რჩევა, რომელ მხრიდან დააგოთ ანტიკონდენსაციური ორთქლის იზოლაცია

ბევრი ადამიანი ანტიკონდენსაციური ორთქლის იზოლაციის მონტაჟისას კითხულობს: როგორ დავაგოთ სწორად – ხორკლიანი მხრიდან შიგნით თუ გარეთ? Novate ამ საკითხზე დეტალურად გიამბობთ.

რა საჭიროა ანტიკონდენსაციური ზედაპირი?

წყლის ორთქლი ყველა საცხოვრებელ სივრცეში აუცილებლად არის. პარციალური წნევის განსხვავების გამო ორთქლი შენობიდან გასვლას კედლებიდან, ტიხრებიდან ცდილობს, მაგრამ გზაზე ხვდება გადაულახავი წინაღობა – ორთქლის იზოლაცია და გარკვეულ პირობებში ორთქლი მის ზედაპირზე კონდენსატად შეიძლება დაგროვდეს (აქტუალურია სახლებისთვის, სადაც მუდმივად არ ცხოვრობენ). რა საფრთხეს ქმნის?

თუ ორთქლის საიზოლაციო მასალა გლუვია, წარმოქმნილი კონდენსატი დაიწურება და ყველაზე დაბალ წერტილში დაგროვდება. ასე კედლის და იატაკის ქვეშ „გუბეები“ წარმოიქმნება. ეს სახლის სტრუქტურული ელემენტების დასველებას, ლპობას, სოკოს და ობის გაჩენას, სინესტეს და შმორის სუნს გამოიწვევს.

ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ანტიკონდენსაციური ორთქლის იზოლაციის მონტაჟისას მხარეები აგერევათ. ამავდროულად, თუ ორთქლის იზოლაცია ჰერმეტულია, პირდაპირი დანიშნულებით მაინც იმუშავებს – კედელსა და თბოიზოლაციაში წყლის ორთქლის შეღწევას ხელს შეუშლის.

სახლი იატაკზე და კედელზე დაგროვებული წყლისგან რომ დაიცვათ, შექმნილია სპეციალური ორთქლის იზოლაცია ანტიკონდენსაციური ზედაპირით. ეს ზედაპირი ბუსუსებს შეიცავს, რომელიც წყლის წვეთებს აკავებს და ნაწილობრივ შთანთქავს. ასე წყალი არ წვეთავს, ორთქლის იზოლაციაში თანაბრად ჩერდება. მოგვიანებით, როცა ხელსაყრელი პირობები იქმნება, კონდენსატი უბრალოდ ორთქლდება.

გიამბობთ, როგორ დაამონტაჟოთ ორთქლის იზოლაცია სწორად.

რომელი მხრიდან დავაგოთ ანტიკონდენსაციური ორთქლის იზოლაცია?

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მარტივ დასკვნას ვიღებთ, რომ ანტიკონდენსაციური ორთქლის იზოლაცია უნდა დაიგოს ხორკლიანი მხრიდან კონდენსატის შესაძლო წყაროსკენ.

ცოკოლის სართულისთვის, რომელიც მდებარეობს სარდაფის ზემოთ და ვენტილაცია აქვს, ორთქლის იზოლაცია მონტაჟდება ხორკლიანი მხრიდან მათბუნებლის მხარეს, შესაბამისად, გლუვი ზედაპირით ზევით.

ორფერდა სახურავის, კარკასის კედლის, სხვენის და სართულებს შორის იატაკის დასათბუნად ორთქლის იზოლაცია მონტაჟდება ხორკლიანი მხრიდან შენობის შიგნით (გლუვი ზედაპირით თბოიზოლაციის მხარეს).

რომელი მხრიდან დავამონტაჟოთ ამრეკლავი ორთქლის იზოლაცია?

ამრეკლავი ორთქლის იზოლაცია მეტალიზებული მხრიდან (ამრეკლავი ფენით) მკაცრად შენობისკენ უნდა დაამონტაჟოთ. შიდა მოპირკეთებასა და ამრეკლავ ფენას შორის 4-5 სმ ღრიჭო უნდა იყოს. ეს ოპტიმალური პირობაა, რომ ამრეკლავმა ზედაპირმა იმუშაოს.

მეტალიზებული ზედაპირის მნიშვნელობაა, რომ სახლის გამათბობლებიდან გამოსული თბოგამოსხივება აირეკლოს. ამრეკლავი ორთქლის იზოლაციის ამოცანა ორთქლის და წყლის შეკავების გარდა, შენობიდან სითბოს დაკარგვის შემცირებაა. ამრეკლავი ორთქლის იზოლაცია სახლის გათბობაზე 10%–მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა.

მნიშვნელოვანია, რომ მონტაჟის წესები დაიცვათ და მხარეები არ აგერიოთ. სხვა შემთხვევაში ორთქლის იზოლაციის თვისებები არ დაიკარგება (თუ ორთქლის საიზოლაციო ფენის ჰერმეტულობა/მთლიანობა დაცულია), მაგრამ ამრეკლავი ფენის სითბოს დაზოგვის თვისებები განულდება.