რჩევები ექსტრავერტი და ინტროვერტი თანამშრომლების პროდუქტიულობის გასაზრდელად

ზოგჯერ ინტროვერტები და ექსტრავერტები ცა და დედამიწასავით განსხვავდებიან. პირველი ტიპის ადამიანი შეიძლება ბრბოში პანიკაში ჩავარდეს, მეორე – ხანგრძლივი განმარტოების დროს. აქ და ახლა საოცნებო სამსახურის პოვნა ყველას არ შეუძლია. ხშირად არსებულ პირობებთან შეგუება გვიწევს. Novate გიამბობთ, როგორ გაზარდოთ პროდუქტიულობა სამსახურში თითოეული ტიპის შემთხვევაში.

რა არის ფუნდამენტური განსხვავება ექსტრავერტსა და ინტროვერტს შორის?

მთავარი, რაც ინტროვერტს ექსტრავერტისგან განასხვავებს ენერგიის წყაროა. ექსტრავერტი გარე სამყაროს ენერგიით იმუხტება – მოქმედება, ხალხი, ადგილი და ნივთები. ენერგიის მხარჯველია. ხანგრძლივი უმოქმედობა, შინაგანი ჭვრეტა, მარტოობა ან მხოლოდ ერთ ადამიანთან ურთიერთობა ცხოვრების არსს უკარგავს. და მაინც, ექსტრავერტს სჭირდება დროის მონაცვლეობა, როცა ყველაზე აქტიურია და როცა უბრალოდ ცხოვრობს. სხვა შემთხვევაში ამ აქტივობის მორევში დაიკარგება.

ექსტრავერტი საკუთარ თავს ადვილად გამოხატავს, შედეგზე ორიენტირებულია, ხალხი და მოქმედება უყვარს. უმეტესობა მათგანს უყვარს ურთიერთობა, რაიმე საქმის კეთება, ხალხთან მუშაობა, საქმის და მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, აუცილებლად მარტივი და მხიარული ხასიათი არ აქვს, უბრალოდ ყურადღების ფოკუსი მისი პიროვნების მიღმაა გადატანილი.

ინტროვერტის ენერგიის წყარო იდეების, ემოციების და შთაბეჭდილებების შინაგან სამყაროშია. გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, აუცილებლად წყნარი ან ჩაკეტილი არაა. უბრალოდ ყურადღებას საკუთარ პიროვნებაზე ამახვილებს. სჭირდება მშვიდი ადგილი, სადაც ყველაფერზე კარგად დაფიქრდება და ენერგიით დაიმუხტება.

ენერგიას აკონსერვებს. გარე სამყარო სწრაფად ღლის და უსიამოვნო შეგრძნებას უჩენს, თითქოს რაღაც ძალიან ბევრია. ეს შეიძლება გამოვლინდეს ნერვიულობით ან აპათიით. სწორედ ამიტომ, ინტროვერტმა სოციალური კონტაქტები უნდა შეზღუდოს, რომ სრულად არ დაიცალოს. და მაინც, მარტოობაში გატარებული დრო საზოგადოებაში ყოფნის დროით უნდა შეავსოს, სხვა შემთხვევაში შეიძლება პერსპექტივა, ხალხთან ურთიერთობა და გარე სამყაროსთან ზოგადი კავშირი დაკარგოს.

რა განსხვავებაა ექსტრავერტისა და ინტროვერტის პროდუქტიულობას შორის?

ზოგადად, ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე პიროვნების ტიპი სამსახურში მეტ პროდუქტიულობას ავლენს. ეს ხომ დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: გარკვეულ ამოცანაზე კონცენტრირების შესაძლებლობა, დროის მენეჯმენტის უნარი, ფიზიკური და ემოციური მდგომარეობა. ზოგიერთი განსხვავება მაინც არის. ექსტრავერტს სჭირდება გარე სტიმულები, რომ სამუშაოს შესასრულებლად ენერგია მიიღოს: ზაფხულში დასვენება, ერთად სადმე გასვლა, გუნდური მუშაობა. ინტროვერტი უკეთ კონცენტრირდება, როცა მარტოა. თუ მუდმივად ხალხთან ურთიერთობა უწევს, მალე იღლება და პროდუქტიულობის დაბალ დონეს აჩვენებს.

ექსტრავერტი მზადაა პასუხი მყისიერად გასცეს. ინტროვერტისთვის გადაწყვეტილების თანდათან და მარტო მიღება უფრო კომფორტულია. ექსტრავერტისთვის საზოგადოების აღიარება და თანამშრომლების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ინტროვერტისთვისაც ღირებულია, მაგრამ უფრო ნაკლებად. ექსტრავერტს გასაღვიძებლად მეტი დრო სჭირდება, ამიტომ დილით ადრე სამსახურში მისვლა და მუშაობის დაწყება უჭირს. ინტროვერტისთვის მცირე იმპულსი საკმარისია. ინტროვერტისა და ექსტრავერტის პროდუქტიულობა დამოკიდებულია იმ გარემოზე, რომელშიც იმყოფება. თუ ეს მის ენერგიით დამუხტვას ხელს უწყობს, სავარაუდოდ, თითოეული მათგანი უკეთ იმუშავებს.

როგორ გავზარდოთ ინტროვერტის პროდუქტიულობა

ფსიქოლოგები ინტროვერტებს ურჩევენ, რომ საკუთარ პიროვნებას გაუფრთხილდნენ და თუ შესაძლებელია ხალხთან პირდაპირ კონტაქტს მოერიდონ, თუ მათთან ურთიერთობა დამღლელია.

1. გარემოს შეცვლა

ღია სამუშაო სივრცე შეიქმნა იმისთვის, რომ ხალხმა ერთმანეთთან მეტად ითანამშრომლოს. აქ ინტროვერტებს ათობით ყოველდღიურ საუბარში ჩართვა უწევს, ასევე სხვასხვა უცხო ხმის მოსმენა, როგორიცაა სამუშაო ზარები ან მუსიკა, რომელსაც თანამშრომელი უსმენს. ინტროვერტისთვის ეს კოლოსალური სტრესია, რომელიც პროდუქტიულობას არ ზრდის და კარიერულ ზრდას ხელს არ უწყობს. ოფისის ასეთი განლაგება ყველასთვის შესაფერისი არააა, ამიტომ ინტროვერტისთვის აუცილებელი არაა, რომ მთელი 8 საათი სამუშაო მაგიდასთან დაიტანჯოს. თუ მშვიდად მუშაობა გსურთ, წყნარი ადგილი იპოვეთ. მაგალითად, მყუდრო კუთხე, სადაც კომფორტულად მუშაობას შეძლებთ.

2. პირისპირ ურთიერთობა პრიორიტეტულია

ჯგუფური პროექტები და აქტივობები ინტროვერტისთვის შეიძლება კოშმარი იყოს. მაშინაც კი, თუ თანამდებობა გუნდური მუშაობის თავიდან აცილების საშუალებას არ გაძლევთ, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ დრო უფრო ინტიმური,  მნიშვნელოვანი პირისპირი საუბრებისთვის. ცალკე ჩატში მთავარ დაინტერესებულ პირებს ეკონტაქტეთ ან პროექტის შესახებ თანამშრომლებს ინდივიდუალურად შეხვდით. შესაძლოა, ასე თავი უფრო კომფორტულად იგრძნოთ.

3. ნელა მოქმედების შიშის აკრძალვა

საოფისე ცხოვრება ავითარებს მიღწევების კულტურას „სწრაფად, მაღლა, ძლიერად“. როგორც წესი, ინტროვერტი წარმატებას აღწევს, როცა ერთ თემაში ღრმად ეფლობა და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ხელმძღვანელობას სასურველი სამუშაო სტილის შესახებ აუცილებლად შეატყობინეთ და ჩაერთეთ პროექტებში, რომელიც ღრმა კონცენტრაციას და ყურადღებას მოითხოვს.

4. შინაგანი მომზადება სამუშაო შეხვედრებისთვის

შეხვედრებზე ყოველთვის არის 2-3 ადამიანი, რომლებიც ბევრს საუბრობენ და ყურადღების მიქცევას ცდილობენ. თუ შესაფერის მომენტს დაელოდებით, რომ რაღაც საკუთარი, შესაძლოა სუპერმნიშვნელოვანი თქვათ, ეს შეიძლება სამუდამოდ გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, რომ საკუთარი აზრი პირველმა თქვათ. ასე აღნიშნავთ, რომ არ გსურთ გულგრილი დამკვირვებელი იყოთ. გარდა ამისა, შეხვედრამდე დღის განრიგს წინასწარ გადახედეთ და ჩამოწერეთ თეზისები, რომელთა შესწავლაც გსურთ. ასე თავს უფრო თავდაჯერებულად იგრძნობთ.

როგორ გავზარდოთ ექსტრავერტის პროდუქტიულობა?

ფსიქოლოგები ექსტრავერტებს ურჩევენ, რომ ურთიერთობისკენ სწრაფვას სწორი მიმართულება მისცენ.

1. ძალიან აქტიური ადგილები მოძებნეთ

წყნარი ოფისი შეიძლება ექსტრავერტის პროდუქტიული ლიბიდოს შემცირების მიზეზი გახდეს. მას სჭირდება ხმაური, საუბარი, მოძრაობა, რომ შემოქმედებას გასაქანი მისცეს. თუ საოფისე მაგიდასთან შთაგონებას ვერ გრძნობთ, კაფეში გაიპარეთ. აქ მუშაობა ინტროვერტის მსგავსად ექსტრავერტსაც მოეწონება. სხვა ვარიანტი: შეისვენეთ, ქუჩაში გადით, ბინაში გაისეირნეთ. ზოგჯერ ყველაფერი, რაც გჭირდებათ, გარემოს შეცვლაა. ასე დაისვენებთ და ენერგიით აივსებით.

2. ამოცანების რაოდენობა დოზირებულად შეასრულეთ

მაშინ როცა ინტროვერტი საქმეების გაზრდილი სიის ან შეხვედრებს შორის გადაადგილების გამო შეიძლება სტრესის ქვეშ იყოს, ექსტრავერტი მსგავსი ამოცანების შესრულებით აღფრთოვანდება. ეს თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ. დიდი პროექტები ბევრი შემადგენელი ნაწილით საკუთარ თავზე აიღეთ. გახსოვდეთ: არ გადააჭარბოთ და საკუთარი ძალები ზედმეტად არ შეაფასოთ. იმის მიუხედავად, რომ ექსტრავერტს დაკავებულობა მოტივაციას აძლევს, რომ საქმე უკეთ შეასრულოს, გირჩევთ, ამოცანების დასაშვები რაოდენობის ან სამუშაო საათების საზღვარი დააწესოთ. სხვა შემთხვევაში, შეიძლება გადაიწვათ.

3. ექსტრავერტული ენერგია სამუშაო გუნდის გარეთ მიიღეთ

ექსტრავერტი სხვა ადამიანების გარემოცვაში ენერგიას იღებს, მაგრამ სამუშაო შეხვედრები საკმარისი ენერგიით ყოველთვის არ მუხტავს. ამ შემთხვევაში სხვებთან ურთიერთობისთვის დრო გამოყავით. მაგალითად, ახალ ნაცნობებთან ერთად ისადილეთ ან ყავა დალიეთ. თუ დისტანციურად მუშაობთ, ამით ისარგებლეთ და ესტუმრეთ ანტიკაფეებს, ჯგუფურ ფიტნესს ან სხვა აქტივობას ახლომახლო.

4. გაკეთებული საქმის გაანალიზებას დაუთმეთ დრო

ექსტრავერტი მრავალი ამოცანის შესრულებით და სიიდან ყოველდღიური საქმეების ამოშლით ცნობილია. ეს ხშირად იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ექსტრავერტი ერთი საკითხიდან მეორეზე ხტება, არ ფიქრობს იმაზე, რაც ახლახანს გააკეთა. ყოველი შესრულებული საქმის შემდეგ 15-20 წუთი სათანადო ანალიზს დაუთმეთ. შესაძლოა, რაღაც ცდომილება აღმოაჩინოთ, რომელიც ამ ამოცანასთან დაბრუნებას მოითხოვს.