის, ბოჰოს ან პროვანსის სტილის სამზარეულოში გამოიყენოთ. მთელი ფილებით არ შემოიფარგლოთ. სამუშაო ზონის გასაფორმებლად დამტვრეული კერამიკა და ფერადი მინა შეგიძლიათ გამოიყენოთ. მასალა წებოთი დააწებეთ. გაშრობის შემდეგ მათ შორის ხვრელები ფერადი ან ნეიტრალური ფერის სალესი მასალით ამოავსეთ.