
ტყე ყოველთვის მომხიბლავი და საოცარი ადგილია, რომელიც იზიდავს როგორც აქტიური დასვენების მოყვარულებს, ასევე მათ, ვისაც განმარტოების და სიმშვიდის პოვნა სურს. ზოგიერთი ტყე არა მხოლოდ ლამაზი ბუნებრივი პეიზაჟებით და სუფთა ჰაერით გვხიბლავს, არამედ საინტერესო ისტორიით და აქ განთავსებული ხელთქმნილი ობიექტებით. სწორედ ამ უკანასკნელის დახმარებით ცნობილი გახდა წმინდა ტყე იტალიაში, რომელიც სავსეა აღორძინების ეპოქის ქანდაკებებით მითიური ცხოველების გამოსახულებებით.
ეს უჩვეულო ადგილი, რომელიც ცნობილია როგორც წმინდა ტყე, იტალიის პატარა ქალაქ ბომარცოში მდებარეობს და ერთ–ერთი ყველაზე უჩვეულო ადგილის სახელით განთქმულია, რადგან ცნობილია არა მხოლოდ საოცრად თვალწარმტაცი პეიზაჟებით, არამედ აღორძინების ეპოქის სრულფასოვანი ბაღის ქანდაკებებით. აი, მათი შექმნის ისტორიის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ოფიციალური ვერსიის მიხდვით, მისი დამფუძნებელია ჰერცოგი ფრანჩესკო ორსინი, რომელიც მე-16 საუკუნის შუა ხანებში ცხოვრობდა და ასე უჩვეულო მეთოდით საყვარელი მეუღლისთვის, ჯულია ფარნეზესთვის საჩუქრის გაკეთება გადაწყვიტა.
სამართლიანობისთვის აღსანიშნავია, რომ ამ ადგილს ტყეს პირობითად უწოდებენ, რადგან ბუნებრივი წარმოშობის არაა, არამედ პარკი. საქმე იმაშია, რომ იმ პერიოდში ადგილობრივ დიდგვაროვნებს შორის ქალაქგარეთ რეზიდენციების აშენების პრაქტიკა ძალიან გავრცელებული იყო. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ჰერცოგი ორსინი გამონაკლისი არ იყო. მას სახლის გვერდით იმდენად ორიგინალური პარკის აშენება სურდა, რომ ანალოგი არ ჰქონოდა. სწორედ ამიტომ, შექმნა ობიექტი, რომელიც უღრანი ტყის სრული იმიტაცია იქნებოდა, მაგრამ ბაღ–პარკისთვის დამახასიათებელი გუბურებით, ხიდებით, ბილიკებით, გრძელსკამებით და ფანჩატურებით სავსე.
ფრანჩესკო ორსინმა გადაწყვიტა, რომ წმინდა ტყის მთავარ ღირსშესანიშნაობად მითიური პერსონაჟები და ზღაპრული არსებები გაეხადა. სამწუხაროდ, მთავარი ადამიანი, რომლის გამოც ასეთი მასშტაბური არქიტექტურული პროექტი დაიწყო, მის დასრულებას ვერ მოესწრო. ჰერცოგის მეუღლე ტრაგიკულად დაიღუპა ჯერ კიდევ მანამ, სანამ უნიკალური პარკის მშენებლობა დასრულდებოდა. ამ სამწუხარო შემთხვევის შემდეგ წმინდა ტყის ანსამბლში კიდევ ერთი ობიექტი გამოჩნდა საყვარელი მეუღლის სახსოვრად – ერთ–ერთ ბორცვზე მარადისობის ტაძარი ააშენეს.
ისტორიკოსები დღემდე კამათობენ, რატომ გადაწყვიტა ჰერცოგმა, რომ პარკი არა ტრადიციული ცხოველების ან მითოლოგიური არსებების, არამედ ურჩხულების ადგილი გამხდარიყო. ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიის მიხედვით, ამ პარკის კომპლექსის ჩანაფიქრი სათავეს იღებს რომანიდან „პოლიფილეს სიზმარი“, რომლის მიხედვითაც მთავარი გმირი საყვარელ ქალთან განშორებას ძლიერ განიცდიდა და გაუვალ ტყეებში ეძებდა და თან სხვადასხვა მონსტრს ებრძოდა.
წმინდა ტყეში რამდენიმე ათეული არქიტექტურული ობიექტი და ქანდაკებაა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ტყეში რიგი ანტიკური მითიური პერსონაჟი მაინც შეგიძლიათ ნახოთ. მაგალითად, სფინქსის რამდენიმე ქანდაკება, ნეპტუნის, პეგასის, ორი სირენის, პოსეიდონის ვაჟის, ძველი ბერძნული გიგანტის (ალბათ, ჰერკულესი), ძაღლი ცერბერის, ფურიის, ქალგველის, ორი ცერერის, ქალღმერთ აფროდიტეს ქანდაკებები და ქვესკნელის კარიბჭეც.
ამ უჩვეულო პარკის ანსამბლის არქიტექტურულ ობიექტებს შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარული, ასევე წმინდა ტყის სავიზიტო ბარათია ორკის თავი – იგივე ქვესკნელის კარიბჭე. საოცარია, რომ ერთდროულად ქანდაკება და ობიექტია. ეს იმიტომ, რომ მასში სკამი და მაგიდა განათავსეს. მკვლევარები თვლიან, რომ ჰერცოგს აქ შეეძლო ესადილა, სიცხეში თავი შეეფარებინა, ამიტომ ხშირად ფანჩატურს უწოდებენ, ზოგჯერ – გროტს. არსებობს მოსაზრება, რომ ორკის თავში წარმოთქმულ სიტყვას მთელ პარკში შეუძლია გავრცელდეს.
წმინდა ტყის არქიტექტურული ნაგებობებიც საინტერესოა. მაგალითად, ტურისტებს შორის პოპულარულია „დახრილი სახლი“, რომლის უჩვეულო დიზაინიც საინტერესო სახელს ამართლებს. საქმე იმაშია, რომ შენობაში ფანჯრები და კედლები გადახრილია. ტურისტები აქ ხშირად შემოდიან არა მხოლოდ ლამაზი ფოტოების გადასაღებად, არამედ ვესტიბულური აპარატის სიძლიერის შესამოწმებლად.
ამ საოცარი ადგილის ბედი მარტივი არ იყო. ჰერცოგ ორსინის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ტყე და ციხე მემკვიდრეობით ოჯახის შთამომავლებმა მიიღეს, მაგრამ მათ უჩვეულო პარკის კომპლექსი თითქმის არ აინტერესებდათ. სწორედ ამიტომ, დიდი ხნის განმავლობაში პარკი დავიწყებას მიეცა, რაც ქვის ქანდაკებების მდგომარეობაზეც აისახა – ისინი ხავსით დაიფარა. მხოლოდ მე-20 საუკუნის შუა ხანებში, როცა ქონება ბეტინის ოჯახის საკუთრებაში გადავიდა, წმინდა ტყე აღადგინეს და მსურველებისთვის გახსნეს. მაშინ პარკმა მიიღო მეორე და არანაკლებ ცნობილი სახელი „ურჩხულების ბაღი“.