8 რჩევა, რა გააკეთოთ, რომ მტვრის გადაწმენდა იშვიათად მოგიწიოთ

როცა მეგობრები და ნათესავები სტუმრად მოდიან, პირველ რიგში, ბინაში წესრიგს აკვირდებიან. თუ ნივთების კარადაში დამალვას ასწრებთ, სადაც უცხო თვალი ვერ მიწვდება, მტვერი ადგილზე რჩება. Novate გიზიარებთ რამდენიმე საიდუმლოს, როგორ მოიშოროთ მტვერი სწრაფად და დიდხანს, რომ სახლში სისუფთავე და კომფორტი სუფევდეს.

რჩევა 1: ტექსტილი ხშირად გარეცხეთ

ფარდა, სუფრა, გადასაფარებელი, დივნის ბალიშისპირები – ყველა ამ ნივთზე ბევრი მტვერი გროვდება, თუნდაც გარეგნულად ახალგარეცხილი ჩანდეს. ტექსტილს ყურადღება მიაქციეთ და სარეცხ მანქანაში ხშირად გარეცხეთ. სეზონზე ერთხელ მაინც. ზაფხულში, როცა ფანჯარა ღიაა, ტექსტილის უფრო ხშირად მოწესრიგება მოგიწევთ. თუ ჟალუზს ან რულონის ფარდას იყენებთ, მათაც ყურადღება მიაქციეთ: მტვერი გადაწმინდეთ, მტვერსასრუტი გამოიყენეთ, სველი ჩვრით გაწმინდეთ.

რჩევა 2: მტვრისშემგროვებელი არ შეინახოთ

მტვერი ყველა ზედაპირზე დევს, მაგრამ ზოგიერთ ნივთს ჩვრის გადასმით მარტივად შორდება, სხვებზე დიდხანს გროვდება. ბინაში ყველაზე პოპულარული მტვრისშემგროვებელია რბილი სათამაშო, ქაღალდები და გაზეთები, ზემოთ აღნიშნული ტექსტილი, ასევე ხალიჩა.

ყველა ამ ნივთის მოშორებას არ გირჩევთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინას მყუდროს ხდის ან თქვენთვის ძვირფასია. გაითვალისწინეთ, რომ მათ რეგულარული წმენდა და რეცხვა სჭირდებათ. ცხოვრების გასამარტივებლად რევიზია ჩაატარეთ – შესაძლოა მტვრის ზოგიერთი წყარო აღარ გჭირდებათ ან საკუჭნაოში ან ყუთში შეგიძლიათ შეინახოთ.

ცალკე აღსანიშნავია საყვარელი ხარახურა, რომელიც თაროებზეა განთავსებული. მათზე ბევრი მტვერი გროვდება და რეგულარული რეცხვა სჭირდება. გენერალურ დალაგებაზე დრო რომ არ დახარჯოთ, უბრალოდ მინის კარიან კარადაში შეინახეთ. ასე თვალს გაახარებს და მტვერი ნაკლებად დაგროვდება.

რჩევა 3: სველი წმენდა ჩაატარეთ

კვირაში ერთხელ ბინა სველი ჩვრით გაწმინდეთ. ეს აუცილებელია. არა მხოლოდ იატაკი უნდა მოწმინდოთ, არამედ სხვა ზედაპირებიც მოაწესრიგოთ. მაგიდას, თაროებს, კარადას, საყოფაცხოვრებო ტექნიკას მტვერი მოაშორეთ. ოთახის მცენარეები არ დაგავიწყდეთ: მორწყვა საკმარისი არაა, ფოთლებს მტვერი უნდა მოაშოროთ, ხოლო 4 კვირაში ერთხელ თბილი შხაპი მოუწყოთ.

თუ ოთახი დიდი ხანია არ დაგილაგებიათ და ძალიან ჭუჭყიანია, წყალს სპეციალური საწმენდი საშუალება დაუმატეთ. ასე ოთახებს ადვილად გაწმენდთ. ჩვარი წყალში დაასველეთ და კარგად გაწურეთ. სველი არ უნდა იყოს. თუ წმენდის შემდეგ ზედაპირზე ლაქები რჩება, პროცედურა გაიმეორეთ.

თვლით, რომ სველი წმენდის შემდეგ ზედაპირზე უფრო მეტი მტვერი გროვდება? მაშინ სპეციალური ხსნარი გამოიყენეთ. თეთრეულის კონდიციონერი წყალში 1:4 თანაფარდობით გააზავეთ და მიღებული ხსნარი პულვერიზატორში ჩაასხით, რომ მოხერხებულად გამოიყენოთ. სითხე შერჩეულ ზედაპირს შეასხურეთ და მშრალი ჩვრით გაწმინდეთ.

თეთრეულის კონდიციონერს ანტისტატიკური თვისებები აქვს, ამიტომ ზედაპირზე მტვრის დალექვას არ დაუშვებს და დიდხანს სუფთა იქნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ტელევიზორის ან კომპიუტერის ეკრანის გასაწმენდად გაუზავებელი კონდიციონერის გამოყენება უმჯობესია.

რჩევა 4: ინვენტარი განაახლეთ

ერთი ჩვრით მთელი ბინის დალაგება არ შეიძლება. თითოეული ზედაპირისთვის კონკრეტული სალფეთქი იქონიეთ. წყლის გავლება და დროულად გამოცვლაც მნიშვნელოვანია, რომ მტვერი არ გაითხუპნოს. ექსპერტები გირჩევენ, რომ მტვრის მოსაშორებლად მაღალი ხარისხის მიკროფიბრის ჩვრები გამოიყენოთ. ასეთი ჩვარი კვალს და უშნო ზოლებს არ ტოვებს. ასევე შეგიძლიათ თითოეული ზედაპირისთვის (მინა, ხე, პლასტმასი) სპეციალური ინვენტარი შეიძინოთ. კიდევ ერთი ვარიანტი (უფრო სწრაფი წმენდისთვის): ჩვრის ნაცვლად ბავშვის სველი სალფეთქი გამოიყენეთ და თითოეულ ზედაპირზე გამოყენების შემდეგ გადააგდეთ.

რაც შეეხება მტვერსასრუტს, გამოყენებამდე ნაგვის კონტეინერი (ცარიელი უნდა იყოს), ასევე ფილტრის მდგომარეობა შეამოწმეთ. მტვერსასრუტის ინსტრუქციაში ნახავთ, რამდენი გამოყენების შემდეგ სჭირდება გამოცვლა.

რჩევა 5: ზემოდან ქვემოთ დაალაგეთ

ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია, რომელიც სახლის დალაგებისას უნდა დაიცვათ. დალაგება ჭერიდან დაიწყეთ, რომელზეც ყველაზე ნაკლები მტვერი გროვდება. 2 კვირაში ერთხელ მტვერსასრუტით ან სველი შვაბრით გაწმინდეთ (თუ მასალა ამის საშუალებას გაძლევთ). ამ შემთხვევაში ფანჯრის რაფასა და ხალიჩაზე ნაკლები მტვერი დაილექება. შემდეგ ჭაღზე გადადით, ამის შემდეგ კარადაზე, მაღალ თაროებს და ფანჯრის ჟალუზებს ყურადღება მიაქციეთ. შემდეგი ეტაპი: ნივთები სტელაჟზე, მაგიდასა და ავეჯზე. ნელ–ნელა ქვემოთ ჩადით, იატაკის და პლინტუსის წმენდით დაასრულეთ.

სხვათა შორის, იატაკი იდეალურად სუფთა რომ იყოს, ჯერ მტვერსასრუტით გაწმინდეთ, შემდეგ იატაკის საფარის მიხედვით მომდევნო ეტაპზე გადადით. თუ ხის პარკეტი გაქვთ, საწმენდ საშუალებაში ცვილი უნდა შედიოდეს, თუ მარმარილოს იატაკია, უბრალო წყლით გაწმინდეთ. მინის ფილები თავის ტკივილია, რადგან გამწმენდი გელის რაოდენობა ზუსტად უნდა გააკონტროლოთ. ძალიან ბევრი გელის შემთხვევაში ზედაპირზე უშნო ზოლები დარჩება.

რჩევა 6: ფანჯრები დახურეთ

განიავება მნიშვნელოვანი პირობაა, რომ სახლში ჯანსაღი მიკროკლიმატი შექმნათ. ეს მომენტი პირდაპირ არ გაიგოთ და ფანჯარა მთელი დღე ღია არ დატოვოთ. ასე სივრცეში მუდმივად მტვერი იმოძრავებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბინა დიდ ქალაქში ხმაურიან ქუჩაზე მდებარეობს. სამწუხაროდ, ბადე მტვრისგან ვერ დაგიცავთ: მას მხოლოდ მსხვილი ნაწილაკების დაჭერა შეუძლია. სწორედ ამიტომ, თუ ყოველდღე სახლის დალაგება არ გსურთ, ფანჯარა რამდენიმე საათით გააღეთ. საღამოს საუკეთესო დროა.

რჩევა 7: ხალიჩასთან დამოკიდებულება შეცვალეთ

ხალიჩა შესანიშნავად გამოიყურება, ბინას მყუდროს ხდის, ზამთარში ფეხებს ათბობს და ხმის იზოლაციას ზრდის. ხალიჩას დიდი მინუსიც აქვს. თუ რეგულარულად არ გაწმენდთ, ხაოში ბევრი მტვერი დაგროვდება და ასე მტვრის სუნთქვა მოგიწევთ. კიდევ ერთი დეტალი: კვლევის თანახმად, ნატურალური ბეწვის ხალიჩაში შეიძლება ბაქტერიები, სოკო და ტკიპა დასახლდეს, ამიტომ საფუძვლიანი დეზინფექცია სჭირდება.

კარგად დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა ხალიჩა მთელ იატაკზე. იქნებ უმჯობესია საწოლის ან დივნის ზონაში პატარა ხალიჩით შემოიფარგლოთ ან საერთოდ უარი თქვათ. პირველ რიგში, უფრო ჰიგიენური ვარიანტია, მეორეც იატაკის წმენდას ნაკლებ დროს დაუთმობთ.

რჩევა 8: ჭკვიანი მოწყობილობები შეიძინეთ

პირველ რიგში, ჰაერის დამატენიანებელსა და გამწმენდზე ვსაუბრობთ. პირველი სტატიკურ ელექტროენერგიას უმკლავდება და მთელ ბინაში მტვრის გადაადგილებას და სხვადასხვა ზედაპირზე დალექვას ხელს უშლის. ოთახში ტენიანობის დონე 30-50 % უნდა იყოს, ეს ოპტიმალურ დონედ ითვლება.

ჰაერის გამწმენდი ერთგვარი მტვერსასრუტია, რომელიც ჰაერს იწოვს, ფილტრში ატარებს, მტვრის ნაწილაკებს, ბუსუსებს და ცხოველის ბეწვს ანეიტრალებს. კვლევის შედეგების მიხედვით, ხარისხიანი ფილტრი წვრილი ნაწილაკების 99%–ს აკავებს.