7 ხრიკი აგარაკისა და ბოსტნისთვის, რომელთა შემქმნელებს მადლობას გადაუხდით 

ზოგი აგარაკს დასასვენებლად ყიდულობს, ზოგიც იქ უფრო მეტს მუშაობს, ვიდრე ძირითად სამსახურში. მცენარეების დარგვა, მოვლა, მავნებლებთან ბრძოლა, ტერიტორიის მოწყობა – ეს ყველაფერი დიდ დროს და ძალას მოითხოვს. Novate თვლის, რომ ასე არ უნდა იყოს, ამიტომ გიზიარებთ სასარგებლო ხრიკებს, რომლებიც აგარაკზე საქმიანობას შეგიმსუბუქებთ.

ხრიკი 1: დღიური

როგორი კარგი მეხსიერებაც არ უნდა გვქონდეს, ყოველთვის გვავიწყდება რაღაცის აღება, გაკეთება, ყიდვა და ა.შ. აგარაკზე მუშაობა გამონაკლისი არაა. აგარაკზე დრო მაქსიმალურად ეფექტურად რომ გაატაროთ, ყოველდღიური დღიური იქონიეთ და გვერდები სამ სვეტად დაყავით. პირველს „აგარაკი“ დაარქვით და ჩაწერეთ ხელსაწყოები, რომელიც თან უნდა წაიღოთ: ხელთათმანებით დაწყებული და მავნებლების წინააღმდეგ მოსავლის დასამუშავებელი საშუალებით დამთავრებული. მეორე სვეტი „ნაკვეთი“, სადაც ჩაწერეთ საქმეები, რომლებიც აგარაკზე უნდა შეასრულოთ. ბოლო სვეტს მიაწერეთ „სახლი“ და მიუთითეთ ყველა ნივთი, რომელიც აგარაკიდან ქალაქში უნდა წაიღოთ.

ასეთი მარტივი ხრიკით თავიდან აიცილებთ უსარგებლო მოგზაურობას და აგარაკზე მისვლისას არ აღმოაჩენთ, რომ თოხი ნაყიდი არ გაქვთ და სამუშაო ტანსაცმელი სახლში დაგრჩათ. ახლა მაღაზიებში საჭირო ხელსაწყოების საყიდლად სიარულში დროს არ დახარჯავთ, ანუ მარტივად და სწრაფად იმუშავებთ.

ხრიკი 2: ვერტიკალური დარგვა პატარა ნაკვეთზე

უმეტესობა ჩვენგანს აგარაკის ყიდვისას იმედი აქვს, რომ ბოსტანს გააშენებს და სხვადასხვა კულტურას გაზრდის. მაგალითად, ბოსტნეულს, ხილს, კენკრას და ა.შ. თუმცა დიდი ნაკვეთის შესაძენად ფული არ გვყოფნის. თუ პატარა ბოსტანი გაქვთ, რომელზეც მოსაბრუნებელი ადგილიც არაა, ყურადღება ვერტიკალური დარგვის მეთოდებს მიაქციეთ. მაგალითად, კიტრი კასრში შესანიშნავად იზრდება. კასრის ძირში ნახვრეტი გააკეთეთ, რომ შიგნით ზედმეტი სითხე არ დაგროვდეს. წამოიღეთ ნარჩენი ხის მასალები აგარაკზე? მათგან მარწყვისთვის საფეხურიანი კვლები გააკეთეთ. მწვანილი, როგორიცაა ოხრახუში, ქინძი და კამა, ძველ კონტეინერში შეგიძლიათ დარგოთ. ჭურჭელი ორი მეთოდით შეგიძლიათ დააწყოთ: საფეხურებით ან მიწაში ჩამარხვით.

ხრიკი 3: დასაკეცი სკამი ააწყვეთ

არ დაგავიწყდეთ, რომ აგარაკი არა მხოლოდ ბაღ–ბოსტანში მძიმე სამუშაო ადგილი, არამედ დასასვენებელია. ელემენტარული ნივთი – გრძელსკამი კვლებთან, სადაც მორიგ „რბოლამდე“ 10-15 წუთით შეგიძლიათ შეისვენოთ. დასაკეცი სკამი გააკეთეთ, რომ საჯდომი წვიმამ, ნაცარმა, ახლომდებარე შლანგიდან წყლის წვეთებმა არ დააზიანოს. დაგვეთანხმეთ, საწყენია, როცა დილით ადრე სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად სკამზე დასვენება გსურთ, მაგრამ აღმოჩნდება, რომ სველია.

ასეთი მოდელის შექმნა მარტივია. საკმარისია, ჩვეულებრივი მარყუჟები გაუკეთოთ, რომ საზურგე საჯდომს დაადოთ. დასვენების სურვილის შემთხვევაში სკამი კვლავ გაშალეთ.

ხრიკი 4: კვლების სწრაფი „მონიშვნა“

როგორც წესი, აგარაკის მფლობელები ბევრ თესლის შეფუთვას ყიდულობენ, შემდეგ თითქმის მთელ დროს დარგვაზე ხარჯავენ, რადგან კვლებში თესლი გარკვეული დისტანციით უნდა დაითესოს. თუ მონიშვნას დაარღვევთ, კვლები შეიძლება გასქელდეს ან, პირიქით, ცოტა თესლი დათესოთ და მოსავლის გარეშე დარჩეთ. კარგია, რომ გამოცდილი მეაგარაკები საკუთარ ეფექტურ ხრიკებს გვიზიარებენ, რომელიც ამ პროცესს ამარტივებს. საუკეთესო ხრიკებს გიზიარებთ.

  • კვერცხის ძველი უჯრა აიღეთ და მიწაში ჩაარჭეთ ზუსტად იმდენჯერ, რამდენიც არსებული კვლების მოსანიშნად გჭირდებათ. ბონუსი იმაშია, რომ თესლებს შორის ასეთი დაშორება ბევრი სახეობის ბოსტნეულისთვის შესაფერისია.
  • თუ ასეთი დისტანცია ძალიან დიდი ან მცირეა, ღვინის კორპები გამოიყენეთ. დაფას საჭირო დისტანციაზე დააწებეთ, მიწაში ჩაარჭეთ და წარმოქმნილ ორმოებში თესლი ჩააწყვეთ. ასეთი მოწყობილობით კვლების მონიშვნაზე დროს დაზოგავთ.

ხრიკი 5: „გამიზნული“ მორწყვა მოაწყეთ

ჩვეულებრივ, ცხელი ზაფხული და უნალექობა მოსავლის გაშრობას იწვევს. მაშინაც კი, თუ ყოველდღე შლანგით ბოსტანში დარბიხართ, გარანტია არაა, რომ წყალი ფესვებამდე მიაღწევს და გამოკვებავს. საბედნიეროდ, სპეციალურად ამ ამოცანის შესასრულებლად შესანიშნავი ხრიკი არსებობს. თუ ფესვების სისტემა მიწაში ღრმად ჩადის, მარტივი მოწყობილობა გააკეთეთ. პლასტმასის ბოთლის ძირი გადაჭერით, თავსახური მოხსენით და ბოსტნეულის გვერდით მიწაში თავდაყირა ჩამარხეთ. ახლა ბოთლში წყალი ჩაასხით და მზადაა. წყალი ფესვებამდე სწრაფად მიაღწევს და ტენით გააჯერებს.

ბოთლი მორწყვასთან დაკავშირებული სხვა ხრიკისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ გძულთ შლანგი, რომელიც ფეხებში გებლანდებათ, კვლებს ედება და ნერგებს აზიანებს, ალტერნატივა გამოიყენეთ. კვლების კუთხეებში ხის პალოები ჩაარჭეთ. მათზე პლასტმასის ბოთლები თავდაყირა დაკიდეთ და დააფიქსირეთ. ახლა შლანგი იმოძრავებს მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც „ნებას დართავთ“ და მცენარეებს არ დააზიანებს.

ხრიკი 6: სასუქი სახლში მოამზადეთ

თუ ბაღი ან ბოსტანი გაქვთ, თქვენს სახლში უსარგებლო ნაგავი ნამდვილად არ იქნება. ყველაფერი მომავალი მოსავლის სასიკეთოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, კვერცხის ნაჭუჭი სასუქად შეგიძლიათ გამოიყენოთ, რადგან მიწას ანაყოფიერებს. მთავარია, წესის შესაბამისად მოამზადოთ. კვერცხის ნაჭუჭი კარგად გააშრეთ, შემდეგ ყავის საფქვავში დაფქვით. მიღებული ფხვნილი ასეც ეფექტურია, თუმცა ნაყენის მომზადებას გირჩევთ. მიღებული სასუქი ნიადაგს არა მხოლოდ კალციუმით, არამედ სხვა სასარგებლო ნივთიერებით ამდიდრებს.

ფიჭვის ან ნაძვის წიწვებით სასარგებლო საშუალება შეგიძლიათ მოამზადოთ. 2 კგ წიწვი 10 ლ წყალზე გამოიყენეთ. ორივე ინგრედიენტი დიდ ღრმა ჭურჭელში აურიეთ და 10 დღე სიბნელეში გააჩერეთ, რომ სასუქი კარგად გაჯერდეს. ყოველდღე სითხეს აურიეთ, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ გადაწურეთ. ნარევი ფოთლებს უკეთ რომ მიეკვრას, ცოტა თხევადი საპონი დაუმატეთ. როცა მზად იქნება, ბაღ–ბოსტანში ხეები და ბოსტნეული მორწყეთ. ასე მოსავალს ბუგრებისა და სხვა მავნებლებისგან დაიცავთ.

ხრიკი 7: ბორბლებიდან ნაგვის ურნები გააკეთეთ

ბაღსა და ბოსტანში ნაგვის შესანახი კონტეინერები ზედმეტი არაა. აუცილებელი არაა, რომ კონტეინერები საყოფაცხოვრებო მაღაზიებში შეიძინოთ. გირჩევთ, რომ ძველი ბორბლებიდან თავად გააკეთოთ. 1 კასრისთვის 3-4 ბორბალი საკმარისია. ერთმანეთს დაადეთ და კარგად დააფიქსირეთ, შემდეგ საჭირო ადგილას დადეთ. თუ ბევრი ბორბალი გაქვთ, რამდენიმე კონტეინერი გააკეთეთ და სხვადასხვა ფერში შეღებეთ, რომ ნარჩენების დახარისხება შეძლოთ. შიგნით სანაგვე პარკის ჩაფენა არ დაგავიწყდეთ. ასე ნაგვის ურნას სწრაფად და მარტივად დაცლით.