ლოს–ანჯელესში გადამუშავებული პლასტმასისგან აგურის შექმნის ტექნოლოგია შეიმუშავეს

თანამედროვე სამყაროში ბევრ პრობლემას დაუყოვნებლივი მოგვარება სჭირდება, რომ კაცობრიობის მომავლისთვის სახიფათო არ გახდეს. მაგალითად, წლებია გარემოსდამცველები განგაშს ტეხენ პლასტმასის ნარჩენებით პლანეტის გლობალური დაბინძურების გამო. სამშენებლო ინდუსტრიაშიც მწვავედ დგას საკითხი, როგორ შევამციროთ ნარჩენები და ნაგვის რაოდენობა, რომელიც მორიგი პროექტის შემდეგ რჩება. ლოს–ანჯელესში ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა მოახერხეს. აქ აქტიურად ვითარდება სტარტაპი, რომელიც გამოყენებული პლასტმასით ეკოლოგიური გამძლე სახლების აშენების შესაძლებლობას იძლევა.

ლოს–ანჯელესში ახალი სტარტაპის სპეციალისტებს საკმაოდ ამბიციური იდეა აქვთ, რომ პლასტმასის პარკებისა და ბოთლებისგან სრულფასოვანი შენობის მშენებლობის ტექნოლოგია შეიმუშავონ. კონცეფციის ავტორის თქმით, იდეის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახლის ასაშენებლად თანამედროვე, უფრო სწრაფი, ეკოლოგიური და სუფთა მეთოდი შექმნან, ვიდრე ტრადიციული სამშენებლო ბლოკებია. ამისთვის მიზნად ისახავენ პლასტმასის ნარჩენების გამოყენებას, მათ შორისაა ის, რომელიც გადამუშავებას არ ექვემდებარება.

ამერიკულმა სტარტაპმა იდეის განხორციელება შეძლეს მათ მიერ შემუშავებული ტექნოლოგიის გამოყენებით, რომელსაც ByFusion Global უწოდეს. მისი დახმარებით ამ დრომდე „გადასამუშავებლად უვარგისი“ პლასტმასი დიდი ზომის გამძლე აგურად გარდაქმნეს. წიდაბლოკი, რომელსაც ByBlocks უწოდებენ, ე.წ. ორთქლის დატკეპნის მეთოდით მზადდება. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა ისაა, რომ რაიმე ქიმიკატი, დანამატი, წებოს ნარევი ან შემავსებელი არ სჭირდება.

ასე მიიღება აგური, რომელიც გარეგნულად ლეგოს კონსტრუქციას ჰგავს, ზომით სტანდარტული ბეტონის წიდაბლოკია. ასეთი მასალა სამოქალაქო ინჟინერიისთვის შესანიშნავია, მით უფრო, რომ თითქმის ურღვევია. კომპანიის ByFusion გენერალური დირექტორის, ჰაიდი კუიავას თქმით, მათ უკვე მიიღეს Dow–ს გრანტი, ასევე კომპანია Hefty–ს ნარჩენების გადამუშავების პროგრამის EnergyBag პარტნიორი გახდნენ.

სტარტაპი პლასტმასის ნარჩენების გადასამუშავებლად საპილოტე პროგრამისთვის ემზადება, რომლის განხორციელება დაგეგმილია ქალაქ ბოისეში, აიდაჰოს შტატში (აშშ). თავდაპირველად კონცეფციის მიზანია, რომ ბოისეს მოსახლეობას უახლოეს წლებში დაეხმაროს ქალაქის ნაგავსაყრელზე დაგროვილი დაახლოებით 72 ტონა პლასტმასის უტილიზაციაში, რომელიც ტრადიციულად ვერ მუშავდება. პირველად ნარჩენებისგან დამზადებული ბლოკები ქალაქის პარკში რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტის მშენებლობის დროს წარმატებით გამოიყენეს.