8 მეთოდი ბინაში დაბალი ჭერის ვიზუალურად ასამაღლებლად

ბევრ ბინას საკმაოდ დაბალი ჭერი აქვს, რომელსაც შეგიძლიათ შეეგუოთ და ვიწრო ყუთში იცხოვროთ ან ჭერის ვიზუალურად ასაწევად ეფექტური ხრიკები გამოიყენოთ. Novate 8 ასეთ მეთოდს გიზიარებთ.

ხრიკი 1: ვერტიკალური ზოლები

უმარტივესი და გასაგები მეთოდი, რომ ჭერი ვიზუალურად აამაღლოთ, შპალერი ვერტიკალური პრინტით გამოიყენეთ ან ასეთი ნახატი საღებავით გააკეთეთ. ხშირად ზოლებია, მაგრამ ზემოთ მიმართული სხვა ფორმაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. სხვათა შორის, პრინტი მთელ ზედაპირზე აუცილებელი არაა. ერთ კედელზე მსუბუქი აქცენტი საკმარისია.

ამ მეთოდს თავისი ნიუანსი აქვს, კერძოდ, ოთახის გეომეტრია უნდა გაითვალისწინოთ. თუ ოთახი გრძელია, ვერტიკალური ზოლები ფართო კედელზე გამოიყენეთ. თუ ვიწრო ზედაპირს პრინტით გააფორმებთ, ოთახი კიდევ უფრო გრძელი გამოჩნდება.

შენიშვნა: გასაწელ ელემენტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ არქიტექტურული ელემენტები, მაგალითად, სვეტები. ყურადღება მოლდინგს მიაქციეთ. როგორც წესი, კედლის და ჭერის პირაპირებს ამით ფარავენ, კედელზე ფართო კანტს უშვებენ, მაგრამ პირიქით გაკეთებას გირჩევთ. დაე, მთავარი კედელი ჭერის გასწვრივ იყოს – ასე კედლის გაგრძელებად გამოჩნდება. ამ შემთხვევაში ოთახი გაიწელება.

ხრიკი 2: თეთრი ფერი

თეთრი ფერი წაუგებელი ვარიანტია, თუ სივრცის ვიზუალურად გაზრდა გსურთ. ის ოთახის საზღვრებს შლის, ასევე ამრეკლავი თვისებების წყალობით განათების დონეს ზრდის. ეს თვისება პირადი მიზნისთვის გამოიყენეთ. მოსაზღვრე ზედაპირები ერთ ფერში შეღებეთ, ასე ოთახი უფრო ფართო და მაღალი გამოჩნდება. გარდა ამისა, ინტერიერი რბილი, მსუბუქი და ჰაეროვანი გახდება, ამიტომ დაბალი ჭერი თვალშისაცემი არ იქნება.

სხვათა შორის, თეთრი ფერი არა მხოლოდ ნებისმიერი დეკორატიული ელემენტის შესანიშნავი საფუძველია, არამედ ინტერიერის კატალიზატორად მოქმედებს. მის ფონზე ყველა ფერი უფრო ღრმა, კაშკაშა, გაჯერებული და გამოხატული ხდება. თეთრი ფერი საგნების ფორმებს აძლიერებს, მომგებიანად წარმოაჩენს. ეს ბინის გაფორმებისას გაითვალისწინეთ.

ხრიკი 3: ჩაშენებული განათება

ეფექტური მეთოდი ჭერის ვიზუალურად გასაწელად: მასზე ყურადღება არ გაამახვილოთ. მასიური ჭაღის იდეაზე უარი თქვით. ის შეიძლება მაღალჭერიან ბინაში აქცენტი გახდეს, მაგრამ თუ ჭერის სიმაღლე 2,5 მ–ზე დაბალია, გარისკვა არ ღირს. აირჩიეთ ლაკონური ჩაშენებული მოდელები, მაგალითად, მრგვალი სპოტები, რომელსაც გასაჭიმი ჭერის გასანათებლად ხშირად იყენებენ. ასევე კარგი ვარიანტია ტრეკი შტანგაზე. ყურადღებას არ იქცევს, მაგრამ ოთახს კარგად ანათებს, სხვადასხვა მხარეს ბრუნდება. მხოლოდ სწორი რაოდენობის ნათურებით შეარჩიეთ. პლაფონებიც კარგია, მაგრამ შეარჩიეთ ლაკონური და მარტივი დიზაინის, რადგან პომპეზური არ გამოგადგებათ.

ხრიკი 4: დაბალი ავეჯი

დაბალჭერიან ბინაში მაღალი ავეჯის განთავსება ერთ–ერთ უდიდესი შეცდომაა, რომელიც რემონტის დროს შეგიძლიათ დაუშვათ, რადგან ოთახის სიმაღლეს ჭამს. გირჩევთ, იატაკთან მაქსიმალურად ახლოს მდებარე ნივთები შეარჩიოთ. მაგალითად, საძინებელ ოთახში საწოლი სასთუმალის გარეშე დადგით, მისაღებ ოთახში – დაბალი საზურგის მქონე დივანი, სამზარეულოში – ტაბურეტები სკამების ნაცვლად და გარნიტურა სტანდარტულ სიმაღლეზე დაბალი. ყურადღება მიაციეთ ავეჯის ზომას: სტანდარტულის ნაცვლად კომპაქტური ვარიანტები აირჩიეთ, რომ ოთახის მასშტაბს ჰარმონიულად მოერგოს.

ხრიკი 5: ღია ფერის ზედა კარადა

კარადა ნებისმიერი ინტერიერის უცვლელი ნაწილია, რადგან ყველაზე ეფექტური სათავსოს სისტემაა. კარადა სწორად უნდა შეარჩიოთ,ოთახის ზომების და ჭერის სიმაღლის გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ავეჯი „დაგთრგუნავთ“ და ჰაერს წაგართმევთ. კარადა ძალიან მასიური რომ არ გამოჩნდეს, ღია ფასადი შეურჩიეთ. ასე თეთრი ფერის ჭერთან საერთო ენას იპოვის და სივრცე არ გადაიტვირთება. ეფექტის გასაძლიერებლად ავეჯი ნეიტრალური, ლაკონური, დეკორატიული ელემენტების და ბევრი დეტალის გარეშე უნდა იყოს. სახელურზეც შეგიძლიათ უარი თქვათ და კარადა–კუპეს უპირატესობა მიანიჭოთ.

პატარა სამზარეულოსთვის ღია ფერის ანტრესოლის კარადა იდეალური გადაწყვეტილებაა. კედლის სიმაღლეს ვიზუალურად ზრდის და ჭერთან საზღვრებს შლის, რის ხარჯზეც ჭერი უფრო მაღალი ჩანს. კიდევ ერთი უპირატესობა – მეტი სათავსო გექნებათ, ხოლო სამზარეულოში ეს მნიშვნელოვანია.

ხრიკი 6: კედლის განსაკუთრებულად შეღებვა

თუ დიზაინერების მსგავსად შპალერზე უარს ამბობთ და შეღებვას უპირატესობას ანიჭებთ, კარგი ამბავი გვაქვს. არასტანდარტული შეღებვით კედლის ვიზუალურად გაზრდას შეძლებთ. მაგალითად, ომბრე ან მოდური კოლორ–ბლოკი ლამაზად გამოიყურება. ამ ტექნიკების გამოყენებისას გახსოვდეთ, რომ მუქი ფერი ქვემოთ უკეთ გამოიყურება, რომელიც ზევით უფრო ღია ფერში ნარნარად უნდა გადადიოდეს. კიდევ ერთი ვარიანტი: ჭერი და კედლის ზედა ნაწილი ერთ ფერში შეღებეთ, რომ მათ შორის საზღვრები წაშალოთ. ძალიან საინტერესო, უჩვეულო მეთოდია, რომელიც ჭერს ვიზუალურად ზრდის.

ხრიკი 7: კარნიზი ჭერის ქვეშ

კარნიზის მდებარეობა ხშირად პირდაპირ გავლენას ახდენს, თუ როგორი გამოჩნდება ჭერი, დაბალი თუ მაღალი. კარნიზი არა ფანჯრის ზემოთ, არამედ ჭერთან ახლოს გააკეთეთ. ფარდა იატაკამდე დაშვებული სურათს დაასრულებს. ასე ვერტიკალურ ხაზებს მიიღებთ, რომელიც სივრცეს წელავს და ვიზუალურად ადიდებს. კონტრასტული ერთფერიანი ან ზოლიანი ფარდა შეარჩიეთ, რომელიც ამოცანას უკეთ გაუმკლავდება. მოკლე ფარდა, მაგალითად, რომაული, ოთახში დასაშვებია, მაგრამ ისიც პირდაპირ ჭერის ქვეშ უნდა დაკიდოთ. დაბალჭერიან ოთახში ვიზუალურად ამაღლებას მხოლოდ ასე მიაღწევთ.

ხრიკი 8: საგნების ვერტიკალური განლაგება

სიმაღლის ილუზია რომ შექმნათ, ნივთები თაროებზე არა ჰორიზონტალურად, არამედ ვერტიკალურად, ჭერამდე მოათავსეთ. საუბარია ჭურჭლის კოლექციაზე, სტატუეტებზე, ფოტოებზე, ლარნაკებსა და სხვა დეკორატიულ ელემენტებზე, რომელთა განსათავსებლად ღია თაროების გამოყენებას მიჩვეული ხართ. მაშინაც კი, თუ მხოლოდ რამდენიმე ნივთს აიღებთ და იატაკიდან ჭერამდე „გზას“ გააკეთებთ, სასურველ შედეგს მიიღებთ. კედელზე ვერტიკალური მიმართულების რამდენიმე ნახატი ჩარჩოში დაკიდეთ, ასე ზევით ახედვას გაიძულებთ.