6 იდეა, როგორ მოაწყოთ შემოსასვლელის „ჭუჭყიანი“ ზონა, რომ ნაგავი მთელ ბინაში არ გაიტანოთ

დერეფანი ერთ–ერთი ყველაზე ბინძური ოთახია ბინაში. აქ გროვდება მტვერი, ჭუჭყი, წყალი, გამდნარი თოვლი. რბილად რომ ვთქვათ, ასე ოთახი უშნოდ გამოიყურება. Novate გიამბობთ, როგორ გააფორმოთ შემოსასვლელის „ჭუჭყიანი“ ზონა, რომ მუდმივად ჩვრით ხელში არ ირბინოთ და იშვიათად დაალაგოთ. ბონუსი: ამ იდეებით ინტერიერსაც უკეთ გააფორმებთ.

რჩევა 1: სწორი ფერები გამოიყენეთ

დერეფანში ქუჩიდან თითქმის ყველა სახის ჭუჭყი ხვდება, ამიტომ ოთახის გასაფორმებლად აირჩიეთ ფერები, რომელზეც ჭუჭყი ნაკლებად ჩანს. მაგალითად, ნაცრისფერი, კრემისფერი, ყავისფერი, ხაკისფერი. ასეთ ფერებზე ჭუჭყი და მტვერი ვიზუალურად ნაკლებად შესამჩნევია, ანუ დღეში რამდენჯერმე დალაგება არ მოგიწევთ. იატაკის და კედლის საფარი არა ერთფერიანი, არამედ წვრილი ნახატებით შეარჩიეთ – ასე წყლის ლაქები უხილავი გახდება, განსაკუთრებით წვიმის სეზონზე, როცა ქუჩიდან შემოსული ქოლგას წვეთების მოსაშორებლად ანჯღრევთ და ისინი კედლებზე ხვდება.

თუ მშვიდი ფერები არ მოგწონთ და სიკაშკაშის შემატება გსურთ, ფერებით ზონირებას მიმართეთ: შემოსასვლელი ზონა მშვიდ უხილავ ფერში გააფორმეთ, ხოლო დანარჩენი სივრცისთვის გაჯერებული ფერი შეარჩიეთ. იდეალური ვარიანტია, თუ ვიწრო წაგრძელებული დერეფანი გაქვთ და მისი პროპორციების კორექტირება აუცილებელია. კონტრასტული ფერების კომბინაცია ოთახს კვადრატულ ფორმასთან მიაახლოებს.

რჩევა 2: ხარისხიანი იატაკის საფარი აირჩიეთ

თუ საძინებელ ოთახში შეგიძლიათ იატაკის საფარის ხარისხზე დაზოგოთ, რადგან აქ ნაკლებ დროს ატარებთ, დერეფანში ხარისხიანი მასალა მაღალი ცვეთამედეგობით უნდა შეარჩიოთ. გიამბობთ, რატომ. ჭუჭყიან ზონას წყალთან, ჭუჭყთან, ასევე მძაფრ ქიმიურ ნივთიერებებთან ხშირი კონტაქტი აქვს, რომლებიც ქუჩის ფეხსაცმელზე ხვდება. შემოსასვლელში იატაკის საფარი მაქსიმალურად საიმედო, ხარისხიანი, გამძლე და გარე ფაქტორების მიმართ მდგრადი უნდა იყოს.

ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს კერამოგრანიტი: წყალი, ტემპერატურის ცვლილებები, სხვადასხვა სახის მექანიკური დაზიანება, ქიმიური ნაერთების ზემოქმედება (მათ შორის საყოფაცხოვრებო ქიმიკატები) არ აშინებს. არ ინერვიულებთ, რომ იატაკის საფარი მორიგი წმენდის შემდეგ გასივდება ან ჩაღრმავდება, როცა მასზე მძიმე საგანი დაეცემა. მით უფრო, დერეფანში შეგიძლიათ თბილი იატაკი გააკეთოთ. ლინოლეუმის უმეტესობისგან განსხვავებით კერამოგრანიტი ამის საშუალებას იძლევა.

თუ დაზოგვა გსურთ, კერამოგრანიტი მთელ შემოსასვლელ ზონაში არ დააგოთ, არამედ კართან ახლოს ზონით შემოიფარგლეთ. დანარჩენზე წყალგამძლე ლამინატი (33-34 კლასი) გამოიყენეთ, რომელიც მაღალი ინტენსივობის მქონე ოთახებისთვის განკუთვნილია.

რჩევა 3: შპალერი საღებავით ჩაანაცვლეთ

ბოლო დროს შპალერი პირველობას საღებავს უთმობს. ის იაფი, პრაქტიკული მასალაა და დაზიანების შემთხვევაში მარტივად შეგიძლიათ განაახლოთ. იმის გათვალისწინებით, რომ დერეფანში რაღაც შემთხვევა ყოველთვის ხდება, მაგალითად, კედელზე ფეხსაცმლიდან ჭუჭყი ხვდება, საღებავი გასაფორმებლად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. ამ მასალის ერთადერთი ნაკლია ის, რომ კედლები იდეალურად სწორი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში საღებავს ვერ გამოიყენებთ.

საღებავი კედლის ნაკლოვანებებს მხოლოდ კვეთს და ისე არ მალავს, როგორც შპალერი. გირჩევთ, სპეციალისტი მოიწვიოთ. მომავალში ხარჯები აუცილებლად ანაზღაურდება, რადგან საღებავი საშუალებას გაძლევთ ლაქიანი ადგილები სწრაფად განაახლოთ. შპალერი ასეთ შანს არ მოგცემთ.

რაც მთავარია, მწარმოებელი და ფერი დაიმახსოვრეთ, რომ კედლის ფერი განსხვავებული არ გამოვიდეს. რეცხვად საღებავს უპირატესობა მიანიჭეთ. მისი მოვლა გაცილებით ადვილია.

რჩევა 4: პრაქტიკული მასალა აირჩიეთ

სხვათა შორის, მოვლის სიმარტივის შესახებ. მაშინაც კი, თუ შემოსასვლელ ზონაში შეუმჩნეველი ფერები აირჩიეთ, ამ სივრცის დალაგება მაინც უფრო ხშირად მოგიწევთ, ვიდრე საძინებელი ან სააბაზანო ოთახების. დალაგება კოშმარულ სიზმრად რომ არ იქცეს, გამოიყენეთ მასალები, რომლებიც ადვილად ირეცხება. „გაძლიერებული დატვირთვის“ მქონე ინტერიერში რეკომენდებულია წყალგამძლე საღებავი ანტივანდალური ფინიშით, მინაშპალერი, გლუვი იატაკის საფარი მოცულობითი დეკორის და ტექსტურის გარეშე. თუ „ჭუჭყიან ზონაში“ ავეჯის და დეკორის განთავსებას გეგმავთ, მარტივი ფორმები უნდა ჰქონდეს ზედმეტი ელემენტების გარეშე, ასევე დამზადებული უნდა იყოს გამძლე მასალისგან, რომელსაც წყალთან კონტაქტი არ აშინებს.

რჩევა 5: სივრცე გაათავისუფლეთ

კართან ტერიტორია არ გადატვირთოთ, 20-30 თავისუფალი სანტიმეტრი მაინც დატოვეთ. მაშინაც კი, თუ პატარა შემოსასვლელი გაქვთ, სამოძრაოდ ადგილი მაინც გამოყავით. რაც უფრო ნაკლები ნივთია შემოსასვლელ ზონაში, მით უფრო იშვიათად გაჭუჭყიანდება. გამონაკლისია რამდენიმე ფუნქციური აქსესუარი, რომელიც წმენდას და დალაგებას ამარტივებს. ასეთია ქოლგების სადგამი, ფეხსაცმლის ხალიჩა და ა.შ. სხვა ნივთები, რომლებიც დერეფანში ხშირად გვხვდება (ფეხსაცმლის თარო, პუფი, კომოდი, საკიდი) შემოსასვლელი კარიდან მოშორებით განათავსეთ. ასე ნაკლებად დაისვრება და დალაგებაზე ნაკლებ დროსა და ძალას დახარჯავთ. რაც შეეხება კარადასა და სხვა სათავსოს, იატაკიდან ჭერამდე დახურული კარადა ფეხების გარეშე პრაქტიკული ვარიანტია – ასე მტვრის გადასაწმენდად კარადის ზემოთ ასვლა ან იატაკის მოსაწმენდად ქვემოთ დახრა არ მოგიწევთ.

რჩევა 6: აქსესუარები გამოიყენეთ

ჭუჭყთან ბრძოლაში არა მხოლოდ ცოცხი, ჩვარი და საყოფაცხოვრებო ქიმია, არამედ აქსესუარებიც დაგეხმარებათ. მაგალითად, შეიძინეთ ორი ხალიჩა. ერთ–ერთი მათგანი სახლში კართან დადეთ, მეორე – გარეთ. ასე შანსს გაზრდით, რომ მთელი ჭუჭყი, წყალი და ქიმია ქუჩიდან ხალიჩაზე დარჩეს და ბინაში არ მოხვდეს.

ზამთარში ხალიჩა დაგიცავთ მავნე რეაგენტებისგან, რომლებიც ფეხსაცმელს ეკვრის და იატაკს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, თუ დიდხანს დარჩება (კიდევ ერთი მიზეზი, რომ ლინოლეუმის ნაცვლად ფილები აირჩიოთ). ხალიჩის დასვრის არ შეგეშინდეთ, მისი გარეცხვა უფრო მარტივია, ვიდრე იატაკის გამოცვლა.

კიდევ ერთი აქსესუარი, რომელიც დერეფანში ტენიანობის დონის ზრდას არ დაუშვებს – ქოლგების სადგამი. ასეთ სადგამს წყლის დასაწურად სპეციალური განყოფილება უნდა ჰქონდეს. მსგავსი ნივთით იატაკზე, ავეჯზე, ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და დეკორზე წვეთების მოხვედრას თავიდან აიცილებთ.