კარკასული სახლის საძირკვლის ოპტიმალური ვარიანტები

Novate კარკასული სახლის საძირკვლის ოპტიმალური ვარიანტების განხილვას გთავაზობთ.

რა პარამეტრები განსაზღვრავს საძირკვლის არჩევას?

კარკასული სახლი შედარებით მსუბუქი სტრუქტურაა და თითქმის ნებისმიერი სახის საძირკველი შეეფერება. სახლმა დიდხანს რომ გაძლოს, საძირკვლის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:

  • შენობის ადგილის რელიეფი;
  • ნიადაგის ტიპი და შემადგენლობა, მიწისქვეშა წყლების დონის სიმაღლე;
  • სახლის ზომა, წონა და კონფიგურაცია;
  • კედლის მასალა და კონსტრუქცია;
  • შენობის წონა აღჭურვილობით და ავეჯით;
  • შესაძლო დინამიური დატვირთვები: ადამიანების აქტივობების რაოდენობა და სახეობები (შესაძლოა შენობა შენდება საცეკვაოდ, სავარჯიშო და ა.შ.)
  • ბუნებრივი ფაქტორები: ქარის და თოვლის დატვირთვა.
  • ნიადაგის ტიპი და შემადგენლობა, ასევე მიწისქვეშა წყლების დონე საინჟინრო და ჰიდროგეოლოგიური კვლევებით განისაზღვრება. სხვა დანარჩენი ქაღალდზე ცხრილების და ცნობარის დახმარებით შეგიძლიათ გამოთვალოთ.

ნიადაგი და მისი თავისებურებები

საძირკვლის არჩევისას ნაკვეთზე ნიადაგის სიმკვრივე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნიადაგი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

  • კლდიანი – იდეალურია სახლისთვის სარდაფის ან ცოკოლის სართულის გარეშე. ყველაზე საიმედო საფუძველია (ზოგიერთ შემთხვევაში მასზე სახლს საძირკვლის გარეშე აშენებენ).
  • ხრეშიანი, ქვიშა–ხრეშიანი, ქვიშიანი თიხის ნარევის გარეშე – მშენებლობისთვის შესანიშნავი ადგილია. ასეთი მიწა არ იკუმშება და არ იბურცება, ხოლო მასში მიწისქვეშა წყლის დონე საკმაოდ დაბალია.
  • თიხიანი – ტენით გაჯერებულ ნიადაგად ითვლება. გაყინვისას ამობურცვა ახასიათებს. ჩვეულებრივ, თიხიან მიწას იღებენ და ქვიშა–ხრეშის ნარევით ცვლიან.
  • ტორფი – ცვივა და იბურცება. რთული და ძვირიანი საძირკველი სჭირდება. უმეტესად, ტორფს ღრმად იღებენ და ქვიშა–ხრეშის ნარევით ცვლიან ან იყენებენ ხიმინჯიან საძირკველს, რომელიც მყარ ქანებს ეყრდნობა.

მიწისქვეშა წყლების დონე ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. ეს ღრმა საძირკვლის აგებისას უნდა გაითვალისწინოთ. თუ მიწისქვეშა წყლების დონე მაღლა იწევს, სარდაფის ან ცოკოლის სართულის გაკეთებაზე უარი თქვით, რადგან ნებისმიერი ჰიდროიზოლაცია გარკვეულ დროში დაიშლება და პრობლემად გადაიქცევა. თუ სარდაფზე ან ცოკოლის სართულზე უარის თქმა არ გსურთ, სადრენაჟო სისტემა წყლის გადატუმბვით უნდა დაამონტაჟოთ.

რომელი საძირკველია საუკეთესო კარკასული სახლისთვის

როგორც უკვე გითხარით, კარკასული სახლი მსუბუქი სტრუქტურაა და მისთვის საძირკველზე მკაცრი მოთხოვნები არ არსებობს. მრავალ ვარიანტს შორის კარკასული სახლისთვის ოპტიმალურად ითვლება შემდეგი ტიპები:

  • სვეტოვანი
  • ხიმინჯებიანი
  • ლენტური
  • მონოლითური ფილა

სვეტოვანი საძირკველი

ასეთი საძირკველი გამოიყენება მყარ ნიადაგზე და მხოლოდ მსუბუქი და მცირე ზომის სახლებისთვის. ბიუჯეტური კარკასული სახლისთვის იდეალურია. გარეგნულად რკინაბეტონის ბლოკებით დამზადებული საყრდენი ტუმბოებია (კვადრატი ან მართკუთხედი), აგურის/ბეტონის ბლოკების ასაწყობი კონსტრუქცია ან ჩამოსხმული – ხსნარი ყალიბში ადგილზე ისხმება.

სვეტოვანი საძირკვლის ელემენტები მზიდი კედლების და გაზრდილი დატვირთვის წერტილების (ღუმელი, აბაზანა) ქვეშ მონტაჟდება და მიწაში ოდნავ ღრმავდება. სვეტების ზემოთ ფოლადის შველერით ან ხის ძელით შემოხვევა აუცილებლად სრულდება. სახლი ქარისგან ან მის ქვეშ ნაგვის დაგროვებისგან რომ დაიცვათ, სვეტებს შორის სივრცე მთელ პერიმეტრზე იფარება შიფერით, აგურით, წყალგამძლე ფანერით, ცემენტის ფილებით, საიდინგით.

დადებითი მხარეები:

  • მიწაზე მცირე სამუშაოები და სწრაფი მონტაჟი;
  • დაბალი ღირებულება და მშენებლების მომსახურებაზე დაზოგვის შესაძლებლობა, რადგან სვეტოვანი საძირკველი გამოუცდელ ადამიანსაც შეუძლია მარტივად გააკეთოს.

უარყოფითი მხარეები:

  • მცურავი ქანებისთვის შეუფერებელია;
  • სვეტოვანი საძირკველი სარდაფის ან ცოკოლის სართულის აშენების საშუალებას არ იძლევა.

ლენტური საძირკველი

ესაა რკინაბეტონის ლენტა, რომელიც მთელი შენობის პერიმეტრზე და ტიხრების აღმართვის ადგილებში დაგებულია. შეიძლება იყოს მონოლითური, რომელიც ყალიბში ადგილზე ისხმება, ან ასაწყობი, საძირკვლის ბეტონის ბლოკებით. მონოლითური ლენტური საძირკველი ქვიშიან ან თიხნარ ნიადაგზე გამოიყენება. ლენტური საძირკვლის ქვეშ მცურავი ნიადაგი გაყინვის დონემდე იღება და ქვიშა–ხრეშის ნარევით ივსება. ასაწყობი ლენტური საძირკველი მყარ ქანებზე გამოიყენება.

დადებითი მხარეები:

  • საშუალო და დიდი ზომის შენობებისთვის შესაფერისია;
  • ნიადაგების ფართო სპექტრზე შეიძლება აღიმართოს;
  • საიმედო და გამძლე საძირკველია;
  • დიდ დატვირთვას უძლებს;
  • სარდაფიანი სახლისთვის შესაფერისია;

უარყოფითი მხარეები:

  • პროცესის სირთულე და ხანგრძლივობა;
  • სამშენებლო ტექნიკის ჩართვის აუცილებლობა (განსაკუთრებით ასაწყობი ვარიანტის შემთხვევაში);
  • ზამთარში საძირკვლის ჩასხმისას დამატებითი ხარჯები (მიწის გაყინვა, ბეტონის გათბობა ან სპეციალური ყინვაგამძლე დანამატის დამატება);

ხიმინჯებიანი საძირკველი

ყველაზე გავრცელებული ვარიანტია კარკასულ სახლებში. ხიმინჯებისგან შედგება, რომლებიც სახლის ქვეშ ერთმანეთისგან გარკვეულ დაშორებაზე მდებარეობს. ხიმინჯი – მიწაში ჩაღრმავებული ბოძი. მისი ამოცანაა მიწის მყარ ფენას, რომელიც გაყინვის წერტილის ქვემოთ მდებარეობს, დაეყრდნოს. ასეთი საძირკველი რთულ ნიადაგზე გამოიყენება – მცურავ და მცენარეულ ნიადაგზე, ტორფზე. ხიმინჯებიანი საძირკველი რთული რელიეფის მქონე ნაკვეთზე შესაფერისია – ასე ფერდობზე სახლს ზედმეტი ხარჯის გარეშე ააშენებთ.

კარკასული სახლების მშენებლობაში გამოიყენება შემდეგი სახის ხიმინჯები:

  • ხრახნული
  • ჩასასობი
  • ნატენი

ნატენი ხიმინჯი – მიწაში გაბურღული ხვრელი ან მილი, რომელიც მოგვიანებით ბეტონით ივსება. ხიმინჯის ზემოთ როსტვერკი ისხმება. ეს შედარებით იაფი, მაგრამ შრომატევადი კონსტრუქციაა.

ჩასასობი ხიმინჯი – რკინაბეტონის ბოძი, რომელიც მიწაში სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით ისმება. ჩასმული ხიმინჯების ზემოთ როსტვერკი ისხმება.

ხრახნული ხიმინჯი – სქელი მილი წვეტიანი წვერებით და ქვედა ბოლოში ხრახნიანი ფრთით. მიწაში მექანიკურად ან სპეციალური მოწყობილობით ისმება. ჩასმის შემდეგ ერთ დონეზე იჭრება და ბეტონი ისხმება. ზემოდან ხის ძელის ან ფოლადის შვერილის შემოხვევა ხდება.

დადებითი მხარეები:

  • სწრაფი მონტაჟი და წლის ნებისმიერ დროს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა;
  • რთულ ნიადაგსა და რელიეფზე შესაფერისია;
  • მიწაზე მუშაობა არ სჭირდება;
  • ჩასასობი და ნატენი ხიმინჯები მომსახურების დიდი ვადით გამოირჩევა – 100 წლამდე.

უარყოფითი მხარეები:

  • ასეთი საძირკვლის ასაშენებლად გამოცდილება გჭირდებათ. არასწორი გათვლის ან მონტაჟის (დიდი დახრით) შემთხვევაში შეცდომის გამოსწორება რთულია;
  • თუ ახლოს საცხოვრებელი შენობები მდებარეობს, მეზობლები შეიძლება შეწუხდნენ, რადგან ასეთი საძირკვლის გამოყენებისას ახლომდებარე სახლები შეიძლება დაზიანდეს;
  • ხიმინჯებიან შენობაში სარდაფს ან ცოკოლის სართულს ვერ გააკეთებთ.

ფილებიანი საძირკველი

მონოლითური რკინაბეტონის ფილაა, რომელიც შენობის მთელ ფართობზე მდებარეობს. გამოიყენება ნიადაგზე, რომელსაც ზედმეტი ამაღლება და მოძრაობა ახასიათებს, ასევე მაღალტენიან მიწაზე ან მიწისქვეშა წყლების მაღალ დონეზე. უმეტესად, ფილები ითბუნება, ხოლო კომუნიკაციები თავად კონსტრუქციაში მონტაჟდება. ასეთი საძირკველი 1-2 სართულიანი კარკასული სახლისთვის შესაფერისია.

დადებითი მხარეები:

  • გამძლეა;
  • ყველა ტიპის ნიადაგზე გამოიყენება;
  • მაშინვე შავ იატაკად გამოიყენება – ქვედა საფარის საჭიროება ქრება;

უარყოფითი მხარეები:

  • ხანგრძლივი და დიდი მოცულობის შრომა;
  • სხვა საძირკველთან შედარებით ძვირია;
  • სარდაფს ან ცოკოლის სართულს ვერ გააკეთებთ.

ჩვენ კარკასული სახლებისთვის საძირკვლის ტიპები და მათი თავისებურებები მოკლედ განვიხილეთ. მათი მახასიათებლები, ნიადაგის ტიპი გაითვალისწინეთ, სრული ანალიზი და გამოთვლები გააკეთეთ და აირჩიეთ საუკეთესო საძირკველი თქვენი სახლისთვის.