რჩევები, როგორ გამოიყენოთ მასმარკეტის ავეჯი და დეკორი, რომ ყველასგან განსხვავებული მიიღოთ

ბინაში კარგი რემონტის გაკეთება წარმატების მხოლოდ 50%–ია. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ოთახისთვის შეარჩიოთ შესაფერისი დეკორი და ავეჯი, რომელიც ერთმანეთს იდეალურად ერწყმის. ასეთი ინტერიერის ნივთები საკმაოდ ძვირია. Novate გირჩევთ, რომ მასმარკეტის ნივთებს ყურადღება მიაქციოთ. გიამბობთ, როგორ მოარგოთ ისინი გარემოს ისე, რომ ორიგინალური გამოვიდეს.

რჩევა 1: აქცენტი ტექსტილზე გააკეთეთ

ბოლო დროს მინიმალიზმის და სკანდინავიური სტილის მოყვარულები სულ უფრო მეტია. ერთი შეხედვით, მარტივად შესასრულებელი სტილია, მაგრამ პირსახოცის, ფარდის, თეთრეულის, დივნის ბალიშისპირების შერჩევა რთულია. მასმარკეტში ყურადღებას ამახვილებენ ნათელ ფერებზე, რომელიც ზემოთ აღნიშნულ მიმართულებებს ცუდად ეთავსება, თან მასალის ხარისხი დაბალია. სწორედ ამიტომ, „შესაფერისი“ ნივთის მოსაძებნად დიდ ძალისხმევას და დროს ვხარჯავთ, მაგრამ ეს ამად ღირს, რადგან ტექსტილით ინტერიერს სხვა განწყობა შეგიძლიათ შემატოთ ისე, რომ ოჯახის ბიუჯეტს ზიანი არ მიაყენოთ.

ოპტიმალური გადაწყვეტილება – ძირითადი ხაზები შეისწავლეთ და იპოვეთ ნეიტრალური ერთფერიანი ტექსტილი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს იდეალურად ერგება. თუ საკერავ მანქანასთან მეგობრობთ, შესაფერისი ქსოვილი შეიძინეთ და მაგიდის გადასაფარებელი ან ბალიშისპირები თავად შეკერეთ. ხელნაკეთი მოქმედებაშია!

რჩევა 2: ერთიანი ფერადი გამა დაიცავით

მასმარკეტში ხშირად გვხვდება ბევრი კაშკაშა ნივთი, რომელიც მყიდველის ყურადღებას იზიდავს. ის ყოველთვის კომპოზიციის ცენტრშია, მისი აქცენტია, ამიტომ უკეთ იყიდება. ინტერიერისთვის რამდენიმე ფერადი ყუთი შეგიძლიათ შეიძინოთ, მით უფრო, თუ საერთო სურათში კარგად ჯდება, მაგრამ ამან არ გაგიტაცოთ. რაც უფრო ბევრი ფერადი ნივთია ოთახში, მით უფრო ცუდად გამოიყურება. მოკლედ, უკიდურესობიდან უკიდურესობაში გადასვლა არ ღირს. ასკეტური მონოქრომული ინტერიერი ფერად ლაქაზე მინიშნების გარეშე ცუდი იდეაა. სად ვიპოვოთ ბალანსი?

მათ, ვინც ბინის დამოუკიდებლად გაფორმებას აპირებს, დიზაინერები უმარტივეს ვარიანტს ურჩევენ: ინტერიერში საბაზისო ფერი გამოიყენეთ, მაგალითად, ნაცრისფერი, თეთრი ან კრემისფერი, შემდეგ ფერადი აქცენტები წერტილოვნად დაუმატეთ. მაგალითად, ფერადი დივანი დადგით, მსგავსი ფერის ფარდა და რამდენიმე ლარნაკი სტელაჟზე შეუხამეთ. ასევე შეგიძლიათ მაგიდაზე სუფრა გაშალოთ, ხოლო ღია თაროებზე მსგავსი ფერის ჭურჭელი დააწყოთ. 60/30/10 წაუგებელი ვარიანტია, სადაც პირველი ციფრი ძირითადი ფერია, მეორე დამატებითი ფერი, ხოლო მესამე აქცენტური. რომელი გზაც არ უნდა აირჩიოთ, სხვადასხვა ბრენდის ნივთები კარგად შეისწავლეთ, შემდეგ ის ავეჯი და დეკორი შეარჩიეთ, რომელიც თქვენს ინტერიერს იდეალურად მოერგება.

რჩევა 3: შეისწავლეთ მთელი ასორტიმენტი და არა მხოლოდ მისი ნაწილი

ადვილია შეგიყვარდეთ პირველივე ნივთი, რომელიც დაინახეთ, და სხვების დათვალიერების გარეშე შეიძინოთ. ახალი საგნები, რომელთაც შეუთანხმებლად ყიდულობთ, ერთმანეთს ფერითა და სტილით ცუდად ეთავსება. სწორედ ამიტომ, მთელი ასორტიმენტი შეისწავლეთ და იყიდეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც ერთმანეთს ეთავსება.

მასმარკეტში ყოველთვის დიდი არჩევანია. ისინი გვთავაზობენ სხვადასხვა კატეგორიის დეკორს: ტექსტილი, დეკორი, ავეჯი, განათება. ეს მთელი სია არაა. რა თქმა უნდა, ერთი ხაზიდან ყველი ნივთის შეძენა არ ღირს. ეს უკვე მოდური არაა, თან მოსაწყენ ინტერიერს მიიღებთ. თუ ყიდულობთ ფარდას, გირჩევთ პლედის და დივნის ბალიშების განყოფილებაში შეიხედოთ. შესაძლოა, აქ იპოვოთ სხვა ფერის ნივთი, მაგრამ იმავე ფორმებით, რაც ფარდას აქვს. ასევე ლარნაკის შეძენისას მოძებნეთ სალფეთქები, რომელსაც მსგავსი ფერი აქვს.

რჩევა 4: პოპულარული ნივთები არ იყიდოთ

მასმარკეტის ავეჯისა და აქსესუარების თითოეულ ბრენდს აქვს ფართოდ გავრცელებული ნივთები, რომლებიც ერთი ნახვით შეგიძლიათ იცნოთ. მაგალითად, იკეას ასეთი ნივთია ყვითელი სავარძელი სტრანდმონი, ასევე სტელაჟი კალაქსი. ახლა ასეთი საგნები თითქმის ყოველ მესამე სკანდინავიურ სტილში გაფორმებულ ბინაში გვხვდება. სილამაზის და ხიბლის მიუხედავად მსგავსი ნივთები ინტერიერს ორიგინალობას ართმევს, შაბლონურს ხდის. გირჩევთ, მათ ნაცვლად სხვა შეიძინოთ.

მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ დიზაინერულ კოლექციებს, რომელთაც ყველა მსხვილი ბრენდი პერიოდულად უშვებს. ისინი პროფესიონალებს ავეჯისა და დეკორის ორგანული ხაზის შესაქმნელად იწვევენ. მსგავსი ნივთები ყოველთვის წარმოუდგენლად მოდური და მიმზიდველია, თან სწრაფად იყიდება, ამიტომ არ ინერვიულებთ, რომ მსგავს ნათურას ან ჟურნალის მაგიდას სხვა ბინაში იპოვით.

რჩევა 5: ნივთებს ახალი სიცოცხლე აჩუქეთ

თუ ზოგიერთი ნივთის საკუთარი ხელით გადაკეთებას ისწავლით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ავეჯი გარდაქმნათ და რაღაც ორიგინალური მიიღოთ. ასე ფულს მხოლოდ ინვენტარზე, მაგალითად, ფუნჯსა და საღებავზე, დახარჯავთ. ხრიკი ძველ ავეჯზე გამოიყენეთ. თუ ახალი ავეჯის გადაღებვას გადაწყვეტთ, გარანტიას დაკარგავთ და მაღაზიაში ვეღარ დააბრუნებთ.

თუ ყველაფრის ოსტატი ხართ და შემოქმედება გიყვართ, შეუღებავი ნივთი შეიძინეთ და თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. საბედნიეროდ, ზოგიერთი ბრენდი სპეციალურად მხოლოდ ასეთ ავეჯს და დეკორს აწარმოებს. ასე უნიკალურ ნივთს მიიღებთ, რომელიც ბინის ნამდვილი გაფორმება გახდება. რამდენიმე ვიდეო გაკვეთილს უყურეთ, ხარისხიანი მასალები და ხელსაწყოები შეიძინეთ, Pinterest–ზე შთაგონება იპოვეთ და ინტერიერისთვის უნიკალური აქსესუარები შექმენით.

რჩევა 6: ერთმანეთს შეუხამეთ

თუ ოდესღაც იყიდეთ, მაგალითად, იკეას მაგიდა, შესაფერისი დიზაინის, მაგრამ სხვა მწარმოებლის სკამებით შეავსეთ. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებშიც შეგიძლიათ შეიძინოთ დიზაინერული ავეჯი, რომელიც სამზარეულოს ან სასადილოს ინტერიერს იდეალურად მოერგება. მასმარკეტში შეგიძლიათ სამზარეულო შეიძინოთ, მაგრამ სახელურის გარნიტურა შეცვალოთ და ფრანგული და იტალიური დააყენოთ. ხარისხიანი ნატურალური მასალის სამუშაო ზედაპირი სურათს დაასრულებს. ვერავინ დაიჯერებს, რომ სამზარეულო ბიუჯეტურ ბრენდს შეუკვეთეთ.