7 ინტერიერის ნივთი, რომლებიც წარსულში დარჩა, მაგრამ მაღაზიები მათ გაყიდვას მაინც ცდილობენ

ავეჯის და დეკორის შეძენისას ენთუზიაზმით და სიამოვნებით უნდა ავივსოთ, მაგრამ ზოგიერთ კონსულტანტთან საუბრის შემდეგ, თვალები ციმციმს იწყებს. შთაბეჭდილება იქმნება, რომ მაღაზიები მოდურ ტენდენციებს ყურადღებას არ აქცევენ და ისეთი ნივთების გაყიდვას ცდილობენ, რომელთა ადგილი მოდურ ბინაში არაა. Novate გიამბობთ, რომელი ნივთები უნდა დატოვოთ წარსულში და გამყიდველების მახეში არ გაებათ.

1. ხაოიანი ხალიჩა

ადრე ხალიჩას მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვის იყენებდნენ: ცივ იატაკს ფარავდნენ, ხმის იზოლაციას აუმჯობესებდნენ და ა.შ. ბოლო წლებში ინტერიერის სრულფასოვან დეტალად აღიქმება. ხალიჩას იყენებენ აქცენტის შესაქმნელად, სივრცის ზონებად დასაყოფად, ინტერიერის ყველა დეტალის გასაერთიანებლად, სიმყუდროვის შესაქმნელად. ბოლო ამოცანას ხაოიანი ხალიჩა განსაკუთრებით კარგად ასრულებს. ბუხრის გვერდით იდეალურია, „ინსტაგრამის ფოტოებისთვის“ საჭირო ატმოსფეროს ქმნის.

თუ პრაქტიკული კუთხით შეხედავთ, ტექსტილი გრძელი ხაოთი ამისგან ძალიან შორსაა. განსაკუთრებით გაგიჭირდებათ, თუ პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები გყავთ. ამ შემთხვევაში ხალიჩის წმენდას ვერც ერთი ცოცხით ვერ შეძლებთ, რამდენიმე თვეში ერთხელ ქიმწმენდაში წაღება მოგიწევთ.

ამ მიზეზით ბოლო დროს პოპულარულია ხალიჩები დაბალი ნატურალური ხაოთი. მაგალითად, ჯუთი არა მხოლოდ პრაქტიკულია, არამედ სივრცეს მოდურს ხდის და ინტერიერის ეკო მოტივებს სძენს, ბუნებასთან გვაახლოებს.

2. ხელოვნური მასალისგან დამზადებული მასიური ავეჯი

თანამედროვე ინტერიერი ილტვის სიმარტივისკენ, სიმსუბუქისკენ, ჰაერისკენ, თავისუფალი სივრცისკენ, ამიტომ დიდი ავეჯი ბინებში იშვიათად გვხდება. თუ მოახერხეთ მასიური ხის მაგიდის და კარადის მოშორება, რომლებიც ოთახის ნახევარს იკავებენ, რბილ ავეჯთან მოლაპარაკება ჯერ  დასრულებული არაა. გაბერილი დივანი ველურის ან ეკოტყავის მსხვილი სამკლავურით, „ჩესტერფილდის“ მსგავსი ნივთები პენსიაზე უნდა გაუშვათ. სხვათა შორის, ეს ეხება მოცულობით კედლის პანელებს, რომლებიც საძინებელში ხშირად გვხდება.

ავეჯის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახს პროპორციულად მოერგოს. ხშირად მსხვილ დივანს პატარა ოთახისთვის ვირჩევთ და შედეგად სამოძრაოდ ადგილი არ გვრჩება. სჯობს ნატურალური მასალისგან დამზადებული ფუნქციური ავეჯი შეარჩიოთ, რომელიც დიდხანს გემსახურებათ.

3. ფუტონი

ავეჯის თემა გავაგრძელოთ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ეს დივანი, რომელიც წარმოადგენს კარკასს ზემოდან დამაგრებული ფუტონით. მაღაზიაში კონსულტანტისგან ხშირად გაიგონებთ, რომ ულამაზესი და პრაქტიკული ვარიანტია: მას შეგიძლიათ პლედი გადააფაროთ, რომ სრულფასოვანი დივანი მიიღოთ და გაშალოთ, თუ დამატებითი საწოლი გჭირდებათ. გულწრფელად რომ ვთქვათ, იგივე სოფა უფრო ლამაზი და მოსახერხებელია. მასში ლეიბი ჩარჩოს ქვეშ დამალულია, დასაჯდომად ცალკე ბალიშები აქვს. ფუტონის შემთხვევაში ლეიბი საჯდომად გამოიყენება, რაც კომფორტული არაა.

4. ნათურა ტიფანი

ასეთი მაგიდის ნათურა ზედმეტად გადაპრანჭულად და პომპეზურად გამოიყურება, ინტერიერს გასული ათწლეულის შენობის დიზაინს ამსგავსებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი ნათურის მთავარი მიზანია ოთახის ხარისხიანად განათება, ხოლო ტიფანისგან ამას არ უნდა ელოდოთ – საკმაოდ მკრთალ შუქს ასხივებს. ინტერიერში სხვა ლაკონური და ელეგანტური ნათურები უფრო პრაქტიკულია.

ახლა მოდაშია:

  • დაბურული მინის პლაფონები – მოდელები დეფორმირებული პლაფონებით ოპტიკურ ილუზიას ქმნის და ოთახს ორიგინალურ ტექსტურას მატებს. გარეგნულად გამდნარ თხევად მინას ჰგავს. მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყურება, თუ ფერით, ფორმით და დიზაინით ლარნაკების ჯგუფთან გადაკვეთავთ.
  • ნაქსოვი აბაჟურები – ეკოლოგიურობის ტრენდი არ ნელდება, ამიტომ რატანის, ბამბუკის, თოკის და ჩალის აბაჟურები აქტუალურია. მდიდრული გარეგნობის გარდა ერთი უპირატესობა აქვს: სინათლეს ფანტავს და საინტერესო ჩრდილებს ქმნის.
  • უჩვეულო კედლის სანათები – თანამედროვე განათება კედლის დეკორს წარმატებით ანაცვლებს. ტრენდშია გეომეტრიული ფორმის სანათები ლაკონური დიზაინით, რომლებიც მოდურად და აქტუალურად გამოიყურება.

5. აქცენტური ტელევიზორის ზონა

ადრე ტელევიზორის ზონა მისაღებ ოთახში ყველაზე მთავარი ნაწილი იყო. ბინის მფლობელები მის გამოყოფას ცდილობდნენ – ჩარჩოთი, მოლდინგით, სარკის პანელებით, ფოტოშპალერით დ ა.შ. ტელევიზორისთვის სხვადასხვა კედლის კარადას შეკვეთით ამზადებდნენ. მაგალითად, ფერადი პანელები პლაზმის უკან. ახლა ამ ტრენდმა თანდათან უკან დაიხია. დიზაინერები ტელევიზორის ზონის გამოყოფას არ გირჩევენ. ეს უბრალოდ ტექნიკაა, ნივთი, რომელიც კედელზე კიდია. თქვენ ხომ არ დგამთ ჩაიდანს ოთახის ცენტრში? როგორც ვარიანტი, ტელევიზორი ვიზუალურად დამალეთ, რომ თვალში არ მოგხვდეთ. ამის გასაკეთებლად კედელი მქრქალ შავად შეღებეთ.

6. ფარდები ლამბრეკენებით

ამ პომპეზურ ფარდებზე უკვე ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ინტერიერში მაინც გვხვდება. მსგავსი ტექსტილი ლაბრეკენებით ნებისმიერ, თუნდაც თანამედროვე, მოდური ტენდენციებით გაფორმებულ ბინას აძველებს. სქელი მოცულობითი ფარდები ჩვეულ ნაკრებში „ტიული + ფარდა“ ოთახს ვიზუალურად აპატარავებს.

ბევრი ადამიანი ფარდაზე საერთოდ უარს ამბობს ან ლაკონურ რომაულ/როლუნის ფარდას კიდებს. ასე ოთახში მეტი დღის სინათლე შემოდის, უფრო მსუბუქად, ჰაეროვნად და ფართოდ გამოიყურება. გრძელი ფარდა მხოლოდ დასაბნელებლად გამოიყენება, ამიტომ საძინებელში გონივრულია. სხვათა შორის, ტიული ფანჯრის დიზაინის უცვლელი ნაწილი აღარაა. გაფორმებაში გამოიყენეთ წესი „რაც უფრო მარტივი, მით უკეთესი“. თუ თქვენთვის ფარდა სიმყუდროვის სინონიმია, უპირატესობა მიანიჭეთ ლაკონურ ტექსტილს და ნახევრად გამჭვირვალე ფარდას, მაგალითად, შიფონს. რთული კომბინაციები ლამრეკენებით სანაგვე ყუთში გაუშვით – მათი ადგილი აქ არაა.

7. ნახატები

პირდაპირ გეტყვით: კედელზე ერთს, როგორც დეკორს, არსებობის უფლება აქვს, მაგრამ მთელ გალერეას – არა. ახლა ბევრი ტილო ოთახში ვიზუალური ქაოსის ნათელი მაგალითია. დეკორატიულ ელემენტად გირჩევთ გამოიყენოთ დახვეწილი საათი, ვერტიკალური გამწვანება, სანათები, მაგრამ არა ნახატები. სხვათა შორის, სრულად შიშველი კედლები, რომელიც მინიმალიზმის მიმდევრებს უყვართ, ანტიტრენდია, ამიტომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავარდეთ. მყუდრო ინტერიერის შესაქმნელად ღია ნაცრისფერ ან ღია კრემისფერ ჩრდილებს უპირატესობა მიანიჭეთ, რომლებიც პოპულარობის პიკზე არიან. მათ ფონზე ნებისმიერი დეკორი შესანიშნავად გამოიყურება.