თითის ანაბეჭდის მსგავსი: რატომ ააშენეს კუნძულ ბალენაცზე კედლების უცნაური სისტემა

ხორვატიის პატარა კუნძული ბალენაცი, რომელიც ადრიატიკის ზღვაში მდებარეობს, შეიძლება შეუმჩნეველი და სხვა კუნძულებისგან არაფრით გამორჩეული დარჩენილიყო, რომ არა მისი ხედი ჩიტის საფრენი სიმაღლიდან. ამ რაკურსით კუნძულზე აგებული კედლების და სიმაგრეების არატრივიალური სისტემა იშლება, რომელიც თითის ანაბეჭდს საოცრად წააგავს. თანამედროვე ადამიანმა ასეთი უცნაური მშენებლობის გადაწყვეტილების მიზეზი თავიდან შეიძლება ვერ გაიგოს, რადგან ფორტიფიკაციასთან საერთოდ არაა კავშირში.

უცნაური კუნძული ზემოდან თითის ანაბეჭდს საოცრად წააგავს. ასეთი ხედი 23 კმ სიგრძის ქვის კედლების გამო აქვს, რომელიც შედარებით მცირე ფართობზე 0,14 კმ² მდებარეობს. მარტივი მისახვედრია, რომ კუნძულის ასეთი არატრივიალური რელიეფი ხელოვნურია და ერთგვარ ლაბირინთს ქმნის, რომელიც ამ პატარა მიწის ნაკვეთს მთელ პერიმეტრზე თითქმის სანაპირომდე კვეთს.

მკვლევარებმა კუნძულის კედლები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ კედლების სისტემის აგება მე-19 საუკუნით თარიღდება. გარდა ამისა, აგების მეთოდი გაანალიზეს: ცნობილია, რომ ქვები „მშრალი“ მეთოდით იყო დაწყობილი, ანუ შემკვრელი ხსნარის გამოყენების გარეშე. ამ მიზეზით დღემდე კედლებმა პირვანდელი ფორმით ვერ მოაღწია და დიდწილად დანგრეულია. ყველაზე კარგად შემონახული ფრაგმენტების სიმაღლე 2 მეტრზე ოდნავ მეტია.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, კუნძულზე ასეთი უჩვეულო რელიეფის აგების მიზეზი სოფლის მეურნეობას უკავშირდება. ვინაიდან ის შიბენიკის არქიპელაგს მიეკუთვნება, კლდოვანი კუნძულია, ანუ ნიადაგი მიწათმოქმედებისთვის შესაფერისი არაა. აღსანიშნავია, რომ თავად ბალენაცზე ხალხი არ ცხოვრობდა, დაუსახლებელი იყო. მის გვერდით მდებარეობს კუნძული კაპრი, რომელიც დასახლებული იყო. სწორედ კაპრის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენება სასიცოცხლოდ აუცილებელი კულტურის მოსაყვანად.

კუნძულზე კედლები ააშენეს ნარგავების ზღვის ქარისგან დასაცავად, რომელსაც მცენარეების ძირიანად ამოღება შეუძლია. სიტყვაზე, ამ რეგიონში მსგავსი პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია. ასეთი კედლები კუნძულ კაპრიზეც გვხვდება, მაგრამ აქ ასე მჭიდროდ განლაგებული არაა. მოკლედ, თანამედროვე დროში ეს კუნძულ ბალენაცის სავიზიტო ბარათი გახდა: დაუსახლებელი კუნძული დიდხანს არავის აინტერესებდა, სანამ ინტერნეტში ჩიტის საფრენი სიმაღლიდან გადაღებული კუნძულის ფოტო არ გამოჩნდა. დღეს ხორვატიის კუნძული, რომელიც თითის ანაბეჭდს წააგავს, პოპულარულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.