7 ხიდი, რომლებიც არქიტექტურული ნამუშევრების წოდებას იმსახურებენ

მას შემდეგ, რაც ადამიანმა თავისი გავრცელების არეალი გააფართოვა, სხვადასხვა მანძილის გადასაკვეთად სხვადასხვა მეთოდის მოფიქრება უწევდა. ერთ–ერთი უძველესი და დღემდე აქტუალური მეთოდია ხიდები. ხიდი შეიძლება მხოლოდ პრაქტიკულ ფუნქციას არ ასრულებდეს. ხშირად ავტორები მასში მხატვრულ ნიჭს დებენ. Novate გიზიარებთ ხიდების „შვიდეულს“ მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომელთაც შეგიძლიათ ხელოვნების ნიმუში უწოდოთ.

1. ხიდი ლოტეფოსის ჩანჩქერზე (ოდა კომუნა, ნორვეგია)

არქიტექტორს ამ ხიდის მშენებლობისას რაიმე განსაკუთრებული დიზაინერული გადაწყვეტილება არ გამოუყენებია. მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ ადგილობრივ ლანდშაფტს და ცნობილი ნორვეგიული ჩანჩქერის პეიზაჟს იმდენად ჰარმონიულად ერწყმის, თითქოს ყოველთვის აქ იყო. ღირშესანიშნაობის ნახვა ოდა კომუნის ტერიტორიაზე, სტავანგერის გზაზე შეიძლება. ტურისტებს ამ გზაზე გავლა საოცარი ატმოსფეროს გამო მოსწონთ: მანქანაზე ჩანჩქერის უსასრულო წვიმის შხეფები ეცემა.

2. ძურჟევიჩას ხიდი (ჟაბლიაკი, მონტენეგრო)

ეს ხიდი მონტენეგროში ძალიან ლამაზ და გეოგრაფიულად საინტერესო ადგილზე მდებარეობს – მდინარე ტარაზე მდებარე ხიდი მოიკოვაჩის, ჟაბლიაკის და პლევლიას შორისაა გადებული. ხიდი 1940 წელს ააშენეს და მახლობლად მდებარე კომპანიის მფლობელის სახელი უწოდეს. ხიდი გახსნიდან 1 წელში დაშლის პირას იყო: 1941 წლის აპრილში ტერიტორია, სადაც გადასასვლელი მდებარეობს, იტალიელი ფაშისტების ხელში აღმოჩნდა და პარტიზანებმა მისი აფეთქება გადაწყვიტეს, როგორც ერთადერთი გზა მდინარე ტარას კანიონებში.

ერთ–ერთი ავტორის, ინჟინერ ლაზარია იაკოვიჩის დახმარებით ხიდის კრიტიკული დანგრევა თავიდან აიცილეს. მისი მინიშნებებით მხოლოდ ყველაზე გრძელი განივი ააფეთქეს, ოკუპანტებს გზა მოუჭრეს, სხვა ნაწილი ხელუხლებელი დატოვეს. სწორედ ამიტომ, 1946 წელს ხიდი აღადგინეს. დღეს ჩრდილოეთ მონტენეგროს ერთ–ერთი ტურისტული მარგალიტია და საკუთარი ინფრასტრუქტურაც აქვს: მის გვერდით მოაწყვეს კემპინგი ავტოსადგომით, მაღაზიები, ჰოსტელები და ბენზინგასამართი სადგური, თავად ხიდზე 3 ზიპლაინი მუშაობს.

3. ჰელიქსის ხიდი (სინგაპური)

ამ საფეხმავლო ხიდს გარეგნობის გამო „დნმ–ის ხიდსაც“ უწოდებენ. ასეთი დიზაინი სპეციალურად შექმნეს, რომ გენეტიკური სპირალი გაგვახსენოს. თავად სახელი Helix Bridge ითარგმნება, როგორც „სპირალის ხიდი“. გახსნის დღიდან პლანეტის ყველაზე ლამაზ საფეხმავლო ხიდებს შორის ხვდება. Novate–ს ინფორმაციით, ჯერ კიდევ 2010 წელს ხიდმა მიიღო ჯილდო “Wold’s Best Transport Building” ფესტივალზე Wolrd Architecture Festival Awards. მისი უჩვეულო დიზაინი არა მხოლოდ ტურისტებს იზიდავს, არამედ მდინარეზე კომფორტულ სეირნობას ხელს უწყობს. არქიტექტორებმა ტროპიკული კლიმატის გათვალისწინებით შექმნეს გადახურული ხიდი, რომ გამვლელებს მცხუნვარე მზისგან თავი დაეღწიათ.

4. ალექსანდრე III ხიდი (პარიზი, საფრანგეთი)

პარიზში უძველესი სენა შეგიძლიათ გადაკვეთოთ ულამაზესი ხიდით, რომელიც რუსი იმპერატორის სახელს ატარებს. ის 1900 წელს ააშენეს და საფრანგეთი–რუსეთის კავშირის სიმბოლო გახდა, რომელიც ანტანტის წინამორბედი იყო. ხიდი დაარსა ნიკოლოზ II, თუმცა სახელი მისი მამის საპატივცემულოდ დაარქვეს. ხიდის სილამაზეს არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ გიდებიც აღნიშნავენ: პარიზის გზამკვლევებში ხიდს „ყველაზე დახვეწილს“ უწოდებენ. ეს გასაკვირი არაა, რადგან მას პეგასის, ნიმფის და ანგელოზის ბევრი ფიგურა ამშვენებს, რომლებიც ახლომდებარე შენობების არქიტექტურულ სტილს ეთავსება.

საინტერესო ფაქტი: ხიდს ელისეს მინდვრების თვალწარმტაცი პანორამა რომ არ დაეფარა, პროექტი ისე შექმნეს, რომ მისი სიმაღლე 6 მ–ს არ აჭარბებს – მისი მშენებლობის დროს ასეთი არქიტექტურული ხრიკი დიდ მიღწევად ითვლებოდა.

5. Kurilpa Bridge (ბრისბენი, ავსტრალია)

ავსტრალიაში, კუინსლენდის შტატში, ქალაქ ბრისბენში ამავე სახელწოდების მდინარეზე მდებარე ხიდი უჩვეულო გარეგნობით გამორჩეულია. ამასთან, პლანეტაზე ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდია. სიტყვაზე, თავდაპირველად ხიდს ერქვა Tank Street Bridge, თუმცა მთავრობის მიერ ჩატარებული კონკურსის შემდეგ სახელი შეცვალეს და უწოდეს Kurilpa Bridge, რაც ითარგმნება, როგორც „წყლის ვირთხების ადგილი“.

ხიდის დიზაინი ჩხირებით ქსოვას გავს, ხოლო განათება უზრუნველყოფილია მზის ბატარეებით, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ქალაქის ქსელიდან ელექტროენერგიის სარგებლობა შეუძლია. ხიდი ტურისტული ღირშესანიშნაობაა. ამავდროულად, სხვადასხვა ადგილობრივი ფესტივალის დროს (მაგალითად, ყოველწლიური დღესასწაული „ცეცხლოვანი მდინარე“) სინათლის შოუს ნაწილად იყენებენ.

6. 33 თაღის ხიდი (ესფაჰანი, ირანი)

ამ ხიდს ხანგძლივი ისტორიის განმავლობაში ბევრი სახელი დაუგროვდა: ალავერდი–ხანის ხიდი ან სი–ო–სე–პოლი, რაც ითარგმნება, როგორც „33 ხიდი“ ან „33 მალი“. ქალაქ ესფაჰანში შორეულ 1602 წელს ქვისგან ააშენეს და მდინარე ზენდერუდზეა გადებული. ამ ირანულ მდინარეზე სულ 11 ხიდია გადებული. უკვდავყოფილი სახელის გარდა ხიდის ერთ–ერთი ღირშესანიშნაობაა ტრადიციული ჩაიხანა – ადგილობრივი ჩაის სახლი და სასადილო.

7. წვიმისა და ქარის ხიდი (გუიჯოუს რეგიონი, ჩინეთი)

თვალწარმტაცი ხიდი ჩინეთში, მდინარე სანძიანზეა გადებული. ხიდი ადგილობრივი არქიტექტურის თავისებურებას ასახავს და სახელიც შესაბამისი აქვს, წვიმის და ქარის ხიდი. საინტერესოა, რომ უძველესი დიზაინის მიუხედავად, ხიდი მხოლოდ 1916 წელს ააშენეს. ხიდს სამი დონე აქვს, რომლებიც 5 პავილიონსა და 12 ვერანდაზე მდებარეობს. ერთგვარი პატარა ქალაქი გამოდის, რომელსაც მდინარეში ჩაძირვისგან 5 ქვის პლატფორმა აკავებს. ხიდის მშენებლობისას ერთი ლურსმანიც არ გამოუყენებიათ. კონსტრუქცია მთლიანად ასაწყობია. ხელოვნების ნიმუშის ავტორია ეთნიკური ჯგუფის დუნების საუკეთესო ოსტატები, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ.