7 ნივთი, რომელიც დიდ ბინასაც ვიზუალურად აპატარავებს

თუ მეზობლების ერთოთახიანი ბინა უფრო ფართოდ გამოიყურება, ვიდრე თქვენი სამოთახიანი ბინა, დროა დაფიქრდეთ, რა გააკეთეთ არასწორად. Novate გიამბობთ, რომელი ნივთები იპარავს კვადრატულ მეტრებს და საცხოვრებელს პატარა ოთახს ამსგავსებს. დროა მოიშოროთ და შვებით ამოისუნთქოთ.

1. გადატვირთული კედლები

ბინის მფლობელები ხშირად ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადიან: კედლებს მთლიანად ცარიელს ტოვებს ან სხვადასხვა დეკორით ტვირთავს, ნახატებით დაწყებული და წიგნებით და ფოტოებით გადავსებული თაროებით დასრულებული. ნებისმიერ შემთხვევაში ოთახი ვიზუალურად მცირდება და თქვენ დისკომფორტს გრძნობთ. თუ ზედაპირებისთვის აქსესუარებს სწორად შეარჩევთ, ოთახი უფრო ფართო და ჰარმონიული გამოჩნდება, რადგან ავეჯსა და კედელს შორის კონტრასტი შემცირდება. გამოიყენეთ რამდენიმე რჩევა:

  • აირჩიეთ 1–2 ნახატი თითოეული ოთახისთვის, რომ პატარა ბინა სამხატვრო გალერეას არ დაემსგავსოს.
  • ნახატებს ფართო ჩარჩოები შეურჩიეთ. ასე სივრცის და სიმსუბუქის შეგრძნებას შექმნით.
  • თუ ნახატებით და დასაკიდი თაროებით კომპოზიციის შექმნა გსურთ, კედელი აზრობრივად სამ ჰორიზონტალურ ნაწილად დაყავით. პირველი ქვედა მესამედთან ახლოს უნდა იყოს, ხოლო მეორე – ზედასთან ახლოს. ამ ვიზუალური ტექნიკის წყალობით კედლები უფრო მაღალი გამოჩნდება.

2. შიშველი იატაკი

არსებობს მოსაზრება, რომ ხალიჩა ოთახს ძვირფას კვადრატულ მეტრს ართმევს და მის გარეშე ოთახი უფრო ფართო ჩანს. სინამდვილეში, მცდარი მოსაზრებაა. ხალიჩა მნიშვნელოვან მისიას ასრულებს, ყველა ელემენტს აკავშირებს. მისაღებ ოთახში დივანთან შესაფერისი ზომის ხალიჩა გაშალეთ და ნახავთ, რომ ოთახი ახალი ფერებით ათამაშებდა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ რამდენიმე ხალიჩა ან ერთი პატარა სივრცეს ანაწევრებს და მთლიანობას დაკარგავს. სწორედ ამიტომ, ვიზუალური უწყვეტობა უნდა შექმნათ. მაგალითად, თუ საძინებელი ოთახის ინტერიერზე ვსაუბრობთ, უფრო გრძელი ხალიჩა (კედლიდან კედლამდე) აირჩიეთ. საწოლის გვერდებზე პატარა ხალიჩებისგან განსხვავებით, ასეთი საფარი ღრეჩოებს არ ტოვებს, რომელიც ოთახებს პატარა ზონებად ყოფს.

3. დატვირთული ფანჯრები

აქ იგივე სიტუაციაა, როგორც კედლების შემთხვევაში, ზომა უნდა დაიცვათ. მძიმე ფარდები ტიულის ზემოთ, მრავალფენიანი ლამბრეკენი, მასიური კარადა ფანჯრების გვერდით – ეს ყველაფერი სივრცეს ვიზუალურად ამცირებს. დაიმახსოვრეთ ერთი მარტივი რამ: რაც უფრო ნაკლები სინათლე ხვდება ოთახში, მით უფრო პატარა ჩანს.  სწორედ ამიტომ, ლაკონური და უწონო ფარდები აირჩიეთ, ასევე კარნიზი ჭერქვეშ დაკიდეთ, რომ ვიზუალურად უფრო მაღალი გამოჩნდეს.

ასეთი მარტივი ხრიკები შებოჭილობის შეგრძნებას აქრობს. თუ გსურთ, რომ ინტერიერი უცხო თვალისგან მთლიანად დამალოთ, ნეიტრალური ფერის რულონის ფარდა გამოიყენეთ. ასეთი ფარდა ფანჯრის ბლოკს არ გადატვირთვას, ამიტომ ოთახი არ დაპატარავდება.

შენიშვნა: ფარდაზე უარი არ თქვათ იმ იმედით, რომ ბინაში მეტ სინათლეს შემოუშვებთ და გაზრდით. ამ საკითხში მინიმალიზმის პრინციპები არ მუშაობს, რადგან ფანჯარაზე ტექსტილი ხედვას იპყრობს და ბინის ნამდვილი ზომებიდან ყურადღების გადატანას ხელს უწყობს.

4. დიდი ჭაღი

განათებას საკუთარი ნიუანსები აქვს. ოთახები ზონებად წინასწარ დაყავით და თითოეულისთვის საკუთარი განათების მოწყობილობა გაითვალისწინეთ. დივნის გვერდით ტორშერი დადეთ ან ბრა დაკიდეთ, სასადილო მაგიდაზე დასაკიდი ნათურა გამოიყენეთ, ხოლო სამუშაო ზედაპირთან – დიოდური ლენტა და ა.შ. ოთახის ცენტრში მხოლოდ ერთი ჭაღით არ შემოიფარგლოთ, რადგან ოთახი მოსაწყენი და პირქუში გამოჩნდება. შეგახსენებთ, რომ რაც უფრო ნაკლები სინათლე შედის ოთახში, მით უფრო პატარა ჩანს. ეს არა მხოლოდ ბუნებრივ განათებას, არამედ ხელოვნურსაც ეხება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: როცა ჭაღს აირჩევთ, დიდ ნიმუშებზე უარი თქვით. ბროლის ჭაღი, ასევე სხვა მასიური მოდელი ნამდვილად არ გჭირდებათ. მათ ნაცვლად პატარა ჭერის განათება ორიგინალური დიზაინით აირჩიეთ. არასტანდარტული გარეგნობის წყალობით სტუმრების ყურადღებას მიიქცევს და ოთახს უფრო წაგრძელებულს გახდის.

5. ვიზუალური ხმაური

ინტერიერის წარმატებული დიზაინის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია ერთიანი ფერადი გამა. ავეჯი, ტექსტილი, დეკორი – ყველაფერი ერთმანეთთან შერწყმული უნდა იყოს. თუ კიტჩის და ეკლექტიკის მიმართულებას აირჩევთ, ბინას სხვადასხვა ნივთით გაავსებთ (ყვავილებიანი შპალერი, ფუქსიისფერი დივანი, მწვანე ხალიჩა, ფარდა ლამბრეკანით), უშნო და არაკომფორტული გახდება. ასე ვიზუალური ხმაური იქმნება, რომელიც ოთახში ქაოსს იწვევს. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან ნათელი წერტილია, ეს კი ძალიან გამაღიზიანებელი და დამღლელია.

იდეალური ვარიანტი: კედლები ნეიტრალური და ლაკონური დატოვეთ, რომ ინტერიერის ნივთები მის ფონზე მომგებიანად გამოიყურებოდეს. ფოკუსური წერტილის შესაქმნელად აქცენტური კედელი ან ფერადი დივანი შეარჩიეთ. ამ შემთხვევაში ოთახი არ გადაიტვირთება, არამედ მოწესრიგებული გამოჩნდება და დამატებით მოცულობას შეიძენს.

6. დიდი ნივთები

ნაკლებად ფუნქციური ავეჯი ბინაში დიდ ადგილს იკავებს. ერთი შეხედვით, აუცილებელი და საჭირო ნივთია, მაგრამ მის უქონლობას ვერ შეამჩნევთ. მაგალითად, საწოლის ტუმბოები დიდ ოთახში გონივრულია, მაგრამ გადასასვლელს კეტავს და საწოლისკენ მიმავალ გზას ართულებს. თუ ოთახი პატარაა, ტუმბოების ნაცვლად დასაკიდი თაროები გამოიყენეთ. ასეთი თაროები საკმარისია, რომ წიგნები, ტელეფონი, ჭიქა წყალი და სხვა ნივთები შეინახოთ.

დიდი ჟურნალის მაგიდა მისაღებ ოთახში, რომელიც მოძრაობას ართულებს, საჭირო არაა. თუ დივანთან ყავის დალევას მიჩვეული ხართ, კომპაქტური მოდელი გამოიყენეთ, რომელიც დივნის გვერდით შეგიძლიათ მოათავსოთ. ტუალეტის მაგიდა ნაკლებად ფუნქციური ავეჯის კატეგორიაში შედის. ქალები ტუალეტის მაგიდას მოსაწესრიგებლად იშვიათად იყენებენ, უპირატესობას ანიჭებენ სააბაზანო ოთახს ან ფანჯარას, სადაც უკეთესი სინათლეა. ასე მაგიდა საძინებელ ოთახში მხოლოდ ადგილს იკავებს.

კიდევ ერთი რჩევა: მასიური ავეჯი მსუბუქი და ჰაეროვანი ვარიანტით ჩაანაცვლეთ. შესანიშნავია დახვეწილი ვარიანტები თხელ ფეხებზე, ვიწრო საზურგით ან საერთოდ ნახევრად გამჭვირვალე.

7. შპალერი პატარა ნახატებით

ბევრი ადამიანი თვლის, რომ პატარა ოთახში მსხვილპრინტიანი შპალერის გამოყენება არ შეიძლება, რადგან სივრცეს უფრო ტვირთავს. დიზაინერები საპირისპიროს ამტკიცებენ: ოთახის პატარა ზომებს პატარა ნახატები ხაზს უსვამს, ხოლო მსხვილი ფორმები სივრცეს აფართოებს. შპალერის არჩევისას პრინტის ზომას ყურადღება მიაქციეთ. ნახატი ყველა კედელზე ერთნაირი უნდა იყოს, ამიტომ სიმეტრიულად გაჭერით და ტილოები სწორად შეაერთეთ.