8 იდუმალი ქალაქი მოჩვენება, რომელიც საკუთარ ნერვებზე მოთამაშე ხალხს იზიდავს

მიტოვებული ქალაქები და დასახლებები, სადაც არ უნდა იყოს, ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზმა აიძულა ხალხს ყველაფრის მიტოვება და სხვა საცხოვრებელი ადგილის მოძებნა, ქალაქი მოჩვენება იზიდავს მათ, ვისაც ყველაფერი იდუმალი, ზოგჯერ საშიში მოსწონს. მათ, ვისაც საკუთარ ნერვებზე თამაში უყვარს, რისკი არ აშინებს ან ექსტრემალურ მოგზაურობაზე ფულს და დროს ხარჯავს, Novate გთავაზობთ 8 ყველაზე იდუმალ ადგილს პლანეტაზე, სადაც ქარი, ქვიშა ან აყვავებული მცენარეულობა ბატონობს.

1. უძველესი ქალაქი კრაკო, მატერის პროვინცია, ბაზილიკატას რეგიონი (იტალია)

უძველესი კლდოვანი ქალაქის კრაკოს ისტორია, რომელიც იონიის ზღვასა და ლუკანის აპენინებს შორის მდებარეობს, ჩვ.წ–მდე 540 წელს დაიწყო. ჩამოსახლებულმა ბერძნებმა ზღვის დონიდან 390 მ სიმაღლეზე მდებარე ხელუხლებელი ბორცვი საცხოვრებლად აქტიურად და ნაყოფიერად მოაწყვეს. სოფლის მეურნეობიის სირთულის მიუხედავად დარჩენა მოახერხეს, რადგან კრაკო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიებს იკავებდა, რამაც ძლიერი ციხის აშენება გამოიწვია. შუა საუკუნეებში ქალაქი არა მხოლოდ გაიზარდა, არამედ განვითარების პიკს მიაღწია. ამ პერიოდში აშენდა სასახლეები (მარონას პალაცო, გროსის პალაცო, კარბონეს პალაცო), უნივერსიტეტი ამოქმედდა, ვაჭრობა აყვავდა.

შავი ჭირის ეპიდემია ქალაქის დაცარიელების საწყისი წერტილი გახდა. იმ პერიოდში (1656 წ.) მოსახლეობის უმეტესობა დაიღუპა. მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში ქალაქის ქუჩები თითქმის დაცარიელდა, რადგან ახალგაზრდობა მშობლიურ სახლებს ტოვებდა, აშშ–ში უკეთესი ცხოვრების საძიებლად მიდიოდნენ. 1963 წელს მომხდარმა ძლიერმა მეწყერმა დარჩენილი მოქალაქეების ევაკუაცია საჭირო გახადა და არც ერთი მათგანი სახლში აღარ დაბრუნებულა. ქალაქი ერთ წამში მოჩვენებად გადაიქცა. ერთადერთი, რაც მის მიმართ ინტერესს აღვივებს – ცნობისმოყვარე ტურისტები და კინო.

აღსანიშნავია: შთამბეჭდავი შენობები, რომლებიც მთის მწვერვალზე დარჩა, რეჟისორებს იზიდავს, რადგან კრაკო ცვლილების შეტანის და გაფორმების გარეშე დაუვიწყარ კადრებს უზრუნველყოფს. აქ ბევრი ცნობილი ფილმი გადაიღეს, მათ შორის ზოგიერთი ასახავს იმ პერიოდს, როცა ქალაქი ქრებოდა, მაგრამ მიტოვებული არ იყო: „ძუ მგელი“ (1953 წ.), „ქრისტე ებოლისთან გაჩერდა“ (1979 წ.), „მეფე დავითი“ (1985 წ.), „მზე ღამითაც ანათებს“ (1990 წ.), „გადამწვარი დედამიწა“ (1999 წ.), „ქრისტეს ვნებანი“ (2004 წ.), „უმნიშვნელო ნუგეში“ (ბონდის 22-ე ფილმი, 2008 წ.), „ბაზილიკატა: სანაპიროდან სანაპირომდე“ (2010 წ.), „მკვლელობა სიბნელეში“ (2013 წ.) და სხვა.

2. კენეკოტ მაიანსი ვალდეს–კორდოვაში ალასკაზე (აშშ)

ელექტროობის გამოგონება, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სამრეწველო აღჭურვილობის მასობრივი წარმოება სპილენძის დეფიციტის მიზეზი გახდა, რომელიც მრეწველების და მეწარმეების ყველა ამბიციური გეგმის გასახორციელებლად საჭირო იყო. სასარგებლო მინერალური საბადოების ძიებააში აღმოჩდნენ ვალდეს–კორდოვაში, ალასკაზე, სადაც იპოვეს სპილენძის მადნის მდიდარი მარაგი სუფთა ქალკოციტის მაღალი კონცენტრაციით (დაახლოებით 70%). ასე ალასკის მკაცრ კლიმატში გამოჩნდა საშახტო ქალაქი კენეკოტ მაიანსი, რომელიც რამდენიმე სპილენძის მაღაროს აერთიანებს.

20 წლის განმავლობაში კენეკოტი სრულფასოვან დასახლებად გადაიქცა საკუთარი რკინიგზით და განვითარებული ინფრასტრუქტურით. ასეთი კეთილდღეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მადნის ინტენსიურმა მოპოვებამ მარაგების სწრაფად ამოწურვა გამოიწვია და უკვე 1938 წელს ყველა მაღარო დაიხურა. მეშახტეები, რომლებიც კვირაში 7 დღე მუშაობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ეშოვათ, გათავისუფლდნენ და ახალ ადგილას წავიდნენ. ქალაქი უსარგებლო ადგილი გახდა, ბუნების იმედად მიატოვეს, რომელიც წლებია მეტრ–მეტრობით ქალაქს იპყრობს. ერთადერთი, რაც გვახარებს ისაა, რომ 1986 წელს ადგილობრივმა ხელისუფლებმა კენეკოტი ისტორიულ ძეგლად აღიარა და ახლა სახელმწიფო იცავს. იმ დღიდან ყველა მსურველს შეუძლია შთამბეჭდავ „მიტოვებულ ადგილას“ შეუზღუდავად ისეირნოს.

3. კოლმანსკოპი, ნამიბის უდაბნოს ქვიშებს შორის (ნამიბია)

შემთხვევით, პატარა ქალაქი კოლმანსკოპი, რომელიც ნამიბის უდაბნოს პირას, ლუდერიცთან და ატლანტის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს, აფრიკის კონტინენტის უმდიდრეს ქალაქად გადაიქცა. ეს ასზე ცოტა მეტი ხნის წინ მოხდა, როცა ერთმა რკინიგზის მუშამ რამდენიმე მბზინავი კენჭი იპოვა და გეოლოგიის და მინერალოგიის დიდ მოყვარულს, გერმანელ აგვუსტ სტაუხს აჩვენა. ის მაშინვე მიხვდა, რომ კენჭები ბრილიანტები იყო. აქედან უდაბურ ადგილას ეკონომიკის საოცარი ზრდის წარმოუდგენელი ისტორია დაიწყო.

როგორც კი, გერმანელებმა გაიგეს, რომ ნამიბის ქვიშაში ბრილიანტები „იზრდება“, როგორც სოკო ტყეში, ამ ადგილს შეესივნენ. იმის მიუხედავად, რომ გერმანიის მთავრობამ (1908 წ.) ქალაქ ლუდერიცის გარშემო ტერიტორია „აკრძალულ ზონად“ (Sperrgebiet) გამოაცხადა, ამან ვერ შეაჩერა ოქროს მაძიებლები, რომლებიც ძალიან მალე გამდიდრდნენ. ალმასის მოპოვებასთან ერთად ქალაქი კოლმანსკოპიც განვითარდა. მდიდრული ვილები, კაზინო, საცეკვაო და სავარჯიშო დარბაზები, ბოულინგი, თეატრი, საკონცერტო დარბაზი, მოდური ბუტიკები და სასურსათო დახლები, დიდი აუზი, ნაყინის და ლიმონათის ქარხნები, აფრიკაში პირველი ტრამვაის ხაზი, ეგზოტიკური ბაღები, პარკები მწვანე გაზონებით და სურნელოვანი ვარდებით – ამ ყველაფრით სარგებლობდნენ აყვავებული ქალაქის მაცხოვრებლები, რომელიც ალმასის მოპოვების მსოფლიო ცენტრი გახდა.

დედამიწაზე არსებული სამოთხე ყვაოდა, სანამ ალმასს პოულობდნენ, მოგვიანებით, თვალწარმტაცი ოაზისი საოცარი ფუფუნებით კვამლივით გაქრა. გასული საუკუნის 30-იან წლებში ოქროს მაძიებლების  უმეტესობამ ქალაქი დატოვა. ყველაზე გამძლეები 1956 წლამდე გაჩერდნენ, შემდეგ მდიდარი და მშვენიერი ქალაქი მოჩვენებად გადაიქცა, სადაც მხოლოდ ქარი და ქვიშა ბატონობს, რომელმაც შენობების უმეტესობა შთანთქა. არაფერს ვამბობთ უდაბნოში აყვავებულ მცენარეულობაზე.

4. დჰანუშკოდი პამბანის კუნძულზე (ინდოეთი)

პატარა ქალაქი დჰანუშკოდსა და ტალაიმანნარს (შრი–ლანკა) შორის, ოდესღაც მეთევზეების სოფელი იყო, მაგრამ პორტის გაჩენასთან ერთად დატვირთულ ქალაქად გადაიქცა. აქ ტურისტული ლაინერები და ბორნები სხვადასხვა საქონლით ჩამოდიოდნენ. ამან ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებას ხელი შეუწყო: პორტი, საბაჟო, რკინიგზა, სკოლები, ფოსტა, საავადმყოფო, სასტუმროები, რესტორნები და ბევრი სავაჭრო ცენტრი.

დჰანუშკოდის შემთხვევაში ხალხს სახლების მიტოვება რესურსების ამოწურვამ არ აიძულა. ბუნებრივი კატასტროფები ფატალური გახდა. ქარიშხალი, რომლის სიჩქარე 280 კმ/სთ–ს აჭარბებდა, 7 მ სიმაღლის ტალღებს იწვევდა. დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ერთ წამში დაიღუპა. გადარჩენილები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. 1964 წლის დეკემბერში მომხდარი ციკლონის შემდეგ ქალაქი თითქმის მთლიანად დაინგრა და ხელისუფლებამ საცხოვრებლად უვარგისად გამოაცხადა. ამ დროისთვის ტერიტორიაზე რამდენიმე მეთევზის ოჯახი ცხოვრობს. ტურისტების ნაკადი არ წყდება. მათ სურთ საკუთარი თვალით ნახონ, რა გადარჩა საბედისწერო ღამის შემდეგ, რომელმაც ერთი ქალაქის ისტორია შეცვალა.

5. ოქროს მაძიებლების ქალაქი გოლდფილდი არიზონაში (აშშ)

ქალაქის სახელი თავისთავად საუბრობს, რადგან მისი ბედი ოქროს მაძიებლებთან უწყვეტ კავშირშია. მე–19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე ქალაქ ფენიქსთან მდებარე ოქროს მაძიებლების ბანაკი მალე გადაიქცა ხმაურიან ქალაქად სალონებით, პანსიონატით, მაღაზიებით, სკოლით და ლუდსახარშით. იმის მიუხედავად, რომ ქალაქმა დავიწყების და დაცარიელების შემდეგ თავისი აყვავება მაინც განიცადა (1910-1926 წწ.), ვერ აიცილა მსგავსი დასახლებების ბედი, რომლებიც მინერალების აღმოჩენის ადგილას წარმოიშვა და მალე გაქრა.

დღეს გოლდფილდი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მაგრამ როგორც ტურისტული ღირსშესანიშნაობა, სადაც მოდის ყველა, ვისაც ველური დასავლეთის ისტორიასთან ხელის შეხება სურს. ადგილი, რომელიც ოდესღაც ავანტიურისტებს და მეოცნეებს მთელი მსოფლიოდან იზიდავდა. ეს ღია ცისქვეშ მუზეუმი გახდა, სადაც არიან გიდები და პირები, რომლებიც მამონტის მაღაროში ოქროს მოპოვებას გასწავლიან. მაღაროში ექსკურსია, სადაც ყველა მსურველს შეუძლია ოქროს ქვიშა მიიღოს და სახლში წაიღოს, ბევრ საინტერესო მომენტს გთავაზობთ. მიწისქვეშა მაღაროებში მცხოვრებ მოჩვენებებზე ისტორიები განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

6. დაუსახლებელი კუნძული გრეიტ–ბლასკეტი (ირლანდია)

ბლასკეტის არქიპელაგის ერთ–ერთი კუნძული, რომელიც დინგლის ნახევარკუნძულთან ახლოს მდებარეობს, გრეიტ–ბლასკეტი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით გამოირჩევა. აქვე ცხოვრობდნენ ცნობილი მწერლები, რომელთა ნაწარმოებები ირლანდიური ლიტერატურის კლასიკად ითვლება. მოკრძალებული ფართობის მიუხედავად (4 კმ²–ზე ცოტა მეტი) ფერიტერების ოჯახმა საოცარი ციხე ააშენეს. ახლა მისი ნანგრევებიც შემორჩენილი არაა, რადგან შთამომავლობამ სხვა ობიექტების, მათ შორის პროტესტანტული სკოლის, ასაშენებლად დაშალა.

მოსახლეობას მწვანე მდელოები მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობისკენ უბიძგებდა, ხოლო მიმდებარე ზღვა მოუსავლიანობის წლებშიც გადარჩენის საშუალებას იძლეოდა. დროთა განმავლობაში კუნძულზე ხალხი იმდენად გამდიდრდა, რომ ნავების და სათევზაო ბადეების შეძენა დაიწყეს. ასე ღია ზღვაში გასვლა შეძლეს და თევზით ვაჭრობა დაიწყეს, რაც დიდ მოგებას იძლეოდა. იმ დღიდან მიწათმოქმედება მიატოვეს და სარდინის, სკუმბრიის, ლობსტერის და კიბორჩხალის დაჭერა დაიწყეს. ასე გასული საუკუნის შუა ხანამდე გაგრძელდა, სანამ კუნძულზე მხოლოდ მოხუცები არ დარჩა. ამან ხელისუფლების შეშფოთება გამოიწვია, რადგან ასეთ შორეულ ადგილას მოხვედრა ძალიან რთული იყო, ხოლო ამინდის გაუარესების შემთხვევაში საერთოდ მიუწვდომელი ხდებოდა. იმ დღიდან კუნძული ოფიციალურად უკაცრიელად ითვლება, მაგრამ საზრიანმა ირლანდიელებმა ტურისტული ბიზნესი გახსნეს (მხოლოდ ზაფხულის თვეებში). შენარჩუნებული კოტეჯები აღადგინეს და ახლა ქირავდება მათზე, ვისაც ცივილიზაციისგან შორს შაბათ–კვირის ან დასვენების დღეების გატარება და ლამაზ ბუნებაში მოდუნება სურს.

7. მიტოვებული ქალაქი კაიაკოი (თურქეთი)

თურქეთის სამხრეთ–დასავლეთით, ქალაქ ფეთჰიესთან ახლოს, ლიკიის ისტორიულ პროვინციაში არის ქალაქი კაიაკოი, უფრო ზუსტად მისი ნანგრევები. 1923 წლამდე აქ 6,5 ათასი ბერძენი ცხოვრობდნენ. მე-18 საუკუნეში მათ მთის წვერზე ქალაქი გააშენეს, სადაც 3,5 ათასზე მეტი კომლი ცხოვრობდა. ეკლესიები, სკოლა, საავადმყოფო ააშენეს. მათ ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურა ჰქონდათ.

ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც საბერძნეთ–თურქეთის სისხლიან ომს (1919-1922 წწ.) უკავშირდება, აყვავებული ქალაქის დაცარიელების მიზეზი გახდა. საომარი მოქმედებების დროს ბერძნების და ქრისტიანი თურქების დიდი ნაწილი დახოცეს, გადარჩენილები იძულებულნი იყვნენ ქალაქი დაეტოვებინათ. ასეთი იყო ლოზანის საზავო ხელშეკრულების პირობა, ვინაიდან საბერძნეთმა ომი წააგო და მიწები თურქეთს გადაეცა. იმ დღიდან კაიაკოი დაცარიელდა და არავინ ისურვა აქ ცხოვრება, რაც მისი განადგურების მიზეზი გახდა.

8. ქალაქი მოჩვენება ბელჩიტე, სარაგოსის პროვინცია (ესპანეთი)

ესპანეთის ქალაქი მოჩვენება ბელჩიტე დიდი ხანია ისტორიის და პარანორმალური მოვლენების მოყვარულთა საყვარელი ადგილი გახდა. მისი ისტორია ხომ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მიმდინარე სასტიკ ომებს უკავშირდება. მომგებიანი ადგილმდებარეობა და შრომისმოყვარე ადგილობრივები, რომლებმაც ქალაქი სარაგოსის ერთ–ერთ აყვავებულ ადგილად აქციეს. ნახევარკუნძულის ომის წლებში ( 1809 წ.) ქალაქი თითქმის განადგურდა, რადგან მასში ესპანელების ბანაკი გამაგრდა. 1838 წელს კარლისტების თავდასხმამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია.

უბედურებების მიუხედავად მე-20 საუკუნის დასაწყისში ქალაქი აღადგინეს და კვლავ რეგიონის ერთ–ერთი აყვავებული დასახლება გახდა. ქალაქის კეთილდღეობა 1937 წლის აგვისტომდე გაგრძელდა. ამ პერიოდში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომლის დროსაც თითქმის მთლიანად დაბომბეს. გადარჩენილი მოსახლეობა სხვა ადგილას გადაიყვანეს, ხოლო ქალაქის აღდგენა გადაიფიქრეს, სისხლიანი ბრძოლების მოგონებად დატოვეს. „დაე, ბელჩიტე ასე დანგრეული სამუდამოდ დარჩეს, საუკეთესო მუზეუმი, რომელიც ჩვენი გმირების ღვაწლს განადიდებს, არ არსებობს“ – თქვა ამის შესახებ ფრანცისკო ფრანკომ, ესპანელმა გენერალისიმუსმა.