
საბედისწერო ლაქის გამო საყვარელი ნივთის ნაგვის ურნაში გაგზავნა სასიამოვნო ნამდვილად არაა. ნივთის გადარჩენა ყოველთვის შესაძლებელი არაა. ზოგჯერ უბრალოდ დრო გასულია, ზოგჯერ შერჩეული საშუალება ან წყლის ტემპერატურა არასწორია. Novate გიზიარებთ ბრძენი დიასახლისების რჩევებს, როგორ ამოიყვანოთ 10 ლაქა, რომელიც თითქმის მოუშორებლად ითვლება.
პირველ რიგში, გაგაცნობთ ძირითად სამოქმედო პრინციპებს იმ შემთხვევაში, თუ ტანსაცმელი რთული ლაქით დალაქავდა.
- სწრაფად იმოქმედეთ! ახალი ლაქის ამორეცხვა უფრო ადვილია. რაც უფრო სწრაფად იმოქმედებთ, მით მეტი შანსი გაქვთ, რომ ლაქა მოაშოროთ.
- ახალი ლაქა არ გახეხოთ! მშრალი სალფეთქი ნაზად დააფინეთ ან მარილი მოაყარეთ. სითხეს შთანთქავს და ჭუჭყს ნაწილობრივ ამოიღებს.
- ლაქას გაშრობა არ აცადოთ! თუ შესაძლებელია, მაშინვე დაასველეთ. როგორც მინიმუმ, მზეზე არ გააჩეროთ, რომ ლაქა მაღალი ტემპერატურის გავლენით არ ჩაჯდეს.
- ქსოვილის მოვლის წესები დაიცავით! თუ უხეშ მათეთრებელს გამოიყენებთ ან მაღალ ტემპერატურაზე გარეცხავთ, შეიძლება ნივთი ისე დააზიანოთ, რომ აღდგენა ვერ შეძლოთ.
- დალაქავებული ტანსაცმელი არ დააუთოოთ და საშრობ მანქანაში არ გააშროთ. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ ლაქა მთლიანად მოშორდა. სხვა შემთხვევაში, ლაქა მაღალ ტემპერატურაზე ქსოვილში ჩაჯდება.
- თუ ლაქა პირველივე მცდელობაზე ვერ ამოიყვანეთ, მათეთრებელი გამოიყენეთ. ჟანგბადის მათეთრებელი ნებისმიერი ტიპის ქსოვილზე გამოგადგებათ. ქლორის მათეთრებელი უფრო ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ თეთრ ბამბის ნივთებზე გამოგადგებათ. გამოყენებამდე ქსოვილის შეუმჩნეველ ადგილას პატარა ადგილზე მოსინჯეთ.
- იმედი არ დაკარგოთ! რთული ან ძველი ლაქის ამოსაყვანად შეიძლება რამდეჯერმე გარეცხვა დაგჭირდეთ.
1. სისხლის ლაქა
თითქოს ყველამ იცის, მაგრამ ისევ და ისევ ფატალურ შეცდომას უშვებენ: ლაქის თბილი წყლით ამორეცხვა. ფიზიკის და ქიმიის კანონები ურღვევია: სისხლი ტემპერატურის ზემოქმედებით ქსოვილში საიმედოდ ჯდება და შემდეგ ლაქის ამოყვანის მცდელობა უშედეგო ხდება. პირველივე შესაძლებლობაზე სისხლიანი ქსოვილი გრილ გამდინარე წყალში (22-25 გრადუსი) მოათავსეთ, შემდეგ საპნიანი ხსნარი (ექსტრემალურ შემთხვევაში ჭურჭლის სარეცხი საშუალებაც გამოგადგებათ) წაუსვით, გახეხეთ (ფანატიზმის გარეშე) და გარეცხეთ. როგორც წესი, ჭუჭყის 2/3 მოშორდება. ახლა სტანდარტული პროცედურა დარჩა: საიმედო სარეცხ საშუალებასა და თბილ წყალში (40-50 გრადუსი) ჩაალბეთ. თუ ლაქას საპონს „ანტილაქას“ წაუსვამთ, 98% გარანტია არსებობს, რომ ლაქა 1-2 საათში მთლიანად გაქრეს.
2. ბალახის ლაქა
ჭუჭყიანი ადგილი სარეცხი საპნით ან თხევადი სარეცხი საშუალებით კარგად გასაპნეთ. რბილი ჯაგრისით ან პოროლონის ღრუბლით გახეხეთ. 10-15 წუთით თბილ წყალში ჩაალბეთ. შემდეგ ქსოვილის იარლიყზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით გარეცხეთ.
3. ბაბუაწვერის ლაქა, რომელიც ხალხში მოუშორებლად ითვლება
ბაბუაწვერის წვენი ტანსაცმელზე ღია ყავისფერ ლაქას ტოვებს. თავიდან ლაქა შეუმჩნეველია და მხოლოდ ცხელ წყალში რეცხვის შემდეგ ჩნდება. თხევადი ლაქის ამომყვანი საშუალება ან საპონი გამოიყენეთ. ბაბუაწვერის წვენი ქსოვილის ბოჭკოებში უნდა გახსნათ და წყლით ჩამორეცხოთ.
4. ყავის ლაქა
პირველ რიგში, ნებისმიერი სხვა წარმოშობის ლაქის მსგავსად, სასურველია, რომ ყავის ლაქა მალე მოაშოროთ. პრინციპი „ჭუჭყიანი თეთრეულისს კალათაში ჩადება და მოგვიანებით გარეცხვა“ შეუსაბამოა. მეორეც, სარეცხი საშუალების არჩევა მნიშვნელოვანია. ხრიკი: თუ ჭუჭყიანი ნივთი თეთრი ან ღიაა (ამ კატეგორიაში ზომიერად ფერადი ტანსაცმელიც ხვდება, შავის, მუქი ლურჯის და .ა.შ გამოკლებით), გარისკვას და „თეთრი და ფერადი“ და არა color სარეცხი ფხვნილის გამოყენებას გირჩევთ. ასეთი საშუალება საღებავთან მიმართებაში უფრო აგრესიულია, ანუ ყავის ლაქის მიმართაც. მესამეც, ფხვიერი ფხვნილი უკეთ რეცხავს, ვიდრე ნაზი თხევადი სარეცხი საშუალება. დიასახლისების თქმით, მეთოდი ძვირადღირებული ტრიკოტაჟის მაისურიდან ყავის ლაქის ამოსაყვანად სამჯერ გამოსცადეს (თხევადი სარეცხი, ფერადი სარეცხი საშუალება ამოცანას ვერ გაუმკლავდა).
5. ღვინის ლაქა
ლაქა მშრალი ქაღალდის სალფეთქით ამოაშრეთ. ახლა ცივ წყალში მინიმუმ ნახევარი საათით გააჩერეთ. თუ ლაქა არ მოშორდა, ჭურჭლის სარეცხი საშუალებით დაამუშავეთ, შემდეგ ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
6. კენკრის ლაქა
ტანსაცმელი ყინულიან წყალში რაც შეიძლება მალე ჩაალბეთ. რამდენიმე საათით ან მთელი ღამით გააჩერეთ. თუ ლაქა ბევრია, წყალი გამოცვალეთ. ფხვნილის ან თხევადი სარეცხი საშუალების დამატება საჭირო არაა. მეორე მეთოდი: ახალი ლაქა მდუღარე წყლით დაამუშავეთ. ქსოვილი ღრმა თასზე ან ქვაბზე გადაჭიმეთ და ლაქას წერტილოვნად მდუღარე წყალი დაასხით. ლაქა თვალსა და ხელს შუა გაქრება. გაითვალისწინეთ, მაღალ ტემპერატურაზე მგრძნობიარე ქსოვილი შეიძლება გააფუჭოს.
7. ცხიმის ლაქა
ლაქას მარილი დროულად მოაყარეთ. მარილი ცხიმს შეიწოვს და ქსოვილის გარეცხვა გამარტივდება. ნივთი გარე მხრიდან მშრალ სალფეთქზე გაშალეთ. უკანა მხრიდან ლაქა ჭურჭლის სარეცხი საშუალებით დაამუშავეთ. ის ცხიმს კარგად შლის, რადგან ეს მისი პირდაპირი დანიშნულებაა. უფერო სარეცხი საშუალება გამოიყენეთ, რომ საღებავმა ტანსაცმელი არ დასვაროს. ნივთს წყალი გაავლეთ და ქსოვილისთვის უსაფრთხო მაღალ ტემპერატურაზე გარეცხეთ.
8. შავმიწის ლაქა
მიმხმარი მიწა ფრთხილად მოაშორეთ. ახლა ცივ წყალში ნახევარი საათით ჩაალბეთ. ტალახიანი ტანსაცმელი მაღალ ტემპერატურაზე არავითარ შემთხვევაში გარეცხოთ. ორგანული ნივთიერება, რომელსაც მიწა შეიცავს, შეიძლება ქსოვილში ჩაჯდეს. ჩალბობის შემდეგ თბილ წყალში გარეცხეთ. თუ ლაქა დარჩა, პროცედურა გაიმეორეთ.
9. ოფლის ყვითელი ლაქა
ოფლის ყვითელი ლაქა იღლიების ქვეშ მაშინ ჩნდება, როცა ოფლი რეაქციაში შედის ალუმინის ნაერთებთან, რომელსაც ბევრი ანტიპერსპირანტი შეიცავს. მაისური თეთრი რომ დარჩეს, ისეთი ანტიპერსპირანტი შეარჩიეთ, რომელიც ალუმინის ნაერთებს არ შეიცავს. თუ ყვითელი ლაქები უკვე გაჩნდა, გარეცხვამდე იღლიების ზონა ძმრის ხსნარით დაამუშავეთ. ძმარი და წყალი თანაბარი პროპორციით აურიეთ. ნარევი პულვერიზატორით წაუსვით. 15 წუთით მოიცადეთ, შემდეგ გარეცხეთ. მეთოდი ფერადი და თეთრი ტანსაცმლის შემთხვევაში გამოგადგებათ.
10. მზისგან დამცავი კრემის ლაქა
მზისგან დამცავი კრემი ტანსაცმელზე ყვითელ ლაქებს ტოვებს. ლაქის თავიდან ასაცილებლად კრემი წინასწარ წაისვით და ჩაიცვით, როცა კარგად გაშრება. თუ კრემი ტანსაცმელს მოხვდა, იმავე პრინციპით გარეცხეთ, როგორც ცხიმის ლაქის შემთხვევაში. თბილი წყლით და თხევადი ჭურჭლის სარეცხი საშუალებით ხსნარი მოამზადეთ. ტანსაცმელი ჩაალბეთ და გახეხეთ, გარე კიდიდან შიგნით იმოძრავეთ. ცივი წყალი კარგად გაავლეთ. ჩვეული მეთოდით გარეცხეთ. არ დააუთოოთ და საშრობ მანქანაში არ გააშროთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ლაქა მოშორდა. გაცხელებით ლაქა ქსოვილში შეიძლება ჩაჯდეს. თუ პირველივე მცდელობაზე შედეგი ვერ დაინახეთ, ტანსაცმელი ცივი წყლისა და ჟანგბადის მათეთრებლის (შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით აურიეთ) ხსნარში მთელი ღამე გააჩერეთ. ქლორის შემცველი ლაქის ამომყვანი არ გამოიყენოთ, რადგან პრობლემა შეიძლება გაამწვავოს.