8 რჩევა ხრუშჩოვის ბინაში ხარისხიანი რემონტის გასაკეთებლად 

ახალი სახლებისგან განსხვავებით ხრუშჩოვის ბინა განსაკუთრებულ რემონტს მოითხოვს. გაცვეთილი კომუნიკაციები აუცილებლად უნდა გამოცვალოთ და პატარა სივრცე მაქსიმალურად გააფართოვოთ, განსაკუთრებით სამზარეულო და სააბაზანო, რომელიც მცირე ზომით გამოირჩევა. Novate გიამბობთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში, რომ გარემონტებული ხრუშჩოვის ბინა კომფორტული იყოს და წლები გახარებდეთ.

რჩევა 1: ხელახლა დაგეგმვა ჩვენი ყველაფერია

ხრუშჩოვის ბინა, რომელსაც დიდი ფართობი არ აქვს, კარადაში ყოფნის შეგრძნებას იწვევს. მისი ჭერი დაბალია, ოთახები ან გრძელი და ვიწრო ან კვადრატული, მაგრამ მასში მობრუნება შეუძლებელია. ამ მიზეზით ბინის გადაკეთებაზე დაფიქრებას გირჩევთ. თუ შიდა კედლები მზიდი არაა, თამამად შეგიძლიათ მოხსნათ, რომ რომელიმე ოთახის ფართობი გაზარდოთ. მაგალითად, სააბაზანო ოთახი დერეფნის ხარჯზე შეგიძლიათ გაზარდოთ, ხოლო სამზარეულო მისაღებ ოთახს მთლიანად ან ნაწილობრივ დაუკავშიროთ (მეორე შემთხვევაში წარმოქმნილ ღიობში კარი ჩასვით, თუ ბინაში გაზქურა და გაზის წყლის გამათბობელია).

ხრუშჩოვის ბინის ერთ–ერთი დამახასიათებელი თვისებაა ოთახებს შორის გათბობის მილების არსებობა. ნიშვნელოვანია, რომ ოთახებს შორის ტიხრის გამთბარი ნაწილი არ დაშალოთ. როგორც ვარიანტი, კედელი დაანგრიეთ და ახალი კედლის რადიატორი დაამონტაჟეთ.

რჩევა 2: კომუნიკაციების ხარისხი შეამოწმეთ

არ აჩქარდეთ. სანამ თუჯის დგარის თქვენი ნაწილის გამოცვლას გადაწყვეტთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად უვარგისია. შეამოწმეთ, აქვს თუ არა ჟანგი, ხომ არ ჟონავს და სხვა დაზიანება ხომ არ აქვს. თუ არა, გამოდის, რომ კომუნიკაციები შეგიძლიათ დატოვოთ და დაელოდოთ, სანამ მრავალსართულიან კორპუსში კომუნიკაციებს ერთად გამოცვლიან. სხვა შემთხვევაში შესაბამის ორგანოებს მიმართეთ, რომ ყველა კომუნიკაციის შეცვლის პროცესი და დეტალი შეათანხმოთ. ამ საკითხის დამოუკიდებლად გადაწყვეტას არ გირჩევთ.

რჩევა 3: იატაკის საფარი არ გადატვირთოთ

რემონტის დაწყებისას შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სხვადასხვა ოთახს განსხვავებული იატაკის დონე აქვს. ბინის გაფორმების მთავარ ეტაპზე გადასვლამდე, იატაკი გაასწორეთ. ჩასხმული ბეტონის სისქე ზუსტად გამოთვალეთ – იატაკის საფარი დიდ წონაზე გათვლილი არაა. ყურადღებით გაარემონტეთ იატაკი შენობაში, სადაც დასხმული იატაკი (სამზარეულო და სველი წერტილი) და ხის იატაკი უკვე არის. ოთახებში იატაკის საფარად მხოლოდ მსუბუქი მასალები გამოიყენეთ, მაგალითად, თაბაშირ–მუყაო. უფრო მძიმე კონსტრუქციას იატაკი ვერ გაუძლებს.

რჩევა 4: გაყვანილობა გამოცვალეთ

სანამ საყოფაცხოვრებო ტექნიკას შეიძენთ, თქვენს სახლზე გამოყოფილი სიმძლავრე შეამოწმეთ. ჩვეულებრივ, ხრუშჩოვის ბინებში ეს 3 კვტ–ს არ აჭარბებს, რაც ამა თუ იმ მოწყობილობის ფრთხილად შერჩევას გვაიძულებს. უპირატესობა A კლასს უნდა მიანიჭოთ, რადგან ამ კატეგორიის ტექნიკა დაბალი ენერგომოხმარებით და მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.

რისკის შესამცირებლად ალუმინის გაყვანილობა სპილენძით შეცვალეთ, რადგან მას თბოგაფართოების 2–ჯერ ნაკლები კოეფიციენტი აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ კაბელის მიმაგრების ადგილზე დეფორმაცია თავიდან აიცილოთ. გარდა ამისა, სპილენძის სადენის გამტარობა გამოყენების დროს არ იცვლება, მომსახურების ვადა მინიმუმ 50 წელია, ხოლო ბირთვი 10-15-ჯერ მოხრას ან დახვევას უძლებს. ექსპერტები გირჩევენ, რომ თითოეულ დაძაბულ ხაზზე ცალკე ავტომატი დაამონტაჟოთ.

ყურადღება მიაქციეთ: ზოგიერთ შემთხვევაში ფარული გაყვანილობის შექმნა შეუძლებელია. ეს ხრუშჩოვის ბინებში შიდა და ოთახებს შორის ტიხრების პატარა სისქით არის გამოწვეული. თუ ტიხრების შეცვლას არ აპირებთ, გაყვანილობა ღია დატოვეთ. ამაში საშიში არაფერია. თუ საკითხს სწორად მიუდგებით, ინტერიერის ნებისმიერ სტილს მოარგებთ. ყველაფერი ოთახში ჩამრთველის და როზეტის დიზაინზე იქნება დამოკიდებული.

რჩევა 5: ბინა დათბუნეთ

თუ ხრუშჩოვის ბინა რკინაბეტონის პანელებით აშენებულია, მისი გარე კედლის სისქე მხოლოდ 30-40 სმ–ია. შესაბამისად, ასე საკმარის თბოიზოლაციას ვერ უზრუნველყოფთ. ერთადერთი გამოსავალი კედლების დათბუნვაა. სახლი არა შიგნიდან, არამედ გარედან უნდა დათბუნოთ. აქ, რამდენიმე დეტალი არსებობს: თუ სამუშაო მხოლოდ ერთი ბინის ფარგლებში ხორციელდება, შეიძლება ყველამ ხელი არ მოკიდოს, რადგან ფასადის დარღვევის რისკი არსებობს.

რაც შეეხება შიდა დათბუნვას, ძველი გათბობის ბატარეები ახლით შეცვალეთ, თითოეულ ოთახში ერთი ან რამდენიმე სექცია დაუმატეთ. არ გადააჭარბოთ, რომ სექციები და თავად ბატარეა ისე არ გაზარდოთ, რომ სახლში სითბოს ბალანსი არ დაირღვეს.

რჩევა 6: გასაჭიმი ჭერი არ გამოიყენოთ ან სწორად დაამონტაჟეთ

ხრუშჩოვის ბინებს არა მხოლოდ მცირე ფართობი, არამედ დაბალი ჭერი აქვს. კიდევ უფრო რომ არ დაადაბლოთ, ჭერი ბეტონში დატოვეთ, გაათეთრეთ ან შეღებეთ – ასე საწყის სიმაღლეს შეინარჩუნებთ.

მოკლედ, არის სიტუაციები, როცა გასაჭიმი ჭერის მონტაჟის თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგალითად, თუ სახლის გადახურვა ირიბია ან გასწორება დიდ დროს და ძალას მოითხოვს. ხელოვნური განათების შემთხვევაში ყველა ნაკაწრი, ღრუ და საღებავის უსწორმასწორობა შეიძლება გამოჩნდეს და ძლიერ გაგაღიზიანოთ. გასაჭიმი ჭერით ამ პრობლემებს მოაგვარებთ. სწრაფად იკვრება, ყველა ნაკლოვანებას ფარავს, ნებისმიერ განათებაზე გლუვი და თანაბარი რჩება.

შენობის სიმაღლე მაქსიმალურად რომ შეინარჩუნოთ, აირჩიეთ პროფილები, რომლებიც მხოლოდ 5 სმ–ით ეშვება. თეთრ პრიალა კონსტრუქციას უპირატესობა მიანიჭეთ. მას სინათლის არეკვლა და ოთახის ვიზუალურად გაზრდა შეუძლია. თუ კედლები თეთრია, ოთახის საზღვრები ბუნდოვანი გახდება და ვიზუალურად დიდი გამოჩნდება.

რჩევა 7: ნაკლოვანებები არ გაამწვავოთ

დაბალი ჭერის შემთხვევაში მაღალი იატაკის პლინტუსი არ გამოიყენოთ, რადგან სიმაღლეს ვიზუალურად ამცირებს. უკიდურეს შემთხვევაში, კედლის ფერში გადაღებეთ, რომ სივრცეში გაიშალოს. ჭერის კარნიზიც სწორად  შეარჩიეთ. ჭერის აწევის კიდევ ერთი შანსი: ოთახებს შორის მაღალი კარი ჩასვით. გაითვალისწინეთ, რომ კარის შეკვეთით დამზადება მოგიწევთ, რაც რემონტის ხარჯებს გაზრდის. როგორც ვარიანტი, სტანდარტული კარი ჩასვით, ხოლო ზემოთ ყალბი გაგრძელება დაამონტაჟეთ, მაგალითად, ფრამუგა.

რჩევა 8: ყველა სივრცე გამოიყენეთ

4-5 მ² ფართობის სამზარეულო სასჯელია, მაგრამ იმით უნდა იმუშაოთ, რაც გაქვთ. არსებული სივრცე მაქსიმალურად ფუნქციური გახადეთ. მაგალითად, კარადები ჭერამდე აწიეთ, ფანჯრის რაფიდან სამუშაო ზედაპირის გაგრძელება გააკეთეთ. თუ ფანჯრის რაფის სიმაღლე დაბალია, სასადილო მაგიდად გამოიყენეთ – ასე ადგილს კარგად დაზოგავთ.

ყურადღება მიაქციეთ, რომ თუ U ფორმის სამზარეულო გაქვთ, მაშინ კარადების ორ რიგს შორის გასასვლელი 120 სმ და მეტი უნდა იყოს. თუ ავეჯის სტანდარტული სიღრმის შემთხვევაში ამ პარამეტრის დაცვას ვერ ახერხებთ, კარადის ქვედა ნაწილი ნაკლებად ღრმა გააკეთეთ.