8 რამ სახლში, რაც განწყობას აფუჭებს და დეპრესიას იწვევს

ტყუილად არ ამბობენ, რომ ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. გვსურს, რომ აქ თავი მაქსიმალურად კომფორტულად, მყუდროდ და დაცულად ვიგრძნოთ. ზოგჯერ კარგი რემონტი და ხილული წესრიგიც მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. Novate გიამბობთ, რომელი ნივთები იწვევს გაღიზიანებას და განწყობის გაფუჭებას ფარულად. გირჩევთ, ეს ნივთები მოიშოროთ, რომ სახლში თავი უფრო მშვიდად იგრძნოთ.

1. მიმოფანტული დოკუმენტები

სამსახურთან დაკავშირებული დოკუმენტები თავისთავად უარყოფით ემოციებს არ იწვევს, მაგრამ თუ მთელ სახლში, მათ შორის საძინებელ ოთახშიც, მიმოფანტულია, სტრესი და დათრგუნული მდგომარეობა არ დააყოვნებს. დაფიქრდით: საძინებელ ოთახში ისვენებთ, მოდუნებული ხართ, მძიმე სამუშაო დღის დაწყებამდე ძალებს იკრეფთ, ხოლო სამუშაო დოკუმენტები ყველაფერს აფუჭებს, გახსენებთ, რომ ხვალ რთული ამოცანის შესრულება მოგიწევთ. სცადეთ, ისე გააკეთოთ, რომ დოკუმენტები მთელ ბინაში მიმოფანტული არ იყოს. მათთვის ცალკე ადგილი მოძებნეთ. კარგია, თუ სახლში მინი კაბინეტი გაქვთ, მაგალითად, აივანზე, ან კუთხე მისაღებ ოთახში, რომელიც სტელაჟით გამოყოფილია. სამუშაო დოკუმენტები სამუშაო მაგიდაზე ან უჯრაში შეგიძლიათ შეინახოთ, რომ ყოველთვის ხელთ გქონდეთ.

2. ბევრი სარკე ბინაში

სარკე ინტერიერის სასარგებლო და ფუნქციური ელემენტია. სარკე არა მხოლოდ ძირითად ამოცანას ასრულებს, არამედ სივრცეს ვიზუალურად აფართოებს, უფრო ნათელს ხდის და ლამაზი დეკორატიული ელემენტის ფუნქციას ასრულებს. ზედმეტად ბევრი სარკე სახლში შეიძლება აპათიის მიზეზი გახდეს, რადგან მსოფლიოში არც ერთი ქალი საკუთარი გარეგნობით მთლიანად კმაყოფილი არაა. ჩვენ თვითკრიტიკა გვახასიათებს: ჩივილი ზედმეტ წონაზე, მოღუნულ ფეხებზე, დიდ ცხვირზე, ლამაზი ფორმების არქონაზე. როცა ყველგან საკუთარ ანარეკლს ვხედავთ, გარეგნობის ნაკლოვანებებზე ფიქრს ვერ ვიშორებთ, განწყობა გვიფუჭდება და თვითშეფასება ქვეითდება.

ამ სცენარს განვითარების ორი ვარიანტი აქვს: ან საკუთარ სხეულში იმედი სამუდამოდ გვიცრუვდება და დეპრესიაში ვვარდებით ამ ძლიერ მოტივაციას ვიძენთ, რომ დიეტა დავიცვათ და სპორტულ დარბაზში სავარჯიშოდ ვაუჩერი ვიყიდოთ. ყველას თავისი.

3. გამხმარი ყვავილები

დიზაინერები ყოველთვის გვირჩევენ, რომ ინტერიერს შევმატოთ ოთახის მცენარეები, ასევე ყვავილების თაიგული, რადგან სიცოცხლის სიმბოლოა და დადებით ენერგიას გვიზიარებს. მათ მოვლა სჭირდებათ. თუ შეამჩნიეთ, რომ მცენარე თანდათან ხმება ან, უარესი, უკვე დამჭკნარია, მაშინვე გადაყარეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე დღეში აპათიის ნიშნებს იგრძნობთ.

არ გაქვთ ძალა და სურვილი, რომ ყვავილებზე რეგულარულად იზრუნოთ, გამოკვებოთ და გადარგოთ? რამდენიმე უპრეტენზიო მცენარე შეიძინეთ. აუცილებელი არაა, რომ კაქტუსი იყოს. კარგად რეკომენდებულია სანსევიერია, ზამიოკულკასი, ეპიპრემნუმი, ხე და სხვა.

4. უწესრიგობა კარადასა და თაროებზე

ყველასთვის ნაცნობი სიტუაცია: დივანზე წევხართ, საყვარელ სერიალს უყურებთ და მოულოდნელად მეგობარი გირეკავთ, რომელიც გატყობინებთ, რომ 10 წუთში სტუმრად მოვა. ოთახს თვალს ავლებთ და ხვდებით, რომ ყველგან არეულობაა და ბინაში აქეთ–იქით სირბილს იწყებთ, რომ ყველა ნივთი კარადაში დამალოთ და საუკეთესო დრომდე დაივიწყოთ. დიახ, მისაღები და საძინებელი ოთახები გარეგნულად იდეალურად გამოიყურება, მაგრამ ხომ ვიცით, რომ არეულობა არ გამქრალა, უბრალოდ ერთი ადგილიდან სხვაგან გადავიტანეთ.

საინტერესოა, რომ ნივთების მსგავსი უწესრიგობის „გუნდები“ ცხოვრებაში არეულობის შეგრძნებას იწვევს. რატომ მივიყვანოთ საქმე აქამდე? გირჩევთ, ნახევარი საათი გამოყოთ, ენერგიული მუსიკა ჩართოთ და სახლის დალაგება დაიწყოთ. საქმე ეხება არა მხოლოდ კარადას, არამედ უჯრებს, თაროებს და სხვა ადგილებს, სადაც საჭირო (და არც ისე) ნივთები გროვდება. მტვერი გადაწმინდეთ, ზედმეტი ნივთები გადაყარეთ და მაშინვე შეამჩნევთ, როგორ აგიმაღლდებათ განწყობა და გაგიადვილდებათ სუნთქვა.

5. დიდი ავეჯი პატარა ბინაში

ჩვენ, ყველა ვაფასებთ კომფორტს, ორგანიზებულობას, სიმყუდროვეს, რომელსაც ხშირად დიდი ფუნქციური ავეჯი გვაძლევს. დიდ სასახლეში ასეთი ავეჯი ჰარმონიულად გამოიყურება, მაგრამ პატარა ბინაში მთელ თავისუფალ ადგილს იკავებს და პროპორციებს არღვევს. ინტერიერის ნივთები, რომლის ზომაც ოთახის პარამეტრებს არ შეესაბამება, მორალურად ზეწოლას ახდენს და დისკომფორტს იწვევს, რომლის მოშორება რთულია. კარგ განწყობას ვერ ქმნის ისიც, რომ ჟურნალის მაგიდას მუდმივად ფეხს ვარტყამთ და მუცლის შეწევა გვიწევს, როცა საწოლსა და კარადას შორის გავდივართ.

ავეჯის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ღია ფერის კომპაქტურ მოდელს, რომელიც პატარა ოთახში ჰარმონიულად გამოიყურება, სიხარულს და სივრცის შეგრძნებას გვანიჭებს. საკუთარ ბინაში თავისუფლება და სიმსუბუქე უნდა იგრძნოთ და არა დეპრესია. ეს გახსოვდეთ.

6. ძვირადღირებული სადღესასწაულო სერვიზი

ასეთი სერვიზი ბევრ ბინაში შეგიძლიათ იპოვოთ. ჩვეულებრივ, ბებიისგან მემკვიდრეობით ვიღებთ ან ქორწილში გვჩუქნიან. ამ სერვიზის შემხედვარე თავისთავად ვფიქრობთ, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და დიდ დღესასწაულებზე უნდა გამოვიყენოთ. სამწუხაროდ, ცხოვრებაში ასეთი დღეები ბევრი არაა, ხოლო როცა „ის დღე“ დგება, სერვიზი ყველას ავიწყდება. ასე მინის კარიან სერვანტში ინახება და მტვრით იფარება.

ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გული დაგწყდეთ, რომ სერვიზი ერთხელაც არ გამოიყენეთ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ არც ისე ბედნიერად ცხოვრობთ, რადგან ლამაზი ჭურჭლის გამოყენების მიზეზი არ გაქვთ. ასეთმა შეგრძნებამ შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.

პრობლემის მოგვარების ორი ვარიანტი არსებობს:

  • არ გადადოთ ხვალისთვის ის, რაც დღეს შეგიძლიათ გააკეთოთ. სერვიზი გამოიღეთ და ყოველდღე ჩაის ან ყავის დასალევად გამოიყენეთ. საკუთარ თავს სადღესასწაულო განწყობა შეუქმენით. დილის შთამაგონებელი რიტუალი იქნება.
  • სერვიზი აჩუქეთ მას, ვინც ჭურჭელს სათანადოდ დააფასებს. დაე, სერვიზი სიამოვნებით გამოიყენოს და მადლიერებით გაგიხსენოთ.

7. დაუმთავრებელი ხელნაკეთი ნივთი

აღიარეთ: თქვენც გიტაცებთ პერიოდულად ხატვა, ქსოვა, ქარგვა, მაგრამ საქმის ბოლომდე მისაყვანად დრო არ გყოფნით? ასე ბევრი იქცევა. შედეგად, დაუმთავრებელი ნივთი კარადის შორეულ თაროზე ინახება და მტვრით იფარება იმის იმედად, რომ ოდესმე დაასრულებთ.

ჰობის შემხედვარე ვიწყენთ, არასრულფასოვნების და საკუთარი უმაქნისობის შეგრძნება ჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანი საქმის შუა გზაზე მიტოვებას მიჩვეულია. სწორედ ამიტომ, საქმის დამთავრებას გირჩევთ, რომ ბინა ამ ნივთებით დაამშვენოთ და საკუთარი ნიჭის გამოვლენით ისიამოვნოთ. თუ დაუმთავრებელ ნივთთან მიბრუნების არანაირი სურვილი გაქვთ, უბრალოდ გადაყარეთ.

8. დაზიანებული ნივთები

რამდენია ასეთი ნივთი ბინაში, დაწყებული დაზიანებული საყოფაცხოვრებო ტექნიკით და დამთავრებული დაბზარული ჭურჭლით, ონკანით, სამზარეულოს კარადის დახრილი კარით. გასაკვირი არაა, რომ ისინი განწყობას გვიფუჭებენ და გვთრგუნავს, რადგან არავის სურს საკუთარი სახლი გაფუჭებულთან ასოცირდებოდეს.

თუ ნამდვილად საჭირო ტექნიკა გაქვთ, რომლის შეკეთება შეიძლება, შეაკეთეთ. სხვა ნივთები მოიშორეთ: დახვრეტილი ტანსაცმლის გაკერვას აზრი არ აქვს, დაბზარული თეფშიდან ჭამა არ შეიძლება, ბლენდერი იზოლენტით გადახვეული სადენით გამოსაყენებლად სახიფათოა. როგორც ხედავთ, საკუჭნაოში მათ შენახვას აზრი არ აქვს.

სხვათა შორის, ზოგიერთი ნივთი შეგიძლიათ გადასამუშავებლად ჩააბაროთ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბევრ მაღაზიაში არის სერვისი – უსარგებლო ნივთების პარკი შეგიძლიათ მიიტანოთ და სანაცვლოდ ტანსაცმელზე ფასდაკლება მიიღოთ. ყველა ბედნიერი და კმაყოფილია.